რა ანაზღაურებას იღებდა ეკატერინე ზღულაძის მეუღლე რაფაელ გლუქსმანი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტობაში
აწ უკვე უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე 1978 წლის ივნისშია დაბადებული თბილისში. მისი ბიოგრაფია მხოლოდ ვიკიპედიაში იძებნება, როგორც „ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის“. წლები არ არის დაკონკრეტებული, მაგრამ ნათქვამია, რომ სამართალს ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა აშშ-ის ოკლაჰომის შტატის უნივერსიტეტში, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაუგრძელებია. მისი შრომითი ბიოგრაფია არ ვიცით, სად იწყება, თუმცა ვიცით, რომ „გარკვეული დროით მუშაობდა თარჯიმნად საერთაშორისო ორგანიზაციებში“. ხოლო 2004-2005 წლებში კი – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოში“. 2006 წელს, ანუ 28 წლის ასაკში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ – პირველ მოადგილედ და ამ პოზიციაზე დაყო 2012 წლამდე. სახელდობრ, 2012 წლის 20 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე კი თვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა, ვინაიდან მაშინდელი მინისტრი ბაჩანა ახალაია დააკავეს. 2014 წლის 13 დეკემბერს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, 17 დეკემბერს კი მას უკრაინის შს მინისტრის პირველი მოადგილის პორტფელიც ჩააბარეს. იმას, თუ რა ქონება დააგროვა ეკატერინე ზღულაძემ საქართველოში ჩინოვნიკობით, მისი ქონებრივი დეკლარაციებიდან შევიტყობთ.
ქ-ნი ზღულაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2007 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც შს მინისტრის მოადგილემ და იმხანად ოჯახის წევრად მიუთითებდა პირველ მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ გეგა ფალავანდიშვილს, რომელიც „ჯეოსელის“ დიზაინერად მუშაობდა. ისინი ერთობლივად ფლობდნენ თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე, 80 000 ლარად ღირებულ საცხოვრებელს. იმ წელს ეკატერინე ზღულაძეს 15 750 ლარად გაუყიდია თავისი წილი „ჰოლიდეი თრეველში“. რაც შეეხება შემოსავალს: 2006 წლის განმავლობაში, ეკატერინე ზღულაძემ, როგორც „ათასწლეულის ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, 38 532 ლარი აიღო; როგორც შს მინისტრის მოადგილემ – 37 000 ლარი, ხოლო მისი მეუღლის დიზაინერულმა წლიურმა შემოსავალმა 28 000 ლარი შეადგინა.
2007 წელს გეგა ფალავანდიშვილი უკვე „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელია და, შესაბამისად, იმ წლის განმავლობაში, მან, როგორც დიზაინერმა, 36 760 ლარი აიღო, როგორც „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგის მენეჯერმა – 9 480; ეკატერინე ზღულაძის ჩინოვნიკურმა წლიურმა ხელფასმა კი 67 100 ლარი შეადგინა.
2008 წლის განმავლობაში გეგა ფალავანდიშვილმა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგის მენეჯერმა, 86 000 ლარი აიღო; ხოლო, მისმა ცოლმა, როგორც შს მინისტრის მოადგილემ – 39 800 და, როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ – 58 000 ლარი. იმ წელს გეგა ფალავანდიშვილმა 5 000 აშშ დოლარად გაყიდა თავისი 1992 წლის ავტომანქანა და 20 000 დოლარად იყიდა 2003 წლის „ინფინიტი“.
2009 წელს გეგა ფალავანდიშვილს 0, 01 თეთრად შეუძენია „ლიბერთი ბანკის“ 78 322 და 0,06 თეთრად – „საქართველოს ბანკის“ 100 000 აქცია. ამასობაში კი იყო 2007 წელს დაფუძნებული შპს „ეგცენტრიკისა“ და 2008 წელს დაფუძნებული შპს „იუნაითიდ კავკასუს დისტრიბუშენის“ დირექტორი, თუმცა დეკლარაციაში ნათქვამია, რომ შემოსავალი მისთვის არც ერთ შპს-ს არ მოუტანია. მაგრამ 2009 წლის განმავლობაში გეგა ფალავანდიშვილმა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მარკეტინგის პროგრამირების მენეჯერმა, 86 092 ლარი აიღო, ხოლო ეკატერინე ზღულაძემ, როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ – 100 853 ლარი. ბ-ნ ფალავანდიშვილს იმ წელს გასავალიც ჰქონდა – სწავლის საფასურად 2 000 ლარი გადაუხდია.
2011 წლის დეკლარაციაში ეკატერინე ზღულაძე აღარავის მიუთითებს ოჯახის წევრად, სამაგიეროდ, უძრავ ქონებად კი – საცხოვრებელ ბინასა (122 კვ. მ.) და არასაცხოვრებელ ფართს (133 კვ. მ.) თბილისში, ჯორჯაძის ქუჩაზე. მის წლიურ სახელფასო შემოსავალს კი 2010 წილს განმავლობაში, შს მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე, 107 876 ლარი შეუდგენია. მას 2010-ში ათწლიანი იპოთეკური სესხიც აუღია „საქართველოს ბანკისგან“ 65 000 ლარის ოდენობით, თუმცა საცხოვრებელი ფართი 70 000 აშშ დოლარად შეუძენია.
2012 წელს შევსებულ დეკლარაციაში ეკატერინე ზღულაძე ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ რაფაელ გლუქსმანსა და 2011 წელს დაბადებულ ვაჟს, ალექსანდრეს. მისი უძრავი ქონება იგივეა, თუმცა რაფაელ გლუქსმანს „თიბისი ბანკის“ დეპოზიტსა და ანაბარზე 15 389 და 10 000 ევრო ერიცხებოდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ეკატერინე ზღულაძემ, როგორც შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, 91 946 ლარი აიღო, ხოლო რაფაელ გლუქსმანმა, როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსულტანტმა – 48 000 ლარი. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია, რა ანაზღაურების სანაცვლოდ ემსახურება ქ-ნი ზღულაძე უკრაინას, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოდესის გუბერნატორის ყოველთვიური ხელფასი 266 აშშ დოლარია, სავარაუდოდ, ქ-ნი ზღულაძის შემთხვევაშიც, უკრაინის სახელმწიფოს სამსახურის ძირითადი მოტივიც ენთუზიაზმია.