როგორ გახდა საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე დარეჯან ბარათელი პოეტი
პოეზიაშიც ზუსტად ისეა, როგორც ცხოვრებაში – დედას ყველა შვილი ერთნაირად რომ უყვარს. მეც ზუსტად ასე მიყვარს ჩემი ყველა ლექსიო, – ამბობს ბაკურიანის საქალაქო ბიბლიოთეკის გამგე, ქალბატონი დარეჯან ბარათელი. თუმცა, ერთი სტროფი მაინც გამორჩეულად ახსენდება: „როს საოცნებო სილამაზე გულში მეღვრება, ფარვანას სწრაფვა და მისივე ჟინი მერევა. მოვკვდები იმ წამს სასიცოცხლო დღე დამელევა, როს ოცნება და სიყვარული გამომელევა.“
ქალბატონ დარეჯანს არაჩვეულებრივი ინტუიცია და ფანტაზიის უნარი აქვს. საოცრად მებრძოლი და ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია. ჰყავს ორი შვილი, კარგი მეუღლე და ქართული სტუმარმასპინძლობით განთქმული ოჯახი. მისი შესანიშნავი ლესები კი საუკეთესოდ მეტყველებენ მათი ავტორის მდიდარ შინაგან ბუნებაზე.
– ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელი დაამთავრეთ. მერე კი ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. მეუღლე და ორი შვილი გყავთ, კიდევ შვილობილები – ლექსები და ბაკურიანის ბიბლიოთეკაში „დაბინავებული” წიგნები... რა არის ცხოვრება თქვენთვის?
დარეჯან ბარათელი: სადღაც წავიკითე, ყველა ადამიანის ცხოვრება ღვთის ხელით დაწერილი ზღაპარიაო. ვფიქრობ, ადამიანის ვალია, ღვთით მოცემული ნიჭისა და სიცოცხლის კეთილი საქმეების საკეთებლად გამოყენება. მე კი ვფიქრობ, ცხოვრება ნიშნავს, გრძნობდე, აზროვნებდე, იტანჯებოდე და ნეტარებდე; იცოდე, როგორ გამოიყენო თითოეული დღე შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად; აკეთო საყვარელი საქმე.
– პოეტობა თქვენი საყვარელი საქმეა? როდესმე გიფიქრიათ, რომ პოეტი იქნებოდით?
– ლექსით გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე: „პოეტობაზე პრეტენზია არა მქონია, არ მიძებნია მე ამქვეყნად არც სხვა დიდება. ლექსი, ეს ჩემი წრფელი სულის ღელვა-შფოთია, გულის სიღრმიდან წვით და დაგვით მოედინება.“
ისე, კი ლექსი, ალბათ, მაშინ იბადება, როცა დიდი შინაგანი განცდა გეუფლება და სიხარული, თუ მწუხარება გულიდან ამოსკდება. მერე კი ფურცელზე გადმოიღვრება.
– რა გაღელვებთ ყველაზე მეტად?
– იმედდაკარგული ადამიანები მაღელვებენ. კიდევ ჩემი ქვეყანა მაღელვებს. გადაჭარბებად არ ჩამითვალოთ, მაგრამ, მგონი, ცოტათი ფატალისტიც ვარ – ბედისწერის გარდაუვლობის მჯერა.
– პოეტობა ხომ არ არის თქვენი ფატალიზმის მიზეზი?
– არ ვიცი, ალბათ არა. არ მიფიქრია ამაზე. მაგრამ, სასწაულების მჯერა, იმიტომ, რომ, მჯერა ღმერთის. ეს რწმენა საშუალებას მაძლევს, არ მეშინოდეს წლების, სიბერის... ცხოვრება მიყვარს, ოცნებაც მიყვარს, რომელიც სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირია. კიდევ მჯერა იმის, რომ სიყვარულია ძალიან დიდი ძალა, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. დედამიწაზე არანაირი შედევრი არ შექმნილა დიდი სიყვარულით აღტკინებული გულის გარეშე. შემთხვევით და ძალდატანებით, არაფერი ხდება. ვერც მუზას გამოიძახებ ბრძანებით (იღიმის). მით უმეტეს, სტრიქონებად ვერ ჩამოაყალიბებ გრძნობებს. პოეზიის და ბევრი ძალიან კარგი რაღაცის მშობელი სიყვარულია.
– მაშინ გკითხავთ, რა არის თქვენთვის ბედნიერება და თუ იპოვეთ თქვენი ოცნების მამაკაცი მეუღლის სახით?
– აბსოლუტურად უნაკლო ადამიანი და სრულყოფილად ახდენილი ოცნება არ არსებობს. არასოდეს მიძებნია იდეალი და არც ამისი საჭიროება მქონია.
ბედნიერებას რაც შეეხება, ეს ისეთი რამაა, რაც ყველას თავისებურად ესმის. მე კი ასე ვფიქრობ: ბედნიერებაა, როცა თავისუფალ, მშვიდობიან სამშობლოში ცხოვრობ ჯანმრთელი სხეულით, ნათელი სულით, მომავლის რწმენითა და დიდი სიყვარულით. ბედნიერებაა, როცა კარგი შვილები გყავს, საყვარელი საქმე გაქვს და მრავალფეროვანი ცხოვრება. მუდმივ ძიებაში ყოფნაც ბედნიერებაა.