რატომ გაიმეტა სასიკვდილოდ მამაკაცმა ცოლი და ცოლისდა
ოჯახური კონფლქტი სისხლისღვრით დასრულდა. 32 წლის ნათია ზ-შვილი მეუღლემ კახა ა-ძემ თვითნაკეთი დანით მუცლის არეში მძიმედ დაჭრა. მან ასევე მძიმე დაზიანებები მიაყენა ცოლისდას, 30 წლის მარიკა ზ-შვილს, რომელსაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მუცელი ჰქონდა გამოფატრული. ქალები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ – ისინი ექვსი წლის გოგონას გონიერებამ გადაარჩინა, რომელსაც დანაშაულის ჩადენის დროს ეძინა და ხმაურზე გაეღვიძა. ორი გონდაკარგული ახალგაზრდა ქალის, დედისა და დეიდას დანახვაზე, ის ქუჩაში გავარდა და უცნობ მამაკაცს საშველად უხმო.
საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული ოჯახურ კონფლიქტს მოჰყვა, რომელიც დებსა და ერთ-ერთის ქმარს შორის საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. ამის შესახებ დაზარალებული ქალბატონების მეზობლებისთვისაც იყო ცნობილი. თუმცა, დანაშაულის ღამეს მათ მომხდარის შესახებ არაფერი გაუგიათ. მუცელგაფატრული ქალები კი, როგორც ვთქვით, პატარა გოგონამ იხსნა, რომელმაც ბინაში საშველად უცხო მამაკაცი მიიყვანა. ამონაწერი მოწმის, მალხაზ ხ-შვილის ჩვენებიდან: „იმ უბანში სრულიად შემთხევვით მოვხვდი, ჩემს თანამშრომელთან ვიყავი სტუმრად. ღამით თორმეტი საათი იქნებოდა, როცა გამოვედი და ქუჩას ფეხით ჩავუყევი. იმ კორპუსთან, სადაც პატარა გოგონა შემხვდა, სკვერია. გოგონა სკვერთან იდგა და დამხმარეს ელოდა. უცებ მომვარდა და მითხრა: ბიძია, მიშველეთ, დედა მომიკვდა და დამეხმარეთო. ვერც კი გავაცნობიერე, რა ხდებოდა, ისე გავყევი პატარა გოგოს, რომელმაც სკვერთან მდებარე სამსართულიან კორპუსში შემიყვანა. მეორე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში საოცარი მდგომარეობა დამხვდა – ერთი ქალი საწოლში იწვა და სისხლში ცურავდა, მეორე კი სასტუმრო ოთახში ძირს ეგდო. მივხვდი, რომ დაზიანებები ორივეს მუცლის არეში ჰქონდა. პრაქტიკულად, მუცელი ჰქონადთ გამოფატრული. ორივე უგონო მდგომარეობაში იყო. იქვე ეგდო სისხლიანი დანა. მე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში დავრეკე. მათ ორივე ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭრიდა პატარა გოგონასაც.”
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ჩადენილი დანაშაულიდან 24 საათის შემდეგ სამართლადამცველებმა დააკავეს კახა ა-ძე, რომელმაც ჯერ აღაირა ჩადენილი დანაშაული, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ორივე ქალი მძიმე მდგომარეობაში იყო, განაცხადა, დაზიანებები ერთმანეთს დებმა მიაყენესო. მისი ჩვენების მიხედვით, დების დაპირისპირების მიზეზი გახდა ოროთახიანი ბინა, სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა. მის გაყიდვას უმცროსი, ქმარგაშორებული და ითხოვდა, რადგან გათხოვებას აპირებდა. უფროსი და ამაზე არ თანხმდებოდა და სთავაზობდა, რომ მისი კუთვნილი წილის სანაცვლოდ, თანხას გადაუხდიდა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა შეძლეს ნათია ზ-შვილის დაკითხვა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი ქალის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასაამრთლევი კახა ა-ძე იყო. მას ჩადენილი დანაშაულისთვის ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მოხდილი. ამონაწერი დაზარალებული ნათია ზ-შვილის ჩვენებიდან: „მე და ჩემს დას გვქონდა ბინა, რომელიც გავყიდეთ. ამ ბინის ყიდვის დროს თანხა ჩემმა მეუღლემაც დაამატა, თუმცა ბინის ოფიციალური მფლობელი მე ვიყავი. ჩემი და თავის 11 წლის შვილთან ერთად, ჩვენთან ცხოვრობდა, ბავშვი იმ ღამეს მამიდასთან იყო სტუმრად. ჩვენთან ასევე, ცხოვრობდა ჩემი ექვსი წლის შვილიც. მას შემდეგ, რაც მარიკამ ახალგაზრდა მამაკაცი გაიცნო და გათხოვება გადაწყვიტა, ბინის გაყიდვის საკითხი დადგა. თავიდან ამ წინადადებაზე თანახმა არ ვიყავი, მერე კი დავთანხმდი, რადგან მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ჩემი დის გარდა, ოჯახიდან არავინ დამრჩა. კახამ ბინის გაყიდვა კატეგორიულად გააპროტესტა, მაგ ბინაში ჩემი ფულიც ჩავდე და ამის უფლებას არ მოგცემთო. სულ იმის ეჭვი ჰქონდა, რომ გარეთ გავაგდებდით და უბინაოდ დავტოვებდით. ერთხანს ეჭვიანობაც კი დაიწყო ჩემსა და მარიკას საქმროზე. მისი სახლში მოყვანა აუკრძალა. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა – ბინის საკითხიც, ეჭვიანობაც, კახას მძიმე ხასიათიც. ამის გამო ჩვენს ოჯახში სულ ჩხუბი იყო. მე ხან ჩემი დის დაშოშმინებას ვცდილობდი, ხან ჩემი ქმრის, რომელიც ძალიან აგრესიული გახდა. იმ ღამეს, კახამ მარიკასთან ძალიან იჩხუბა და არც მარიკამ დააკლო. მე გავაშველე ორივე. მარიკა სასტუმრო ოთახში დივანზე იწვა, მე ბავშვი დასაძინებლად შევიყვანე, ბავშვს უკვე ეძინა, როცა სასტუმრო ოთახიდან ჩოჩქოლი შემომესმა. ოთახში რომ შევედი, ჩემი თვალით დავინახე კახა დანით. ის საწოლში მწოლიარე მარიკას დანას არტყამდა. კივილი დავიწყე. უცებ მე მომვარდა, ჯერ თმით მითრია, მერე კი ძირს დამაგდო და დანა დამარტყა. არ ვიცი, შემდეგ რა მოხდა, ძალიან მალე დავკარგე გონება. უგონოდ მყოფი აღმოაჩინეს ჩემი დაც, რომელსაც მუცელში ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.”
გამოძიებას ჩვენება მისცა დაზარალებული ქალების მეგობარმა. ამ ჩვენების მიხედვით, კახა ა-ძე ჩადენილ დანაშაულამდე ორი დღით ადრე, ორივე ქალს მოკვლით ემუქრებოდა. მოწმის მტკიცებით, მამაკაცს ქალების მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული. ეთერ თ-შვილის ჩევნებით, კახა ა-ძემ მას უთხრა: ცოტა ხანს მაცადონ, ორივეს გავათავისუფლებ ბინის პრობლემისგანო. „მე გავიკვირვე, რას გულისხმობ-მეთქი, ნასვამი იყო და მითხრა: ვიცი, ნათია ჩემთან გაშორებას აპირებს, მარიკას საქმროც ამას ურჩევს და ხან სად დააათრევს ჩემს ჩუმად, ხან – სად. ამას არც ერთს არ ვაპატიებო. ამის შესახებ ნათიას ვუთხარი, სიცილი დაიწყო თავის ქმარზე. მისი მუქარა სერიოზულად არ მიიჩნია.”
დაკავებულმა კახა ა-ძემ ჩადენილი დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. საკუთარი ქმედება მან აფექტურ მდგომარეობაში ყოფნით ახსნა და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. დანაშაულის იარაღს, თვითნაკეთ დანას, რომელიც გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, ბრალდებულის განცხადებით, სანადიროდ იყენებდა. თუმცა, დაკითხულთა ჩვენების მიხედვით, ბრალდებული ნადირობით არ იყო გატაცებული და დანას, ისევე როგორც მისი ბინიდან ამოღებულ უკანონო ცეცხლსასროლ იარაღს, ჩუმად ინახავდა. კახა ა-ძემ ჩვენება მისცა გამოძიებას, თუმცა სასამართლო პროცესზე, სადაც მას 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ბოლომდე დუმილის უფლება გამოიყენა.