კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია მოხდა ნანა ფაჩუაშვილის თვალწინ და რამ გადაატანინა მას მძიმე წუთები

– ქალაბტონო ნანა, ორივე მეუღლე გარდაგეცვალათ. მანამდეც ბევრი სირთულე გამოიარეთ, როცა მათ დაუკავშირეთ ბედი. დღევანდელი გადასახედიდან, ფიქრობთ, რომ ცხოვრება მკაცრად მოგექცათ?     
–  პირად ცხოვრებაში ნამდვილად ასეა, საკმაოდ მკაცრად მომექცა ცხოვრება – 19 წლის დავქვრივდი და დავრჩი მარტო, ბავშვთან ერთად – ეს უკვე თავისთავად დიდი განცდაა. მაშინ ორთვე-ნახევრის ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ, არცერთი წუთით არ მიფიქრია, ბავშვი მომეშორებინა; პირიქით, ძალიან სასიხარულო იყო,  რომ მისი სახელისა და გვარის გამგრძელებელი ჩნდებოდა – თითქოს მისი სიცოცხლე მის შვილში გაგრძელდა. თამაზი დღეს 50 წლისაა. თამაზი აღმოსავლური ენების მეხუთე კურსის სტუდენტი იყო უნივერსიტეტში. გახსოვთ, ალბათ, დიდბაბინებიანი მაგნიტოფონები რომ იყო. მაგნიტოფონი ჰქონდა ჩამოტანილი და მეცადინეობდა. ხელში მიკროფონი ეჭირა და უცებ ისეთ ადგილზე მოუხვდა ხელი,  წრედი რომ შეიკრა, ხელი ვეღარ აუშვა და იქვე დაიღუპა.  ბაქოში გადაღებებზე ვიყავი და თამაზმა თავის ძმასთან და მეგობართან ერთად ჩამომაკითხა, სასტუმროში ვიყავით.  იმ მომენტში წამოწოლილი ვიყავი, ყველაფერი ისე წამებში მოხდა, გააზრებაც ვერ მოვასწარი, რა იყო ეს. ხელი რომ მომეკიდა მისთვის, მეც იქვე დავიღუპებოდი – როგორც მითხრეს,  ჩემზე გადმოვიდოდა დენი. ამით საკუთარი თავი გადავარჩინე თურმე.   
ეს დიდი სტრესი ახალგაზრდობაში მივიღე და დღემდე ვცხოვრობ გარკვეული შიშით. ყველაფერს უფრო მძაფრად აღვიქვამ, ვიდრე შეიძლება ადამიანმა აღიქვას; ბევრად ემოციური გავხდი, სულ ცუდზე ვფიქრობ... მერე, ინსტიტუტი რომ დავამთავრე, რუსთაველის თეატრში გამანაწილეს და ეს თვითგადარჩენა იყო ჩემთვის. დღემდე უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და ამან ეტაპობრივად გადაფარა ის ცუდი, რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში.
– ამ დროს თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში   შეყვარებული გყავდათ – ტრისტან ყველაიძე. როგორ დაიწყო თქვენი ამბავი, ჯერ ეს მოყევით.     
– მე და ტრისტანი პირველი კურსიდან ვიყავით შეყვარებულები, თუმცა, ეს ერთი დანახვით არ მომხდარა. მას ცეკვის დროს ფანჯრიდან დავუნახივარ და მოვწონებივარ. მეც, ასე, იმავე აუდიტორიაში შევაღე კარი,  დავინახე, ვიღაც ბიჭი უკრავდა როიალზე და მომეწონა. მერე ბუფეტში შევხვდით ერთმანეთს და გამოველაპარაკეთ. თურმე ავად იყო, ყელი სტკიოდა. ვიღაცას უთქვამს, რძეში კარაქი უნდა ჩააგდო და ის მოგიხდებაო. ეს რომ დავინახე, შევიცხადე – ღმერთო ჩემო, ასე გიყვართ კარაქი-მეთქი? რა ვიცოდი, ავად თუ იყო. მე არც კარაქი მიყვარს და არც რძე, მაგრამ, უნდა დავლიო, სხვა გზა არ მაქვსო, – მითხრა. აქედან წავიდა და წავიდა ჩვენი ურთიერთობა. მაშინაც ტელეფონი იყო ძალიან აქტუალური, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე ტელეფონზე... ჩვენი გეგმები გვქონდა, მაგრამ, მერე მოხდა ისე, რომ მე დასასვენებლად ბორჯომში წავედი, ტრისტანი კი – ფასანაურში.
– და სწორედ ამ დროს გაიცანით თამაზ აფხაიძე, რომლის ცოლიც სრულიად შემთხვევით გახდით.                                                                                      
– მახსოვს, ძალიან მოწყენილი ვიყავი, მინდოდა, არდადეგები მალე დასრულებულიყო და აივნიდან ვიყურებოდი. დავინახე, ძალინ საინტერესო, ლამაზი ბიჭი დგას. მხოლოდ დავაფიქსირე, მეტი არაფერი. ერთ  საღამოს (იქვე ვიკრიბებოდით ახალგაზრდები, ბორჯომის პარკში), ვთამაშობდით საფლირტაო თამაშს, ყურში გადაძახებითა და ბარათების მიწერით  (იყო ასეთი თამაში) და მომწერა: „მე თქვენ ძალიან,  ძალიან მომწონხართ. უკვე დავიძაბე. სიმართლე გითხრათ, ბევრად უფრო კარგი გარეგნობისა და აღნაგობის იყო, ვიდრე მე. ჩემი თავის ფასიც ვიცოდი, მაგრამ, ვგრძნობდი ამ უპირატესობას, თან, ვიცოდი, რომ უამრავ გოგოს მოსწონდა. შეყვარებული არ ვიყავი, უბრალოდ, მომწონდა. მერე, თბილისში რომ ჩამოვედით, ჩამაცივდა. ისეთი აქტიური გახდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, მირეკავდა. ავფორიაქდი, თვითონაც არ ვიცოდი, რა მჭირდა. გაორებული ვიყავი: ის ხომ მომწონს და ესეც ძალიან მომწონს, – აი, ასეთი რამ დამემართა, რაც უფრო მეტად კაცებს ემართებათ, ვიდრე ქალებს. ეტყობა, მაშინ ჯერ ისე მყარი არ იყო ჩემი და ტრისტანის რომანი, როგორც უნდა ყოფილიყო. მოკლედ, თამაზმა დაიწყო შემოტევა – ნუ ვიქნებით ჯერ ერთად, ოღონდ ხელი მოვაწეროთო. თითქოს სადმე გავრბოდი.  
– არ უთხარით, რომ შეყვარებული გყავდათ და არავინ გაინტერესებდათ? 
– არა, არ ვეუბნებოდი, რადგან, როგორც გითხარით, თვითონ ვიყავი გაურკვევლობაში.   სხვათა შორის, ტრისტანმა შემამაჩნია, ის აღტაცება თუ აღფრთოვანება რომ აღარ მქონდა მასთან შეხვედრებისას და მითხრა: ეტყობა, ამ ზაფხულს  რაღაც შემოიპარა ჩვენში, ასეაო? არა, უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება-მეთქი. მიხვდა, ეს დრო რაშიც მჭირდებოდა. მოკლედ, ასე ნელ-ნელა გაცივდა ურთიერთობა და მე იქით გადავიხარე, თამაზისკენ.   მოვდივართ მე და თამაზი რუსთაველზე და ამ დროს თეატრალური ინსტიტუტიდან გამოდის ტრისტანი და სიგარეტს უკიდებს. უცებ ისე ცუდად ვიგრძენი თავი,  დღესაც მაქვს ის შეგრძნება –  ეტყობა სინდისმა გაიღვიძა  ჩემში და თავჩაქინდრული მივდიოდი, თუმცა, მაინც გავაპარე თვალი და დავინახე სიგარეტს მაგრად მოუკიდა და შევატყე რომ ანერვიულდა. მერე, უკვე დიდი დრო რომ გავიდა, ვკითხე: მაშინ რა იგრძენი, რომ დამინახე-მეთქი.  ვიფიქრე: არა, რა, ღირდა, მე მჯობიაო. ტრისტანი ძალიან გულახდილი ადამიანი იყო.
– ალბათ, მართლა მაგარი ბიჭი იყო, ეს რომ თქვა.    
– მართლაც, მთლიანობაში თამაზი   წარმოუდგენლად კარგი იყო, მე ასეთი ბიჭი დღემდე არ მინახავს და ამიტომაც ვამბობდი, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი გოგო ეკუთვნოდა-მეთქი,  მაგრამ, ეტყობა, ესეც ბედია. ვერ წარმოედგინა, რომ მე მისი არ ვყოფილიყავი და ამიტომ დამაჩქარა. ხელი რომ მოვაწერეთ, ოთხი თვის შემდეგ გავხდით ცოლ-ქმარი, მანამდე არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. 
– შემდეგ როგორღა მოხდა, რომ თქვენ და  ტრისტანი შეუღლდით?       
– სამი წლის მერე, ბავშვი რომ წამოიზარდა,  თეატრში მივედი, რაღაც სპექტაკლი ვითამაშეთ ერთად, თითქოს მოშორებით იყო ჩემგან, მაგრამ, სულ ვგრძნობდი მის ყურადღებას. ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: ძალიან მაინტერესებს, როგორია შენი ბიჭი. თუ შეიძლება, მოვალ და ვნახავო. გამიკვირდა, მაგრამ... კი ბატონო-მეთქი და საღმოს  მოვიდა. 
– მაშინ ვერ მიხვდით, რომ ამით თქვენთან  ურთიერთობის აღდგენა უნდოდა?  
– როგორ ვერ მივხვდი, ყვლაფერსაც მივხვდი, მაგრამ, ჩვენ მაინც ტრადიციების ხალხი ვართ, მით უფრო მაშინ და, თავს ვარიდებდი, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა არ ყოფილიყო – არ მინდოდა, ამაღლებული გრძნობებიდან ვინმესთვის ჩვეულებრივი ქალი გავხმდარიყავი. უფრო ცოლობაზე მქონდა პრეტენზია. ჩვენ გვქონდა ამაზე პირდაპირ საუბარი. ვუთხარი, რომ არავითარ შემთხვევაში მე შენთან ურთიერთობა არ მექნება, თუ შენი ცოლი არ ვიქნები-მეთქი – გარკვეული პრეტენზია წავუყენე.  დაახლოებით სამი წლის მერე დავოჯახდით. მერე ხშირად ვიყავით პარტნიორები სცენაზე და ასე ავეწყვეთ.               
– როგორ ცხოვრობდა მთელი ის პერიოდი ტრისტანი, სანამ თამაზის ცოლი იყავით? 
– არ ვიცი,  ალბათ, რაღაც დარდი ექნებოდა. მამაკაცები ღალატს ვერ იტანენ. ღალატი იყო ეს ჩემი მხრიდან, აბა რა იყო, რასაც ის ღირსეულად შეხვდა, იმიტომ რომ ძალიან განათლებული ადამიანი იყო. როდესაც შევუღლდით, არც მაშინ უკითხავს ამაზე რამე, თითქოს ამ თავისი  საქციელით ჩემს საქციელს ამართლებდა. შენ რომ ჩემზე უკეთესი გოგო გენახა, როგორ მოიქცეოდი-მეთქი. შენზე უკეთესს სად ვნახავდიო, – მეტყოდა ხუმრობით. 
ტრისტანს გულის დაავადება აწუხებდა, ინფარქტი ჰქონდა გადატანილი და ამის გამო სულ პანიკაში ვიყავი. 30 წლის იყო, როცა პირველი ინფარქტი  გადაიტანა, 55 წლის იყო, ბოლოჯერ რომ დაემართა და, არ მახსოვს, შეტევა თუ არ მოუვიდოდა, ეგრძნობინებინა ჩემთვის, რომ ცუდად იყო – არ უნდოდა შევეშინებინე. ერთხელ თქვა: მე რომ მცოდნოდა 55 წელი ვიცოცხლებდი, კიდევ უფრო სხვანაირად ვიცხოვრებდიო. თამამად ცხოვრობდა: სვამდა კიდეც, ეწეოდა, სანამ გული უშვებდა, მერე შეაჩერებდა ცოტა ხნით, ისევ იწყებდა და, აი, სულ ამ ბრძოლაში ვიყავით.
–  გახსოვთ,  ბოლოს რა გითხრათ? 
– ერთხელ  მითხრა  – მე რომ არ ვიქნები, ბევრად დიდი ტვირთი მოგეხნებაო. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ, სამუდამოდ დამამახსოვრდა. გრძნობდა ჩემს თავდადებას და მაფასებდა ამ მხრივ.
–  ამდენი წელი იყავით ერთად, ალბათ, გიჩხუბიათ კიდეც. მერე თუ მაინც ეჭვიანობდა?  
– ცხოვრება სხვანაირად არ შეიძლება. მეც ძალიან ეჭვიანი ვიყავი და ისიც, ოღონდ, არა სცენაზე.
– გაძლევდათ ამის საბაბს თუ ეს, უბრალოდ, თქვენი ეჭვები იყო? 
–  მაძლევდა საბაბს, რა თქმა უნდა. ტრისტანი ლამაზი კაცი იყო და მოსწონდათ ქალებს. ერთი გოგო იყო, ჩემზე ახალგაზრდა, იმაზე ვეჭვიანობდი. ტრისტანი კი ცდილობდა, მე არაფერი გამეგო, მაგრამ...  მოხდა ისე, რომ იმ გოგომ თავად გამაგებინა – სახელი, გვარი, ყველაფერი ვიცოდი. ავსტრალიაში ვიყავი გასტროლებზე. სადაც წავიდოდი, სულ ვდარდობდი – ნეტავ ტრისტანს ენახა ეს ქალაქები, სასტუმროები, ოკეანეები, თეატრი-მეთქი. თურმე, რას დარდობ – აქ ტრისტანი ბევრად კარგად გრძნობს თავს. ეს გოგო ჩვენკენ ცხოვრობდა. მე რომ ავსტრალიაში ვიყავი, ამან აქ რომანი გააბა. ვინ არის ეს გოგო-მეთქი, ვკითხე. არავინო, – მიპასუხა. ზოგჯერ ვამართლებ კაცის ფსიქიკას, იმიტომ რომ, მამაკაცი ბუნებამ უფრო სხვა რაღაცეებით, სხვა შესაძლებლობებით დაასაჩუქრა, ვიდრე ქალები. მაშინ ამას ძალიან მტკივნეულად განვიცდიდი, ახლა კი იუმორით მახსენდება. მახსოვს ჩემს დას გავანდე მაშინ – ასეთი და ასეთი ამბავია და უნდა წამოვიდე სახლიდან-მეთქი. რამდენიმე დღით დედაჩემთან გადავედი. ძალიან ვიყავი გაბრაზებული და ვიფიქრე, ცოტა ხნით გავერიდები აქაურობას, ბათუმში წავალ-მეთქი. გავიქეცი ნანული სარაჯიშვილთან და ვუთხარი, ერთად წავიდეთ-მეთქი. კარგიო. ჩემს დას დაურეკავს ტრისტანისთვის და  ყველაფერი უთქვამს – „ჩამიშვა.” მოვიდა ტრისტანი. ამ დროს მე ჩემს ნივთებს ვალაგებ ჩემოდანში. რომ შევხედე, ისე ცუდად იყო, სახეზე ფერი არ ედო, ტუჩები სულ გალურჯებული ჰქონდა საწყალს, ვიფიქრე, ახლა ამას არაფერი მოუვიდეს და მე არ დამბრალდეს-მეთქი. შენ თუ ახლა სახლიდან წახვალ, იცოდე, აღარასოდეს დაბრუნდებიო. ეგრევე დავდე  ჩანთა და შევრიგდით. ახლა იმას აღარ მოვყვები, ის რაზე ეჭვიანობდა. 
– თამაზ აფხაიძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასთან დარჩებოდით?  
–  მე არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ, ძალიან რომ ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა, ეს ვიცი. მართლა კარგი წყვილი ვიყავით. თამაზ აფხაიძემ გადაწონა მაინც. ალბათ, ტრისტანს არ ეწყინებოდა ეს, იმიტომ რომ, თავად თქვა მაშინ, სწორი არჩევანი იყოო.

скачать dle 11.3