ჭეშმარიტი სარწმუნოება
უშიშარი მღვდელმთავარი
იმპერატორ დიოკლეტიანეს ეჭვი აღეძრა, რომ ნიკოდიმიაში მისი სასახლე ქრისტიანებმა გადაწვეს და ქრისტიანების იმდენად სასტიკი დევნა დაიწყეს, რომ არა მხოლოდ შუაზე გლეჯდნენ, ცეცხლში წვავდნენ, ზღვაში ახრჩობდნენ, არამედ გარდაცვლილ ქრისტიანთა სხეულებს საფლავებიდან თხრიდნან, რათა მათაც ცოცხლებივით მოქცეოდნენ. იმ დროს წმიდა ანთიმოზი ფარულად ცხოვრობდა სემანში და არ ჰქონდა საშუალება, პირადად ესაუბრა საპატიმროში მყოფ ქრისტიანებთან, წერილებით ამხნევებდა მათ რწმენაში. ღვთის მოსაგრე სიკვდილს როდი გაურბოდა, არამედ შიშობდა, რომ თუ სხვებზე ადრე მიიღებდა მოწამეობრივ გვირგვინს, მისი სამწყსო მოძღვრის გარეშე დარჩებოდა, რამეთუ მაშინ მრავალნი, სასჯელის შიშით კერპებს შესწირავდნენ. ღვთიური ჩანაფიქრისთვის სათნო იყო, რომ მწყემსი ფარულად ებრძოდა მტაცებელ მგლებს თავისი სულიერი სამწყსოს გამო.
ბოლოს მისი ადგილსამყოფელი გამჟღავნდა. მტანჯველმა გაიხარა და დაუყოვნებლივ გაგზავნა მეომრები, რათა ის შეეპყროთ და როგორც უსაშინლესი დამნაშავე, მეფის სამსჯავროს წინაშე წარედგინათ. მეომრები მის ადგილსამყოფელს მიადგნენ და როდესაც ღვთის მოსაგრეს შეხვდნენ, ჰკითხეს:
– სად არის ანთიმოზი, ქრისტიანთა მასწავლებელი?
– მე გადმოგცემთ მას, – უპასუხა მან, – მხოლოდ რამდენიმე წუთს დაისვენეთ ხანგრძლივი დღის შემდეგ.
შემდეგ წმიდა ანთიმოზმა მათ უფროსს ხელი ჩაჰკიდა, ყველა თავის სენაკში წაიყვანა და საჭმელი და სასმელი შესთავაზა.
„ღვთისთვის სათნო იყო,” – ფიქრობდა მოსაგრე, – „ჩემი სამყოფელის გამხელა; ვხედავ, რომ ყოველივე შემოქმედს სურს, რომ ჩემი სამწყსო მშვიდ ადგილამდე მივაცილო და მეც თან გავყვე მათ. დადგა ჩემი ჟამი... გმადლობ, ყოვლისმპყრობელო ღმერთო“. სადილის დასასრულს ის უცებ ადგა და თქვა:
– ახლა აღასრულეთ, რისთვისაც მოხვედით. მე ვარ ის, ვისაც ეძებთ. მე ანთიმოზი ვარ, შემიპყარით და წამიყვანეთ მასთან, ვინც გამოგგზავნათ.
ამ სიტყვების გაგონებაზე მეომრები განცვიფრდნენ. დარცხვენილნი ბერის მხცოვან თავს ვერ უყურებდნენ. ასეთმა მეგობრულმა მიღებამ და უშიშრობამ ძალზე იმოქმედა მათზე. ისინი სულის შემუსვრილებით ურჩევდნენ მღვდელმთავარს, სადმე დამალულიყო და საკუთარ თავზე იღებდნენ იმის პასუხისმგებლობას, რომ მას ვერსად მიაგნეს.
– არა, – მიუგო ღვთის მოსაგრემ, – უფლის წინაშე დიდი ცოდვაა ყოველი ადამიანის მოტყუება, მით უმეტეს, უსაშინლესი ცოდვაა საკუთარი მეფის მოტყუება. მისი ნების აღსრულების ჟამს თქვენ დამნაშავენი არ ხართ. დამნაშავე მეფეა, რომელიც უსამართლო დავალებას იძლევა.
ამ სიტყვებით ღირსი მამა გაჰყვა მეომრებს. გზაზე ის მათ უქადაგებდა ღვთის სიტყვას, განსწავლიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტეს რწმენაში. მისი სწავლების თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა, გაიხარა და ნაყოფი გამოიღო. როდესაც ერთ მდინარეს მიადგნენ, წმიდა ანთიმოზმა მონათლა ისინი ყოვლადწმიდა სამების სახელით.
აი, მაგალითი დიდსულოვნებისა, უშიშრობის, ჭეშმარიტების სიყვარულისა და ქრისტიანული გულმოდგინებისა! მან მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა როდი იკმარა. უმასპინძლა კიდევაც თავის მტრებს; ასწავლა, რომ საკუთარი მოვალეობა კეთილსინდისიერად უნდა აღესრულებინათ და არ მოეტყუებინათ უფლის მიერ დადგენილი ხელისუფლება. სასიკვდილოდ მიმავალმა კი ისინი ღვთის შვილებად აქცია.