რატომ არ უნდა ერეოდნენ მოძღვრები ცოლ-ქმრის ცხოვრებაში და ვისი აზრები უნდა გავითვალისწინოთ განსაცდელში, გაურკვევლობაში ყოფნისას
– მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველთვის საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს იმ მოვლენებში, რომელიც მის ირგვლივ ხდება. როდესაც მაცხოვარს მოახსენეს, რომ გოდოლი გადმოინგრა და ასეულობით ადამიანი გარდაიცვალა, მრავალი უბედურება დატრიალდა, მაცხოვარმა მათ უთხრა: არ გეგონოთ, რომ ისინი თქვენზე ცოდვილები იყვნენ და იმიტომ გარდაიცვალნენ. ჭირი ყველასთავის საერთო უნდა იყოს. შენ შეიძლება „კარგად“ ლოცულობ, ამდენი ეკლესიაა დღეს მოქმედი, მაგრამ ჩვენი ქრისტიანობისა და ლოცვის ხარისხი არ მგონია, დამაკმაყოფილებელი იყოს. ღმერთი კი, არ შეიძლება, დამსჯელ არსებად წარმოვიდგინოთ, რომელიც ზის და ჩვენს დასჯას ცდილობს. სიყვარული – ღმერთი როგორ შეიძლება, დამსჯელი არსება იყოს?! ის არ არის ჯალათი, არავის სჯის. თავად უნდა დავუკვირდეთ ჩვენს სულიერ მდგომარეობას, ჩვენს სისუსტეებს. ეკლესიური ადამიანის დანიშნულებაა, ნელ-ნელა უკეთესი გახდეს. ადამიანები აღსარებაზე მოძღვარს მიაწვდიან ფურცელზე დაწერილ აღსარებას. წაიკითხავს მოძღვარი და თითქოს ყველაფერი კარგად არის. თუ შენ ცოდვას არ განიცდი და მიდიხარ მოძღვართან, რომ ანგარიში ჩააბარო, ასე, უბრალოდ, არაფერი იცვლება. შენდობის ლოცვას კი კითხულობს მოძღვარი, მაგრამ არანაირი შენდობა არ ხდება. რამდენჯერ უნდა გაპატიოს, აღარ უნდა გააკეთო და მაინც აკეთებ. ასეთ მდგომარეობაში გინდა, იარე ეკლესიაში, გინდა – არა. უკვე აზრი აღარ აქვს ამ ყველაფერს, თუ ისევ იგივეს სჩადიხარ.
– ადამიანებს უჭირთ გონებაში შემოჭრილ აზრებთან გამკლავება.
– ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად შეუშვებს ის აზრებს თავის გონებაში. პირდაპირ მრუში, ქურდი არავინ ხდება. ეშმაკი არასდროს ისვენებს – ფიქრობს, რადგან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. იცის, რომ მალე მოვა ანტიქრისტე და ხალხს მასთან შესახვედრად ამზადებს. დღეს მთელი კაცობრიობა, მთელი ნეოწარმართიზმი ემზადება ანტიქრისტესთან შესახვედრად. ვისაც არ ჰყავს მესია, ის ელოდება ანტიქრისტეს. ჩვენ, რომ გვეტყვიან ქრისტე მოვიდაო, უნდა ვუთხრათ, რომ ქრისტე უკვე მოსულია და მეორედ მაშინ მოვა, როცა ყველა დაინახავს. ადამიანი თავად უნდა ხვდებოდეს, რომელი აზრია მასში ცუდი, რომელი – კარგი, ან წარმართული, წარმწყმედელი და მაცხოვნებელი, ქრისტიანული. ეს რომ გაიგოთ, წმიდა მამების ქადაგებებს უნდა უსმინოთ, ეკლესიის გამოცდილება უნდა იცოდეთ. მეც, როდესაც პრობლემები მაქვს, მაშინვე ვფიქრობ: ნეტავ, რას ამბობს ახლა მასზე ბასილი დიდი, ათანასე დიდი და არა მამა გიორგი ან რომელიმე თანამედროვე მამა (რომლებიც დღეს მაპატიეთ და მოდაში არიან, მრევლი რობოტივით იმეორებს მათ აზრებს: თურქეთი ჩაიძირება, ამერიკა აღარ იარსებებს). ვფიქრობ იმაზე რასაც დიდი მამები ქადაგებდნენ. მინდა გითხრათ, ესაა 12 მუხლი, რომლის მიხედვითაც გავიგებთ, როგორ ებრვის ბოროტი ძალა ადამიანს. ეშმაკი არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩლიქებიან, რქებიან არსებად. ეშმაკი ძალიან გონიერი სულია, მას ვერ დახატავ, ვერ გადაუღებ სურათს, რადგან არამატერიალურია. ის მოდის შენში აზრებით.
– რა არის ეს 12 მუხლი?
– 1. სუსტ ადამიანს ბოროტი სისუსტეებით ესხმის თავს. მაგალითად, ჩვენი სისუსტეებია: არ შემიძლია ლოცვა, არ შემიძლია ეკლესიაში წავიდე, არ შემიძლია ეს ან ის. სუსტი ხარ და არ შეგიძლია. ამ დროს უნდა მიხვიდე, ეკლესიაში და ილოცო: მოხედე უძლურებასა ჩემსა. თუ შენ უძლურებას, სისუსტეს არ აღიარებ, ვერ განიკურნები. რაც არ ხარ, ის არ უნდა გეგონოს თავი. უნდა აღიარო, რომ სუსტი, გლახაკი ხარ სულითა და ასე დაიწყო ლოცვა, მარხვა. 2. ძლიერს ებრძვის ვნებებით – შენ ძლიერი ხარ, შენ უნდა იყო სამსახურში უფროსი, შენ უნდა იყო მღვდელი, შენ უნდა იყო სტიქაროსანი, მინისტრი და ასე შემდეგ. ამ დროს მოდის ცდუნება და რომ ვერ აღწევს ადამიანი იმას, რასაც ჰგონია, რომ აუცილებლად მიაღწევს, უბედური ხდება, სასოწარკვეთილებაში ვარდება. 3. გონიერს ცდომილებებით ებრძვის. გონიერება, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, მაგრამ ამ დროს სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება. 4. სულელებს – სიჯიუტით: როცა ადამიანს ელაპარაკებიან და არ ესმის, სულელია. სუ-ლელი – ანუ რაღაცას ელი. ამ დროს მოსულია ქრისტე, შენ კი მაინც რაღაცას ელი. არ გინდა, ეკლესიაში მიხვიდე, გაიგო, რას გეუბნება მშობელი, ეკლესია, მოძღვარი. ზიხარ, ტელევიზორს უყურებ და ახალ ამბებს ელოდები. ნუ ხარ ჯიუტი, სულელი და არ მოტყუვდები. ახალს ეშმაკი ვერაფერს გამოიგონებს, ყველაფერი წერია გამოცხადებაში. 5. მართალს – სამარცხვინო ოცნებებით. მართალ ადამიანს, რომელიც პატიოსანია, იცავს კანონებს, მას ეშმაკი ოცნებებით ესხმის თავს. როგორც კი თავი მართალი გეგონება, მაშინვე შემოდის შენში ოცნება, წარმოსახვა. ყველა მეოცნებე, მართალი მოტყუვდება, როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება. 6. დასაქმებულს – უსულგულობით. ვინც დასაქმებულია, უსულგულობაში ნუ იქნება: დაგვიანება, სამსახურის გაცდენა, საათების მოპარვა, საქმის უსულგულოდ გაკეთება. მადლობა უთხარით ღმერთს, რომ ხელფასი გაქვს. 7. სწავლულს – ურწმუნოებით. ბევრი თანამედროვე თეოლოგია, რომელმაც ბევრი ისწავლა, მაგრამ რწმენა დაკარგა. ეკლესია არ კრძალავს შემეცნებას, კითხვას, მაგრამ ფრთხილად იყავი, ისეთი რამ არ წაიკითხო, რაც შენს სარწმუნოებაზე ცუდად აისახება. ცხოვრების გარეშე სწავლულება არის ამპარტავნება. ცხოვრება სწავლების გარეშე კი არის ბევრი შეცდომის დაშვება. მოდი, ჯერ სიყვარული და თავმდაბლობა ვისწავლოთ და მერე ღვთისმეტყველების სიღრმეებში ჩავიდეთ. 8. უმეცარს ცრურწმენებით ებრძვის – როცა უმეცარია ადამიანი, ის საშინელ მდგომარეობაშია, აცხადებს: არ ცოდნა არ ცოდვაა, ცრურწმენებშია. 9. პატიოსანს – თავმოყვარეობით. ასეთი ადამიანი ბევრი გვყავს. ისინი ამბობენ: მე არ მჭირდება ეკლესია, მოძღვარი, აღსარება, პატიოსანი ვარ. ესენი ზნეობრივი ადამიანები არიან, მაგრამ ზნეობა ვერ გვაცხონებს. ისინი ხშირად არიან ამპარტავნებაში, ხიბლში. „ძალიანკარგობა“ კი ადამიანს უცვლის საკუთარ თავზე წარმოდგენას. იმაზე უკეთესი ჰგონიათ თავი, ვიდრე არის. 10. ოჯახში – შვილების მშობლებთან განხეთქილებით. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია. არასწორად აღზრდილი შვილი, არასწორად მოსიარულე ეკლესიაში, არასწორად განსწავლული და დარიგებული შვილი, ბომბია სახლში. თუ შვილს მკაცრად არ მოექცევი, არ დასჯი, მერე უკვე მას სხვები დასჯიან. 11. მთელ საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს სიახლებისადმი ჟინით, დაუმორჩილებლობით, არამართლმსაჯულებითა და განხეთქილებით ებრძვის. განხეთქილება ოჯახში განსაკუთრებით რთული თემაა – ეს არის უსიყვარულობა, უპატივცემულობა, არაადამიანური ურთიერთობა. ეკლესია არასდროს კრძალავს ცოლ-ქმრის ურთიერთობას, გარდა შეთანხმებისა. ბევრი მოძღვარი ცოლ-ქმარს ლოგინში უძვრება და ეუბნება: ახლა იცხოვრეთ, ახლა არ იცხოვროთ. შენ არ გაქვს ამის უფლება. პავლე მოციქული ამბობს: ნუ განეშორებით ერთმანეთს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ორივე მხარე ხართ თანახმა და თუ გსურთ, სიწმიდეში ილოცოთ, იმარხულოთ. თუ მეორე მხარე არ არის მარხვაზე, უნდა დაემორჩილოს მას მმარხველი ადამიანი, რომ ოჯახი არ დაინგრეს, დაძაბულობა არ იყოს ოჯახში. ამაში არავინ არ უნდა ჩაერიოს, არც მამაო, არც დედაო, არც მამა და არც პაპა. ასეთი სწავლებაც კი გაჩნდა, რომ საძინებელში ხატი არ შეიძლება. რატომ, ვინ მოიგონა ეს, შენს ცოლთან არ ცხოვრობ? პირიქით, ხატები ყველგან უნდა იყოს, რომ მადლი და სიყვარული სუფევდეს ოჯახში. 12. მთელ კაცობრიობას – საღვთო მოძღვრებისადმი ზურგშექცევით, ამსოფლიურისადმი მიჯაჭვულობითა და ღვთისადმი გულის გაციებით. ეს არის დასკვნა იმისა, რატომაც სჭირს ეს ყველაფერი ჩვენს სამყაროსა და ადამიანებს.