ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 27 წლის. ნოემბერში მარჯვენა ძუძუში შევნიშნე პატარა წერტილი – კვანძი, რომელიც შემდეგ თითქოს დაპატარავდა. ტკივილი საერთოდ არ მქონდა. იანვარში სანერვიულო შემხვდა და ორივე ძუძუ თითქოს გამებერა და გამიდიდდა, თან მტკიოდა. შემდეგ მალევე გამიარა. მარჯვენა ძუძუში ეს კვანძი ახლაც მაქვს. თვითონ ძუძუს ფორმა, კანის ფერი, სიმკვრივე, ძუძუსთავის ფორმა არ შემცვლია, არც სიმაგრეები მაქვს ძუძუში. შვილი ჯერ არ მყავს, ციკლი მოწესრიგებული მაქვს. რა შეიძლება იყოს? ძალიან საშიშია?
პასუხი: დროის გაყვანით პრობლემა არ მოგვარდება. სარძევე ჯირკვალში გაჩენილი ნებისმიერი წარმონაქმნის დროს უყურადღებობა დაუშვებელია. ამ თემაზე მუდმივი ფიქრი და შიში (შესაძლოა, უსაფუძვლოც) – დამატებითი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ამიტომ, დროულად მიმართეთ მამოლოგს. ვიზიტი დაგეგმეთ მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-7-დან მე-12 დღემდე.
კითხვა: მყავს 6 თვის შვილი. ხანდახან ვამჩნევ, რომ პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის. მაინტერესებს, რა მიზეზით შეიძლება ეს ხდებოდეს და რა უნდა გამოვიკვლიო ამისთვის?
პასუხი: პირიდან სუნი ზოგჯერ აღინიშნება ხოლმე ხელოვნური კვების დროს, არის სხვა მიზეზიც: გასტროენტეროლოგიური პათოლოგიები, ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესი. ასევე, გასათვალისწინებელია, ხომ არ ხმარობს ბავშვი საწოვარას. თუკი ასეა, შეუცვალეთ და, თუ უსიამოვნო სუნი კვლავ შენიშნეთ, უნდა ჩაუტაროთ პირის ღრუს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა. კონკრეტული მიზეზის დასადგენად მიმართეთ პედიატრს.
კითხვა: 31 წლის მამაკაცს პირის ღრუ ძალიან ეწვის. უკვე ჭამაც ძალიან უჭირს. თითქმის ერთი წელია, რაც აწუხებს და ტკივილიც ემატება. სტომატოლოგთან მკურნალობამ დროებითი შედეგი მისცა. როგორც კი დავანებეთ მკურნალობას თავი, უფრო და უფრო იმატა ტკივილმა. პირის ღრუ ერთი შეხედვით ჯანმრთელი ჩანს, მხოლოდ ძლიერი წვა აქვს. გთხოვთ გვირჩიოთ რამე. რა შეიძლება იყოს ან რომელ ექიმს მივმართოთ?
პასუხი: გასაკეთებელია პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური კვლევა და სისხლის ანალიზი რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკისთვის. პაციენტმა უნდა მიმართოს გასტროენტეროლოგს.
კითხვა: ვარ 19 წლის ბიჭი. თავის არეში (თმაში) რაღაც ჩირქოვანი სიმაგრეები გამომდის, იზრდება და ქრება, შემდეგ კი სხვა ადგილას გამოდის. შეიძლება, ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი იყოს? ან, რატომ შეიძლება, ასეთი რამ მემართებოდეს?
პასუხი: სავარაუდოდ, ეს ფოლიკულიტია – თმის ძირების ანთება. შეიძლება გამოიყენოთ ანტიბაქტერიული და თუთიის შემცველი შამპუნები. უნდა დადგინდეს, ორგანიზმში ხომ არ გაქვთ ქრონიკული ჩირქოვანი კერა, ჩირქოვანი ტონზილიტი, საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგია. გარდა ამისა, აუცილებლად გაიკეთეთ სისხლის ანალიზი შაქრის შემცველობაზე.
კითხვა: მაინტერესებს, თუ მაქვს C ჰეპატიტი და სისხლის საერთო ანალიზს ვიკეთებ, ანალიზი აჩვენებს, რომ სისხლში არის ცვლილება და, კერძოდ, ჰეპატიტი?
პასუხი: C ჰეპატიტის დიაგნოსტირება სისხლის საერთო ანალიზით არ ხდება. შესაძლოა, სისხლში იყოს გარკეული ტიპის ცვლილებები, რამაც სავარაუდო გახადოს ესა თუ ის ვირუსული ეტიოლოგიის დაავადება.