კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიტამინები – შიგნიდან და გარედან

ალბათ, ყველამ იცის, რასაც ნიშნავს ავიტამინოზი – მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ვიტამინების ნაკლებობა. როგორც კი ამის ნიშნები იჩენს თავს, საკუთარი თავის მოყვარულნი მაშინვე იწყებენ ათასგვარი პრეპარატის მიღებას და პარალელურად ცდილობენ, უფრო მრავალფეროვანი გახადონ რაციონი.
შეგახსენებთ, რომ ავიტამინოზი მავნებელია ჯანმრთელობისთვის და, ამასთან, პირდაპირ აისახება კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. შესაბამისად, როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ, ცუდი არ იქნება, რომ „ვიტამინიზებული ბომბით“ პირდაპირ მივიტანოთ შეტევა ამ სამ უბანზე.
მაღაზიების, სალონებისა და აფთიაქების დახლები გადავსებულია შამპუნების, კრემების, ზეთებისა თუ ბალზამების ათასგვარი ფერად-ფერადი ქილებით, ტუბებითა თუ ბოთლებით, რომლებიც ბუნებაში არსებული თითქმის ყველა ვიტამინით იწონებენ თავს. მაგრამ, ამ თვითრეკლამამ არ შეგაცდინოთ. ბევრი სხვადასხვა ვიტამინი კარგია, მაგრამ, თუ ზუსტად არ იცით, კონკრეტულად, რომელი სჭირდება თქვენს კანსა თუ თმას, შესაძლოა, ყველაზე ჯანსაღმა და ძვირფასმა კოსმეტიკურმა საშუალებამაც კი, უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რომელ (თუნდაც აუცილებელ) ვიტამინს რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
ვიტამინი A
იგივე რეტინოლი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი ვიტამინია კოსმეტოლოგიაში. ცხიმების დამშლელ „თანამოძმესთან“ – E ვიტამინთან ერთად, ეს ჯადოსნური ანტიოქსიდანტი მშრალ კანს სძენს ელასტიკურობას, სირბილეს და აწესრიგებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას.
A ვიტამინის შემცველი კრემები დაღლილ კანს უბრუნებს ახალგაზრდულ ფერსა და სხივს. სისტემატური გამოყენების შემთხვევაში კი, შესაძლოა, პიგმენტური ლაქებიც გააფერმკრთალოს. გახსოვდეთ, რომ A ვიტამინის შემცველი კოსმეტიკა უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მალე დაკარგავს თავის თვისებებს.
A ვიტამინის ნამდვილი საბადოა თევზის ქონი. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მას უხვად შეიცავს თითქმის ყველა მწვანილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით კი – სტაფილო. ხილიდან კი ამ თვისებით გამორჩეულია ალუჩა და გარგარი. ამიტომ, შეეცადეთ, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მიირთვათ ეს პროდუქტები, მით უფრო, რომ ახლა სწორედ მათი სეზონია.
ვიტამინი E
იგივე ტოკოფეროლი, კანის მოდუნებისა და დაჭკნობის საწინააღმდეგო შეუცვლელი ნივთიერებაა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ახალგაზრდობის ვიტამინს“. ის აფერხებს დაბერების პროცესს, ეხმარება კანს ტენიანობის შენარჩუნებაში, იცავს ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ხელს უწყობს უჯრედებში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის შეღწევას. მას „ქალების ვიტამინიც“ შეარქვეს, რომელსაც, ასევე, აქვს ანტიანთებითი ზემოქმედება, აუმჯობესებს სისხლით მომარაგებასა და შემაერთებელი ქსოვილის მოქნილობას (დრეკადობას).
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, E ვიტამინს აქვს ცხიმების დაშლის უნიკალური უნარი. მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ყურძნის წიპწების, სელის, გუნჯუთისა და ნუშის ზეთები. ამიტომ, შეეცადეთ, სახეზე წასამელადაც და საკვებადაც რომელიმე მათგანი გამოიყენოთ ხოლმე.
ვიტამინი C
ეს სასიამოვნოდ მჟავე ვიტამინი ჩვენთვის ბავშვობიდან არის ცნობილი. ეს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტი, A და E ვიტამინებთან ერთად, „სილამაზის ვიტამინების“ სამეულს აგვირგვინებს, რომელიც (ეს სამეული) ზრუნავს ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების იდეალურ მდგომარეობაზე. კონკრეტულად ვიტამინი C კი აუმჯობესებს სისხლძარღვების, კანისა და თმის ელასტიკურობას. ათეთრებს კანს, იცავს მას გარემოს მავნე ზემოქმედებისგან და აფერხებს დაბერების პროცესს. თმას კი აძლევს ბზინვარებას და იცავს გამოშრობისგან.
ყველასთვის ცნობილია, რომ C ვიტამინს უხვად შეიცავს ციტრუსები, შავი მოცხარი და ასკილი. ამიტომ, კოსმეტიკის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მასში აუცილებლად შედიოდეს ამ პროდუქტების ექსტრაქტები. გარდა ამისა, აქტიურად ჩართეთ ისინი (ყველა ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს) თქვენს დიეტაში და, საერთოდ, ყოველდღიურ კვებაში.
ვიტამინი B
B ჯგუფის ვიტამინები ჩვენი კანისთვის „სასწრაფო დახმარების“ კიდევ ერთი ბრიგადაა. ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია ვიტამინი B5 – ის ატენიანებს და არბილებს კანს და ამით აუმჯობესებს მის სტრუქტურას.
ვიტამინი B5, უფრო ზუსტად კი მისი ანალოგი – პანტოთენი, აქტიურად გამოიყენება თმის მოვლის საშუალებებში, რადგან ასტიმულირებს მის ზრდას, უნარჩუნებს ტენიანობას და ამით ამცირებს მტვრევადობას.
B ჯგუფის ვიტამინები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის რძეში, თაფლსა და ბრინჯში.
გახსოვდეთ, რომ კანს, თმასა და ფრჩხილებს მხოლოდ გარედან ვერ უშველით, აუცილებელია ამ და კიდევ სხვა ვიტამინების შემცველი პროდუქტების მიღება. ამიტომ, ჩამოთვლილი პროდუქტებისგან შეადგინეთ თქვენი ყოველდღიური მენიუ და ასე დაიცავით თავი როგორც კანის ნაადრევი დაბერებისგან, ისე თმისა და ფრჩხილების დეფექტებისგან.

скачать dle 11.3