რატომ ცივდება მამაკაცი შვილის მიმართ, როცა მისი დედა აღარ უყვარს
მაკო (41 წლის): როგორი სულელები ვართ ქალები, როცა ვიჯერებთ ვიღაცის მოჩმახულ ნაობდვარს, რომ, თუ კაცს შვილს გაუჩენ, ის კუბოს ფიცრამდე შენი იქნება. როგორ მწარედ მეცინება ახლა ამაზე. ურთიერთობა თუ დაინგრევა, ვერანაირი შვილი ამას ვერ უშველის, გამორიცხულია. არ უნდიხარ კაცს? მაშინ, არც შვილი უნდა – აი, ეს არის რეალობა...
– ცოლ-ქმარი შორდება ერთმანეთს, მაგრამ მამაკაცები შვილებზე მაინც ზრუნავენ.
– გააჩნია, რა იქნება ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზი – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს მიზეზი – „აღარ მჭირდები“, ანუ, როცა კაცი გეუბნება და შენც ხვდები, რომ მას აღარ სჭირდები; როცა კარს გაიხურავს და მიდის, იმას ბავშვიც აღარ გაახსენდება.
– ყველა მამაკაცი ხომ ერთნაირი არ არის? ანუ, ვისაც შვილი უყვარს, ის არ მიატოვებს მას, როცა დედამისთან ყოფნა აღარ უნდა.
– სამწუხაროდ, მე ასეთი მაგალითები არ ვიცი, საკუთარი გამოცდილება კი საშინელი მაქვს. ცამეტი წელი ვიცხოვრე ქმართან. ადვილი სათქმელია „ცამეტი წელი“... მაგრამ, აბა, დღეებში გადაიყვანეთ? ეს საკმაოდ სოლიდური პერიოდია ჩვენი ცხოვრებისა. მიყვარდა, ბედნიერიც ვიყავი და საერთოდ არ ვფიქრობდი იმ უბედურებაზე, რომელიც თავს დამატყდა.
– რატომ აღვიქვამთ ქალები ჩვენი ცხოვრებიდან მამაკაცის წასვლას უბედურებად?
– მიზეზი საკმაოდ მარტივია – ქალებს გვიყვარს სტაბილურობა, გვინდა ოჯახი და მის შესანარჩუნებლად ხშირად საკუთარ ინტერესებსაც ვწირავთ. ალბათ, შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ, სხვანაირადაც რომ არ შეგვიძლია?! მე მიყვარდა ჩემი ქმარი, ძალიან მიყვარდა, მისი ერთგულიც ვიყავი და არც ახლა მაქვს სურვილი, სამაგიერო გადავუხადო და საყვარელი გავიჩინო, მიუხედავად იმისა, რომ აღარ მიყვარს. გრძნობა მოკვდა, გაქრა და ტკივილად დარჩა... ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ცოლად სხვა კაცს გავყევი და ის „ის“ არ არის.
– ანუ?
– ანუ, კაცს, რომელიც მიყვარდა, ჰქონდა იუმორის გრძნობა; იყო ყურადღებიანი, თბილი და ალერსიანი; უყვარდა ჩემი გაოცება – საოცარ სიურპრიზებს მიკეთებდა, მიუხედავად იმისა, მაშინ ფინანსური შესაძლებლობები გაცილებით მწირი ჰქონდა. დღეს ბევრი ფული აქვს, მაგრამ, ჩემი დაბადების დღეს ვინ ჩივის, შვილის დაბადების დღეც არ ახსოვს, ან, არ უნდა, რომ ახსოვდეს... გულახდილი რომ ვიყო, მე არც გათხოვებისთვის ვიყავი მზად და არც შვილის გაჩენისთვის. შეიძლება, გიკვირთ – რა სისულელეს ბოდავს ეს ქალიო. აგიხსნით: დარწმუნებული არ ვიყავი საკუთარ გრძნობაში და ამას ამდენი წლის შემდეგ ვამბობ. თვითონ კი იყო შეყვარებული და გადარეული. ისეთ ფოიერვერკებს მიწყობდა, დაფიქრების საშუალება არ მომცა. გავყევი ცოლად და ძალიან მალე დავორსულდი. გამოგიტყდებით, ესეც არ გამხარებია – მე მინდოდა, დიდხანს გვეცხოვრა ერთად, უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი, ხასიათები შეგვეწყო, სიყვარულით დავმტკბარიყავით, ბოლოს და ბოლოს... ჩემი ქმარი გამინაწყენდა – ბავშვი როგორ არ გიხარია, ამაზე დიდი ბედნიერება რა შეიძლება იყოსო... ახლა რატომ არ არის შვილი მისთვის ბედნიერება, უკვე აღარ ვიცი.
– თქვენ ფიქრობთ, რომ კარგად არ იცნობდით ადამიანს, ისე გაჰყევით ცოლად და ამიტომ შეგექმნათ პრობლემები?
– არა, ასე არ ვფიქრობ. უკეთ მაინც ვეღარ გავიცნობდი, რადგან ის ან კარგად მალავდა თავის ჭეშმარიტ სახეს, ან დღემდე თავადაც არ იცის, რა უნდა სინამდვილეში. ფაქტი ერთია – ჩემთან ყოფნა აღარ უნდა და არც შვილი უნდა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე...
– სხვა ქალი?!
– დიახ, სხვა ქალი. შეიძლება, ქალებიც... აღარ ჩავღრმავებივარ და ჩავძიებივარ. რა მნიშვნელობა აქვს, ერთთან მღალატობს, ორთან თუ ათთან? ღალატიც არ არის ყველაზე დიდი უბედურება და, გეტყვით, რასაც ვგულისხმობ: კაცები ღალატობენ ცოლებს, მაგრამ ასე მაინც არ იქცევიან. საერთოდ გაცივდა ჩვენ მიმართ, თითქოს უნდა, რომ გავქრეთ. პირველი ორი წელი ძალიან იყო ბავშვზე მიწებებული, გიჟდებოდა მასზე, მოვლას არ მაცდიდა, ღამეებსაც კი უთენებდა. ასე მგონია, მაშინ სხვა ადამიანი იყო და ახლა შემიცვალეს. მე ცოტა სხვანაირი ადამიანი ვარ – მუდმივად მაქვს ემოციების, ვნებიანი „აფეთქებების“, დღესასწაულების მოთხოვნილება... ყურადღებაც მჭირდებოდა ქმრისგან, სითბოც, ალერსიც, ვნებაც.. მერე რა, რომ 18-20 წლის აღარ ვარ? ქალი ვარ და, თუკი მამაკაცი ჩემ გვერდით არის, ამას უნდა ვგრძნობდე. ჩემმა ქმარმა არც კი სცადა, ისე ეღალატა, მე ნაკლებად დავეზარალებინე.
– ასეთი რაღაც შესაძლებელია?
– რატომ არ არის შესაძლებელი? მე არ ვყოფილვარ ისეთი ცოლი, რომელიც ქმრის ჯიბეებში იქექება. თვალებსაც დავხუჭავდი, თუკი მისგან სიყვარული, სითბო და ყურადღება მექნებოდა... მისმა გულცივობამ ისე დამღალა, რომ მუდმივად გაღიზიანებული ვიყავი, ნერვებს ვერ ვთოკავდი და ყველაფერზე ვყვიროდი, ჩემი ქმარი კი ჩუმად იყო – აღარ რეაგირებდა, შეეჩვია და შეეგუა... მე არ ვიდანაშაულებ თავს და არ ვიტყვი, რომ მე ვაიძულე, სხვა ქალის მკლავებში ეძებნა სითბო და სიყვარული. რატომ მიმიყვანა ამ ზომამდე? რატომ დამინგრია ნერვები? რატომ აღარ მაქცევდა ყურადღებას? მან უფრო ადრე გაიჩინა საყვარელი, ვიდრე მე ნერვული აფეთქების ზღვრამდე მივიდოდი. მეც და ბავშვიც „დაგვიკიდა”. სტუმარივით იყო სახლში – მოვიდოდა და იჯდა მუნჯივით, თითქოს, რაც სახლში ხდებოდა, მას საერთოდ არ ეხებოდა. ოჯახურმა ჭაობმა ძალიან ღრმად ჩამითრია, თითქმის ბოლომდე ჩავეფალი და როცა მიმოვიხედე, მივხვდი, რომ სრულიად მარტო აღმოვჩნდი. ჩემი შვილი პატარა ბავშვი აღარ არის, 12 წლის გახდა, მაგრამ, მაინც ძალიან მიჭირს, ავუხსნა, სად დაიკარგა მამამისი. ძალიან უყვარს და ენატრება.
– დაურეკეთ, უთხარით, რომ ბავშვს ენატრება...
– ერთხელ დავურეკე და ძალიან ვნანობ ამას. მითხრა, ბავშვი არაფერ შუაშია, შენ გინდა, რომ დამიბრუნო, ამიტომაც ბავშვით მანიპულირებ, ბინძურ ხერხებს მიმართავო. ისე გავმწარდი, ლამის ხმამაღლა ვიტირე. ეს როგორ მითხრა? მაშინ დავრწმუნდი, რომ საერთოდ არაფერში ვჭირდები. მართლა რომ გავქრე და ავორთქლდე, მხოლოდ გაუხარდება. გაუცივდა ჩემ მიმართ გული და აღარც ჩემთან გაჩენილი ბავშვი უნდა – ამაშია საქმე.
– მატერიალურადაც არ გეხმარებათ?
– არა. საერთოდ არ ვაინტერესებთ. მიკვირს, ასეთი უგულო რანაირად არის. რა დავუშავე, ან შვილმა რა დაუშავა, რომლის მეტი არავინ ჰყავს. მოკლედ, შოკში ვარ და სრულიად საფუძვლიანად ვამბობ, რომ ეგ კაცი არ ყოფილა.