როგორ გახდნენ ცნობილი ქალბატონები ნინო ნადირაშვილის ხელნაკეთი სამკაულების მფლობელები და რატომ შევიდა მისი ნამუშევრები მსოფლიო კატალოგში
ნინო ნადირაშვილი: პროფესიით მხატვარი, დიზაინერი ვარ. რამდენიმე წლის უკან დავიწყე სამკაულების გაკეთება და შემდეგ ეს პროფესიად მექცა. რამდენიმე წლის წინ თიხის ნაკეთობები იყო მოდაში და მაშინ დავინტერესდი. იტალიური თიხისგან სხვადასხვა ფორმებს ვძერწავდი, გამოფენებს ვაკეთებდი, გამოფენებში ვმონაწილეობდი, პირველი ადგილიც მაქვს აღებული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები. მახსოვს, გამოფენის შემდეგ ერთ თვეში 400 ნამუშევარი გავყიდე და ისეთი ბედნიერი ვიყავი. დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ქართველებში, ასევე უცხოელებში.
– დღეს უკვე აღმოსავლური თემატიკა ჭარბობს შენს ნამუშევრებში.
– ნელ-ნელა შემეცვალა გემოვნება, უფრო მეტად დავიხვეწე. დღესდღეობით ქარგვის სტილში ვმუშაობ. ჩემი ხელწერა ძირითადად ეგვიპტურ, ინდურ, აზიურ სტილში გამოიხატება. უფრო მრავალფეროვანი, მდიდრულია. თუმცა, ქართულ სტილშიც ვაკეთებ სამკაულებს, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით უცხოელებში. დიდი მოთხოვონაა გიშერზე, ქალებს ძალიან მოსწონთ. ქართულ სტილს უხდება გიშერი.
– როგორია ტექნოლოგია?
– ეს კეთდება ქარხნული წესით დამზადებულ თექაზე. რა თქმა უნდა, ჯერ იხატება ორნამენტი, ძალიან დიდი სიზუსტით. შემდეგ ვიწყებ ბისერებით მუშაობას. საკმაოდ შრომატევადია. თუ დიდი სამკაულია, ზოგჯერ ერთი კვირაც სჭირდება მის გაკეთებას. საკმაოდ ძლიერი ნერვებიც სჭირდება. პირადად მე, ამის კეთებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩემი პროფესიაა და ბედნიერი ვარ, რომ ხალხისგან დადებითი დამოკიდებულება, მოწონება მოდის და რაც მთავარია, კარგად იყიდება. ამ ეტაპზე სამკაულზე ვმუშაობ, თუმცა სამოსსაც ვაფორმებ, მაქვს ხოლმე შეკვეთები. ბანკეტებისთვის სამოსიც შევკერეთ და გავაფორმეთ კიდეც. სამომავლოდ გვექნება სალონი, სადაც შეიკერება სამოსი, დამზადდება სამკაულები და ყველანაირ შეკვეთაზე ვიმუშავებთ. გამოფენებზე, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებ გამოსვლას, რადგან ნამუშევრები აღარ მრჩება. თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.
– როგორც ვიცი, შენი სამკაულები უცხოეთის ბევრ ქვეყანაში იყიდება.
– კი. წლების წინ, როცა მუშაობა დავიწყე, მაშინაც აქტიურად იყიდებოდა ჩემი ნამუშევრები უცხოეთში. თუმცა, მერე ოჯახი შევქმენი, შვილები გავაჩინე და გარკვეული ხნით პაუზა ავიღე. ახლა ისევ აქტიურად დავუბრუნდი ჩემს საქმიანობას და ისევ იმატა გაყიდვებმა. ცოტა ხნის წინ დავუკავშირდი ერთ-ერთ უცხოურ ფირმას, Madeheart-ს, რომელსაც თავისი საიტი აქვს და იქ იყიდება ხელნაკეთი ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი ატარებენ კონკურსს, არჩევენ საუკეთესო დიზაინერებს. მეც ამარჩიეს და ჩემი სამკაულები უკვე მათ მსოფლიო კატალოგში დაიდება. ნებისმიერი ქვეყნიდან შესაძლებელია ამ საიტზე შესვლა, სამკაულების შერჩევა და რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენ, აქედან გავუგზავნით სასურველ ნივთს. ცოტა ხანში ფოტოსესია მექნება და ეს სამკაულები უკვე მათ საიტზე იტვირთება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდნენ. გარდა ამისა, უცხოეთში სულ იყიდება ჩემი ნამუშევრები. ზოგს საქართველოში ყიდულობენ, ზოგიც – იგზავნება. მათ განსაკუთრებით მოსწონთ ის, რაც მათთვის უცხოა. უფრო მეტად ქართული ორნამენტებით გაფორმებულები მოსწონთ, თუმცა არც ეგვიპტურზე ამბობენ უარს. თითქმის ყველა სტილის ქალბატონი ყიდულობს ამ სამკაულებს, არ ერიდებიან. ჩანთებსაც ვაკეთებ, ინდურ სტილშიც მაქვს გაფორმებული და ქართულშიც. ქამრებსაც ვაკეთებ და სამაჯურებსაც.
– მათ შორის, ალბათ, არიან ცნობილი ქალბატონებიც...
– კი, აღმოსავლური ცეკვის მოცეკვავეები ყიდულობენ, მათ შორის თურქი მოცეკვავეებიც. მსახიობები ატარებენ ჩემს სამკაულებს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. უბრალოდ, არ მიყვარს ასე დაკონკრეტება.
– როგორც ჩანს, გიყვარს ეგვიპტე, ეგვიპტური მითოლოგია. გარკვეულ მისტიკასაც ხომ არ დებ შენს სამკაულებში?
– სწორად მიხვდით, ძალიან მიყვარს ეგვიპტური მითოლოგია, კულტურა. დიდ პატივს ვცემ. მისტიკა განსაკუთრებულად მიყვარს. ძველად ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ქალი საკუთარ სილამაზეს სამკაულით უფრო კარგად წარმოაჩენს. მე ვერ წარმომიდგენია ქალი სამკაულის გარეშე. ვფიქრობ, სამოსი უნდა იყოს სადა, სხვადასხვა აქსესუარებით გალამაზებული, რაც ქალბატონებს კიდევ უფრო კარგ განწყობაზე აყენებს. რაც მთავარია, მიხარია, როცა მეუბნებიან: შენმა გაკეთებულმა სამკაულმა დიდი მოწონება დაიმსახურაო; კომპლიმენტების გარეშე არ დავრჩენილვარ, ყველა მეკითხებოდა, სად შეიძინეო. ჩემი მისტიკა მუშაობს, ჯადოსნურ რაღაცეებს ვაქსოვ და ხომ ხედავთ, მუშაობს. მისტიკა მართლა ძალიან მიზიდავს, მისტიკური რაღაცეები, თუნდაც ეგვიპტური თემა – ხოჭოები, რომელიც ხშირია ჩემს ნამუშევრებში. ეგვიპტელებს სჩვევიათ ცეცხლოვანი ფერების გამოყენება და მეც ვიყენებ: წითელს, მისტიკურ იასამნისფერს, ოქროსფერს და ალბათ, ეს ყველაფერი მთლიანობაში, თავის ძალას, კარგ, მისტიკურ ენერგეტიკას სძენს სამკაულებს. როდესაც ვმუშაობ, მაშინაც ეგვიპტურ მუსიკას ვრთავ, ვუსმენ, რომ შევიქმნა ზუსტი გარემო. ზოგადად, უფრო მეტად, მაინც ქართული, ხევსურული ორნამენტები მიყვარს, მიზიდავს და სიამოვნებას მანიჭებს მათი კეთება. სამომავლოდ, ქართული სამოსის შექმნასაც ვგეგმავ და შემდეგ ჩვენების გაკეთებას. უცხოეთიდანაც ითხოვენ ქართულ სტილს, ქართული ორნამენტებით გაფორმებულ სამკაულებს და ეს ძალიან მსიამოვნებს, მახარებს.