ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი
რუსეთის ეკლესია თავისი უდიდესი სიწმიდის – ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის ხსენებას წელიწადში სამჯერ, 21 მაისს, 23 ივნისს და 26 აგვისტოს აღნიშნავს. სამჯერ იმის გამო, რომ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, რუსეთი სამჯერ იყო სასწაულებრივად დახსნილი მტერთაგან.
გადმოცემით ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი. სახატე ფიცარი კი დამზადებულია იმ მაგიდისგან, რომელზეც მაცხოვარი, ღვთისმშობელი დედა და მართალი იოსები სადილობდნენ. ხატი ჯერ კიდევ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრებისას არის დაწერილი და ის მას თვით მადლმოსილმა ხატმწერმა მიართვა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ხატის ხილვისას თავისი წინასწარმეტყველური სიტყვები გაიმეორა: „ამიერიდან მნატრიდენ ყოველი ნათესავი“ და დასძინა – „მადლი ჩემგან შობილისა და ჩემი ამა ხატსა ზედა“.
450 წელს ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი უმცროსის დროს, ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს, ხოლო მეთორმეტე საუკუნეში – კონსტანტინეპოლიდან კიევში. ხატი კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, ლუკა ქრიზოვერსმა კიევის დიდ მთავარს, იური დოლგორუკს გაუგზავნა. დოლგორუკმა კი ის ქალაქ ვიშგოროდის დევიჩის მონასტერში დააბრძანა. მალე ხატმა უდიდესი სასწაულებით გაითქვა სახელი.
1155 წელს თავადმა იურიმ ქალაქი ვიშგოროდი თავის ძეს, ანდრიას უბოძა. ვიშგოროდის სავანის ღვთის მსახურებმა ერთ დღეს ტაძარში შესვლისას საოცარი რამ იხილეს. ხატი თავისი ადგილიდან დაძრულიყო და ტაძრის შუაგულში, ჰაერში იყო გაჩერებული. მათ ხატი ისევ თავის ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ ხატი კვლავ ჰაერში იხილეს. თავად ანდრიას მოახსენეს, რომ სასწაულმოქმედ ხატს იქ, სადაც დასვენებული იყო, ყოფნა არ ეწადა. თავადმა გაიფიქრა: „იქნებ ხატს სუზდალის მიწაზე სურს ყოფნა?“ თავადი ანდრია უკვე დიდი ხანი იყო, რაც როსტოვის ოლქში კიევისგან დამოუკიდებელი სამთავროს შექმნას ფიქრობდა. თავადმა ხატის წინ დიდხანს ილოცა, შემდეგ მამის უცნობლად, ის ვიშგოროდიდან ღამით წააბრძანა და სუზდალის გზას დაადგა. გზაში მან ხატის მრავალი სასწაული იხილა. თავადს ქალაქ ვლადიმირში, მდინარე კლიაზმის პირას ადგილობრივი მცხოვრებლები დიდი სიხარულით მიეგებნენ. ამის შემდეგ თავადი როსტოვისკენ გაემართა, მაგრამ ვლადიმირიდან 10 ვერსის დაშორებით, ცხენები, რომლებიც საზიდრით ხატს მიაბრძანებდნენ, მოულოდნელად გაჩერდნენ და ადგილიდან ფეხი აღარ მოიცვალეს. მთავრის ბრძანებით, საზიდარში სხვა ცხენები შეაბეს. მაგრამ კვლავ იგივე განმეორდა. ხატის წინ მხურვალე ლოცვის შემდეგ მთავარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან ბრძანება მიიღო, ხატი ვლადიმირში დაებრძანებინა. მთავარმა ვლადიმირში დაუყოვნებლივ ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ორი წლის შემდეგ 1160 წელს მშენებლობა დასრულდა. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აკურთხეს და ზეციური დედოფლის ხატი მასში დაასვენეს. ამ დღიდან ხატს ვლადიმირის ღვთისმშობლის სახელი ეწოდა. ამის შემდეგ ხატი კვლავ მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.
ვლადიმირის ხატისადმი რწმენა ერში იმდენად დიდი იყო, რომ რუსეთის მთავრები მას ყველა დიდ ლაშქრობაში თან დააბრძანებდნენ და მისი შემწეობით მტერს იოლად ამარცხებდნენ. ასე იყო ვოლგისპირეთის ბულგარელებთან ომის დროსაც, როდესაც მთავარ ანდრია ბოგოლუბსკის მხედრობამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შემწეობით, მოწინააღმდეგე დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ ცხოველმყოფელი ჯვრიდან და ვლადიმირის ხატიდან რუსთა მხედრობას სასწაულებრივი ნათელი მოეფინა (1664 წლიდან იხსენიება 1 აგვისტოს).
1185 წლის 13 აპრილს ვლადიმირის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა. ტაძარი მთლიანად დაიწვა. დაიწვა ყველა ის სიმდიდრე, რომლითაც ტაძარი იყო შემკული. ხანძარს მხოლოდ ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადაურჩა.