როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ქურციკიძე-ქურცინაძე
ფუძით ქურცი გვაქვს გვარი ქურციკიძე.
„ქურციკიძე, ფცაში მცხოვრები,” – მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკიძეები მოიხსენიებიან 1477 წელს.
გვხვდება ერთ შემთხვევაში სახელი ქურცინა და მისგან წარმომდგარი გვარი ქურცინაძე. ქურცინაძეები ამბობენ, რომ, გადმოცემით, მათი ადრინდელი გვარი იყო ქურციკიძე, მაგრამ, მიგრაციის ჩამწერების შეცდომის გამო, ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდიათ ცვლილება: ქურციკიძე-ქურცინაძე.
საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც.
ფალაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალა. ხოლო, გვარი ფალაშვილი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიულ საბუთებში.
სამწუხაროდ, გვარის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 83 ფალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 41, კასპში – 27, დედოფლისწყაროში – 11. არიან სხვაგანაც.
მახაჭაშვილი
გვარისთვის მა არის ართრონი, ანუ წინსართი, ხაჭა კი – გვარის ფუძე. იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.
სულხან-საბასთან გვხვდება ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება, ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.
მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა. მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.
საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც.
გულაბერიძე
გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგანაა წარმომდგარი: გულა და ბერი. ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.
ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ-საღირაძესთან ერთად, იყო ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც, თამარ მეფის მოწვევით 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.
საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.
ფარცვანია
არსებობს ვარაუდი, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფარსმანი, რომელმაც განიცადა სახეცვლილება: ფარსმან-ფარცმან-ფარცვან – ფარცვანია.
გვხვდება ტოპონიმები: საფარცვანიო – უბნები რუხში, საჯანაშიოსა და ქვემო სათოდუოს შორის; ოდიშში – ჯამის მარჯვენა მხარეს, ორეულში, ერგეტაღალის სათავესთან; ხამისქურში – ურთის მთის ძირას, უფალკარში – სახუბულოსა და საფარღალას შუა.
ფარცვანიას შესახებ საუბარია როგორც პაატა ცხადაიას, ისე ნიკოლოზ ჯომიდავას წიგნებში და მოხსენიებულია 3 000 მეგრულ გვარს შორის.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, რაოდენობის მიხედვით, ფარცვანია 370-ე ადგილზეა, ზუგდიდის რაიონში კი, მე-19 ადგილზე.
საქართველოში 2 204 ფარცვანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 1 230, თბილისში – 242, ხობში – 186. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით