მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის სულიერი განვითარება?
პასუხი: კარგი იქნება, თუ სულ პატარას მივიყვანთ ხოლმე ხატებთან. სულიერი თვალსაზრისით სულ პატარა ასაკს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განევითარებისთვის. შემდგომში უკვე დიდ მნიშვნელობას იძენს ხშირი ზიარება, ბავშვის ტაძარში ტარება, მოძღვრისგან კურთხევა, ნაკურთხი წყლის პკურება, ლოცვა, სულიერი ხასიათის საუბრები მასთან და მისი თანდასწრებით. ამასთანავე, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი მორწმუნე იყოს და ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობდეს, თქვენვე უნდა მისცეთ ამის მაგალითი.
კითხვა: მინდა, რომ მოძღვარმა ჩემი ახლობლები ლოცვებში მოიხსენიოს. რა უნდა გავაკეთო ამისთვის?
პასუხი: თუ თქვენ კონკრეტული დღის ლოცვებში გსურთ ახლობლების მოხსენიება, წირვის წინ საკუთრხეველში ცალკე ცოცხლებისა და ცალკე მიცვალებულთათვის სეფისკვერი უნდა შეაგზავნოთ. შესაბამისად, მათი სახელებიც ცალ-ცალკე უნდა ჩამოწეროთ ფურცელზე. სასურველია თქვენი ახლობლების სახელზე მოწყალებაც გაიღოთ.
კითხვა: რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?
პასუხი: საეკლესიო სწავლების მიხედვით, „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, ჩვენივე სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ ითვლება იმიტომ, რომ ზეციურ სასუფეველს გვაკარგვინებს და ამით მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს.
კითხვა: აქვს თუ არა მარხვას ბოროტ სულზე ზემოქმედების საშუალება?
პასუხი: მარხვით დემონები განიდევნებიან. მარხვა მტრისთვის ისეთივე მსახვრალი იარაღია, როგორც ქრისტეს ჯვარი და სხვა სიწმინდეები, რომელსაც ვერ უძლებს დემონის უწმინდურობა.