კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველთა საგანძური

ვირთხა დაიბნა, რადგან პოპოვის „შვილიშვილისგან“ ხიფათს არ ელოდა. დიმკამ კი „პარაბელიუმის“ ლულა მარჯვენა ყურში მიაჭირა და გაუმეორა.
– ჩქარა! დააგდე იარაღი!
დაბნეული ვირთხა უხმოდ გაშეშებული იყო  და პისტოლეტი მაგრად ჩაებღუჯა ხელში. „ვოლგა“ საკმაოდ დიდი სიჩქარით მოძრაობდა. უცებ გენერალმა მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა. ვირთხა ინერციით წინ გაისროლა და ტორბედოს თავით შეასკდა. პოპოვი მკვეთრად მარჯვნივ გადაიხარა. მარცხენა ხელი ვირთხას პისტოლეტს ჩაავლო და გადაუგრიხა. მარჯვენა ხელის იდაყვი კი კეფაში ჩასცხო შეიარაღებულ ბოროტმოქმედს და გონება დააკარგინა.
– ესეც ასე... ყოჩაღ, შვილიშვილო! – თქვა პოპოვმა. შემდეგ საბარგულიდან ხელბორკილი ამოიღო და გათიშულ ვირთხას ზურგსუკან ხელებზე დაადო. თვითონ კი კვლავ წინა სავარძელზე დაბრუნდა. ართმეული იარაღი ქამარში გაირჭო და დიმკას უთხრა:
– მართლა ყოჩაღ. შენ რომ არა, ვინ იცის, ამ მართლა ვირთხას რა მოუვიდოდა თავში. წავედით ბენზინგასამართ სადგურზე. ოპერატორი ვნახოთ. თან, ეს დამპალი პატრონს ჩავაბაროთ.
– ხომ არ დაგვეგდო სადმე? – თქვა დიმკამ, რომელიც დიდ უხერხულობას გრძნობდა შექმნილი სიტუაციის გამო.
– თავს ნუ იწვალებ. ეს დამპალი მცირეწლოვან გოგოზე მოძალადეა და პირადად მყავს დაჭერილი ლენინგრადში. ასე რომ, სინდისი სუფთა გაქვს და ჩაშვებაში არ გეთვლება, – უთხრა პოპოვმა დიმკას. „ვოლგა“ უკან შეაბრუნა და ბენზინგასამართი სადგურისკენ აიღო გეზი.
ადგილზე რომ მივიდნენ, იქაურობა უკვე მილიციის მანქანებით იყო სავსე. თავგატეხილი ოპერატორი კი კიოსკში იწვა და თავს უხვევდნენ. იქვე იმყოფებოდა ულვაშა კაპიტანიც.
– წყნარად იწექი, – უთხრა გენერალმა დიმკას. შემდეგ მანქანიდან გადავიდა და კაპიტანს უთხრა:
– წამოდი, კაპიტანო და ძებნილი ჩაიბარე. აი, მისი იარაღი, – გენერალმა მილიციელს ვირთხასთვის ართმეული „მაკაროვი“ მისცა და დაამატა:
– შვილი მიმყავს სამკურნალოდ სოხუმში. თვალები აწუხებს და ეს ნაძირალა რომ მანქანაში შემოგვიხტა, სწორედ მან იყოჩაღა. ამ მოძალადეს ჩემი „ტეტე“ მიადო კეფაზე და მე განვაიარაღე.
გონებადაკარგული ვირთხა, „ვოლგიდან“ ორმა ოპერმა გადმოიყვანა. სამძებროს უფროსმა კი, რომელიც უზომოდ გახარებული იყო, პოპოვს მხედრული სალამი მისცა და უთხრა:
– ამხანაგო გენერალო, მილიციაში წამობრძანდით. ოქმი შევადგინოთ. მე კი ცენტრში გადავცემ თქვენი გმირობის ამბავს.
– თქვენი სახელი? – ჰკითხა პოპოვმა სამძებროს უფროსს.
– პოდპოლკოვნიკი გავრილოვი, –  მიუგო სამძებროს უფროსმა.
– პოდპოლკოვნიკო, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან და უარს ნუ მეტყვით.
– ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო.
– ისედაც დაგვაგვიანდა და მოდი, ეს ფორმალობა თავიდან ამაცილე. მთავარია, რომ ეს ნაძირალა აყვანილია. დანარჩენი კი თქვენ გააპრავეთ. თუ საჭირო გავხდი, ჩემს მონაცემებს დაგიტოვებთ და სასამართლოზე ჩამოვალ. ახლა კი, თუ არ გეწყინებათ, წავალთ.
– თუ ასე გეჩქარებათ, წადით. მაგრამ, მე მინდოდა, თქვენი მონაწილეობაც დამეფიქსირებინა ამ საქმეში.
– პოდპოლკოვნიკო, უკვე იმდენჯერ ვარ ასეთ საქმეებში დაფიქსირებული, რომ თვლა ამერია. ახლა ჩემთვის ჩემი შვილის ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია და წავალთ.
– კეთილი. წაბრძანდით. დიდი მადლობა, – პოდპოლკოვნიკმა მხედრული სალამი მისცა პოპოვს. შემდეგ გენერალს ხელი ჩამოართვა და გამოისტუმრა.
ორასიოდე მეტრი რომ გაიარეს, პოპოვმა დიმკას უთხრა:
– კარგი ქენი, რომ არ დამიჯერე და იარაღი წამოიღე. შენ რომ არა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. გამოცდილი ოპერივით იმოქმედე. ყოჩაღ, ყოჩაღ, შვილიშვილო!
– თქვენც ყოჩაღ, ვასილ ანდრეევიჩ. მკვეთრად რომ არ დაგემუხრუჭებინათ, ისე იყო ეგ ვირთხა დაბნეული, რომ შეიძლება სასხლეტზეც გამოეკრა ხელი.
– შეიძლება, შეიძლება... მაგრამ, ასე ხომ არ მოხდა? რაც მთავარია, გადავრჩით. მოდი, ამაღამ სოჭში გავჩერდეთ. დილაადრიან კი გზა გავაგრძელოთ. სადმე ველურ პლაჟზე გავაჩერებ მანქანას. ვივახშმოთ და ცოტა წავუძინოთ.
– მასე იყოს, – მიუგო დიმკამ გენერალს.
***
ჭაღარას განძის მაძიებლები უთენია გამოემგზავრნენ სოჭიდან და საღამოს უკვე საქართველოს დედაქალაქს მიადგნენ. ივნისის დასაწყისი იყო. საღამოს რვა საათი სრულდებოდა, მაგრამ თბილისში ისე ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა.
– უკვე მეორედ ვარ ამ მშვენიერ ქალაქში. პირველად კი ძალიან დიდი ხნის წინ ვიყავი. ჯერ კიდევ სტუდენტობისას. დეკანატმა ექსკურსია მოაწყო საქართველოში და ერთი დღე აქ გავჩერდით, – უთხრა დიმკას გენერალმა და სისწრაფე დააგდო, რადგან უკვე დიღმის მასივს მიუახლოვდნენ, – ახლა საით წავიდე?
– ვასილ ანდრეევიჩ, მოდი, ასე ვქნათ, ჯერ კუკიის სასაფლაოზე მივიდეთ და განძის ადგილსამყოფელი მოვნახოთ, შემდეგ ღამე გავათიოთ სადმე, მყუდრო ადგილზე. ხვალ კი საჭირო მოწყობილობები შევიძინოთ და ხვალ ღამითვე ამოვთხაროთ განძი, – უთხრა დიმკამ და დაამატა, – ხელმარცხნივ გადით. ამ მასივს რომ გავცდებით და ხიდზე გადავალთ, ტრამვაის ხაზს უნდა გავყვეთ „დინამოს“ სტადიონამდე და იქ გეტყვით, საით ავუხვიოთ.
პოპოვმა დიღმის მასივისკენ ჩაუხვია და წიგნების ფაბრიკის წინ შეჩერდა, რადგან შუქნიშანზე წითელი აინთო. გზა რომ გაიხსნა, გენერალმა „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა. უცებ მარცხნიდან დიდი სისწრაფით მომავალი „სამარა“ გამოძვრა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გენერლის მანქანის მარცხენა წინა კარს შეასკდა. პოპოვმა დაიკვნესა და მარცხენა წვივზე მოიკიდა ხელი.
– ვასილ ანდრეევიჩ, რა გჭირთ? – ჰკითხა დიმკამ, რომელიც უკანა სავარძლიდან წამოიწია და მარჯვნივ გადაწოლილ გენერალს დახედა.
– მე მგონი, ფეხი მოვიტეხე წვივში, – ამოიგმინა პოპოვმა და სანამ ცნობისმოყვარეები მიუახლოვდებოდნენ მანქანას, სხაპასხუპით დაამატა, – შენი პისტოლეტი გააქრე. შენ ჩემი შვილი ხარ. მშვიდად იყავი და ცალი თვალი აიკარი.
დიმკამ მარცხენა თვალი აიკრა. „ვოლგიდან“ სწრაფად გადმოვიდა. მარჯვენა წინა კარი გააღო და ფეხმოტეხილი პოპოვი ფრთხილად გააცურა უკან. შემდეგ გენერალს ფრთხილად აუწია ფეხები. სავარძელზე დაადებინა და საკინძე გაუხსნა, თან ჰკითხა:
– მამა, როგორ ხარ?
„ვოლგის“ ირგვლივ შეკრებილ ცნობისმოყვარეთა წრე „სამარის“ მძღოლმა გაარღვია, რომელსაც შუბლი ჰქონდა გახეთქილი. ბარბაცით მივიდა „ვოლგასთან“, მარცხენა ჩამსხვრეულ ფანჯარაში თავი შეჰყო და ენის ბორძიკით ჰკითხა დიმკას:
– როგორაა?
– ქართული არ მესმის, –  უაქცენტო რუსულით მიუგო დიმკამ ოცდაათიოდე წლის შუბლგახეთქილ მამაკაცს.
– როგორაა პატივცემული? – რუსულად ჰკითხა დიმკას „სამარის“ მძღოლმა.
– მარცხენა ფეხი აქვს წვივში მოტეხილი, – მიუგო დიმკამ.
– მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობიანად გადარჩა, – თქვა შუბლგატეხილმა.
– თქვენი აზრით, ესაა მშვიდობიანი გადარჩენა? კაცს ფეხი მოსტეხეთ. მანქანის მართვა თუ არ იცით, საჭესთან რატომ ჯდებით? – გაცხარდა დიმკა.
შუბლგატეხილს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არ დასცალდა. მანქანასთან ორი ავტოინსპექტორი მიიჭრა. ერთ-ერთმა ხალხს დაუწყო ამბის გამოკითხვა. მეორე, ლეიტენანტი, კი შუბლგატეხილს დაეტაკა და შეუღრინა:
– შენია ეს „სამარა“?
– კი, – მოკლედ მოუჭრა შუბლგატეხილმა.
– მერე, შე ჩემალალა, ტარება არ იცი? – მიახალა შუბლგატეხილს ლეიტენანტმა.
– ვის უბედავ, შე ნაბოზარო?! – მიუგო ავტოინსპექტორს შუბლგატეხილმა. თან, მარჯვენა მუშტით მოკლე დარტყმა მიაყენა მარცხენა ყბაში... ინსპექტორი ჰაერში აიწია. მეორე ინსპექტორს ზურგით დაეჯახა და ორივე მილიციელი ასფალტზე გაიშხლართა.
მუშტშემოკრული ლეიტენანტი ღრმა ნოკაუტში ჩავარდა და თავი ვერ ასწია. მისი კოლეგა კი ფეხზე წამოდგა. კაბურიდან ტაბელური პისტოლეტი ამოაცურა. „სამარის“ მძღოლს მიუშვირა და კბილებში გამოსცრა:
– ხელები მაღლა, თორემ გესვრი!
– მშვიდად, მშვიდად! იარაღი არ გაგივარდეს და შეინახე, – უთხრა პისტოლეტმომარჯვებულს შუბლგატეხილმა და ცხვირწინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წითელი წიგნაკი გაუშალა.
პისტოლეტმომარჯვებული გაფითრდა. იარაღი კაბურაში ჩააბრუნა. შუბლგატეხილს გამოეჯგიმა და სხაპასხუპით უთხრა:
– ბოდიში, ამხანაგო კაპიტანო, არ ვიცოდი, თუ თანამშრომელი იყავით.
– მაგას მიხედე, – კაპიტანმა ნოკაუტირებულისკენ გაიშვირა ხელი. შემდეგ „ვოლგისკენ“ მიბრუნდა და დიმკას ჰკითხა:
– როგორაა დაზარალებული?
– არა მიშავს, – მიუგო პოპოვმა, რომელიც სწრაფად გაერკვა სიტუაციაში, – ფეხი უნდა მქონდეს მოტეხილი.
კაპიტანი ჩამოვარდნილი მუნდირით მიხვდა, თუ ვინ იყო დაზარალებული და უთხრა:
– მაპატიეთ, ამხანაგო გენერალო. ძალიან ვჩქარობდი და ვერ მოვზომე. ნურაფერზე იდარდებთ. „ვოლგას“ ისე გაგირემონტებთ, რომ ძველს აჯობებს. საუკეთესო ექიმებს დაგახვევთ და გიმკურნალებთ.
– ვისთან მაქვს საუბრის პატივი?
– მილიციის კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე, – მიუგო შუბლგატეხილმა.
– კაპიტანო, იქნებ სასწრაფო გამოიძახოთ, თორემ აუტანელი ტკივილები მაქვს.
კაპიტანი შეტრიალდა, რომ ვინმესთვის სასწრაფო დახმარებაში დარეკვა ეთხოვა. მაგრამ, ამ დროს სასწრაფო თავად მოვიდა. ექიმი და მისი დამხმარეები მანქანიდან გადმოვიდნენ და პოპოვი გასინჯეს.
– მარცხენა წვივის მოტეხილობაა. უნდა წავიყვანოთ, – თქვა ექიმმა ქალმა და სანიტარს მიუბრუნდა:
– საკაცე მოიტანეთ და დასაფიქსირებლები.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ჯოხებდადებული და ჟგუტშემოჭერილი პოპოვი სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩააწვინეს და სანამ „რაფი“ დაიძრებოდა, ვასო ჩხიკვაძემ ექიმს ჰკითხა:
– სად მიგყავთ?
– აქვე, დიღომში, რკინიგზის საავადმყოფოში.
– ტრავმატოლოგიურში ხომ არ ჯობია?
– არა, არა. სატრავმატოლოგიურო აქ არაფერია. თაბაშირს დაადებენ და დღესვე გაუშვებენ სახლში.
– კარგი. მაშინ მანქანით გამოგყვებით, – უთხრა კაპიტანმა ექიმს და ჩანთამომარჯვებულ, თვალახვეულ დიმკას მიუბრუნდა:
– წამოდით, ერთად წავიდეთ.
– მამას გავყვები, – მიუგო დიმკამ და სასწრაფოში ავიდა.
– ეგ ჩანთა მაინც მომეცით, რომ არ დაგამძიმოთ.
დიმკას, ჩანთაში „პარაბელიუმი“ ჰქონდა დამალული და გენერალმა კაპიტანს უთხრა:
– სეხნიავ, სხვათა შორის, მეც ვასილი მქვია, ამ ჩანთაში თეთრეული და სამოსი მაქვს, საავადმყოფოში გამომადგება. შენთან კი ერთი თხოვნა მაქვს.
– ბრძანეთ, გენერალო.
პოპოვმა კაპიტანს „ტეტე“ გაუწოდა და უთხრა:
– მინისტრის სამახსოვროა, მუდამ თან ვატარებ და სანამ  გამომწერენ, შემინახე.
კაპიტანმა პისტოლეტი გამოართვა და ქამარში გაირჭო. შემდეგ თავის შეჭყლეტილ „სამარაში“ ჩაჯდა და სასწრაფო დახმარების მანქანას უკან გაჰყვა. სანამ მანქანას ადგილიდან დაძრავდა, ავტოინსპექტორს უთხრა:
– ეს „ვოლგა“ ორთაჭალის ავტოპროფილაქტიკაში მიიყვანე. ხელოსანი ხაჩიკა ნახე და უთხარი: კაპიტან ვასო ჩხიკვაძისაა და საფუძვლიანად შეაკეთეო. გასაგებია?
– გასაგებია, ამხანაგო კაპიტანო, – გამოეჯგიმა ჩხიკვაძეს ავტოინსპექტორი და კაპიტანი რომ წავიდა, მოსულიერებულმა კოლეგამ მას უთხრა:
– კინაღამ არ მომკლა ამ ჩემალალამ?
– ეეჰ, შაქრო, შაქრო, დროზე მოიშალე შეჩემალალას ძახილი, თორემ ერთხელაც შენი ენა დაგღუპავს, – მიუგო მოსულიერებულს კოლეგამ და ჰკითხა:
– როგორ ხარ, რულზე დაჯდები?
– ცოტა თავბრუ მეხვევა. რულზე დავჯდები.
– მაშინ, შენ სამსახურში დაბრუნდი, მე კი ამ „ვოლგას“ ორთაჭალაში წავიყვან და მოვალ.
***
სასწრაფო რომ რკინიგზის საავადმყოფოში მივიდა, საღამოს ცხრა საათი შესრულდა. სანამ პოპოვს თაბაშირი დაადეს, გააფორმეს და სხვა ფორმალობები შეასრულეს, თერთმეტი საათიც შესრულდა. ვასო ჩხიკვაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ მოსცილებია განძის მაძიებლებს. ყველა ექიმს ფული გადაუხადა და ბოლოს თქვა:
– შემიძლია, პაციენტი წავიყვანო?
– არა. ამაღამ აქ უნდა დარჩეს. ხვალ შუადღეზე კი წაიყვანეთ, – მიუგო კაპიტანს მორიგე ექიმმა და სანიტრებს პაციენტის პალატაში გადაყვანა დაავალა.
გენერალი რომ დააბინავეს, კაპიტანმა მას ჰკითხა:
– სად დაბინავდით, ამხანაგო გენერალო?
– არსად. ახალი ჩამოსულები ვართ და სასტუმროში უნდა გავჩერებულიყავით.
– არანაირი სასტუმრო. ჩემი სტუმრები იქნებით. ხვალ რომ გამოგწერენ, ჩემთან, სახლში წაგიყვანთ. ამაღამ კი თქვენი ვაჟი წამოვა ჩემთან. მეუღლეს უკვე დავურეკე და გველოდება.
– გამორიცხულია, კაპიტანო. სასტუმროში უნდა გავჩერდეთ. ოჯახს ვერ შევაწუხებთ.
– რა შეწუხებაა?
– გამორიცხულია.
– კეთილი. თუ ოჯახში არ მესტუმრებით, მაშინ ჩემს აგარაკს დაგითმობთ წყნეთში. აქვეა, თბილისის მახლობლად და გთხოვთ, ამაზე მაინც ნუ მეტყვით უარს.
– ვნახოთ, კაპიტანო, ვნახოთ. ხვალ ვილაპარაკოთ. ახლა კი უკვე გვიანია და ჩვენ აქ დავრჩებით.
– თქვენი ვაჟი მაინც მესტუმროს ერთი ღამით?
– არა. გმადლობთ. ამაღამ მამასთან დავრჩები. დანარჩენზე კი ხვალ ვილაპარაკოთ, – მიუგო დიმკამ და ჩხიკვაძის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კატეგორიული უარი განაცხადა სტუმრობაზე.
– რა გაეწყობა, წავალ. ხვალ ჯერ სამსახურში გავივილი და შემდეგ კი აქ მოვალ. გთხოვთ, ამხანაგო გენერალო,  ნუ გამაწბილებთ და ჩემს აგარაკზე დარჩით, – უთხრა კაპიტანმა პოპოვს.
– ხვალ ვილაპარაკოთ, კაპიტანო. ბოდიშს გიხდით, მაგრამ ძალიან მეძინება. ალბათ, გამაყუჩებელი მოქმედებს.
კაპიტანი რომ წავიდა, პოპოვის სასთუმალთან ჩამომჯდარმა დიმკამ მას უთხრა:
– ავარია და მილიციის კაპიტანიღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
– ვერ გაგშიფრა. გრიმი და სახვევი გფარავს. ხვალ წყნეთში დავბინავდეთ, ასე აჯობებს. კაპიტანი სულ გვერდით ხომ არ გვეყოლება და როგორმე მოვახერხებთ რამეს.
– გეგმა გაქვთ, ვასილ ანდრეევიჩ?
– მამა დამიძახე. მე კი ვალერკათი ან შვილოთი მოგმართავ, თორემ დავიწვებით, – უთხრა პოპოვმა დიმკას, – ჩემს ფეხზე დადგომას, ალბათ, ერთი თვე მაინც დასჭირდება და მანქანის მართვას მაინც ვერ შევძლებ, ასე რომ, საჭესთან შენ დაჯდები.
– მერე თვალი? მე ხომ აქ სამკურნალოდ ვარ?
– სარეაბილიტაციოდ. ვითომ ბათუმში მივემგზავრებოდით. თვალახვეული დაჯდები. სხვა რა გზაა? თუმცა, შეიძლება, ეს საეჭვოდ მოეჩვენოს ჩვენს მასპინძელს.
– გეთანხმებით. არ ღირს გარისკვა.
– მაშინ ან განძი უნდა ამოვთხაროთ, საიმედოდ გადავმალოთ და მოგვიანებით დავბრუნდეთ მის წამოსაღებად, ჩვენ კი მატარებლით გავემგზავროთ უკან; ან გავემგზავროთ, მოგვიანებით დავბრუნდეთ და მერე ამოვთხაროთ განძი.
– ფიგაროს რომ გავატანოთ?
– ფიგაროს?
– ფიგარო რომ არასანდოა?
– მაგას ვერ ვიტყვი: მაგრამ ფიგარო ფიგაროა და ვინმემ რომ იცნოს, დაზღვევის გარეშე მისთვის განძის ჩაბარება სისულელეა.
– აბა, რა ვქნათ?
– მატარებლით უნდა გავემგზავროთ და განძი თავის ადგილზე დავტოვოთ. მოგვიანებით კი, მანქანისთვის დავბრუნდებით. შენ არ გამოჩნდები, რომ კაპიტანმა არ გნახოს და განძს მაშინ ამოვთხრით.
– ამას ხომ სამი-ოთხი თვე მაინც დასჭირდება... მეტი თუ არა. ამასობაში ზამთარიც მოვა. ზამთარში კი ლენინგრადიდან თბილისამდე და უკან, მანქანით მგზავრობა ძალიან სარისკოა. თანაც, რა იცით, რა ხდება.
– ვალერკა, მოდი, ახლა დავიძინოთ. ხვალ წყნეთში დავბინავდეთ და იქ ვილაპარაკოთ, თუ რა და როგორ ვქნათ.
– კარგი, მამა. დავიძინოთ, – მიუგო დიმკამ გენერალს.
***
კაპიტანი ვასო ჩხიკვაძე მეორე დღეს, ზუსტად შუადღეზე მივიდა საავადმყოფოში და გენერალი რომ გამოწერეს, მორიგე ექიმი ნახა და ჰკითხა:
– მალე გამოჯანმრთელდება?
– თაბაშირი ორმოცი დღე მაინც უნდა ეკეთოს. თავიდან ყავარჯნები დასჭირდება და სამ თვეში გაივლის.
– წამლები?
– წამლების სია, გამოყენების სიხშირე და დოზები პაციენტს აქვს.
– კეთილი. გმადლობთ, – კაპიტანმა ქირურგს ოცდახუთმანეთიანი ჩაუცურა ხალათის ჯიბეში, გამოემშვიდობა და ქვევით დაეშვა. „მამა-შვილს“ გაუღიმა და უთხრა:
– გთხოვთ, დაბრძანდით.
გენერალი შავი „ვოლგის“ წინა სავარძელზე დასვეს. დიმკა, თავის ჩანთიანად, უკანა სავარძელზე მოთავსდა და ჩხიკვაძემ მანქანა დაძრა.
– კაპიტანო, „სამარა“ სად არის? – ჰკითხა პოპოვმა ჩხიკვაძეს.
– თქვენი და ჩემი მანქანები მაგარ ხელოსანთან მყავს მიყვანილი. ერთ კვირაში ორივე მზად იქნება, – მიუგო კაპიტანმა.
– ეს „ვოლგა“ ვისია?
– ჩემი მეგობრის. რესპუბლიკის ძებნის სამსახურის უფროსია და მას ვენათხოვრე.
კაპიტნის სიტყვებზე დიმკას გააჟრჟოლა. პოპოვმა კი ჩხიკვაძეს ჰკითხა:
– სად მივდივართ?
– წყნეთში, ჩემს აგარაკზე. იქ იცხოვრებთ. მარტონი იქნებით და არავინ შეგაწუხებთ.
– კაპიტანო, სიმართლე გითხრათ, ძალიან მეუხერხულება და სასტუმროში გაჩერება ხომ არ ჯობია?
– ვასილ ანდრეევიჩ, მოდი, ამაზე ნუღა ვილაპარაკებთ. საუხერხულო არაფერია. კინაღამ მოგკალით და ჩემს აგარაკზეც არ გაცხოვროთ?
– კარგი. ერთი კვირა გავჩერდებით და მატარებლით გავემგზავრებით. მანქანას კი მოგვიანებით წავიყვანთ. იმედია, შეგვინახავთ.
– რაზეა საუბარი, – თქვა კაპიტანმა, – ექიმს ველაპარაკე და ასე თქვა,  ერთი თვე მაინც უნდა იწვესო. ასე რომ, გენერალო, მინიმუმ ერთი თვე ჩემი სტუმარი იქნებით და არსად გაგიშვებთ.
– კაპიტანო, თუ საიდუმლო არაა, სად მიგეჩქარებოდათ გუშინ?
– საქეიფოდ, ვასილ ანდრეევიჩ. ჩემს მეგობარს, აი, ამ ვოლგის პატრონს გუშინ დილით ვაჟი შეეძინა და რესტორანში ვიკრიბებოდით, – მიუგო კაპიტანმა.
– რაც მართალია, მართალია. გიყვართ ქართველებს ქეიფი. თანაც, კარგადაც გამოგდით, – თქვა პოპოვმა.
– ცოტა მომჯობინდით და ნამდვილ ქეიფს მე განახვებთ, – აღტაცებით თქვა ჩხიკვაძემ.
– ვასო, ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ეგ არ გამაგონო. მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ტრადიციებს, მაგრამ დიდ სუფრებს არასოდეს ვესწრები.
– კარგი, გენერალო. ნება თქვენია.
– ნუ მიწყენ, ძვირფასო. ნამდვილად არ გამოვდგები მოქეიფედ და რა ვქნა?
– გასაგებია, გასაგებია, – მიუგო ჩხიკვაძემ, – ვასილი ანდრეევიჩ, წამლების სია მომეცით, აქვე ვიყიდი ყველაფერს.
გენერალმა კაპიტანს ჯერ სია მისცა, შემდეგ კი ოცდახუთმანეთიანი გაუწოდა. მაგრამ, კაპიტანი სწრაფად გადავიდა მანქანიდან და უკანმოუხედავად გაეშურა აფთიაქისკენ.
– ეს რა ხალხი ხართ ქართველები... ნამეტანი გადაყოლა იცით გადამთიელებზე, – უთხრა პოპოვმა დიმკას. მან კი მიუგო:
– კინაღამ დაგვხოცა და წამლისა და მკურნალობის ფულსაც არ ჩამოვიდეს?
– ეგ კიდევ ჰო, მაგრამ, ეს უზარმაზარი გაუთავებელი ქეიფები რა უბედურებაა? მართლა ვერ ვიტან ღრეობებს.
– მით უმეტეს, ჩვენ არ გვაწყობს ეს. ქეიფი და ჩვენი, უფრო სწორად კი, უპირველესად, ჩემი გაშიფვრა, ეგრევე იქნება. ამ „ვოლგის“ პატრონს აუცილებლად ნანახი ექნება ჩემი სურათი და შეიძლება, გრიმიანადაც კი გამშიფროს.
– რას ამბობ, ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ სულ არ გვაწყობს ამ კაპიტნის კოლეგებთან შეხვედრა.
– მოდის, – თქვა დიმკამ.
ვასო ჩხიკვაძე ცელოფნის პარკით დაბრუნდა უკან, რომელიც წამლებით იყო სავსე. დიმკას მიაწოდა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
– კაპიტანო, რა დაჯდა ეს ყველაფერი? – ჰკითხა ჩხიკვაძეს პოპოვმა.
– ვასილ ანდრეევიჩ, კარგი რა... გთხოვთ, აღარ მაწყენინოთ და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, – მიუგო ჩხიკვაძემ და დიმკას ჰკითხა:
– თვალზე რა გჭირთ?
– სწორედ ამ თვალის გამო ვართ აქ ჩამოსულები და ბათუმში ვაპირებდით გამგზავრებას, რომ იქაური ჰაერი ჩამეყლაპა. ექიმებმა მირჩიეს ეს.  თვალზე კი ლაზერული ოპერაცია გამიკეთეს. ბადურის პრობლემა მაქვს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, – მიუგო დიმკამ. პოპოვმა კი დაამატა:
– ათი წლის იყო ვალერკა, თვალში მუშტი რომ მოხვდა ჩხუბის დროს და ახლა, დიდობაში გაუხსენა.
– გასაგებია, – თქვა კაპიტანმა და წყნეთის აღმართს აუყვა.
კაპიტან ვასო ჩხიკვაძის აგარაკი მწვანეში იყო ჩაფლული. ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა წყნეთში. მასპინძელმა სტუმრები დააბინავა. წასვლის წინ კი უთხრა:
– ძვირფასო სტუმრებო, თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. არაფრის მოგერიდოთ. დაისვენეთ. საჭმელ-სასმელი მაცივარშია. გუშინ ჩემმა მეუღლემ მოამზადა და ამ დილით ამოიტანა. ახლა სამსახურშია და საღამოს ამოგაკითხავთ. მე კი დღეს ქალაქიდან გავდივარ და ალბათ, ხვალ საღამომდე ჩამოვალ. აბა, თქვენ იცით, არ მოიწყინოთ.
კაპიტანი რომ წავიდა, დიმკამ გენერალს უთხრა:
– ვასილი ანდრეევიჩ, ერთი აზრი მაქვს.
– თქვი, – მიუგო გენერალმა.
– დრო გვაქვს და თბილისში ჩავალ. სასაფლაოს დავზვერავ.
– რით ჩახვალ.
– ავტობუსით.
– არ ივარგებს.
– რატომ?
– რომ დაიწვა, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.
– აბა, როდემდე ვისხდეთ ამ კომფორტულ ციხეში?
– ერთი კვირა. შემდეგ მატარებლით გავემგზავროთ უკან და ფეხზე რომ დავდგები, დავბრუნდეთ. სხვა გზა არ არსებობს. მინიმალური რისკის დაშვებაც არ შეიძლება. დაზღვევის გარეშე არ უნდა იარო. დაზღვევა კი მე ვარ.
– ვასილ ანდრეევიჩ, გარისკვის გარეშე არაფერი გამოვა.
– მართალი ხარ. ჩვენ ისედაც დიდი რისკის ქვეშ ვართ და მეტის დაშვება არ შეიძლება. ასე რომ, ამ ლაპარაკს მოვრჩეთ.
– ნუთუ ვერაფერს მოვიფიქრებთ?
– მოფიქრებულია უკვე და ტვინს ტყუილად ნუ იჭყლეტ. მოთმინება იქონიე. ერთი ქონება უკვე გაანიავეთ და იგივე გინდა განმეორდეს?
– ის, აბა, რა ჩვენი ბრალი იყო?
– თქვენი ბრალი იყო, აბა, ვისი? არ უნდა დაგელიათ სამივეს და ერთ-ერთს მაინც უნდა გეფხიზლათ. თქვენ კი გონება დაგიბნელდათ. სედოისგან მიკვირს ეს, თორემ, ფიგარო ლოთია და ოღონდ სასმელი დაინახოს... შენ კი, ჯერ კიდევ გამოუცდელი ხარ.
– უკვე გამოცდილი, – უხალისოდ თქვა დიმკამ.
– ჰოდა, თუ მასეა, მაშინ მოთმინება იქონიე. ვინც მოითმენს, ის მოიგებს.
– გასაგებია.
– დიმკა, ხომ არ გვესადილა? – თქვა პოპოვმა და ეს უფრო იმიტომ გააკეთა, რომ თემა შეეცვალა.
– ვისადილოთ. სამზარეულოში გავალ და მაცივარს დავათვალიერებ.
– მოიცადე. მგონი, ვიღაც მოვიდა, – თქვა გენერალმა და აგარაკის შემოსასვლელისკენ გაიშვირა ხელი, სადაც „ჟიგული“ იყო გაჩერებული.
– ქალია, – თქვა დიმკამ.
– კაპიტნის ცოლი იქნება.
– ალბათ.
სამიოდე წუთის შემდეგ, სასიამოვნო გარეგნობის, ოცდახუთიოდე წლის გოგონა სტუმრების წინ იდგა და უღიმოდათ.
– მე თინა ვარ, ვასოს მეუღლე, – თქვა ახალმოსულმა და ჯერ გენერალს ჩამოართვა ხელი, შემდეგ დიმკას.
– მოხარული ვარ, მოხარული თქვენი გაცნობით, მშვენიერი მეუღლე ჰყოლია ვასოს, – უთხრა გოგონას პოპოვმა.
– რა სამწუხაროა, ასე რომ მოხდა, – თქვა კაპიტნის მეუღლემ და დაამატა, – ძალიან გტკივათ ფეხი?
– ეგ არაფერი, უარესებიც ხდება. გამივლის.
თინამ გენერალს გაუღიმა და ჰკითხა:
– ისადილეთ?
– არა, ახლა ვაპირებდით.
– ახლავე ყველაფერი იქნება, – თქვა თინამ. დატრიალდა და ათი წუთის შემდეგ სტუმრები სუფრასთან მიიწვია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3