სასტიკი მკვლელობა და ყველაზე მცირეწლოვანი დამნაშავე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა შეუფარდეს
2009 წლის 20 თებერვალს, ამერიკაში, პელსილვანიის შტატში მომხდარი მკვლელობა, რომელსაც 26 წლის ორსული ქალი შეეწირა, არცთუ ისეთი გახმაურებული ყოფილა იქამდე, ვიდრე გამოძიება არ დასრულდა და სამართალდამცველებმა მკვლელი არ გამოააშკარავეს. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალის მკვლელი მისი 11 წლის გერი, ჯორდან ბრაუნია.
1997 წლის 7 აგვისტოს დაბადებულ ჯორდან ბრაუნს, პატარაობიდანვე მამა (კრის ბრაუნი) ზრდიდა. კრისი ყოფილი სამხედრო პოლიციელია და მიუხედავად მისი საქმიანობისა, ყოველთვის ახერხებდა ჯორდანისთვის დროის გამონახვას და საკმაოდ ყურადღებიანი მამა იყო. ცდილობდა, ბიჭი ხშირად ჩაერთო სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში. ერთად დადიოდნენ სანადიროდ, სათევზაოდ და საჭიროებისამებრ, ეხმარებოდა საშინაო დავალებების მომზადებაშიც. კრისი მაქსიმალურად ცდილობდა, ჯორდანს უდედობა არ ეგრძნო. მამა-შვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით, კრის ბრაუნმა კენზი ჰოუკზე იქორწინა. ბიჭს დედინაცვალთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. კენზი თავის ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობს, რომ მან კრისთან შეხვედრისას იპოვა ის ბედნიერება, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა. წყვილი ერთად ზრდიდა ჯორდანს და კიდევ ორ ქალიშვილს. 8 თვის ორსული ქალი კი, მკვლელობიდან ერთ თვეში, ბიჭის დედაც უნდა გამხდარიყო.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ერთ დილას, ჯორდანმა, ვიდრე თავის ნახევარდასთან ერთად სკოლაში წავიდოდა, აიღო ახალგაზრდული მოდელის ოცკალიბრიანი თოფი, რომელიც მამამ მას საშობაოდ აჩუქა, შევიდა დედინაცვლის ოთახში და თავის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზე მოკლა. იარაღი თავიდან მოიშორა და ამის შემდეგ, აუღელვებლად წავიდა სკოლაში ისე, რომ ვერც მასწავლებელმა და ვერც თანაკლასელებმა ვერაფერი შეატყვეს. გარდაცვლილი ქალი მისმა ოთხი წლის გოგონამ იპოვა საძინებელში, რომელსაც სისხლის შეეშინდა და მეზობელთან გაიქცა დახმარებლის სათხოვნელად.
პოლიციელები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მკვლელობის გასახსნელად. რაც მთავარია, ამ ხნის განმავლობაში, ჯორდანზე ეჭვი არავის მიუტანია. როგორც აღმოჩნდა, მკვლელობის დროს სახლიდან სკოლისაკენ მიმავალი გზა თოვლით იყო დაფარული. ამიტომ თოვლის საფარზე მხოლოდ იმ ბავშვების ფეხის ნაკვალევი დარჩა, იმ დილით სკოლაში რომ მიდიოდნენ. მათ შორის იყო ჯორდანი და მისი 7 წლის ნახევარდა. მოზრდილი ადამიანისა და მანქანის ნაკვალევი არ ფიქსირდებოდა. ბრაუნების სახლიდან სკოლისკენ მიმავალი გზის მახლობლად, სამართალდამცველებმა იპოვეს მკვლელობის იარაღის ტყვიაც. დანაშაულიდან ორი წლის თავზე საქმე გაიხსნა და ორსული ქალის მკვლელობისთვის მისი გერი, უკვე 13 წლის ჯორდან ბრაუნი დააკავეს. დაკავებულმა დანაშაული აღიარა და სასამართლო პროცესზე აუღელვებლად მოყვა მკვლელობის ყველა დეტალი.
მოზარდის ნათესავები და ოჯახის წევრები აღშფოთებულები იყვნენ ჯორდანის სისასტიკით და არავის უცდია მისი საქციელის გამართლება. მხოლოდ მამამ, რომელიც მეუღლესა და მისი ჯერარდაბადებული ვაჟის სიკვდილს ძალიან განიცდიდა, განაცხადა, რომ ბიჭი ჯერ მცირეწლოვანია და ვერ გაიაზრა თავისი დანაშაულის სიმძიმე. ჯორდან ბრაუნს გამოექომაგნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია. ბავშვთა უფლებების დამცველები და ბევრი უბრალო ადამიანი, ვინც მიიჩნევდა, რომ 13 წლის მოზარდის გასამარლებისას სასამართლოს მისი ასაკი უნდა გაეთვალისწინებინა და სასჯელი არც ისე მკაცრი უნდა ყოფილიყო. სოციალურ ქსელებში შეიქმნა გვერდები ჯორდანის მხარდასაჭერად, მაგრამ მოსამართლემ არავის აზრი არ გაითვალისწინა. მისი თქმით, დამნაშავე არც კი იყო შეწუხებული საკუთარი ქმედებით და მკვლელობის დეტალებს ყოველგვარი ემოციის გარეშე აღწერდა. 13 წლის მოზარდს ბრალი ორმაგ მკვლელობაში წაუყენეს. ჯორდან ბრაუნს მიესაჯა უვადო პატიმრობა, ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლების გარეშე. მოსამართლემ პელსილვანიის შტატის მიერ მინიჭებული უფლებით, კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯა 13 წლის ჯორდან ბრაუნი.
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ჯორდან ბრაუნი ყველაზე მცირეწლოვანია, ვისაც სამუდამო პატიმრობა შეეფარდა. ახლა ის არასრულწლოვანთა კოლონიაში იხდის სასჯელს, იქამდე, ვიდრე 21 წელი არ შეუსრულდება.