გაშიფრე მოღალატე
ქალების უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სრულფასოვანი ნდობა საკუთარი მეუღლის მიმართ და მართლებიც არიან... როგორი დარწმუნებულიც არ უნდა იყოთ კაცის სიყვარულში, მაინც ვერ დატოვებთ მას მარტო დიდი ხნით... თუ სტატისტიკას ვენდობით, ცოლების 40 პროცენტი გაუშვებდა მეუღლეს მივლინებაში დიდი ხნით ისე, რომ მხოლოდ ცოტათი ინერვიულებდა.
9,2 პროცენტს ძალიან ეშინია ასეთი განშორების და სიმშვიდისთვის ამჯობინებს, ქმარს უკან გაეკიდოს.
ქალების 18,5 პროცენტი დარწმუნებულია, რომ, თუ ქმარი სადმე მარტო გაემგზავრება, აუცილებლად უღალატებს, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობს მხოლოდ იმიტომ, რომ მამაკაცის რისხვა არ გამოიწვიოს.
12 პროცენტი ცოლებისა კი საკმაოდ უცნაურად ფიქრობს: „რაც უნდა, ის უქნია, მთავარია, მე ვერაფერი გავიგო!“
უნდა ენდობოდეთ თუ არა ქმარს – ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ, მაინც გაითვალისწინეთ:
* მოღალატეების უმრავლესობა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ ეს იყო უმნიშვნელო ინტრიგა და კონკრეტულ მომენტში იმ სხვა ქალისგან მხოლოდ ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდა... აბა, რა სისულელეა, რომელ სექსზეა აქ ლაპარაკი?!
* გახსოვდეთ: მოღალატე მამაკაცების 74 პროცენტი ამას აკეთებს კარგად ნაცნობ ქალბატონებთან, რომლებიც ხელის გაწვდენაზე არიან მათგან. შემთხვევით „ნაპოვნი“ საყვარელი დიდი იშვიათობაა, რომანი ხომ, უბრალოდ, სასაცილო...
* მამაკაცებს „ღალატის დროც“ კი მეტ-ნაკლებად განსაზღვრული აქვთ – კვირის სამუშაო დღეები. რა თქმა უნდა, როგორც „ჭეშმარიტ მეოჯახეს“ შეეფერება, მოღალატე მამაკაცი გამოსასვლელ დღეებს ოჯახთან ერთად ატარებს...
არ ესმის? – აუხსენი
მამაკაცების უმრავლესობას ძალიან უჭირს, გაუგოს ქალს... გაიგოს მისი გრძნობების, ემოციების, სურვილების შესახებ... ისედაც, ადამიანებს არ გვეადვილება ერთმანეთის გაგება, რადგან ზოგჯერ თითქოს სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ... არადა, თითქოს გვიყვარს ერთმანეთი, თითქოს გვინდა ერთმანეთის გვერდით ყოფნა... შეიძლება, ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა ფასეულობები გაგვაჩნია, მაგრამ, ერთად ყოფნის სურვილი ხომ უფრო ძლიერი უნდა იყოს?!..
თუ ხედავთ, რომ თქვენი სიტყვები მამაკაცამდე ვერ აღწევს, სრულიად გაიგნორებთ და არც კი ცდილობს, გაგიგოთ, თქვენც ზუსტად ასევე მოიქეცით, მაგრამ, ყოველგვარი ღვარძლისა და თვითკმაყოფილების გამოვლენის გარეშე, ანუ, მოერიდეთ კონფლიქტსა და სიტუაციის გამწვავებას. მამაკაცს თქვენი ყურადღება უნდა მოაკლდეს, თუმცა, არ უნდა იგრძნოს, რომ ძალიან ხართ მასზე გაბრაზებული. როცა მიხვდება, რომ ის აღარ დგას პირველ ადგილზე, არც სამყაროს ჭიპია და არც ამომავალი მზე, აუცილებლად შეცვლის თქვენ მიმართ დამოკიდებულებას. დაე, იგრძნოს, როგორია, როცა საყვარელ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებ და, უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებზეც ჰკიდიხარ. თუ საყვედურს გამოთქვამს, ძალიან რბილად და მშვიდად აუხსენით, რატომ იქცევით ასე... აი, შემდეგ კი საქმიანად, ემოციების გარეშე დაელაპარაკეთ – როგორ გადაანაწილებთ დროს ისე, რომ არც თქვენი პირადი სივრცე დაზარალდეს და არც ურთიერთობა...
ქცევის კონკრეტული მოდელი არ არსებობს. თქვენმა შინაგანმა ინტუიციამ უნდა გიკარნახოთ, როდის და როგორ მოიქცეთ: როდის გაებუტოთ, როდის მშვიდად აუხსნათ და როგორ უნდა გაიგოს თქვენი სიტყვების მნიშვნელობა...
ყველაზე...
ყველაზე...
ყველაზე...
რა უნდა ქალს, როცა ის თხოვდება? განსაკუთრებული არაფერი – იყოს თავისი მამაკაცისთვის ერთადერთი; ყველაზე და ყველაფერზე საჭირო და მნიშვნელოვანი; ყველაზე, ყველაზე საყვარელი... ეს ბევრი არაა, ხომ მართალია?! მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ ქალის სურვილად და ოცნებად რჩება. „პირველობა“ შეუძლებელი ხდება, რადგან მამაკაცებს კიდევ უამრავი პრიორიტეტი აქვთ, რაც მათ ბუნებრივად მიაჩნიათ და ძალიან უკვირთ, როცა ქალი უკმაყოფილოა. ეს ორმხრივი გაუგებრობა არცერთის ბრალი არის და ორივეს ბრალიც არის... თუ მამაკაცს დამოუკიდებლად არ შეუძლია, გამიჯნოს პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტებს შორის დრო თანაბრად გადაანაწილოს, მაშინ მის მაგივრად ეს თქვენ უნდა გააკეთოთ. ისე ნუ მოიქცევით, რომ თქვენი საყვარელი მამაკაცი პრიორიტეტებს შორის გაიხლიჩოს – ეს მის ფსიქიკაზე ნეგატიურად იმოქმედებს და ურთიერთობასაც ცუდად დაეტყობა: დაიწყება უთანხმოება, კინკლაობა, კამათი და ჩხუბი წვრილმანებზე... თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახდე საყვარელი მამაკაცისთვის „ყველაზე... ყველაზე...“, – მიუღწეველია. თქვენ ეს აუცილებლად გამოგივათ, თუკი სწორ ტაქტიკას შეარჩევთ და თქვენს ურთიერთობაში მახვილკუთხეებიან სამკუთხედს გამორიცხავთ. ზეგავლენის მოხდენა მამაკაცზე არც ისე რთულია, ვიდრე ჩანს. მოთმინება, სითბო და სიყვარული – ეს ის იარაღია, რომელიც ამ ბრძოლაში გამოგადგებათ. მამაკაცმა თავი მსხვერპლად კი არა, „ყველაზე, ყველაზედ“ უნდა იგრძნოს და მაშინ თქვენც „ყველაზე... ყველაზე...“ გახდებით მისთვის.
და... მოფრინდება
ჯადოქარი...
როცა ჯადოსნური ზღაპრების გჯერა, ცხოვრება გაცილებით მხიარულია... უკეთესიც, რა თქმა უნდა. კეთილი ფერია მარტო ბავშვებს კი არა, ჩვენც ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, არანაირი ჯადოქარი ჩვენთან არ მოვა, მაგრამ შეგიძლია, საკუთარი თავის ფერია და ჯადოქარი თავად გახდე. მაგალითად, გაუკეთეთ სიურპრიზი საკუთარ თავს. იყიდეთ თუნდაც უმნიშვნელო ნივთი, რომელიც თქვენი სიამოვნებისთვის იქნება განკუთვნილი. არ არის აუცილებელი, ამ ნივთის რეალური, მატერიალური ღირებულება ჰქონდეს. მთავარია, მიიღოთ სიამოვნება თქვენ. სიამოვნება კი ფულით არ იზომება.
დააკვირდით ბავშვებს... რით განსხვავდებიან ისინი ჩვენგან? უხარიათ უმნიშვნელო წვრილმანები... უხარიათ კარგი ამინდი და გართობაც არ ეზარებათ... თამაში, ჰობი, გართობა – ეს ყველაფერი ძალიან კარგია და პოზიტივის მომტანი. იყავით ხალისიანი, ბუნებრივი და ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველი დღე საჩუქარია, რომელიც სიამოვნებისთვის უნდა გამოიყენოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმეზე, სამსახურზე არ იფიქროთ. მხიარულება პასუხისმგებლობის დავიწყებას არ ნიშნავს. ნურასოდეს უსაყვედურებთ თავს იმისთვის, რომ ერთ საღამოს სახლის დალაგების მაგივრად, გაისეირნეთ და გაერთეთ. ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოთ. მაშინ კი, მართლა მოფრინდება კეთილი ფერია, რომელიც მთავარ სურვილს შეგისრულებთ.