ღალატი სიყვარულისთვის
სიყვარული ვირუსს ჰგავს, ავადმყოფობას, რომელსაც თავისი ეტაპები აქვს, გამწვავების ფაზა კი – ყველაზე მძიმედ გადასატანი, თუმცა, სასიამოვნო... იქნებ სიყვარულზე საიმედო ის იყოს, ადამიანის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდე? მაგრამ, როცა გიყვარს, ამაზე საერთოდ არ ფიქრობ... ვერ ფიქრობ და მერე ნანობ, ძალიან ნანობ სიყვარულის კიდევ ერთ, ფინალურ ფაზაში...
სოფომ პატარა სარკეში ჩაიხედა და წარბები ენით დასველებული ცერი თითებით მაღლა აიქაჩა. მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდარმა ახალგაზრდა, საკმაოდ მომხიბლავმა, თუმცა, ოდნავ ვულგარული გარეგნობის ქალმა სიგარეტის კოლოფი გაუწოდა:
– არ მოწევ?
– რა ვიცი, აბა... კი მინდა, მაგრამ, ჩემი ტუჩებისთვის შეიძლება თუ არა, არ ვიცი.
– გტკივა?
– არა, გოგო... საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი... ნუ, წინასწარ გავიყუჩე, რა თქმა უნდა – სადღა შემიძლია ტკივილის გაძლება.
– ისე, ყოჩაღ შენ, ძალიან უვლი თავს...
სოფომ მხრები აიჩეჩა:
– იცი, რას მივხვდი? საკუთარ თავს უარი არაფერზე არ უნდა უთხრა და შენი სიამოვნებისთვის უნდა იცხოვრო. კაცებს არ უნდა გადაჰყვე – მაინც არ დაგინახავენ და არ დაგიფასებენ.
– შენს ქმარზე ამბობ ამას? – ყასიდად გაიკვირვა ახალგაზრდამ, სიგარეტს მოუკიდა და საფერფლე ახლოს მიიჩოჩა.
– ჩემს ქმარზეც, რა თქმა უნდა... ყველა კაცი ერთნაირია, გამონაკლისების გარეშე, – მკაცრად თქვა სოფომ.
– მეცინება, ამას რომ ამბობ, – თქვა ახალგაზრდამ და გაიღიმა.
– ირინკა, ნამდვილად ვერ ვხედავ შენი მხიარულების მიზეზს, – მოულოდნელად გაბრაზდა სოფო.
– ეე, რა გჭირს, რატომ ავარდი? იმის თქმა მინდოდა, რომ შენ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა შენი ქმრის მიმართ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გიყვარს, ალბათ, საკუთარ თავზე მეტად.
– მიყვარდა, – მოუჭრა სოფომ, – მართლა საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ სისულელეს ჩავდიოდი. ვის სჭირდება, თურმე, შენი სიყვარული! ეგრევე თავში უვარდებათ და ჰგონიათ, რომ მათ იქით ცხოვრება მთავრდება.
ირინკამ შეუმჩნევლად ჩაახველა და უხერხულად შეიშმუშნა, მერე საუბრის თემის შეცვლა სცადა.
– თუ იცი, ანა მოვიდა? მისი კაბინეტის კარის ხმა არ გამიგია.
– არ ვიცი. გუშინ რაღაცას ამბობდა, ბავშვის დაბადების დღე მაქვს და გასართობი ცენტრი უნდა ავარჩიოო. შეიძლება, დააგვიანოს. ისე, შენთვის ქალბატონი ანაა, გაითვალისწინე.
ირინკამ ტუჩი აიბზუა:
– რა პრობლემაა, ანათი თუ მივმართავ?
– ის პრობლემაა, რომ ის ამ სამედიცინო ცენტრის დირექტორია, შენ კი – მხოლოდ მარკეტინგის მენეჯერი.
– მერე რა მოხდა?
სოფომ ხელი ჩაიქნია:
– გეხვეწები, ნუ ამახსნევინებ სამსახურებრივი იერარქიის პრინციპებს. წესით, კარგად უნდა იცოდე.
– ანას არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია... – მხრები აიჩეჩა ირინკამ და უსაშველოდ მოკლე კაბის კალთა ჩამოქაჩა, შიშველი ბარკლები ოდნავ რომ მაინც დაეფარა.
– როცა გამოთქვამს, გვიან იქნება, შენ ანას ასე ნუ უყურებ. ვითომ გიღიმის, მაგრამ საკმაოდ რთული ხასიათი აქვს. თან, რაღაც პრობლემებიც უნდა ჰქონდეს პირადულში. თუკი მოინდომებს, არ გაუჭირდება შენი აქედან გაგდება.
– რატომ უნდა გამაგდოს? მაგას კი არ მოვუყვანივარ სამსახურში, კონკურსი გავიარე და ისე ამიყვანეს.
სოფომ ჩაიცინა:
– მე მაინც ნუ მომატყუებ, ირინკა. ზუსტად ვიცი მაგ კონკურსების ამბავი...
– მაგით რისი თქმა გინდა?
– არაფრის. მოდი, ნუ ჩამეძიები, ისევ შენთვის იქნება უკეთესი...
ირინკა გაწითლდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, თუმცა სოფოს ისე შეხედა, ალბათ, ძალიან მაგრად გალანძღავდა, უარესი პასუხის მოლოდინი რომ არ ჰქონოდა...
***
ანა გაღიზიანებული სცემდა ბოლთას ოთახში და ყოველ წუთში დასცქეროდა მობილურის ეკრანს. ბოლოს ნერვებმა უმტყუნა, ხელი სტაცა და ნომერი აკრიფა.
– გისმენ, საყვარელო, – უპასუხა მამაკაცის ბოხმა ხმამ.
– საყვარელოს ნუ მეძახი-მეთქი, რამდენჯერ გითხარი? სად ხარ აქამდე, როდემდე უნდა გელოდეო. სამსახურშიც ვარ წასასვლელი. ამდენი დრო არ მაქვს. ოღონდ, არ მითხრა, რომ დაგავიწყდა...
– ჩემი ერთადერთი შვილის დაბადების დღე როგორ დამავიწყდებოდა... მაგრამ, ვერ ვახერხებ მოსვლას.
ანა ჭარხალივით გაწითლდა ბრაზისგან და იყვირა:
– რა?! ხომ დამპირდი?!
– მომისმინე, ნუ დაიწყებ ახლა წივილ-კივილს და პრეტენზიებს ნუ წამომიყენებ. გეუბნები, ვერ ვახერხებ-მეთქი. რაღაც საქმე გამომიჩნდა. დამშვიდდი, წადი სამსახურში, ხვალ გამოგივლი და ავარჩიოთ ცენტრი, რა პრობლემაა?
– რა პრობლემაა?! კრეტინო! ხვალ არის ბავშვის დაბადების დღე და სტუმრების დაპატიჟებას ვერ ვასწრებ. პირდაპირ თქვი, რომ უსინდისო ხარ, ბავშვიც ფეხებზე გკიდია და მეც...
– ანა, ვერ ვიტან ისტერიკებს. გეუბნები, საქმე მაქვს-მეთქი. წადი და აარჩიე ცენტრი, ყველაფერერს ტრაგედიად რატომ აქცევ? მერე მითხარი, რა დაჯდება და მოგცემ ფულს.
ანამ პირი ნაპირზე ამოსული თევზივით დააფჩინა და ისე ჩაისუნქა ჰაერი. კაცმა მისი ხანმოკლე დუმილი თანხმობად მიიღო და შვებით განაგრძო:
– ხედავ, როგორ მარტივად გადაიჭრა პრობლემა? აბა, კარგად იყავი...
– მოიცადე, არ გამითიშო! რა იდიოტი ხარ, თუ ფიქრობ, რომ მე შენგან ფული მჭირდება. იმხელა შემოსავალი კი მაქვს, რომ ბავშვს დაბადების დღე გადავუხადო. იმდენი როგორ არ გესმის, რომ შენს ერთადერთ შვილზე მნიშვნელოვანი არაფერია, არანაირი საქმე. მით უმეტეს, რომ ზუსტად ვიცი, რა საქმეც გექნება – ალბათ, ვიღაც ნაშას აბამ და ამიტომ არ გცალია.
– გამოიცანი.
– რა?! – ლამის გადაირია ანა, – შენ რა, მეხუმრები?
– არა, სერიოზულად გეუბნები, რატომ უნდა მოგატყუო? მართლა ერთ ნაშას უნდა შევხვდე. სამი თვეა, დავდევ და როგორც იქნა, დავითანხმე, – სასტუმროში ნომერიც კი დავჯავშნე.
– ვიღაც ნაშასთან სექსის გამო არ მომყვები დაბადების დღის ცენტრის ასარჩევად? – აღშფოთებისგან ლამის სუნთქვა შეეკრა ანას.
– ნუ, მთლად ასეც ვერ ვიტყვი... მარტო სექსი ხომ არ არის მთავარი, აქ უფრო პრინციპის საკითხია.
– პრინციპის? სად გაქვს პრინციპები, შე უბედურო!..
– მაინც ვერ გავიგე, რა გინდა ჩემგან, რას მთხოვ? სამი წლის წინ შენი ინიციატივით გამშორდი და მაინც „ჭედავ“, როცა ჩემი და ვინმე ქალის ურთიერთობის ამბავს იგებ. რით აღარ მორჩი ამ ეჭვიანობას?
– ჩემი ინიციატივით იმიტომ გაგშორდი, რომ მივხვდი, შენნაირი ქმრის გვერდით ცხოვრებას, დინამიტით სავსე ყუთთან ცხოვრება რომ ჯობია. მეორეც, ფეხებზე მკიდია, ვისთან დაწვები და რამდენჯერ – დიდი ხანია, ეს აღარ მაინტერესებს. ჩემი შვილისადმი ასეთი დამოკიდებულება მაცოფებს.... უფლებას არ მოგცემ, სტრესი მიაყენო.
– რა სტრესი, რის სტრესი, ანა? რა იცის ბავშვმა, დაბადების დღის ცენტრი დედამ და მამამ ერთად უნდა შეარჩიონ თუ ცალ-ცალკე? მოკლედ, ახლა დაგემშვიდობები და ისტერიკა რომ გაგივლის, დამირეკე. ოღონდ, გაითვალისწინე, გვიანობამდე არ მეცლება...
ანამ ტელეფონი დივანზე მოისროლა და მთელი ხმით იყვირა:
– ნაძირალა! – მერე იქვე ჩამოჯდა და თავზე იტაცა ხელები... გაახსენდა, როგორ გაიცნო ლაშა:
წვიმა მოულოდნელად დაიწყო. მსხვილი წვეთები ჯერ ნელა ატყაპუნდნენ სიცხისგან გახურებულ ასფალტზე, მერე ნელ-ნელა მოუმატეს ტემპს... ანამ ფეხს აუჩქარა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ძალიან მოკლე კაბა მოძრაობაში ხელს უშლიდა. ცალი ხელით კაბის კალთა ეჭირა და ქვევით ექაჩებოდა, მეორე ხელით ჩანთას იფარებდა თავზე. მანქანის მუხრუჭების ხმა არ გაუგონია. თავდაპირველად ვერც მიხვდა, მას რომ მიმართავდა ახალგაზრდა, მოღიმარი მამაკაცი, ბოლო მოდელის „ჯიპის“ ბოლომდე ჩამოწეულ ფანჯარაში რომ ედო მკლავი, თვალები კი მაცდურად უელავდა.
– ძალიან დასველდით? მგონი, დროზე მოგისწარით... სწრაფად ჩაჯექით მანქანაში!
ანამ თავი ასწია და განცვიფრებულმა შეხედა – აშკარად არ ეცნობოდა. ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს მას საერთოდ არ მიმართავდნენ, მაგრამ იგნორირების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – კაცმა მანქანის კარი გააღო და ისე მიიპატიჟა, თან, „თქვენობიდან“ „შენობით“ ფორმაზე გადავიდა:
– დაჯექი, დაჯექი, თორემ ტრუსიკიანად დასველდები... – გაიცინა და ქათქათა კბილები გამოაჩინა...
ანა მერე დიდხანს ეკითხებოდა საკუთარ თავს, რატომ ჩაუჯდა სრულიად უცხო მამაკაცს მანქანაში, მაგრამ პასუხს ვერ მიაკვლია.
– მე ანა მქვია, – უთხრა და კაბის კალთა მთელი ძალით ჩამოქაჩა მუხლებისკენ.
– მოეშვი მაგ კაბას, ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს და საცოდაობა იქნება დაფარვა. მაგათი დამსახურებაა, მანქანა რომ გაგიჩერე, – თქვა კაცმა და გაიცინა.
ანას გაუკვირდა უცხო მამაკაცის ასეთი უცერემონიო ტონი, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, თავისი ნებით რომ ჩაუჯდა მანქანაში და გაჩუმება ამჯობინა.
– მოკლედ, ძალიან მომეწონე, ამას გულახდილად ვამბობ. შენნაირი ქალები მომწონს. რაღაც შარმი რომ აქვთ. გადათხიპნილ თოჯინებს ვერ ვიტან.
ანამ შეხედა.
– რატომ მიყურებ, სიამპათიური ვარ? ვიცი. თუ გინდა, სახელსაც გეტყვი – ლაშა მქვია.
– ლაშა, ძალიან დიდი მადლობა, დასველების საშუალება რომ არ მომეცით, მაგრამ, იქნებ მკითხოთ, სად მივდივარ?
– რაო? ანუ, გინდა, სახლის მისამართი გკითხო? რა მეჩქარება, დრო მაქვს. სამსახურიდან მოვდივარ და მშია. სადმე ვივახშმოთ და მერე მიგიყვან სახლში.
– მე არაფერს მეკითხებით? – გაუღიმა ანას.
კაცმა მხრები აიჩეჩა:
– მეეჭვება, იმაზე უკეთესი რესტორანი შემომთავაზო, ვიდრე მე შევარჩევ. მენიუს კი ადგილზე გაეცნობი.
– ანუ, დარწმუნებული ხართ, რომ მე დავთანხმდები თქვენთან ვახშმობაზე? ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ბრძანდებით?
– მე? სულაც არა. უფრო ახლოს რომ გამიცნობ, დარწმუნდები.
– რატომ უნდა გაგიცნოთ უფრო ახლოს?
– იმიტომ, რომ ამის დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდება, – დარწმუნებით თქვა კაცმა, – ცდუნებას ვერ გაუძლებ.
– ქმარი მყავს... – თქვა უცებ ანამ.
ლაშამ ხმამაღლა გაიცინა:
– მატყუებ.
– საქორწინო ბეჭედი რომ არ მიკეთია, ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გათხოვილი არ ვარ.
– სამი საქორწინო ბეჭედიც რომ გეკეთოს, მაინც გეტყოდი, რომ გვერდით მამაკაცი არ გყავს.
– რა თავხედობაა! – აღშფოთდა ანა, – გამიჩერეთ მანქანა, უნდა ჩავიდე.
– არ არის საჭირო ასეთი თავგანწირვა. ვერ ხედავ, როგორი თავსხმაა? სიმართლეს ყოველთვის ასე მტკივნეულად აღიქვამ?
– გამიჩერეთ-მეთქი! – ტონი გაიმკაცრა ანამ, – ახლავე!
– ოჰ, სიმკაცრეც გიხდება, – არაფრად ჩააგდო კაცმა ანას გაბრაზება, – ახლა ვივახშმოთ და უფრო სასიამოვნო თემებზე ვილაპარაკოთ. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს, ასეთი ლამაზი ფეხები დედისგან გერგო მემკვიდრეობით თუ მამისგან.
– თქვენ რა, დამცინით?
– არა, სრულიად სერიოზულად გეკითხები. ქალის გრძელი და ლამაზი ფეხები ჩემი სისუსტეა.
– კიდევ რა არის თქვენი სისუსტე? – დამცინავად ჰკითხა ანამ.
– ნელ-ნელა მოგაწვდი ინფორმაციას, – დაჰპირდა კაცი.
– მაინც, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ქმარი არ მყავს?
– გინდა, ჩემი პატარ-პატარა საიდუმლოებები გაგიმხილო? ასე მალე? არ გამოვა. ჯერ უნდა გაგაოცო.
– ჩემი გაოცება ადვილი არ არის, – ისევ მკაცრად მოუჭრა ანამ და წამოიძახა: – მგონი, გადაიღო წვიმამ, გამიჩერეთ!
კაცმა გულდაწყვეტით შეხედა:
– დარწმუნებული ხარ, რომ ჩემთან ვახშმობა არ გინდა?
– დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, ახლა...
– აჰა, ესე იგი, მომავალში ამისი ალბათობა არსებობს... იმედი მქონდეს?!
ამასობაში ანამ კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. სახლიდან საკმაო მანძილით იყო დაშორებული და ცოტა ისევ წვიმდა, მაგრამ ამისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. ფეხს აუჩქარა – უნდოდა, სწრაფად გასცლოდა მანქანას, რადგან გრძნობდა, რომ რაღაცა ძალა უკან ექაჩებოდა...
* * *
სოფო ფეხზე წამოაგდო გაჯახუნებული კარის ხმამ და დერეფანში გავიდა.
– რა ხდება? – ჰკითხა დაცვას.
– ქალბატონი ანა მოვიდა. მგონი, ძალიან გაბრაზებულია... – ხმადაბლა ჩაილაპარაკა დაცვის თანამშრომელმა.
სოფომ მორიდებით დააკაკუნა კაბინეტის კარზე.
– შემოდი! – მოისმა შიგნიდან და სოფომაც კარი შეაღო. ანა ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე.
– ქალბატონო ანა... ცუდად ხომ არ ხართ? – შეწუხდა სოფო.
– რა ქალბატონი მე ვარ, მით უმეტეს, შენთვის. ჰო, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, საკუთარ თავზე გაბრაზებული და გამწარებული.
– ვაიმე, რა მოხდა? სახლში ხომ კარგად ხართ? ბავშვი როგორ არის?
– ჯანმრთელობას თუ გულისხმობ, კარგად არის, ისე კი... – ანამ ხელი ჩაიქნია, – იდიოტი მამა რომ ეყოლება...
– თქვენს ყოფილს გულისხმობთ?
– აბა, სხვების ყოფილებთან რა მესაქმება? უსინდისო, უპასუხისმგებლო, უზრდელი და უგულოა. უთავმოყვარეოც... მინდა, ვნახო და პირში მივახალო ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობ.
– ამით რამე შეიცვლება? – ფრთხილად ჰკითხა სოფომ და თანაგრძნობით გაუღიმა.
– იცი, რა მითხრა? ბავშვისთვის დაბადების დღის ცენტრის შესარჩევად ვერ წამოგყვები, ქალი მყავს გასაჟიმიო... წარმოგიდგენია?!
სოფოს თვალები გაუფართოვდა:
– მართლა ასე გითხრათ? პირდაპირ და მოურიდებლად?
– ჰო, პირდაპირ და მოურიდებლად. ფეხებზე არ ჰკიდია, რა განვიცადე ამ დროს? მისი ბოზი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა ჩვენს შვილზე.
– მე გამოგყვებით საბავშვო ცენტრის შესარჩევად. რამდენიმეს მეპატრონეს ვიცნობ კიდეც.
– პრობლემა ეგ არ არის. ვიყავი უკვე და შევუკვეთე... ჰო, მართლა, ხვალ ხუთ საათზე ბავშვი მოიყვანე და მოდი... მოკლედ, მეგონა, ვეღარაფრით გამაკვირვებდა, მაგრამ, მაინც მოახერხა... ისე ცუდად ვარ, ვერ წარმოიდგენ.
– საყვარელი ჰყავს?
– ვიცი? თუმცა, სტაბილურად ერეთთან რომ დადიოდეს, მეეჭვება. ახირებები აქვს: ერთ კვირას ერთთან წევს, მეორე კვირას – მეორესთან... შემთხვევას არ უშვებს ხელიდან. როგორ მძულს, რომ იცოდე...
– ყავას მოვადუღებინებ გოგოებს.
– კარგი იქნება, – ამოიოხრა ანამ და ცრემლიანი თვალები ხელისგულებით მოიწმინდა, – საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ მთლიანად არ წავშალე ჩემი ცხოვრებიდან.
– გიყვართ? – თანაგრძნობით ჰკითხა სოფომ.
– არ ვიცი... – აღმოხდა ანას, – მართლა არ ვიცი...
გაგრძელება შემდეგ ნომერში