როგორ შექმნა პატარა საქართველო აზერბაიჯანში მზია ღამბაშიძემ და რატომ დადის მის უბანში ხშირად აზერბაიჯანის პრეზიდენტი
მზია ღამბაშიძე: უკვე რვა წელია, ბაქოში ვცხოვრობ და ვმუშაობ. თუმცა, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, საქართველოში ჩამოვდივარ და ვცდილობ, ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩავეხუტო, მოვეფერო, დავიმუხტო მათგან დადებითი ენერგეტიკით და უკან ისე დავბრუნდე. ბაქოში საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ. აზერბაიჯანში უამრავი მეგობარი შევიძინე, იქაური მომღერალთა ელიტა ჩემს სახლში იყრის თავს. მანებივრებენ, ხელისგულზე მატარებენ. გარდა ვოკალში მეცადინეობისა, ასევე ვაწყობ კონცერტებს ცოცხალი შესრულებით და საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის მოსასმენად.
– საქართველოში, მომღერალთა უმრავლესობა, რომლებიც დღეს დიდ სცენაზე დგანან, შენი გაზრდილია. მარტო ქეთი მელუასა და ნინო სურგულაძის სახელებიც კი კმარა, რომ ადამიანმა შენს ნიჭსა და პროფესიონალიზმზე წარმოდგენა შეიქმნას. მაინც, რატომ გადაწყვიტე აქედან წასვლა?
– მართალია, ქეთი მელუამ და ნინო სურგულაძემ ძალიან მასახელეს. სულ პატარები იყვნენ ჩემთან რომ მოვიდნენ – ქეთი 6-ის, ხოლო ნინო 8 წლის. თავიდანვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ისინი მსოფლიოში გაითქვამდნენ სახელს. ვიცოდი, რა მარცვალსაც ვდებდი ამ პატარა გოგონებში. ძალიან მეამაყებიან და ბედნიერი ვარ, რომ მათ წარმატებაში მეც მიმიძღვის წვლილი. რაც შეხება დანარჩენ მომღერლებს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ, გეტყვით, რომ ოთხმოც პროცენტს ჩემთან აქვს გავლილი ვოკალის გაკვეთილები. დაუღალავი შრომა ჩავდე ჩემს მოსწავლეებში და მიხარია, რომ არ მივიწყებენ. ყველა მეგობრობს ჩემთან. უამრავი ნიჭიერი მომღერალი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმის ფართო მასებისთვის ჩვენებას ვერ ახერხებენ, რაც მათ პოტენციალში დევს.
– ხშირად ამბობენ, რომ ქართველ მომღერლებს გემოვნება დაუქვეითდათ და მხოლოდ უცხოელი მომღერლების მიმბაძველობით ცდილობენ საკუთარი ნიშის დაკავებას. ამაზე რას იტყვი?
– სანამ მომღერლებსა და მათ გემოვნებაზე მოგახსენებთ, გეტყვით რომ, გული მტკივა საზოგადოებრივი აზროვნების დონე რომ დაეცა. გარკვეული პირობები თუ არ გიწყობს ხელს და საზოგადოება არ არის შემდგარი, მომღერალიც ვერ დაიხარჯება ბოლომდე. ქართველების კინკლაობაზე, ყველას პოლიტიკოსობაზე, დაპირისპირებებზე გული მტკივა. როცა მეგობარს შენი არ ესმის, ეს ყველაზე დამრთგუნველია. პოლიტიზებული არ ვარ, მაგრამ დღეს საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე გული მტკივა. თანაც, ჩვენთვის მოიცალა თითქოს განგებამ და ამდენი ტრაგედია, სტიქია და უბედურება დაგვატეხა თავს. მომღერალი კი ვერ იმღერებს, თუ არ ემღერება. ჩემი გადმოსახედიდან დღეს ქართველ მომღერალს არ ემღერება და ეს გასაგებია. პირადად მე, დავწერდი ჰიმნს, გავაერთიანებდი, შევკრებდი ყველა ქართველ მომღერალს და ვამღერებდი. სხვა სამღერი ჩვენ, მგონი, არ გვაქვს. მე რომ ბაქოში არ წამოვსულიყავი, არც კი ვიცი, ვინ ვიქნებოდი. ალბათ, მხოლოდ სახელი და გვარი – მზია ღამბაშიძე. მინდა, ჩემი პროფესიონალიზმით ბევრი კარგი მოსწავლე დავაყენო დიდ სცენაზე და ავუწყო კარიერა. მერე კი მათი წარმატებით ვიამაყო და გავიხარო. ჩემი სტიქია მუსიკაა და სიახლეების ძიება, რასაც ჩემს მოსწავლეებთან ვაკეთებ. დიქტატორი არ ვარ, ადამიანს ტვინს არ ვუცვლი. უბრალოდ, მის ვოკალსა და მუსიკალურ გემოვნებაზე ვახდენ გავლენას. როცა ჩემი მოსწავლე იმედს მიმართლებს, ჩემზე ბედნიერი არავინაა. კიდევ ვამბობ, სულ რომ არაფერი გამეკეთებინა, მარტო ქეთი მელუა და ნინო სურგულაძე მეყოფოდა საამაყოდ. დიდი ამაგი მაქვს მათზე და გამიმართლეს. როცა მათ წარმატებებს ვიგებ, მეტირება, იმდენად ჩემები არიან. მიხარია, რომ ყველა ჩემი მოსწავლე წარმატებულია.
– ყველაზე მეტად საქართველოში რა გენატრება?
– ყველაზე მეტად ჩემი მეგობრები მენატრებიან. მიუხედავად იმისა, რომ აქ ხელისგულზე მატარებენ და არაფერი მაკლია, ძალიან მიჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა. აზერბაიჯანში პატარა საქართველო შევქმენი. ყველას ვუყვარვარ და მაფასებს. ძალიან თბილი ხალხია, უყვართ ქართველები. გრძნობენ, მეც რა გულით ვარ მათ მიმართ. როგორ ვცდილობ მათ მაქსიმალურად დავეხმარო და დიდ სცენაზე დავაყენო ისინი. ამას გრძნობენ და მაქსიმალურად მიბრუნებენ სიყვარულს უკან. რომ არ მეცხოვრა აზერბაიჯანში, ვერ მივხვდებოდი, როგორი ერია. როგორც ჩემი საქართველო, ისე მიყვარს აზერბაიჯანიც. იგივე ჩემი სამშობლოა. მიყვარს ჩემი საქმე. ესენი კი ტყუილად ფულს არ გადაგიხდიან, თუ საქმის ხარისხი არ მოეწონათ. თანამედროვე მუსიკაში ჩემი აზროვნება ძალიან მოსწონთ და ამიტომაც მყავს ამდენი მოსწავლე. ჩემთან მოხვედრა რთულია.
– ალიევის საყვარელი მომღერალი – თუზალია აღაევა შენი მოსწავლეა. თავად თუ შეხვედრიხარ პრეზიდენტს?
– ჩემს უბანში, სადაც მე ვცხოვრობ, ხშირად დადის პრეზიდენტ ალიევის კორტეჟი. ძალიან მინდა მისი ახლოს გაცნობა. ჭკვიანი პრეზიდენტია და როგორც ამბობენ, ძალიან თბილი ადამიანიც, როგორც პიროვნება კი – ძლიერი. ძალიან შეკრულია ერი და ისეთი არმია ჰყავთ, ალბათ, ცოცხლად შეჭამენ მტერს. თუზალია აღაევა ერთ-ერთი წამყვანი, დამსახურებული არტისტია, სამთავრობო დონის მომღერალი და ის ძალიან უყვარს ალიევს. სანამ მე გამიცნობდა, მხოლოდ აღმოსავლურ სტილში მღეროდა. 5 წელი ვიმუშავეთ ერთად და, ჩემი პირველი წარმატებული პროექტი აზერბაიჯანში სწორედ თუზალია იყო. დღეს, ხშირად მართავს სოლო კონცერტს და დარბაზი გადაჭედილია. ასე რომ, ვცდილობ, ბევრს დავეხმარო, გზა გავუკვალო და მერე მათი წარმატებით ვიამაყო.