კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეიწირა იმედებით სავსე 11 წლის ბიჭის სიცოცხლე და როგორ გაუსწორდნენ თანასოფლელები ბრალდებულის ოჯახს

ლელა გრიგალაშვილი (დაწყებითი კლასების  დამრიგებელი): ის ძალიან ინტერესიანი, ნიჭიერი და გონიერი ბავშვი იყო. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა. ყოველთვის ცდილობდა, გავეხარებინე. ყველა სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა და თითქმის ყოველთვის პირველი იყო. ყველაზე გამორჩეულად კი მაინც ფეხბურთი უყვარდა. ურთიერთობებში ძალიან მეგობრული, თბილი და მხიარული ბავშვი იყო. კლასში ოთხნი სწავლობდნენ და ერთმანეთთან დაძმური დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ ტრაგედიის შემდეგ მისი მეგობრები საშინელ დღეში იყვნენ. პანაშვიდზე რომ ვიყავით, ერთმა ჩუმად ჩამჩურჩულა: ლელა მასწავლებელო, გეხვეწები, იქ ვერ შემოვალ, არ შემიძლიაო. ოთხ დედმამიშვილში ის ყველაზე უფროსი იყო და პატარებს ძალიან უფრთხილდებოდა. მოავლებდა ხოლმე ხელს და ზემოდან ეფარებოდა, თითქოს რამისგან იცავსო. სულ ერთად დადიოდნენ. ერთი რომ აივლიდა, ვიცოდი, სამივე უკან მიჰყვებოდა. ექსკურსიაზე რომ წავიდოდით, იქ თუ რამეს იყიდდა, და-ძმისთვისაც მოჰქონდა და უნაწილებდა. დედას ძმასავით ედგა გვერდში – ცდილობდა, მისი შრომა შეემსუბუქებინა, სულ თვალებში უყურებდა. ზოგადად, ყველას მიმართ ძალიან კეთილი და მზრუნველი ბავშვი იყო. თვითონ საოცრად იმედიანი ბავშვი იყო. რაიმე შეჯიბრება ან თამაში რომ წაეგოთ, ამის გამო არ მოიწყენდა, პირიქით, იტყოდა ხოლმე: მერე რა, მასწავლებელო, ახლა წავაგეთ, სხვა დროს მოვიგებთ, წაგება და მოგება ძმები არიანო. წაგების გამო არასდროს ბრაზდებოდა და ყველა სიტუაციაში გამოსავალს პოულობდა. მომავლის იმედით იყო სავსე.
– მის ოჯახს თუ იცნობთ?
– გარდა იმისა, რომ ოთხი წელი მისი დამრიგებელი ვიყავი, ერთმანეთის მეზობლადაც ვცხოვრობდით და, შესაბამისად, ხშირად ვხედავდი. ყოველთვის მხიარული და ხალიასიანი ბავშვი იყო. კარგ ოჯახში გაიზარდა, მშრომელი მშობლები ჰყავს. მამა ბათუმში მუშაობდა, დედა კი, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვებს არაფერი მოჰკლებოდათ და მართლაც არაფერი აკლდათ. რამე ღონისძიება ან ექსკურსია თუ ტარდებოდა, დედა არაფერს არ გამოატოვებინებდა ბავშვს. ოთხი შვილი ჰყავთ: გოგონა ერთი წლით უმცროსია გარდაცვლილ ძმაზე; ერთი ძმა მეორე კლასში სწავლობს; სულ პატარა კი 5 წლისაა. ამ ოჯახთან კარგი ურთიერთობა მქონდა. დედამისი ამბობდა, რაც არ უნდა მოხდეს, მას უსწავლელს არ დავტოვებ; როგორც არ უნდა გამიჭირდეს, მან აუცილებლად უნდა ისწავლოსო. ბავშვიც ცდილობდა, რომ ყველაფერში წარმატებული ყოფილიყო. ძალიან ხალისიანი იყო. ამიტომ ვერ დავუშვი მისი თვითმკვლელობა. დღემდე ვერ ვაცნობიერებ, ისეთი რა დაემართა 11 წლის ბავშვს, თან მისნაირს, რომ თავი მოიკლა. აუცილებლად ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს. გაჟღერდა, რომ ეს არის მკვლელობა და არა თვითმკვლელობა. მთელი სოფელი გაოგნებულია. დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ ამ ბავშვმა თავი მოიკლა. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი მოხდა... იმდენად ღირსეული, განსხვავებული და კარგი ბავშვი იყო, რომ ვერ დავიჯერებ ამას. როგორც უკვე გითხარით, სოფელში ითქვა, რომ ბავშვი მოკლეს. ვინ და როგორ – ამას გამოძიება დაადგენს. თუმცა, მოგვიანებით თქვეს, ბრალდებულს არაფერი უმტკიცდებაო და ამიტომაც გადაწვა სოფელმა მისი სახლი. ხალხი უკვე აგრესიულია. გაუგონარი საშინელება მოხდა და ხალხმა სამართლიანი პასუხი რომ ვერ მიიღო, ამიტომაც დაიწვა ის სახლი.
– უშუალოდ ფაქტის შესახებ რა იცით?
– როგორც ამბობდნენ, და-ძმა სახლში მარტო ყოფილა. დედა დილის ექვსის ნახევარზე წასულა ვენახში, მამა კი ბათუმში იყო სამუშაოდ. ბავშვები ამდგარან და საჭმელი უჭამიათ, მერე ტელევიზორში მულტფილმს უყურეს და, სანამ არ დამთავრდა, გარეთ არ გამოსულან. ამ ბავშვს უთქვამს და-ძმისთვის, ტყეში წამყევითო, მაგრამ მათ დაზარებიათ. მას კიდევ შეუთავაზებია – სოკო დავკრიფოთ ან მშვილდისრისთვის ტოტები მოვჭრათო, მაგრამ ბავშვები არ დათანხმებიან და ის მარტო გამოსულა სახლიდან. შემდეგ რა და როგორ მოხდა, ამის თვითმხილველი არავინაა. დაახლოებით ნახევარ საათში ბავშვები გამოსულან სახლიდან და იქვე მდგარ სასიმინდეში ასულან მზესუმზირის ჩამოსატანად. ხე, რომელზეც ბავშვი იყო ჩამომხრჩვალი, ახლოსაა და პატარებს ხეზე ჩამოკიდებული ძმა დაუნახავთ. თავიდან ჰგონებით, რომ იდგა, რადგან ფეხები ძალიან ახლოს ჰქონია მიწასთან, მაგრამ, რომ დაუძახიათ და პასუხი ვერ მიუღიათ, მისკენ გაქცეულან. რომ მისულან, დაუნახავთ, რომ პირიდან სითხე გადმოსდიოდა. მაშინვე ყვირილი დაუწყიათ. ერთს ხელით აუწევია ზემოთ, მეორე კი სახლში გაქცეულა დანის მოსატანად და თოკი გადაუჭრია. ამასობაში მეზობლებიც მივედით. ქუთაისში გადაიყვანეს საავადმყოფოში, ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ მეორე დღეს ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.
– ბოლო დროს რაიმე ცვლილება არ ეტყობოდა?
– არ მესმის, ეს ბავშვი ამ სადისტის კლანჭებში როგორ მოექცა. დედამ თქვა, ერთი კვირის განმავლობაში ჩემს შვილს ვერ ვცნობდი – შიშები ჰქონდა და თავი სტკიოდაო. ბოლო სამი დღე ძალიან აწუხებდა თურმე ტკივილი. წინა საღამოს ვერ დაუძინია ბავშვს. სხვათა შორის, მეც მოვისაკლისე – უბანში აღარ გამოდიოდა, არადა, მანამდე ხშირად დადიოდა ხოლმე. დედამისი ამბობდა, რატომ არ ავდექი წუხელ და მეზობელთან რატომ არ გავიყვანეო, რადგან,  ბავშვს უთქვამს ერთ-ერთ მეზობელზე – იმას ვეტყვი, რაც მჭირსო. თავის ტკივილის წამალი მიუცია, მაგრამ, ტკივილს არ გაუვლია, მერე კიდევ მიუცია. რომ უკითხავს, ასე რატომ ხარ, რა გჭირსო, ბავშვს უპასუხია, ციცო მამიდასთან გამიყვანე და იმას ვეტყვი ყველაფერს, რაც მჭირსო. ციცო მათი გვერდითა მეზობელია. ბავშვები თითქმის მასთან იზრდებოდნენ. ალბათ, ბავშვმა გადაწყვიტა, რომ მას გაანდობდა თავის სატკივარს, მაგრამ, არ დასცალდა – მეორე დღეს ასეთი რამ მოხდა.
– როგორც ცნობილი გახდა, ბრალდებული მასთან ერთად იყო, სანამ ექსპერტიზის შედეგები და მისი ბრალეულობა გაირკვეოდა, არა?
– დიახ, ისიც მათთან ერთად იყო. ბავშვს საავადმყოფოში ყველა გაჰყვა, ვისაც მანქანით წასვლა შეეძლო. მე არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვით, როგორ იქცეოდა იქ ის არაკაცი. როგორც მეზობლებმა თქვეს, ძალიან აქტიურობდა. საწყალმა დედამ თქვა, ჩვენ რომ ჩემი შვილის გადასარჩენად ვლოცულობდით, შეიძლება, ის მის სიკვდილს ნატრობდა – აბა იქ რატომ იყოო.
– ბრალდებულის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ, როგორი ადამიანია?
– სიმართლე გითხრათ, იმ ბიჭს არ ვიცნობდი, მასთან შეხება არ მქონია. მის მშობლებს ვიცნობდი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩემს ოჯახშიც არიან ნამყოფები. ვხედავდი ხოლმე და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. სკოლაში მე არ ვასწავლიდი. ჩვენთან ცხრაწლიანი სკოლაა და, ის რომ დაამთავრა, მერე სამი წელი მეზობელ სკოლაში სწავლობდა. აქტიური ბავშვიც არ ყოფილა, თავისთვის იყო. მისი მამა და გარდაცვლილის მამა თანაკლასელები იყვნენ და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ზოგადად, ამ შემთხვევამდე, მისი მშობლების შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მიკვირს კიდეც – ნუთუ ამათმა შვილმა ეს გააკეთა?! თუმცა, ახლა ამ ოჯახმა იქაურობა დატოვა. ესეც ძალიან გამაღიზიანებელია ხალხისთვის. როგორ დატოვეს იქაურობა, რატომ არ მივიდნენ და მუხლებზე არ დაეცნენ გამწარებული დედის წინაშე? წავიდნენ და მეორე თუ მესამე დღეს საქონელი წაიყვანეს. თურმე ჩუმად მოდიოდნენ ღამით და, რაც კი რამ ღირებული გააჩნდათ, მიჰქონდათ. ვფიქრობ, ხალხმა იმიტომ უფრო წაუკიდა ცეცხლი მათ სახლს. მთელ სოფელს უკვე მხოლოდ ბრალდებულზე კი არა, მთელ მის ოჯახზე აქვს აგრესია.

скачать dle 11.3