რა არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო გენერალმა ლესელიძემ, რომელიც მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში შევიდა
სტალინმა მას ახალი თანამდებობა მიულოცა და განუცხადა: „იცით, ამხანაგო ლესელიძე, როგორ იბრძოდა ნაპოლეონი ალპებზე? მან პირველმა გამოიყენა მიუვალ ალპებში არტილერია – სენ-ბერნარისა და სენ-გოტარდის უღელტეხილები გადალახა და ზურგში დაარტყა ცნობილ მარენგოში მელასის ავსტრიულ არმიას. თქვენც დაშლილი ზარბაზნები მწვერვალებზე უნდა აიტანოთ, იქ ააწყოთ და იქიდან დაარტყათ მტერს. ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით!“
გენერალი კონსტანტინე ლესელიძე ჰიტლერისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა კავკასიის დასაპყრობად გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში. სტალინს ის განსაკუთრებულად უყვარდა. დღეს, როდესაც საქართველო გეოპოლიტიკურად ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, ვფიქრობ, კარგი იქნება, დროდადრო შემოგთავაზოთ ჩვენი ქვეყნის გენერლებისა და მარშალთა ცხოვრების დღიურები – სწორედ ბრძოლის ველიდან, საიდანაც დაიწყო და სადაც დასრულდა მათი კარიერა.
„პირველი ქართველი მებრძოლი გენერალ-პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე დაიბადა 1903 წლის 15 ოქტომბერს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ხვარბეთში ნიკოლოზ ლესელიძისა და ნინო ქაჯაიას ოჯახში. მეორე მსოფლიო ომში ამ ოჯახიდან წასულ ოთხ ძმა ლესელიძეთაგან, სამი ვეღარ დაბრუნდა ბრძოლის ველიდან. ორ მათგანს – კონსტანტინესა და ვიქტორს მიენიჭათ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება… (კ. შავიშვილი. თადარიგის ოფიცერი). კოტემ თავისი ბავშვობა და ყრმობა სოფელ ხვარბეთსა და ოზურგეთში გაატარა, 1913 წელს ის სოფელ ზვანის დაწყებით სკოლაში მიაბარეს. ამის შემდეგ ოზურგეთის უმაღლეს, ორკლასიან დაწყებით საქალაქო სასწავლებელში შევიდა და შემდგომ ოზურგეთის ახლად გახსნილი გიმნაზიაც დაამთავრა.
კონსტანტინე ლესელიძე სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა სიდინჯით, მეგობრებისადმი თბილი დამოკიდებულებით, განსაკუთრებულ ნიჭს იჩენდა მათემატიკისადმი, ჰქონდა არაჩვეულებრივი მეხსიერება, შემდგომში გვარითა და სახელით იცნობდა თავისი არმიების მცირე დანაყოფების ხელმძღვანელებსა და რიგით ჯარისკაცებსაც კი.
ახალგაზრდობაშივე მან პირად ბედზეც იზრუნა. ძალიან ფაქიზი იყო კოტესა და მისი მომავალი მეუღლის ნინო შეწირულის სიყვარული, რომელიც ყოველმხრივ გამოსცადა მძიმე ფრონტულმა და ხიფათებით აღსავსე ცხოვრებამ. 1921 წელს კონსტანტინე ლესელიძემ წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები გაერთიანებულ ქართულ სამხედრო სკოლაში, რის შემდეგ ინიშნება ოცეულის, ბატარეის მეთაურად. 1937 წელს ლესელიძე სათავეში ჩაუდგა მეორე ქართულ მსლოლელ დივიზიას. ის იყო პირველი ქართველი მეთაური, რომელიც ასეთ დიდ და პასუხსაგებ თანამდებობაზე დაინიშნა ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში. მსოფლიო ომმა ლესელიძეს ბელორუსიაში მოუსწრო, სადაც ის მეორე მსროლელი კორპუსის არტილერიის უფროსად მუშაობდა. ტულასთან ბრძოლაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა ლესელიძის ტაქტიკამ – ეს იყო გერმანელთა ტანკების წინააღმდეგ პირდაპირი დამიზნებით ყველა სახის ზარბაზნის გამოყენება. ამგვარი ტაქტიკის წყალობით, 50-ე არმიის არტილერიამ კონსტანტინე ლესელიძის უშუალო სარდლობით გაანადგურა მსოფლიოში აღიარებული სატანკო ,,ასის“ – გენერალ გუდერიანის მეორე სატანკო არმიის მრავალი მანქანა.
1942 წლის ზაფხულში ამიერკავკასიის დასაპყრობად ჰიტლერულმა გერმანიამ 40 დივიზია გადმოსხა, საგანგებო გეგმას სიმბოლური სახელი ,,ედელვაისი“ ეწოდა… ამ პერიოდში გერმანელებმა მოახდინეს ყაბარდო-ბალყარეთის ოკუპაცია და უშუალოდ მიუახლოვდნენ მესტიისა და დონღუზ-ორუნბაშის უღელტეხილებს… შავი ზღვის სანაპიროზე გამოსვლით მტერი აპირებდა გაეღრმავებინა შეტევა თბილისის მიმართულებით, ჩაემწყვდია შავი ზღვის ფლოტი და ამით ხელი შეეწყო თურქეთისთვის, რომელსაც სამხრეთ საზღვარზე მობილიზებული ჰყავდა 26 დივიზია, რათა დიდი ხნის ოცნება განეხორციელებინა – დაეწყო სამხედრო ოპერაციები საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის წინააღმდეგ.
მთავარსარდლობამ საგანგებო ზომები მიიღო სამხრეთის დაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის პროფესიონალი მხედართმთავრების შესარჩევად. ასეთ სარდლად მიიჩნიეს ლესელიძე, რომელიც 46-ე არმიის მე-3 მსროლელი კორპუსის მეთაურად დაინიშნა. ფრონტზე წასვლის წინ მას უმაღლესი მთავარსარდალი იოსებ სტალინი შეხვდა და მინიშნებით აგრძნობინა, რომ „კავკასიელი უკეთესად დაიცავს კავკასიას“… ლესელიძემ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ხელში ჩაეგდო ურჟუმი, მაგრამ მისი აღება დღისით შეუძლებელი იყო. ასეც მოხდა… ღამით, გაუვალ ფერდობებზე, საშინელ ქარიშხალსა და სეტყვაში ურჟუმი აიღეს. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. მტერმა 1942 წლის ზაფხულში შეძლო კავკასიონის მთისწინეთში შემოჭრა. ხელში ჩაიგდო სანჭაროს უღელტეხილი, რომელიც 2 592 მეტრზე მდებარეობს. მოგვიანებით, გრენადერის გერმანულმა დივიზიამ დაიკავა ფსხუს სასოფლო საბჭო და გუდაუთის მიმართულებით განავითარა შეტევა. მტერი სოხუმს 30 კილომეტრით მიუახლოვდა, დაბომბეს სოხუმი და ბათუმი, სხვა დასახლებული პუნქტები. მთავარმა სამხედრო ბანაკმა სწრაფად შეაფასა შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა, 46-ე არმიის სარდლობა (სერგაცკოვი,) რომელიც თავს ვერ ართმევდა ფრონტზე შექმნილ რთულ ვითარებას, გადააყენა ხელმძღვანელობიდან და 46-ე არმიის სარდლად დაინიშნა არტილერიის გენერალ-მაიორი კონსტანტინე ლესელიძე. გენერალმა ლესელიძემ ჩვეული ენერგიით მოჰკიდა ხელი ფრონტის 400 კილომეტრზე გაშლილი არმიის ხელმძღვანელობას. შექმნა დამატებითი ალპინისტური რაზმები, საქართველოს ალპინისტური საზოგადოებიდან გაიწვიეს სპეციალისტები. მან კარგად იცოდა, რომ ომი მთებში – ეს არის ომი გზებისთვის. ლესელიძემ შეძლო ღრმა ეშელონირებული მოგერიებითი ზღუდეების შექმნა. დანაღმეს ველები, დაუცველ ბილიკებსა და გზებს აფეთქებდნენ. არმიის სარდლის მიერ ძალების გადაჯგუფებით, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, სოფელი ფსხუ გაათავისუფლეს და ამით უზრუნველყვეს გუდაუთის უსაფრთხოებაც.
დღის წესრიგში იდგა უმწვავესი და ურთულესი ამოცანა – მტრის მიერ დაკავებული მთავარი უღელტეხილებიდან გერმანელების განდევნა და განადგურება. კონსტანტინე ლესელიძემ მიიღო არაორდინარული გადაწყვეტილება, რომელიც მსგავს ვითარებაში, მსოფლიო სამხედრო საქმის ისტორიაში თითებზე ჩამოსათვლელია. მან გადაწყვიტა, უღელტეხილებზე აემოქმედებინა არტილერია, საპალნეები, მარხილები. 3 700 მეტრ სიმაღლეზე, სადაც თოვლის საფარის სისქე ორ მეტრს აღწევდა, 46-ე არმიის მეომრებს ხელით აჰქონდათ დაშლილი ქვემეხები – ქედის მწვერვალებზე ყინულოვან ფერდობებზე… არტილერიისა და ნაღმტყორცნების ცეცხლის დახმარებით, ლესელიძის არმიის მებრძოლებმა გერმანელთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს. მტრის ჯარის ნარჩენები ყუბანის ველებისკენ განიდევნენ… ჭკვიანი და მამაცი ადამიანები, როგორიც ლესელიძე იყო, ისტორიის გაკვეთილებს სწორად აფასებენ და ითვალისწინებენ... ამით გენერალმა ლესელიძემ პირწმინდად მოიხადა ვალი არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანელი, სომეხი და ჩრდილოკავკასიელი ხალხის წინაშე“.