როგორ დაეხმარა სპილო თავის მეგობარ 8 წლის ბიჭს შეყვარებულის მოხიბვლაში
ერთხელ, მთელი ღამის მორიგეობის შემდეგ, ძალიან გადაღლილი ვიყავი, რადგან ბევრი გასვლა გვქონდა. დილის 6 საათზე კი ლენინის რაიონის მილიციაში უკიდურესად აღელვებული ქალი მოვიდა და მითხრა:
– მიშველეთ, ამხანაგო მილიციელო! უბედურება მოხდა – ჩემი პატარა ანტოშკა დაიკარგა და მომიძებნეთ!..
ქალი დაახლოებით 60 წლის იქნებოდა. ამიტომ, ვიფიქრე, ალბათ, შვილიშვილი თუ დაკარგა-მეთქი და ვკითხე:
– რამდენი წლისაა თქვენი ანტოშკა და რა ვითარებაში დაიკარგა?
ანტოშკას ხსენებაზე ქალმა ტირილს უმატა და მომიგო:
– ოთხის, ამხანაგო მილიციელო! დილის 4 საათზე ავდექი, რომ გამომეკვება, რადგან ასეთი რეჟიმი აქვს და თავლაში ჩავედი – ის დროებით იქ არის დაბინავებული. არადა, ხომ ვამბოდი, ცხენებთან ნუ შეიყვანთ, შეაშინებენ-მეთქი...
მტირალი ქალის სიტყვებზე თვალები შუბლზე ამივიდა და ვიფიქრე, დარდისგან ხომ არ შეიშალა-მეთქი. ის კი განაგრძობდა:
– მომაძებნინეთ ჩემი ანტოშკა, ამხანაგო მილიციელო, თორემ, ჩემი შვილიშვილი რომ გაიღვიძებს და ანტოშკა არ დახვდება, გაგიჟდება.
ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ ანტოშკა 4 წლის სპილო ყოფილა, ატირებული ქალი კი – „ცვეტნოი ბულვარის“ ცირკის მსახიობი, დამსახურებული არტისტი ელეონორა ბელიაევა. როგორც მან გვითხრა, სპილოების სადგომში რემონტი ყოფილა და ანტოშკა დროებით ცხენებთან დაებინავებინათ. ქალი ცხენებს წყევლიდა და ამტკიცებდა, რომ იმ ურჩხულებმა შეაშინეს და გააქციეს მისი „პატარა“.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემთხვევის ადგილზე მივედით და დავათვალიერეთ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. აშკარად ჩანდა, რომ სპილოს სადგომის კარი გარედან იყო გაღებული და მერე ჩაკეტილი. ცხენი ამას ვერ იზამდა, გაჩნდა ეჭვი, რომ ანტოშკას გაუჩინარებაში ადამიანის ხელი ერია. უცებ ერთი აზრი მომივიდა თავში და ბელიაევას ვკითხე:
– თქვენი შვილიშვილი რამდენი წლისაა და ახლა სად არის?
– ჩემი ვოვაჩკა 8 წლისაა და სძინავს, მაგრამ, მალე გაიღვიძებს და, ანტოშკას რომ ვერ ნახავს, ატირდება.
ქალს შვილიშვილის მოყვანა ვთხოვე და იგი ჩემი თხოვნის შესასრულებლად წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მითხრა:
– არც ვოვაჩკა ჩანს.
ყველანი წავედით ვოვაჩკას სკოლაში, რომელიც ჩვენგან ასიოდე მეტრში მდებარეობსო. ეზოში რომ შევედით, რას ვხედავთ: უზარმაზარი ალაყაფის კარი შენგრეულია, ვოვა ანტოშკაზეა ამხედრებული და ერთადერთ მაყურებელს – პატარა, ქერათმიან გოგონას, საცირკო ტრიუკებს უჩვენებს.
როგორც გაირკვა, ქერათმიანი გოგონა 8 წლის ვოვაჩკას შეყვარებული ყოფილა. ბიჭი გოგოს შეჰპირებია, რომ ჭკვიან სპილოს მიუყვანდა სკოლაში, თავისი დანაპირები შეასრულა და სწორედ ამან გამოიწვია ასეთი გაუგებრობა...