ჭეშმარიტი სარწმუნოება
მამა გაბრიელს იგონებენ
გაბრიელ ბერი დროდადრო ტოვებდა თავის სავანეს და თბილისის ქუჩებში გამოდიოდა, რათა მალამოდ დასდებოდა გზააბნეულ სულებს. უცბად, თითქოს მეხმა გაჰკვეთა ადამიანთა რკალი, მიეჭრა ნარნარად მიმავალ, მალულად მოთვალთვალე ყმაწვილთა მზერით განებივრებულ, თითქმის გაშიშვლებულ ახალგაზრდა ქალიშვილს და უკნიდან მარჯვედ ამოჰკრა, ქალიშვილი შეცბა, დაიბნა მოულოდნელობისა და სიმწრისგან; სწრაფად მოტრიალდა და შეკრდა: წინ მუხლებზე დაცემული, მწარედ მტირალი და მისკენ ხელგანპყრობილი ბერი იხილა:
– ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატება, რას დამსგავსებიხარ! – შეჰღაღადებდა ის მწარედ.
გოგონას ცრემლი გადმოღვროდა თვალთაგან – გაბრიელ ბერის ტკივილიანმა სიტყვებმა სინანული გაუღვიძა ქალიშვილს.
***
ერთმა მორწმუნემ კმაყოფილებით უთხრა მამა გაბრიელს:
– მამაო, ეს მარხვა, სხვა მარხვებთან შედარებით, კარგად დავიცავი.
– როგორ მოახერხე, შვილო, ორმოცი წლის ბერი ვარ და ერთხელაც ვერ ვიმარხულე როგორც საჭიროა, იქნებ შენ მასწავლო? – ღიმილით უპასუხა მამა გაბრიელმა, – მარხვა ის იყო, შიო მღვიმელმა რომ იმარხულა სამოცი დღე. განუწყვეტლივ ტიროდა და საჭმელი არც ახსენდებოდა, ღვთისმშობელს რომ არ შეეჩერებინა – კმარა, გეყოფაო. კარგ ბერს ერთი სეფისკვერიც უნდა ეყოს.
დიდმარხვის ბოლო კვირას ერისკაცი მივიდა მასთან და თავმომწონედ უთხრა:
– მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ ვიმარხულე.
ბერმა თითქოს ვერ გაიგონა ნათქვამი და მიმართა:
– მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო...
უარს ვინ გაუბედავდა? მამა გაბრიელმა სტუმარს საკმაოდ დიდი რაოდენობით ზეთი გაასინჯა, შემდეგ კი უთხრა:
– შენ ერის ადამიანი ხარ, ვინ მოგცა უფლება, რომ უზეთოდ შეგენახა მარხვა! ზოგს ამპარტავნებაში აგდებს ასეთი საქციელი.