კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ და რატომ კოცნიდა დიმიტრი ტატიშვილს ქუჩაში ხელზე და რისი საშუალებით მოახერხა მსახიობმა სიდედრის გულის მოლბობა

დიმიტრი ტატიშვილი: სერიალის პერსონაჟი ზოგჯერ, ნელ-ნელა მსახიობს ემსგავსება ხოლმე. დემნაც ცოტათი დამემსგავსა. მაგალითად, ისიც ჩემსავით მშვიდია, არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი და კონფლიქტები. უყვარს ქალები, ოღონდ ათქვეფილი კაცი არ არის. დადებითი ადამიანია და მგონი, მეც ასეთი ვარ (იცინის). თავისი პრინციპები აქვს და სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. თუნდაც, ის ფაქტი რომ გავიხსენოთ, როცა ყოფილი ცოლისთვის სახლი გაყიდა. ამას ბევრი არ გააკეთებდა. თუმცა, ვფიქრობ, ამაში უცნაური არაფერია. თუ შეგიძლია, ადამიანს უნდა დაეხმარო. მერე რა, რომ ყოფილი ცოლია.
– თინასნაირ ქალებზე რას ფიქრობთ?
– თინა რთული ქალია. ძალიან ცოტა კაცს მოსწონს მისნაირი ქალები. ძალიან დამოუკიდებელი და თვითკმარი ადამიანია. შემდგარი პიროვნებაა საკუთარი ცხოვრებითა და პრინციპებით. საკუთარ თავზე ზრუნავს და მაინცდამაინც არ ილტვის ვიღაცეებთან ახლო ურთიერთობისკენ. მკლავებში არავის უვარდება. „ნაშური“ მასში ძალიან ცოტაა.
– თქვენი რეალური სიყვარულის ისტორია როგორია?
– 22 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. მანამდე პატარა ამბები იყო, თუმცა, მათ გატაცებასაც კი ვერ დავარქმევ. 18 წლის რომ გავხდი, თეატრალურის პირველი კურსი დავხურე და ჯარში წამიყვანეს. მომავალ მეუღლეს, მაიას, მანამდე ვიცნობდი. ჩემი დის კურსელი იყო, თუმცა, განსაკუთრებული ურთიერთობა არ გვქონია. ოცი წლის ვიყავი ჯარიდან რომ ჩამოვედი და მაიას ისევ შევხვდი. მერე ცოტა სხვანაირად შევხედე. რაღაც ისეთი გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში, რაც მანამდე არ ყოფილა.
– ეს გრძნობა თავიდანვე ორმხრივი იყო?
– მგონი, კი. მე ცალმხრივი სიყვარული არ მომწონს. ჩვენი ხელახალი შეხვედრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, პირდაპირ ვუთხარი, მიყვარხარ-მეთქი, ყოველგვარი რომანტიკული საღამოების გარეშე. აღმოვაჩინე, რომ მისგანაც იყო ინტერესი, თუმცა, მალევე არ დავქორწინებულვართ. ორი წლის თავზე შევქმენით ოჯახი. ისე მოხდა, რომ მე ჩემს მეგობრებთან და მაია თავის მეგობრებთან ერთად, ფარული შეთანხმების საფუძველზე, წავედით დასასვენებლად ქობულეთში. იქ ყოველდღე დიდ დროს ერთად ვატარებდით და თბილისში რომ მოვდიოდით, ვიგრძენი, რომ მის გარეშე აღარ შემეძლო. მინდოდა, სულ მასთან ერთად ვყოფილიყავი. აგვისტოს ბოლოს ჩამოვედით და 26 სექტემბერს ხელი მოვაწერეთ. ხელის თხოვნის განსაკუთრებული სცენა არ ყოფილა. ბევრი ვედრება არ დამჭირვებია, ვგრძნობდი, რომ მასაც უხაროდა ჩემთან ერთად ყოფნა. ხელი მოვაწერეთ და ორკვირიან საქორწინო მოგზაურობაში გავემგზავრეთ.
– რით მოგხიბლათ მან?
– ჩემი ცოლი ჭკვიანია და ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ერთგული ადამიანია, ისეთი, რომელსაც დაეყრდნობი. დავინახე, რომ მას სიყვარულის და სიახლოვის გარდა, კაცის და ქალის ურთიერთობაში სხვა რაღაცეებიც აინტერესებს. ანგარიშგასაწევი პიროვნებაა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და მოსწავლეეებს ძალიან უყვართ. ჩემს მასწავლებლებს არაფერს ვერჩი, თუმცა, მე რომ მისნაირი მასწავლებელი მყოლოდა, ძალიან კარგი იქნებოდა.
– არ ეჭვიანობს თქვენი პროფესიის გამო, როცა ამდენი თაყვანისმცემელი გყავთ და მათ შორის ბევრია ქალბატონი?
– ჩემი ცოლი მიცნობს და იცის, როგორი კაცი ვარ. სცენაზე ან ეკრანზე ქალთან სასიყვარულო ურთიერთობა ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. თაყვანისმცემლებს რაც შეეხება, ვინ მხვდება ახლა მე ქუჩაში, გინდა თუ არა ჩემს სახლში წამოდიო (იცინის). ეჭვიანობით, შეიძლება, მხოლოდ იმაზე ეჭვიანობდეს, რომ სახლში დიდ დროს არ ვატარებ. თუმცა, არც თვითონაა სახლში. კერძო სკოლაში ასწავლის და გვიანობამდე უწევს იქ ყოფნა.
– როგორც ვიცი, ტყუპი გოგონები გყავთ.
– კი. ქეთევანი და ანა. ერთი იურისტია, მეორე ბიზნესმენეჯერი. მსახიობობის მიმართ დიდი ინტერესი არ გამოუჩენიათ. არც გამიხარდებოდა, ასე რომ ყოფილიყო. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ კარგი სამსახურები ჰქონდეთ, კარგი ანაზღაურებით. მკაცრი მამა არ ვარ. შეიძლება, გავბრაზდე, მაგრამ ეს დიდხანს არ მიმყვება. შვილები მე და ჩემმა მეუღლემ ერთად გავზარდეთ. კაცების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ მამაკაცმა შვილის აღზრდაში ფიზიკური მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ყველაფერს ვაკეთებდი, რაც მშობელს ევალებოდა. რასაც მთხოვენ, ახლაც ვუსრულებ. ქეთი წელიწადია გათხოვილია. ამიტომ, მისი მოთხოვნები უკვე ნაკლებად მეხება (იცინის).
– მათ პირად ამბებში თუ ერევით?
– არა, არ ვერევი. ორივე საკმაოდ განათლებული და ჭკვიანია. დედამისს ყველაფერს ეუბნებიან და რაც საჭიროდ მიაჩნიათ, მეც მიყვებიან. თაყვანისმცემლები ორივეს ჰყავდა – ხან ყვავილებს მოართმევდნენ და ხან რას. მაგრამ იცოდნენ, რომ მათთვისვე ჯობდა, ჩემთვისაც მისაღები ყოფილიყო მათი არჩევანი (იცინის). ქეთი სანამ გათხოვდებოდა, რამდენიმე თვით ადრე გაგვაცნო სასიძო. ზოგადად, ჯობია, მშობლებიც იცნობდნენ შვილის არჩევანს და მოსწონდეთ ის. მე და ჩემს სიძეს კარგი, თბილი ურთიერთობა გვაქვს. ზრდილობიანი და განათლებული ადამიანია.
– სერიალში დემნას ნელიკოსთან კარგი ურთიერთობა აქვს. თქვენ როგორი ურთიერთობა გქონდათ სიდედრთან. ის თუ გიწყობდათ ხელს მის ქალიშვილთან ურთიერთობაში?
– ჩემი სიდედრი მაინდამაინც არ მიწყობდა ხელს (იცინის). თუმცა, დიდი წინაღმდეგობაც არ გაუწევია. ჯერ ეს ერთი – არ იცოდა, ჩვენ ამ ამბავს ვმალავდით. მერე გაიგო რაღაცეები, მაგრამ როგორც ჩანს, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია ჩემი მეუღლისთვის. როცა დავქორწინდით და შვილები გაგვიჩნდა, პარტნიორები გავხდით ბავშვების აღზრდაში. თავიდან ჩემ მიმართ დიდი პატივისცემით არ იყო განწყობილი. უნდოდა, მისი ქალიშვილი საიმედო ადამიანთან ერთად ყოფილიყო. მე კი მაშინ პატარა ვიყავი, არანაირი დამსახურება არ მქონდა. მერე ჯერ ტელევიზორში გამოვჩნდი, შემდეგ პრემიერები მქონდა და ცოტა მოლბა. ჩემმა პროფესიამ იმოქმედა. მოკლედ, როგორც შემეძლო, ისე მოვაწონე თავი სიდედრს (იცინის).
– ბევრი როლი გაქვთ შესრულებული და დემნამ თუ შეძლო სხვა დანარჩენის ჩანაცვლება?
– როცა დეტექტივებში ვთამაშობდი, მაშინ აკაკი ძალიან აიტაცა ხალხმა. სადმე რომ შევდიოდი, მეუბნებოდნენ, ხომ არ გვაპატიმრებთო. ერთი მეზობელი მეუბნება, აზრზე ხარ, ამხელა კაცი ცხოვრობ ჩემს კორპუსში და მე სარდაფი გამიტეხესო. მერე მე რა გავაკეთო-მეთქი და უცებ გამოფხიზლდა, ვიხუმრეო. არადა, რომ მოვიდა, სახუმაროდ არ ემზადებოდა. მე მსახიობების წრეში ვარ გაზრდილი და ცოტა მიკვირს, როცა მსახიობს როლთან აიგივებენ. „ქაღალდის ტყვიაში“ ვთამაშობდი და მაშინ ძალიან ცოტა მიცნობდა. ეკრანზე ნაკლებად ვჩანდი. მღვდლის როლს ვთამაშობდი, წვერი მქონდა მოშვებული და თმა გაზრდილი. ასე რომ, მართლა მღვდელს ვგავდი. ქუჩაში რომ გვქონდა გადაღებები, ანაფორაც მეცვა და ჯვარიც მეკეთა, მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ: დამლოცე, მამაო. ერთხელ, ვხედავ, ახალგაზრდა გოგო მიახლოვდება და მიღიმის. დაახლოებით ვხვდები, რა უნდა, მაგრამ არ ვიმჩნევ. მოვიდა, დაიხარა. რა უნდა მეთქვა, ყველაფრის ახსნას ხომ არ დავუწყებდი. მან კი ძალიან ნაწყენმა ამომხედა, რომ არ დავლოცე. ალბათ, მეტყოდა კიდევაც საყვედურს, მაგრამ მერე კამერისკენ მივუთითე (იცინის). ერთი კაცი არაფერს დაელოდა – მოვიდა, პირდაპირ ხელებზე მებდღვნა და კოცნა დამიწყო (იცინის). ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ ძალიან უხერხული სიტუაცია იყო. ასაკით გაცილებით უფროსი კაცი, ყოველგვარი შესავლის გარეშე, მოვიდა და ერთ წამში, ვხედავ, ვიღაცას ჩემი ხელი უჭირავს და კოცნის (იცინის). დაახლოებით წელიწად-ნახევარი მომიწია თმა-წვერით სიარული. ერთხელ შევედი ეკლესიაში და სასანთლეს ბევრი ქალი შემოხვეოდა, ვერაფრით მივედი ახლოს. ამიტომ, ხელი გადავწიე და შორიდან ჩავარჭე სანთელი. ვიღაცამ გაბრაზებული სახით შემომხედა, მაგრამ თმითა და წვერით რომ დამინახა, აღარაფერი მითხრა, მაშინვე გვერდზე გაიწია და ადგილიც უცებ გამითავისუფლეს (იცინის).

скачать dle 11.3