რატომ მოაქციეს ზურა ბალანჩივაძე აზერბაიჯანის საზღვარზე ალყაში და რის გამო დატოვა მან სცენა დასისხლიანებული მუხლებით
ზურა ბალანჩივაძე: ახლა, აზერბაიჯანში „ნიჭიერის“ პირველი სეზონი გადის და მრავალფეროვნებისთვის, განსხვავებულ კონკურსანტებს ეძებდნენ. ქართველებსაც დაგვიკავშირდნენ და მარტში, რამდენიმე მონაწილე წავედით. თუმცა ნახევარფინალში მარტო მე გადავედი. 90 კონკურსანტიდან 14-ეულში მოვხვდი.
– იქაურმა ჟიურიმ როგორ შეგაფასა?
– მითხრეს, რომ ჩემი მსგავსი, აქამდე არ უნახავთ. ყველა აღფრთოვანებული იყო. მეც უკვე შევეჩვიე, რომ ცოტა იშვიათი ნიჭი მაქვს. კვაზიმოდოს როლი შევარულე და ერთ მომენტში, ჩავიმუხლე, წინ გავხოხდი. როცა კულისებში გამოვედი, შევამჩნიე, რომ მუხლები ძალიან მტკიოდა. ავიწიე და ვნახე, რომ მუხლებიდან სისხლი მდიოდა. ასეთი პროფესიული ტრავმით დავბრუნდი საქართველოში. აზერბაიჯანში ავტობუსით წავედით. მე და ნონა გიუნაშვილი ვიყავით ერთად. როცა საზღვარზე გადავედით, შესამოწმებლად გაგვაჩერეს და ავტობუსებიდან ჩამოვედით. დიდი დრო გავიდა, ჩვენი ავტობუსი კი აღარ და აღარ გამოჩნდა. მძღოლს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. ეს პროცესი იმდენ ხანს გაგრძელდა, ვიფიქრე, ალბათ „დაგვიკიდა“ და წავიდა-მეთქი. ირგვლივ ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ყველა აზერბაიჯანულენოვანი და ჩემი არავის ესმოდა. ამასობაში, იმ ადგილას შევედით, საიდანაც შემოწმებული ტრანსპორტი გამოდის. თურმე, შესვლა არ შეიძლებოდა, რაც ეწერა კიდეც შესასვლელში, მაგრამ აზერბაიჯანულად და ვერაფერი გავიგე. ჯერ ჯარისკაცები მომვარდნენ, მერე გენერლები, ალყა შემომარტყეს და ყვირიან. მერე ნახეს, რომ ტურისტი ვიყავი და მეც მოვუყევი, რა სიტუაციაშიც ვიმყოფებოდით. სიცილი აუტყდათ. დაგვცინეს და გამოგვიშვეს. აღმოჩნდა, რომ შემოწმების პროცესი, ჩვეულებრივ, საათობით გრძელდებოდა და ჩვენ რა ვიცოდით. სამი საათის შემდეგ გამოვიდა ჩევნი ავტობუსი. თუმცა, სანამ გაგვარკვევდნენ, საშინელება იყო. აი, მაშინ გაორმაგდა ჩემს თავზე ჭაღარა (იცინის). წარმოიდგინე, შენი ქვეყნიდან ოც მეტრში რომ გიჭერენ და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
– სტვენა რომ დაიწყე, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მსმენელს?
– სანამ ეკრანზე გამოვჩნდებოდი, ჩემს სტვენას სერიოზულად არ აღიქვამდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფიდან დაწყებული, ყველაფერი იყო. ვერ წარმოედგინათ, თუ „ნიჭიერში“ მონაწილეობას გავბედავდი. ოჯახიდან წინააღმდეგობა იყო, მაგრამ მაინც გავრისკე. თუმცა, ძალიან მეშინოდა – ვაითუ, კარგად ვერ გამოვიდე და მერე რა გაუძლებს ამათ-მეთქი. ყველაფერმა რომ კარგად ჩაიარა, მერე დაიწყეს: „შენ ვინ ყოფილხარ“, „ყოჩაღ“, „რა მაგარი ხარ“, „ამას არ ველოდი“ და ასე შემდეგ. თუმცა, მშობლებს დიდად არ შევუქივარ.
– რაც შეეხება ხატვას, ის სტვენაზე ადრე დაიწყე?
– ჩემი პირველი თარიღიანი ნახატი 1989 წელსაა შესრულებული. მაშინ ერთი წლის ვიყავი (იცინის). მას მერე სულ ვხატავ. გარკვეულ პერიოდში სურვილი გამიჩნდა, ნახატების მეშვეობით ამბები მომეყოლა. ჩემი ძალიან ბევრი ნახატი ამბებს გადმოსცემს. ძირითადად, სევდიანი, დრამატული და სიკვდილთან დაკავშირებული ამბებია. ასეთი თემების მიმართ ძალიან სენსიტიური ვარ. ახლა, რიგით მეოთხე გამოფენას ვგეგმავ. ის მხოლოდ ერთი სტილის, გაზეთის ფურცელზე შესრულებულ ნახატებს მოიცავს. ცოტა არაორდინარული ვარ – სიმღერის მაგივრად ვუსტვენ, ტილოს მაგივრად გაზეთზე ვხატავ.
– ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ გამოხატავ არაორდინარულობას?
– ზაფხულში არ მეტყობა, თორემ დანარჩენ დროს „მოსიარულე მეცხრამეტე საუკუნე“ ვარ. მაქვს ცილინდრი, 14 ცალი ბაფთა, მიყვარს კლასიკური ტანსაცმელი: პალტო, ჰალსტუხი, პერანგი, ჟილეტი და ასე შემდეგ. სტილი, რომელიც სცენაზე მაქვს, ჩემთვის ბუნებრივია. თუმცა, ზაფხულში ასე ჩაცმა ცოტა რთულია. ასეთი ჩაცმულობით ქუჩაში ყურადღებას ვიქცევ. ხალხს ჰგონია, რომ მსახიობი ვარ და ფილმში მიღებენ.
– შენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ხელოვნება იკავებს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული სამსახური გაქვს, არა?
– პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ახლა „ჯეპრაში“ ვმუშაობ სოციალური მედიის მენეჯერად. ვარ ასევე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში. ამ სფეროში კიდევ ბევრგან მაქვს ნამუშევარი. გამოცდილებაც დიდი დამიგროვდა და GAU-ს პიარსკოლამ ლექციების წაკითხვა შემომთავაზა. პარალელურად, ტრენინგებსაც ვატარებ.
– აქტიური ცხოვრების პარალელურად, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ჯერჯერობით არაფერი. შეყვარებული მყავდა, გატაცებებიც მქონია, მაგრამ სერიოზული არა. სახლში, რა თქმა უნდა, ღელავენ. მეუბნებიან, დროაო. ალბათ, არის კიდევაც, მაგრამ ყველას თავის ცხოვრება აქვს. ეს ზოგთან ადრე მოდის ზოგთან – გვიან. ურთიერთობებისთვის ღია ვარ და თუ რამე მოხდება, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება. მაგრამ, არც ამ მდგომარეობაში ვხედავ რამე ტრაგიკულს. ყველაზე მეტად თინეიჯერები არ მიყვარს, რადგან ჩამოუყალიბებელი ადამიანები მაგიჟებენ – დღეს რომ ერთს მიჰყვებიან ცოლად და ხვალ საერთოდ არ ახსოვთ ის ადამიანი. ერთი სული მქონდა, როდის გავხდებოდი 19 წლის, რომ აღარავის ეთქვა, თინეიჯერი ხარო (იცინის). ზოგადად კი, ადამიანები ძალიან მიყვარს და ეს ჩემს ყველა ნახატში იგრძნობა. ხალხი ბევრ სათქმელს გაძლევს, რომელზეც შემდეგ წერ, ხატავ... ამიტომ, მათ ვერასდროს გამოვეყოფი, მაგრამ არის მომენტები, როცა ძალიან მინდა, პატარა ოთახში შევიკეტო და მარტო ვიყო. სახელოსნო მაქვს და ამ დროს იქ ავდივარ. ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ვარ, ამიტომ დეპრესიული პერიოდები მაქვს ხოლმე.
– ახალგაზრდა და ცნობილი ლექტორის მოხიბვლას სტუდენტები არ ცდილობენ?
– არის ხოლმე მსგავსი სიტუაცია, მაგრამ ყველა ხომ არ მოგეწონება. მე პოლიგამიურობისკენ ვიხრები. ერთდროულად რამდენიმე მიზიდავს და არა – ერთი (იცინის). გოგო რომ მომეწონოს, საინტერესო და ლამაზი უნდა იყოს. ბევრჯერ, ფიზიკურად ძალიან მომწონებია ადამიანი, მაგრამ იმდენად უინტერესო აღმოჩენილა, რომ ყველანაირი წარმოდგენა დამიკარგავს. არც ჰიპერპოზიტიური გოგონები მომწონს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან პრეტენზიული ვარ, თუმცა, ისეთი ადამიანიც შემხვედრია, როგორიც მინდოდა. მაგრამ, იქ უკვე მობეზრების ამბავი იყო და ძალიან მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს. სახლში სულ მეუბნებიან, შენნაირს როდის იპოვიო. ჩემნაირს თუ არა ჩემნაირებს ვიპოვი (იცინის).