ყველგან გამოგყვები
პოლ მელკორი აშკარად კარგი მსახიობი იყო, რაიმონდი კი – სადაზღვევო კომპანიის კეთილსინდისიერი თანამშრომელი, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პოლი იტყუებოდა... კომპანიამაც სარწმუნოდ მიიჩნია მისი ეჭვები. მართალია, პოლ მელკორი იყო დაზარალებული – მას სატვირთო მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა ტროტუარზე იდგა და, გზაზე გადასვლას, სავარაუდოდ, არ აპირებდა და, ამიტომ კომპენსაცია ეკუთვნოდა, მაგრამ, არა იმ ოდენობით, რამდენიც მოითხოვა – 300 000 დოლარი. მელკორს არ გასჭირვებია ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება იმაში, რომ ინვალიდის სავარძლიდან ვეღარასოდეს ადგებოდა. სასამართლოზე საკაცით მოიყვანეს. ისეთი გასაცოდავებული სახე ჰქონდა, ისეთი უსუსური და დაუცველი, რომ გულს ნებისმიერს აუჩუყებდა, ოღონდ, არა რაიმონდს, რომელსაც თავისი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში ბევრი თაღლითი ენახა. რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონდა იმის საწინააღმდეგო, რომ პოლ მელკორს კომპენსაცია მიიღო, მაგრამ, იმდენი, რამდენიც ეკუთვნოდა და არა თითქმის მესამედი მილიონი დოლარი. რაიმონდს კიდევ ერთი რაღაც აეჭვებდა: პოლ მელკორის ცოლი – ლამაზმანი გეი ფრანსი. დაზღვევის აგენტს ვერავინ დაარწმუნებდა, რომ, თუნდაც სამასი ათასი დოლარის სიყვარულით, ასეთი ქალი – ქერა და ვნებიანი, ნებისმიერ კაცს რომ ჭკუას აურევდა, ხეიბრის სავარძელს სამუდამოდ მიჯაჭვულ პოლს დაუკავშირებდა ცხოვრებას, მით უმეტეს, რომ პოლმა და გეიმ სასამართლოს გამართვიდან და კომპენსაციის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ იქორწინეს ოფიციალურად. მანამდე პოლი, უბრალოდ, გეი ფრანსის საყვარელი იყო – ასეთი საყვარელი ღამის კლუბის მომღერალ ქალს მინიმუმ სამი მაინც ჰყავდა... და, უცებ, სასამართლოზე ის პოლის საკაცის გვერდით იდგა შეწუხებული სახითა და აცრემლებული თვალებით...
პოლ მელკორმა კომპენსაცია მიიღო.
რაიმონდი ვერ ისვენებდა. სიჯიუტე, პრინციპულობა და უცნაური აგრესია აიძულებდა, ყველაფერი გაეკეთებინა პოლ მელკორის აფერის გასაშიფრად. ერთ საღამოს კი, გამოიჩინა სითამამეც, თავხედობაც და პოლ მელკორს სახლში მიადგა. მას უკვე მოესწრო ბინის გამოცვლა – საკმაოდ პრესტიჟულ უბანში გადავიდა ცოლთან ერთად, პატარა, მაგრამ კომფორტულად მოწყობილ სახლში. დაზღვევის აგენტი მარტო არ ყოფილა, ორი პროფესიონალი ექიმიც ახლდა. კარი გეი ფრანსმა გაუღო. ისე ეცვა, როგორც უნდა ეცვას ღამის კლუბის მომღერალს შინაურულ გარემოში – ტანზე მჭიდროდ შემოტმასნილი ყვითელი შარვალი და მწვანე, მკერდზე ღრმად ამოჭრილი მაისური... ძალიან მიმზიდველად და ვნებიანად გამოიყურებოდა... მან დამცინავად შეათვალიერა რაიმონდი. პოლ მელკორი ინვალიდის სავარძელში იჯდა, იქვე კი მისი მომვლელი იდგა.
– გამარჯობა, რაიმონდ. შენსას არ ეშვები, არა? მაინც გგონია, რომ მოგატყუეთ და კომპენსაცია უსამართლოდ მივითვისე? ვერ ვინძრევი, კისერსაც კი ვერ ვატრიალებ...
– ექვსი თვის განმავლობაში უფლება მაქვს, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი, იმდენჯერ შეგამოწმო. შენ კარგი მსახიობი ხარ, პოლ, მაგრამ, მე არ დავნებდები.
– შენი ნებაა... ამჯერად საიდან მომიყვანე ექიმები? სასამართლოზე წარმოდგენილი დოკუმენტები არ გეყო?
– პოლ, გეყოფა, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. ჩვეულებრივი კომისიაა. თითქმის მესამედი მილიონი მცირე თანხა არ არის.
– არც ჩემი ჯანმრთელობა იყო უმნიშვნელო. ვეღარასოდეს გავივლი – იცი, ეს რას ნიშნავს?
პოლს თავი ძალიან კარგად ეჭირა – როგორც ნამდვილ ინვალიდს. ექიმები უარყოფის ნიშნად თავს აქნევდნენ – მათ არაფრის თქმა არ შეეძლოთ. რაიმონდმა გმირულად გადაიტანა ცოლ-ქმარ მელკორების ირონიული ღიმილი, მაგრამ მარცხთან შეგუება მისთვის მაინც მიუღებელი იყო... გადაწყვიტა, თავის უფროსებს დალაპარაკებოდა, რომ პოლ მელკორის ბინაში სათვალთვალო კამერების დაყენების ნება მიეცათ, მაგრამ უარი უთხრეს – ეს რომ გაიგოს აქეთ გვიჩივლებს და კიდევ ერთ კომპენსაციას მიიღებსო. რჩებოდა მომვლელის მოსყიდვა, მაგრამ, როგორც კი ქალი დაითანხმა, მელკორმა ის მაშინვე გააგდო, ახალი კი აღარ აიყვანა. რატომ? – პასუხი თითქოს მარტივი იყო – დიდი აფერის გამოაშკარავების შიში...
გავიდა ერთი კვირა. რაიმონდმა მელკორის მეზობლისგან შეტყობინება მიიღო: ცოლ-ქმარი სადღაც მიემგზავრება, გამალებული მზადება აქვთო და რაიმონდიც შეფუცხუნდა. დრო ახლოვდებოდა. როცა გაქვს ფული, თანაც ბევრი; გყავს ლამაზი ცოლი, ანუ, გაქვს ყველაფერი – ბედნიერი და სისხლსავსე ცხოვრება, ინვალიდის სავარძელში დიდხანს ვერ იჯდები... კარი ამჯერად ვიღაც მუშამ გაუღო. პოლ მელკორი და მისი ცოლი მართლაც დიდ სამზადისში იყვნენ: იატაკზე შეკრული ჩემოდნები ეწყო; სპეციალურად ინვალიდების სამგზავროდ განკუთვნილი სავარძელიც იქვე იდგა.
– მიემგზავრები, პოლ?
– ჰო. საკუთარ თავზე უნდა ვიფიქრო...
– მართლა? კარგი გადაწვეტილებაა. სავარძლიდან ადგომას ხომ არ აპირებ?
– რატომაც არა... შენ რამე საწინააღმდეგო გაქვს?
რაიმონდმა მხრები აიჩეჩა:
– სასწაული თუ მოხდება, საწინააღმდეგო მართლა არაფერი მექნება, მაგრამ, სასწაულები არ ხდება.
– შენ არ იცი, თორემ, არის ერთი ადგილი, სადაც სასწაულები ხდება. კამეფეოს წმინდა გორაზე მივემგზავრები. შენ რომ ჩემი ტყუილში გამოჭერა იდეაფიქსად არ გქონდეს, მიხვდებოდი, რომ უკვე დროა, თავი დამანებო...
რაიმონდი მიხვდა, რომ წააგო. მელკორს აშკარად ბევრი ჰქონდა ნაფიქრი – მან ყველა დეტალი გათვალა. ამიტომ, აუცილებელი იყო, თავადაც გამგზავრებულიყო იმ წმინდა მთაზე და ენახა, რა ხდებოდა...
სადაზღვევო კომპანიის მესვეურებმა საჭირო სამივლინებო თანხა გამოუყვეს, თუმცა უკვე ეჭვით უყურებდნენ მის ასეთ აქტიურობას. რაიმონდს გულის სიღრმეში იმედი კიდევ ჰქონდა, რომ იქ ჩასული რაღაც სერიოზულ აფერას გამოააშკარავებდა წმინდა ადგილთან დაკავშირებით. მარცხი პირველივე დღეს განიცადა. როცა კამეფეოში ჩავიდა და იქაურობა ხეიბრებით სავსე დაუხვდა, რომლებიც მთელი ქვეყნიდან იყვნენ ჩასული. თვითონ წმინდა გორაკის ფერდობები კი სავსე იყო გადაყრილი ყავარჯნებით...
რაიმონდმა პოლ მელკორი უთენია დაინახა გორაზე ასასვლელ ბილიკზე. მისი სავარძელი ოთხ ბრგე მამაკაცს მიჰქონდა, გვერდით კი სადა, შავ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი ცოლი მისდევდა. პოლმა შორიდან დაინახა აგენტი და ხელი დაუქნია, მერე კი დაუყვირა:
– დღის ბოლომდე სასწაულის მოწმე გახდები, რაიმონდ!
რაიმონდმა ფეხს აუჩქარა და ჩამწერი მოწყობილობა მოიმარჯვა...
მას არ დაუნახავს, როგორ ადგა სავარძლიდან პოლი... როცა პროცესიამ გორაკის წვერზე აღმართულ სამლოცველოს მიაღწია, იქიდან რაღაც დიდი და მძიმე ნივთი დაეშვა, რომელმაც რაიმონდი ბილიკს მოსწყვიტა და შორს გადააგდო... შეიძლება, საგანგებოდ არავის უნდოდა მისი დაინვალიდება, მაგრამ, ფაქტია, რომ, იმ სავარძელმა, რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ პოლ მელკორი იჯდა, მას ხერხემალი დაუზიანა... ახლა კი სასამართლოს ის უნდა გადაეწყვიტა, იყო თუ არა ეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმა და მისცემდნენ თუ არა შესაბამის ფულად კომპენსაციას...
კამეფეოს წმინდა გორაზე სასწაული ნამდვილად მოხდა, ოღონდ, პოლ მელკორისთვის... რაიმონდი კი ვერასოდეს გაიგებდა, შემთხვევით ისროლა მან სავარძელი თუ დამიზნებით...