რა პერიოდში აღწევს პიკს ადამიანის ემოციურობა და რა გავლენას ახდენს მუსიკის ჰანგები ბინის აურაზე
შესაძლოა, სტუმარმა ბოროტი ენერგია შურის გამო, იმ დოზით გადმოაფრქვიოს თქვენს საცხოვრებელში, რომ უნებლიეთ უიღბლობის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, სახლის დაცვა ასეთი შურიანი ადამიანების თვალისგან კარიდან უნდა დაიწყოთ. სახლის კარზე დაამაგრეთ ნალი. ის კარგად ებრძვის ავ თვალს და მას კარის შიგნით, სახლში არ უშვებს. ასევე, კარგია თუ ეკლიან ქოთნის ყვავილს შემოსასვლელში დადგამთ. ეცადეთ, თქვენი გასაღების აცმა შურიანი ადამიანების მზერას მოარიდოთ. ასე, გაქურდვისგან იქნებით დაცული.
სანამ ახალი მთვარე გამოანათებს ცის კაბადონზე, ის რკალის სახით ჩნდება. ამ დროს მთვარეს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენზე. ამ პერიოდში აუცილებელია არასასურველი კავშირებისგან გათავისუფლება, არასაიმედო ადამიანებისგან თავის დაღწევა. როცა ცაზე ახალი მთვარის რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა ნელდება და იკლებს შრომისუნარიანობა. ამ დროს იმუნიტეტიც ქვეითდება და დიდია დეპრესიისა და აგრესიის ალბათობა.
მზარდი მთვარის პერიოდში კი კარგია რომანტიკული შეხვედრები, ასევე, ეს პერიოდი იღბლიანი და წარმატებების მომტანია საქმიან სფეროში. ამ დღეებში უნდა გამოიჩინოთ მეტი ყურადღება გარემოებების მიმართ. დაუშვებელია კონფლიქტები, მოუთმენლობა და სულსწრაფობა. ამ დროს იზრდება ემოციურობა და მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა.
როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს, ამ დროს ხდება ენერგიის მატება. ადვილი შესაძლებელია ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა. უნდა იმოქმედოთ თამამად.
სავსემთვარეობის პერიოდში, ადამიანი აფორიაქებულია, ნერვული სისტემა დაძაბული აქვს. ამ პერიოდში დიდია ჩხუბის, კამათის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა. ეს დრო მშვიდად და წინდახედულად უნდა განვლოთ. სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტ ვნებასა და ემოციურ ელფერს იძენს.
სავსე მთვარის პერიოდი, შეძლებისდაგვარად, სახლში, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ და დაისვენეთ.
საჭიროა, იცოდეთ, სახლში საიდან შემოედინება დადებითი ენერგია და გაედინება უარყოფითი.
შესასვლელში დაკიდეთ ზარები, რადგან მათი ჟღარუნი ნეგატიურ ენერგიას ანეიტრალებს და წმენდს დაბინძურებულ აურას, რაც სახლში სწორედ ამ ადგილას გროვდება. კრისტალი კი ყველაზე ძლიერი თილისმაა და ის, ანეიტრალებს ნებისმიერ უარყოფით ენერგიას. დადებით ენერგიას ასხივებს, ასევე, ებრძვის კოსმოსიდან წამოსულ ნეგატიურ ძალებს. კრისტალი ხშირად, ცოტა ხნით მზეზე გაიტანეთ, რომ ის კოსმოსიდან წამოსული პოზიტიური ენერგიით აივსოს და შემდეგ შეიტანეთ სახლში. ამით ოჯახში მზისა და კოსმოსის პოზიტიურ ენერგიებს შეიტანთ.
ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ მუსიკის ჰანგები, ბინაში როგორც დადებით, ისე უარყოფით ენერგიებს იზიდავს. ზოგადად კი, მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენზე. მას შეუძლია, დაგვეხმაროს სულიერი წონასწორობის აღდგენაში, ინტელექტი გაგვივითაროს, განგვკურნოს, მოგვიხსნას ტკივილი – ეს ძალა მუსიკას ნამდვილად გააჩნია.
თუ გსურთ, ნებისმიერი მელოდიიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოქმედებს უფრო მეტად და, კერძოდ, რა გავლენას ახდენს. თუ ადამიანმა იცის, რომელი მუსიკა რა გავლენას ახდენს მასზე, შესაძლოა, ამით საკუთარი ბედიც კი შეცვალოს უკეთესობისკენ. თუ გსურთ, ზედმეტი წონა მოიშოროთ და იდეალურ ფორმაში ჩადგეთ, ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამის დროსაც კი უსმინეთ მუსიკას.
თუ იცით, რომ მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე გელით, დილიდანვე ჩართეთ სახლში ენერგიული მუსიკა.
თუ ღამით ცუდად გეძინათ და ვერ გამოიძინეთ, მოკალათდით სავარძელში და მშვიდ, წყნარ მელოდიას მოუსმინეთ – ის თქვენს აგზნებულ ნერვულ სისტემას მალამოდ დაედება. მაგრამ, თუ ასეთ მუსიკას დიდხანს მოუსმენთ, შეიძლება, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.
სტრესის დროს კარგია საგალობლების მოსმენა – ის ორგანიზმისა და ნერვული სისტემის დამშვიდებას უწყობს ხელს.
ბახისა და ვივალდის წყნარი მელოდიები დაბალ ხმაზე ჩართეთ და უსმინეთ მუშაობის ან სწავლის დროს.
ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და აღქმის უნარს.
შოპენის, ლისტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები კარგია შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან ის აღვიძებს და მკვეთრად აძლიერებს ურთიერთსიმპათიას, გულწრფელ გრძნობებს.
რაველის მუსიკა აღვივებს სასიამოვნო განცდებს.
ჯაზი, ბლუზი და სხვა აფრიკული მიმდინარეობები მეგობრულ წრეში შეხვედრების დროს მხიარულ განწყობას უწყობს ხელს.
როკის ჟანრის მუსიკა გვაახლოებს კოსმიურ ძალებთან, აფხიზლებს გრძნობებს, ამაღლებს აქტიურობის უნარს და თავის ტკივილსაც კი აყუჩებს. მაგრამ, თუ გადაჭარბებული დოზით მოუსმენთ, მაშინ კოსმოსიდან დაგიბრუნდებათ უარყოფითი, ნეგატიური ზეგავლენა და, შესაძლოა, ამან დაძაბულობა და სტრესიც კი გამოიწვიოს. რეპი კი, აღადგენს ენერგიას.