როგორი ადამიანები მიეკუთვნებიან სტრესული აშლილობის რისკ-ჯგუფებს და რამდენ პროცენტს უვითარდება სტიქიის შედეგად სტრესი
– რა შემთხვევაში ვლინდება სტრესული აშლილობა?
– სტრესი შფოთვითი აშლილობაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს უკურეაქცია აქვს ნებისმიერ გამღიზიანებელზე. სტრესი შეიძლება იყოს, დადებითი ან უარყოფითი. პოზიტიური სტრესის დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს კონკრეტული შემთხვევის მიმართ და სხვა დროს, როცა იგივე სიტუაციაში აღმოჩნდება, აღარ განიცდის მას. მსგავსი ტიპის რეაქცია შეიძლება, განვითარდეს სიცხის ან სიცივის დროს. დისტრესი ეს არის უარყოფითი სტრესული მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი განიცდის შფოთვით აშლილობას და უვითარდება ისეთი შეგრძნებები, რომლებიც მისთვის არ იყო დამახასიათებელი, მაგალითად: ჭარბი ძილიანობა, ან საერთოდ ძილიანობის შეწყვეტა; კვებითი დარღვევები, აგრესია და სხვა. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ტრავმული მომენტის გასვლიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ვითარდება. ეს შეიძლება, იყოს ერთი, ან ორი კვირა, მაქსიმუმ ექვსი თვე. მსგავს აშლილობას ჩივილები აქვს როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებშიც. ბავშვებთან მიმართებაში ეს გამოიხატება ენურეზით, იგივე ჩასველებით, ასევე მანერებითა და ქცევებით. მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვი იქნება თუ ზრდასრული, შესაძლებელია განვითარდეს მეტყველების დარღვევა, დისლექცია (კითხვითი უნარის შეზღუდვა) და დისკალკულაცია (თვლის დარღვევა). ვლინდება ისეთი სტრესული დარღვევები, როდესაც ადამიანს სძინავს და უცაბედად გაეღვიძება, ამ დროს ის იგივეს განიცდის, რასაც კონკრეტულ სიტუაციაში განიცდიდა. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მეორე სახელია „ვიეტნამის ომის სინდრომი”, რომელიც თავდაპირველად, ჯარისკაცებში აღმოაჩინეს. ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცები განიცდიდნენ იგივე სტრესულ მდგომარეობას, რასაც ომის დროს. საბოლოოდ, კვლევებმა დაადასტურა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, განუვითარდეს მსგავსი ტიპის აშლილობა, მაგრამ, გააჩნია მის ორგანიზმსა და ფსიქიკას. საერთოდ, ნებისმიერი მძიმე სტრესის დროს, ორგანიზმი იწყებს თავდაცვით რეაქციებს.
– სტიქიით დაზარალებული ადამიანები აღმოჩნდნენ სტრესულ მდგომარეობაში. რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა?
– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მოთხოვნა მათი მხრიდან დაბალი იყო. ისინი პოსტტრავმულ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ძირითადად ბავშვებში გამოვლინდა დარღვევები. პატარები ძირითადად წვიმაზე საუბრობენ. მომხდარი მოვლენების შემდეგ, ეს ერთ-ერთი ძლიერი გამოვლინებაა. ასევე, 6-დან 9 წლამდე ბავშვებმა შეწყვიტეს ჭამა. მსგავს შემთხვევებში აუცილებელია თერაპიული ჩარევა. რაც შეეხება ზრდასრულებსა, მათი მხრიდან ნაკლებად იყო მომართვიანობა. პირადად მე, დაზარალებული 53 ბავშვი ვნახე. აქედან მხოლოდ ოცს აღენიშნებოდა კონკრეტული ჩივილები. ორ-სამ თვეში მოგვეცემა ზუსტი სურათი პოსტტრავმული აშლილობა რომელ მათგანთან განვითარდა და რომელთან – არა. ყველაფერი რომ ჩაწყნარდება, მაშინ უფრო დიდი საფრთხეა, იფეთქოს შიშმა და განვითარდეს სტრესული მდგომარეობა.
– პოსტტრავმული აშლილობის რისკ-ჯგუფებში მხოლოდ დაზარალებულები შედიან?
– ვერ ვიტყვი, რომ თბილისში ყველა ადამიანს დაემართება მსგავსი ტიპის აშლილობა, მაგრამ რისკ-ჯგუფებში შედიან პიროვნებები, რომლებსაც გადატანილი აქვთ მსგავსი შიშები, არ შეუძლიათ ადაპტირება ახალ გარემოსთან და არიან მელანქოლიურები. სტიქიის შემდეგ სტრესი 7-8 პროცენტს უვითარდება. ამჯერად მათ რიცხვს შესაძლოა შეუერთდეს მოხალისეები და მაშველები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც წვიმის დროს შიშის განცდა ეუფლებათ. სტიქიური უბედურების შემდეგ, პანიკური შიში იყო ქალაქში – წვიმა რომ დაიწყებოდა, ყველა სწრაფად სახლში მისვლას ცდილობდა. გაჩნდა ფრაზები: „ოღონდ წვიმა არა”, „ისევ წვიმს” და ასე შემდეგ. იგივე მდგომარეობა განვითარდა ცხოველებთან მიმართებაში. 112-ში შესული ზარების შედეგად, ეს ნათლად დადასტურდა. აქ ორი ფაქტორი შეიძლება იყოს. პირველის შემთხვევაში, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ადამიანები რეკავდნენ სტრესულ მდგომარეობაში. შესაძლოა, მათ ელანდებოდაც კიდეც ცხოველები და მეორე – ისინი მართლაც ხედავდნენ მტაცებლებს.
– შესაძლებელია თუ არა, ამ მდგომარეობის გადალახვის შემდეგ, სტრესული აშლილობის კვლავ განმეორება?
– თუ იგივე სიტუაცია შეიქმნება ქალაქში, არა მხოლოდ დაზარალებულებს, არამედ მთელ ქალაქს განუვითარდება სტრესული მდგომარეობა და პანიკური შიში დაისადგურებს. თუ მსგავსი არაფერი მოხდება და პიროვნება სრულიად უსაფრთხო გარემოში თავადვე გადალახავს ამ ყოველივეს, დიდი ალბათობაა, აღარ გაუმეორდეს პოსტტრავმული აშლილობა. თუმცა, ბოლომდე დარწმუნებულებიც ვერ ვიქნებით. ეს არის ინდივიდუალური, ორგანიზმსა და ფსიქიკაზე დამოკიდებული, ასევე, საჭირო დროს ფსიქოლოგის მუშაობაზეც. ის, რაც მოხდა, მათი ილუზია ხომ არაა, ისინი პირდაპირ შეეჩეხნენ ამ უბედურებას. ამიტომ, რისკი ყოველთვის არსებობს. მისი მართვა კი ფსიქოლოგებს შეუძლიათ.
– როგორ უნდა დააღწიოს ადამიანმა თავი პოსტტრავმულ სტრესულ მდგომარეობას?
– თუ არ გაწუხებთ უძილობა და მსგავსი სიმპტომები, ფსიქოთერაპია ნამდვილი ფუფუნებაა. ადამიანი, რომელიც არ იყო სტიქიის ზონაში, მაგრამ მაინც გაუმძაფრდა შიშის გრძნობა, მასაც სჭირდება ამ პროცედურის ჩატარება. თუ გაქვთ აკვიატებული აზრები, მაგალითად: „რა იქნებოდა, რომ მე იქ ვყოფილიყავი” და ასე შემდეგ, მიმართეთ ფსიქოლოგს. ასევე, ვისაც სტიქიური უბედურების დროს, ოჯახის წევრი დაეღუპა, აუცილებლად სჭირდება ფსიქორეაბილიტაციის კურსი, რომ უცაბედ დანაკარგთან მოხდეს შეგუება. რაც შეეხება კვებას, ისედაც გადაღლილი ორგანიზმი არ უნდა გადავტვირთოთ ცხიმიანი და რთულად მოსანელებელი საკვებით. სტრესული აშლილობა იმდენად რთული საკითხია, რომ სხვა მდგომარეობების გამომწვევიცაა, მაგალითად, დეპრესიის. როდესაც სტრესის შედეგად ადამიანს დეპრესია ეწყება, ეს ავითარებს სუიციდზე ფიქრსაც. უფრო ცუდ შემთხვევაში, შესაძლებელია, შიზოფრენიის განვითარებაც. ამიტომ, დროული თერაპიული ჩარევა აუცილებელია. საუბრით და ხატვით, შესაძლებელია, ადამიანი ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ნებისმიერი ჩვენგანის ჩარევა უნდა მოხდეს ზედაპირულად, უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
– თავად თუ აცნობიერებს პიროვნება, რომ სტრესული აშლილობა აქვს?
– როდესაც ადამიანს ორგანიზმი არ ემორჩილება, მაშინ შეიძლება, გააცნობიეროს მისი მდგომარეობა. თუმცა, შესაძლებელია, იმდენად რთულად ჰქონდეს ეს ყოველივე, რომ ვერ აღიქვამდეს მის სიმძიმეს.