კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დადიოდა ოტია იოსელიანი ყანაში „ჯიპით” და რატომ არ უშვებდა ის სახლში ედუარდ შევარდნაძეს

ზვიად შვანგირაძე:  წელს ოტიას გარეშე მისი პირველი დაბადების დღე აღვნიშნეთ. ბაბუას იმდენად არ უყვარდა დაბადების დღეები, რომ საერთოდ არ აღნიშნავდა ხოლმე, იმ დროს მასთან  სახლში მხოლოდ ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ვიკრიბებოდით. არც იუბილეებს აქცევდა დიდ ყურადღებას, თუმცა  იუბილეებზე უფრო  მეტი ხალხი იკრიბებოდა, იმართებოდა ლიტერატურული შეხვედრები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები.  წელს მისი „ნებართვა” აღარ იყო „საჭირო” და,  შესაბამისად, მგონი, ყველაზე ხალხმრავალი აღნიშვნა გამოგვივიდა – არავინ გამოჰკლებია, ვისაც კი  ბაბუასთან ურთიერთობა ჰქონდა.  იუბილარის როლის მორგება არ უყვარდა, ამ დღესაც იყო ხოლმე ჩვეულებრივი მასპინძელი, იღებდა ნაირ-ნაირ საჩუქარს, რომელთა უმეტესობა ქართული ხასიათის ნივთები და სუვენირები იყო.  სახლში ბევრი ორიგინალური ქართული ნივთი ჰქონდა.
– სახლიც, რომელშიც მან ბოლო 26 წელი გაატარა წყალტუბოში და ძალიან უყვარდა, ტიპური ქართული სახლია – იმერული ეზო-ყურითა და ქართული ელემენტებით. 
– ეს სახლი საკუთარი ხელით ააშენა – არქიტექტორიც თვითონ იყო, დამპროექტებელიც და მშენებელიც. ძალიან კარგი კირითხურო და კალატოზი იყო,  შესანიშნავად ხატავდა, საოცარ ესკიზებს ქმნიდა.  ეს სახლი ჩემ თვალწინ აშენდა, მაშინ 12-13 წლის ვიყავი.  უყვარდა შენება – ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შვიდი სახლი მაქვს აშენებულიო. თავისი ხელით ააშენა ორი სახლი ნორიოში,  სადაც მისი ძმის ოჯახი ცხოვრობს. იქ წყლის არხი ჩამოდიოდა, რომელზეც წისქვილი დადგა, რაც არ იყო იოლი საქმე. წყალტუბოს სახლში ისეთი ბუხარი  გააკეთა, თავს იწონებდა. ამბობდა, საქართველოში სულ რამდენიმე მებუხრე დარჩა და ერთ-ერთი მე ვარო. ოტიას ყველაზე მეტად  წყალტუბოს  სახლი უყვარდა, „ხელოვნების ქუჩაც” თავად დაარქვა ქუჩას.  თვითონ  გვიშტიბში დაიბადა, ახლა ამ სახლში ბიძაჩემი ბაჩო იოსელიანი ცხოვრობს. საოცარი მეურნე იყო, ყველაფერი გამოსდიოდა ხელიდან. შრომას ბავშვობიდან შეეჩვია. მძიმე ბავშვობა ჰქონდა: წლის და სამი თვის იყო, მამა რომ გარდაეცვალა; ათი წლის იყო, როცა დედამისი გათხოვდა და 80 წლის ბებიისა და  გაუთხოვარი მამიდის ამარა დარჩა. აქედან დაიწყო მძიმე ფიზიკური შრომა, რომ ოჯახი ერჩინა. ადრეულ ასაკში დაუკავშირა ცხოვრება ბებიაჩემს, სამი შვილი  გააჩინეს - დედაჩემი შუათანაა. ბებიაჩემი ქეთევანი  ჭკვიანი, განათლებული  ქალი იყო და  ძალიან ეხმარებოდა ოტიას შემოქმედებით საქმიანობაში. ბაბუას აქვს ნათქვამი, ქეთევანი  ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ჩემს ნაწერში გადასწორების უფლება აქვსო.  ბოლო წლებში ოტიამ გამოსცა ლექსების პატარა კრებული, რომელშიც თითქმის ყველა ლექსი ცოლისთვის აქვს მიძღვნილი. ბებიას გარდაცვალებიდან 18-20 წელი იცხოვრა მარტომ. მძიმე იყო ეს წლები, მაგრამ მას სხვა  ქალი აღარ შეურთავს.   
– ამბობენ, რომ  ქალების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და კარგად იცოდა მათი „ენა.”
– ამას ხშირად იხსენებენ მისი მეგობარი ქალბატონები. მის ირგვლივ, ყველა დროში, ბევრი ქალი ტრიალებდა – ალბათ, იმიტომაც, რომ კარგად იცოდა ქალების ფსიქოლოგია.  მისი მეგობრებისგან ვიცი, რომ მათი დიდი მესაიდუმლე იყო. ისეთი მომნუსხველი საუბარი იცოდა, გულგრილს ვერც ქალს ტოვებდა და ვერც მამაკაცს. საოცარი გამონათქვამები აქვს ქალბატონებზე.  
–  არა მხოლოდ ქალებზე. თავად თუ გამხდარხართ ბაბუას ცნობილი  ენაკვიმატობის „მსხვერპლი”?
–  არ იცოდა გამორჩევა: შვილი, შვილიშვილი – ყველას პირდაპირ ეუბნებოდა სიმართლეს. მწარედ თქმაც იცოდა. არასდროს არავის ერიდებოდა, შეიძლება, მხოლოდ ბავშვობის მეგობრები „დაენდო” – მათთან  შედარებით რბილი იყო.  ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება ერთ ჭერქვეშ: პატარა ასაკში, როცა მე სოფელში ვცხოვრობდი, ბაბუა იმ დროს თბილისში ცხოვრობდა; ხოლო, როცა მე გადმოვედი  თბილისში, რამდენიმე წელიწადში ის დაბრუნდა სოფელში.  ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვიწევდა ზაფხულობით და ზამთრის არდადეგებზე. როცა წამოვიზარდე, უკვე სულ სხვანაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: ბაბუას მთავარი მოთხოვნა როგორც ოჯახის წევრების, ისე ზოგადად ადამიანების მიმართ, იყო სიყვარული შრომისადმი.  თუ კაცი მშრომელი არ იყო, ბაბუას ირგვლივ  ვერ გაიჭაჭანებდა – სასტიკად ვერ იტანდა უსაქმურ, ზარმაც კაცს. ერთი ისტორია მახსნდება:   ცნობილი ფაქტია, რომ ედუარდ შევარდანაძე  სახლში არ შემოუშვა. რამდენჯერმე შემოუთვალეს, მაგრამ, იმ დროს შევარდნაძე ქვეყნის მმართველი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იუარა – ბაბუას მიაჩნდა, რომ ის ქვეყანას ცუდად უძღვებოდა. ოტიას ციხესიმაგრეში ვერ მოხვდებოდა კაცი, რომელიც მას არ მოსწონდა. ერთ კაცს, თურმე, ძალიან უნდოდა ოტიასთან  შეხვედრა, რაღაცის თხოვნა, რჩევის მიღება. ვერ მოძებნა  ვერავინ, რომ ბაბუასთან მიჰყოლოდა. ვიღაცას დაურიგებია: ჭიშკართან მიადექი, შენი ხელები აჩვენე და მიგიღებსო. მართლაც, ერთ დღეს  ეს კაცი ბაბუას სახლს მოადგა.   ბაბუას უყვარდა ძაღლები, ორი-სამი კარგი ძაღლი  სულ ჰყავდა. აყეფებულან ეს ძაღლები. ძაღლების ყეფაზე ბაბუას აივნიდან გამოუხედავს და შემდეგ კარისკენ წასულა. იმ ადამიანს  შრომით დაკოჟრილი ხელები უჩვენებია მისთვის, ბაბუას არც სახელი უკითხავს, არც გვარი,  მაშინვე სახლში შეუშვია. მიწაზე, ვენახში მუშაობას არაფერი ერჩივნა.
– რატომ გაერიდა თბილისს და  თუ გიცდიათ ოჯახის წევრებს  მისი „გადმობირება” უკან?
– ოტია არ იყო ის ადამიანი, ვისაც სადმე გადაიბირებდი – გადაწყვეტილებებს ყველაფერში  თვითონ იღებდა, მასზე გავლენას ვერ მოახდენდი. საკმაოდ ჯიუტი და პრინციპული ხასიათი ჰქონდა. ერთადერთი ადამიანი, ალბათ, იყო ბებიაჩემი ქეთევანი, ვისთანაც ის ზოგჯერ თმობდა ხოლმე პოზიციებს. მას არ უყვარდა ქალაქი. ყოველთვის ამბობდა, ქალაქი სოფლის დანამატია; თუ სოფელი დაიქცევა, დაიქცევა მთელი ქვეყანაო.  სოფელი და გლეხკაცი იყო მისთვის ამოსავალი წერტილი. სულ რამდენიმე წელი იცხოვრა თბილისში და მალევე  დაუბუნდა იმ წიაღს, სადაც კარგად გრძნობდა თავს. მე ვფიქრობ, დედაქალაქში ცხოვრებაც იმიტომ მოსინჯა, რომ აინტერესებდა მეგაპოლისის რიტმი,  ცხოვრების წესი.  იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქიდან შორს იყო, ეს მას არ ემჩნეოდა. ცივილური და პროგრესული კაცი იყო, ყველა მოვლენის საქმის კურსში ყოფნას ცდილობდა, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციაც ჰქონდა.  თვითონაც ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და აქედანაც ბევრი სტუმარი ჰყავდა, რომლებსაც უყვარდათ იმ გარემოში ყოფნა. კარგი მასპინძელი იყო, კარგი თამადა, თუმცა მასპინძლობაში არ იცოდა შეღავათი – სტუმრისგანაც საქმეზე  საუბარს, სამეურნეო საქმეებში ჩართვას მოითხოვდა.
– სტუმრებსაც ამუშავებდა?
– დიახ,  შეშის დაჩეხაზე, ვენახის გასხვლაზე, ხანდახან ყანაშიც და ამას ოტიასგან არც ერთი სტუმარი არ უცხოობდა. არც ფიქრობდნენ, სხვანაირად მოქცეულიყვნენ. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა მიწაზე,  მაშინაც კი, როცა ჯანი აღარ მოსდევდა.
– მის მეგობარს აქვს ნათქვამი, ყანაში „ჯიპით” დადიოდაო.
– ალბათ, ამაში ის იგულისხმება, რომ ძალიან უყვარდა მანქანები, სულ ჰყავდა კარგი მანქანა. გადმოვიდოდა ნაშრომი-დაღლილი ყანიდან, გაიხდიდა ბოტებს, ჩაჯდებოდა „ჯიპში“ და ახლა სხვა საქმეეების მოსაგვარებლად მიდიოდა. ბოლოს  იმ პერიოდისთვის საუკეთესო „ტოიოტას ჯიპი” შეიძინა, რომელიც დღემდე ეზოში დგას.
– როგორი იყო მისი სიცოცხლის ბოლო დღეები?
– ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ატარებდა ამ დღეებს, მორიგეობით იყვნენ მასთან შვილები, ახლო მეგობრები.  სანამ ავადმყოფობა მოეძალებოდა, ვერც შეამჩნევდით, რომ სენი ჰქონდა შეყრილი, ერთი სიტყვა არ დასცდენია საწუწუნო. გარდაიცვალა ისეთი, როგორიც ახსოვს საზოგადოებას:  შემართული, მშვილდივით დაჭიმული და მამაცი – სიკვდილსაც ისე თამამად და გაუტეხლად შეხვდა, ოტიას რომ  შეეფერებოდა

скачать dle 11.3