კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაბანა ფეხი სტალინმა გიორგი დიმიტროვს

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ცენზურამ ტაბუ დაადო გამოჩენილი საბჭოთა მხედართმთავრის, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირის, გამარჯვების ორდენის ორგზის კავალერის, მარშალ ჟუკოვის წიგნის „ფიქრები და მოგონებების“, იმ ფრაგმენტს, სადაც ჟუკოვი სტალინს „დიად უბრალოს“ უწოდებს. ამ მონაკვეთს დღევანდელ პუბლიკაციაში გთავაზობთ.
„სტალინთან სისტემატური კავშირი უკვე სამამულო ომის დროს მქონდა და მთელი მისი მიმდინარეობის პროცესში ჩვენ ლამის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმეც.
იოსებ ბესარიონოვიჩი, რა თქმა უნდა, მკაცრი, მომთხოვნი ადამიანი იყო და, უნდა აღვნიშნო, რომ ზოგჯერ სასტიკიც, მაგრამ, ამის გარეშე, თანაც იმ პერიოდში, იმ ისტორიულ რეალობაში ჩვენ ვერც ომს მოვიგებდით, ვერ ქვეყნის ერთიანობას შევინარჩუნებდით და, საბჭოთა კავშირი ბანქოს ქაღალდებით აშენებული სახლივით ჩამოიშლებოდა; თუმცა, სტალინი მაინც უბრალო ადამიანი იყო, უფრო სწორად, დიადი უბრალო, ანუ, თავისი მნიშვნელობითა და საქმიანობით ის დიადი ადამიანი იყო, ხოლო ბუნებით, მოთხოვნილებებითა და ჩვეულებრივ სიტუაციებში საქციელით ყოველთვის უბრალო ადამიანად რჩებოდა. მისთვის უცხო იყო მედიდურობა, ამპარტავნება და, შეიძლება, ისეთი რამ გაეკეთებინა, რომ, ვერც კი წარმოიდგენდი, რომ შენ წინაშე მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს უდიდესი მმართველი იდგა. ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმის აღქმა, რომ სტალინს ღმერთი სწამდა და მხოლოდ მრავალი ათწლეულის შემდეგ დავრწმუნდი იმ უდავო ფაქტში, რომ ამ უზარმაზარ, უღმერთო ქვეყანაში ერთადერთი მორწმუნე სწორედ სტალინი გახლდათ (პენსიაზე გასული ჟუკოვი სერიოზულად დაინტერესდა რელიგიით, მორწმუნე გახდა და ეს სტრიქონები იმ პერიოდშია დაწერილი).
ომი ახალი დამთავრებული იყო. მსოფლიო გეოპოლიტიკა რადიკალურად იცვლებოდა და სტალინი ინტენსიურად ატარებდა კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან, რომლებიც საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდნენ. მარტში მოსკოვს გიორგი დიმიტროვი ეწვია, რომელიც სტალინთან მოლაპარაკებებს მართავდა ბალკანეთის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების საკითხებზე. ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული და, როდესაც  ყველა შეხვედრა დასრულდა, სტალინმა დიმიტროვს უთხრა:
– ვიცი, რომ თავგამოდებული, აზარტული მონადირე ხარ და ხვალ დილას ტახზე სანადიროდ წავიდეთ.
დიმიტროვს ჯერ გაუკვირდა სტალინის ასეთი ინფორმირებულობა, შემდეგ ბერიას გადახედა, გაეცინა და სიხარულით დათანხმდა. სანადიროდ მე და ბერიაც ვიყავით მიწვეული და მეორე დღეს უთენია გავემგზავრეთ ეგრეთ წოდებულ „მესამოცე კილომეტრზე,” სადაც სანადირო მეურნეობა იყო მოწყობილი.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინი 78 წელს იყო მიახლოებული, ძალიან მხნედ გამოიყურებოდა და ვლასიკს კატეგორიულად უთხრა:
– იცოდე, შენებური სპექტაკლი არ მომიწყო და ყოველ ხესთან კბილებამდე შეიარაღებული ორ-ორი მსროლელი არ დააყენო ჩემს დასაცავად.
ერთი სიტყვით, „ზაუერის“ ორლულიანი თოფებით შეიარაღებულები, ბილიკზე გავედით და სტალინმა ეგერს უბრძანა, რომ ტახი გამოედევნათ. ჩვენ წყვილებად დავნაწილდით: მე სტალინთან ერთად ჩავსაფრდი, ბერია და დიმიტროვი კი ჩვენგან ათიოდე მეტრში ჩაუსაფრდნენ ტახს.
ეგერები საქმიანობას შეუდგნენ და, სულ რაღაც 40 წუთის განმავლობაში სამი ტახი მოვკალით, რომელთაგან ორი სტალინის ანგარიშზე იყო, ერთი კი ბერიამ მოკლა. სიმართლე გითხრათ, მე ნადირობის დიდი მოტრფიალე არ გახლავართ და სტალინმა მითხრა:
– გიორგი კონსტანტინოვიჩ, ცოტა საკვირველია, რომ მარშალ კაცს, ფაშიზმის დამმარცხებელსა და ევროპის დამჩოქებელს ტახის მოკვლა არ შეგიძლია, – შემდეგ ზურგზე მომითათუნა ხელი და დაამატა: – შენ ნადირობის მოტრფიალე მაინც არ ხარ და გასაგებია, მაგრამ, დიმიტროვს რა დაემართა, ერთი ტახიც რომ ვერ მოკლა?
უცებ, უზარმაზარ ხეებს შორის ხმელი ტოტების მტვრევის ხმა გაისმა და დავინახე, როგორ მიექანებოდა ბერია-დიმიტროვის წყვილისკენ უზარმაზარი ტახი. ბერიას ის მიზანში ჰყავდა ამოღებული და, წესით, უნდა ესროლა, მაგრამ არ უსვრია, ნადირი კი პირდაპირ დიმიტროვს დაეტაკა და ისეთი ძალით გაისროლა, რომ ხუთი-ექვსი მეტრი იფრინა, უზარმაზარ მუხას შეასკდა და ტალახში ჩავარდა. ამის შემდეგ ტახი ისევ დიმიტროვისკენ დაიძრა და უეჭველად გაფატრავდა თავისი უზარმაზარი ეშვებით, მაგრამ სტალინის მორიგი გასროლა მიზანს მოხვდა და 200-კილოგრამიანი ცხოველი ადგილზევე გათავდა.
დიმიტროვთან პირველი ბერია მიიჭრა. მივედით ჩვენც და დაცვის დახმარებით ის მონადირეთა ქოხში შევიყვანეთ. დიმიტროვი ძალიან მტკიცე და ვაჟკაცი ადამიანი იყო, ამიტომ, არ იმჩნევდა, რომ მარჯვენა ფეხი საშინლად სტკიოდა, რომელიც, თურმე, წვივში ჰქონია მოტეხილი. დიმიტროვი ტახტზე დააწვინეს და იოსებ ბესარიონოვიჩმა ვლასიკს ექიმის მოყვანა უბრძანა.
– მოსკოვში დავრეკავ და ახლავე გამოვიძახებ, – თქვა ვლასიკმა და წასვლა დააპირა, მაგრამ სტალინმა ის შეაჩერა და უთხრა:
– ჯერ ტაშტი და თბილი წყალი მოიტანე და შემდეგ დარეკე.
ბრძანება უმალვე შეასრულეს. სტალინმა მონადირის დანით დიმიტროვს შარვლის მარჯვენა ტოტი მოაჭრა და ფეხი თბილ წყალში ჩააყოფინა.
ჩვენ გაოცებულები მივჩერებოდით სტალინს. დიმიტროვი კი უარზე იყო, რადგან ეუხერხულებოდა, რომ სტალინი მას ფეხს ჰბანდა. მაგრამ ბელადმა მას ალმაცერად შეხედა და უთხრა:
– გააკეთე ის, რასაც გეუბნებიან, მსროლელო!
– მე თვითონ, იოსებ ბესარიონოვიჩ, თქვენ რატომ უნდა დამბანოთ ფეხი?
სტალინი უკვე ტალახს აცლიდა დიმიტროვს, როდესაც უთხრა:
– მე ვინ ვარ, თვით ქრისტემ დაბანა ფეხი თავის მოსწავლეებს, – შემდეგ ფეხი გაუსინჯა და დაამატა: – წვივში გაქვს მოტეხილი, ცოტაც მოითმინე და ექიმი მოვა.
დიმიტროვი ტახტზე წამოწვა და სტალინს უთხრა:
– ქრისტე მისტიკაა, თქვენ კი რეალურად დამბანეთ. ღმერთი ხომ არ არსებობს?!
სტალინს დიმიტროვისთვის არაფერი უთქვამს, რატომღაც, მე მომიბრუნდა და მითხრა:
– შენ როგორ ფიქრობ, მარშალო, არსებობს თუ არა ღმერთი?
– რა თქმა უნდა, არა, – თავი გავაქნიე მე.
– დარწმუნებული ხარ?
– დიახ, – ვთქვი მტკიცედ.
– მაშ, ეს ამხელა ომი ვინ მოგვაგებინა?
– თქვენ და ხალხმა...
– არა! შენ ცდები! მე მხოლოდ ვლოცულობდი, ხოლო, ვინ მოგვაგებინა ომი, ამას მე შენ მოსკოვში გიჩვენებ, – მითხრა სტალინმა, შემდეგ ბერიას მიუბრუნდა და უთხრა: – დედაშენი ღვთისმოსავი, მორწმუნე ქალია, შენ როგორ ხარ რწმენის საკითხებში?
 ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ ეშმაკურად არ ეპასუხა და სტალინს მიუგო.
– კარგი შვილი დედის მორჩილია და მე მას ყოველთვის ვუჯერებდი.
სტალინს ჩაეცინა და თქვა:
– აი, მე კი ყოველთვის არ ვუჯერებდი. დედა მღვდლად მზრდიდა, მე კი ტახებზე მონადირე გამოვედი.
ექიმი ძალიან მალე ჩამოვიდა და დიმიტროვს ფეხზე თაბაშირი დაადო, მერე მოსკოვში გავემგზავრეთ და ყველანი ჩვენ-ჩვენს უწყებებს დავუბრუნდით. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ, ერთ-ერთი თათბირის დამთავრებისთანავე, სტალინმა თავის საძინებელში შემიყვანა, აღმოსავლეთ კუთხესთან მიმიხმო, ღვთისმშობლის ხატზე მიმითითა და მითხრა:
– იცი, ეს რა არის?
– ღვთისმშობლის ხატია, – ვთქვი მე.
– ეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია. მე ყოველ საღამოს მის წინაშე ვლოცულობ და ფაშიზმი მისი შემწეობით დავამარცხე, – შემდეგ სანთელი აანთო, ხატის წინ დაიჩოქა და ქართულად დაიწყო ლოცვა...”

скачать dle 11.3