დეპუტატის კუჭზე…
ამ ჩვენს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის საქმე რომ მოიკოჭლებს, თუ მთლად დანარჩენი დედამიწისთვის არა, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის წყალგაუსვლელად ცნობილია. მეტიც, თუმცა წინა ხელისუფლებისას კონტროლის ყველანაირი მექანიზმი მოიშალა და ახალი ცოტა მოძველდა, ამ მიმართულებით გარღვევა მაინც არ უცდია.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი ცვლილებების განხილვისას, როდესაც საქმე ეტიკეტირების წესის დარღვევას ეხებოდა, უარი თქვა, რომ დახლებზე ვადაგასული პროდუქციის განთავსების გამო სავაჭრო ობიექტი დასჯილიყო, როგორც ამბობენ, იმ მოტივით, რომ, ხალხის რჩეულთა უმრავლესობის აზრით, ვადაგასული პროდუქტი არ კლავს!
მაგრამ მათ უკვე საკუთარ თავზე, უფრო ზუსტად, კუჭზე უწვნევიათ, რომ, თუმცა არ კლავს, შლის. –
ასე მაგალითად, გასულ კვირას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხალხის რჩეულმა თემურ მაისურაძემ დამსწრეთ თავისი დასკვნა აცნობა: „ზოგიერთი დეპუტატი სხდომას, მგონი, იმიტომ აცდენს, რომ კუჭი აქვს აშლილი“. აქვე დავძენ, რომ ეს პასაჟი კონტექსტს სავსებით ეხმიანებოდა, ვინაიდან რჩეულნი სურსათის უვნებლობასა და და გენმოდიფიცირებული პროდუქციის ეტიკეტირებაზე მსჯელობდნენ.
ჩვენ, ცხადია, არ ვუწყით, რა მიზეზით აცდენენ ხოლმე ეს ჩვენი რჩეულები პარლამენტის სხდომებს ან რა წილი მიუძღვის ამ საქმეში კუჭისა თუ სხვა რამის აშლილობას, მაგრამ ის კი ცხადია, რომ, სანამ საკუთარი ტყავი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კუჭი არ დაუზარალდებათ, პრაქტიკული ცვლილებები თავში არ უმწფიდებათ, ამიტომაც შესაბამის კანონში ცვლილება იქნებ მანამ დაემატებინათ, სანამ ვადაგასულ პროდუქტს უშუალოდ მათ კუჭებზე არ მიუტანია იერიში?!