რა კავშირი აქვს ერთსქესიანი ქორწინების ლეგალიზაციას აშშ-ში მოახლოებულ არჩევნებთან და, თუ სასიამოვნო დასაშვებია, რატომ მიიჩნევა მრავალცოლიანობა დისკრიმინაციად
– რამდენად საფუძვლიანი და ადეკვატურია საზოგადოების შიშები ერთსქესიანი ქორწინებების შესახებ?
– იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება განიცდის ცვლილებას.
– რატომ უნდა ვიქონიოთ ეს იმედი?
– ვინაიდან ისეთივე რეაქცია, როგორიც ჩვენს საზოგადოებაში დუღს ჯერჯერობით ჩუმად, სავარაუდოა, ძალიან ბევრ სხვა საზოგადოებაშიც ადუღდება და ცოტათი იმის იმედიც ვიქონიოთ, რომ ამერიკა დაფიქრდება, ხომ არ დაზარალდება ამ ინიციატივით; უღირს თუ არა მას, რომ ამ კულტურისა და ცივილიზაციის მიმართ ნეგატივიზმი გაფართოვდეს, აი, ეგაა საკითხავი. მე ვფიქრობ, ამის დანახვა მოუწევს უახლოეს მომავალში.
– მათთვის ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ყოველთვის პრაგმატულად უყურებენ პრობლემებს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც ძალითა და შანტაჟის გზით გააქვს თავისი გადაწყვეტილებები. ამიტომაც არის გასაკვირი მათი ეს ხისტი პოზიცია.
– არც ეს არ არის არაპრაგმატული სხვა მოსაზრებების გამო, რომლებზეც მოგვიანებით ვისაუბრებ. არის კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქვეყნისთვის არ უნდა იყოს სულერთი. კერძოდ, ის, რომ ამერიკის აი, ეს პოზიცია დადებითად იმოქმედებს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც მრავალშვილიანობაა გავრცელებული, ჩინეთი თუ ისლამური სახელწიფოები. ამერიკა ამ ქვეყნებს უპირისპირდება თავისი დემოკრატიით და ერთსქესიანი ქორწინებების დაკანონება, ფაქტობრივად, ამერიკის დემოგრაფიულ სურათზე დადებითად იმოქმედებსო, ვერავინ იტყვის.
– დაქორწინდებიან თუ არა, რეალურად ხომ არიან ეს ადამიანები და ქორწინების ლეგალიზაციამ რატომ უნდა იმოქმედოს დემოგრაფიაზე უარყოფითად?
– ქორწინების ლეგალიზაცია დემოგრაფიაზე იმდენად იმოქმედებს, რამდენადაც ლეგალიზაცია ამას აქცევს მოდად და მოდა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია. გავიხსენოთ, სილამაზის მოდამ ანურექსია გაავრცელა. ამერიკული სტანდარტით, ფორმა არ უნდა ჰქონდეს ქალს და თავისებური ავადმყოფობა შეიქმნა ამერიკის ამ მოდის გავრცელების შედეგად. როდესაც ერთსქესიან ქორწინებას ამკვიდრებს ისეთი პოპულარული ქვეყანა, როგორიც ამერიკაა, ამერიკა კი მხოლოდ ძლიერი ქვეყანა არ არის, ეს მოდის დამკვიდრებასაც ნიშნავს.
– და ამერიკა სამართლიანადაა პოპულარული ქვეყანა.
– დიახ და ამიტომ დიდი შანსია, რომ ის შექმნის ამ ფენომენის მოდას. ჩვენ ვიცით, რომ თვითმკვლელობების მოდაც კი არსებობდა, როდესაც ამას პროპაგანდა ეწეოდა.
– ოტო ვეინინგერის საფლავზე ახალგაზრდები, მისი მიმდევრები, მასობრივად იკლავდნენ თავს.
– მეც ოტო ვეინინგერი გამახსენდა.
– ანუ ომები საკმარისი არ არის კაცობრიობის შესამცირებლად, რომელსაც უკვე ვეღარ არჩენს დედამიწა და, თქვენი აზრით, დემოგრაფიული აფეთქების შეჩერების მცდელობაცაა ეს გადაწყვეტილება?
– მაგრამ გამოუვა, რომ დემოგრაფიას შეამცირებს იქ, სადაც ისედაც კრიზისული ვითარებაა, კერძოდ, ევროპაში. შესაბამისად, პროპორციულად უფრო ძლიერი გახდება ის, სადაც დემოგრაფიული აღმასვლაა. ცივილიზაციათა იმ დაპირისპირების პირობებში, რომელშიც დღეს ვართ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოგრაფია და გასაგებია, ვის დაასუსტებს დემოგრაფიაზე დარტყმა ამ ცივილიზაციურ ომში.
– ანუ აშშ ევროპას ასუსტებს განზრახ?
– არ ვიცი, თავის თავსაც ასუსტებს და ამ რეალობებს, ეჭვი მაქვს, დაინახავს არჩევნების მერე. იმიტომ რომ, მოდის არჩევნები, „დემოკრატიულ პარტიას“ მიმზიდველი პოზიცია არ უჭირავს ამერიკულ საზოგადოებაში და ვვარაუდობ, ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად, დემოკრატები ხშირად იმათ ხმებს იღებენ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები წამყვანია და, განსაკუთრებით, „ელ გე ბე ტეთა“ უფლებების დაცვა. ამდენად, მგონია, რომ ეს ნაბიჯიც საარჩევნოდ პროცესის რგოლია და არა – ამერიკის გრძელვადიანი სტრატეგია.
– სანამ ამას გაიგებს და დაიჯერებს ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რომელიც უკიდურესადაა შეწუხებული და დამფრთხალი აშშ-ის ამ ინიციატივით, მანამდე?
– არ უნდა ამდენი ახსნა-განმარტება. ნუ ავყვებით ჯერჯერობით, დავაცადოთ, ამერიკამ თავისი პროცესები მოინელოს და მერე ვნახავთ, რა იქნება წამყვანი. ამერიკა, მართალია, ამბობს, მაგრამ ისეც არ არის, რომ ერთ წელიწადში ასეთი ცვლილებები გაატარო.
– მაგრამ მათი ეს გადაწყვეტილება აძლევს პრორუსულ ძალებს საქართველოში ძალიან დიდ საბაბს, თქვან, რომ ჩვენი ტერიტორიების საპირწონეა ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზება...
– ძალიან დიდ მიზეზს აძლევს. მაგრამ რთულ სიტუაციაში ამერიკა, უპირველესად, თავის თავს აყენებს საქართველოში და ეს დაუკვირვებლობა, დღევანდელი კვერცხის პრინციპით ხელმძღვანელობა ხვალინდელ ქათამზე ფიქრის გარეშე, სჩვევია ამერიკულ პოლიტიკას. უბრალოდ დიდი ქვეყანაა და თავის შეცდომებს ადვილად ფარავს ხოლმე ეკონომიკითა და უზარმაზარი ფინანსური ნაკადებით. თორემ ამერიკა რომ უშვებს შეცდომებს, მგონი, იმდენს არავინ უშვებს. არ არის აუცილებელი, ყველა ნაბიჯში აჰყვე.
– ერთია, რომ არ უნდა აჰყვე ყველა ნაბიჯში, მაგრამ, თუ მოგთხოვა აყოლა?
– უნდა მოახერხო, რომ არ აჰყვე.
– ჩვენი არასამთავრობო სპექტრის პრინციპულობა ნაკლებად ჩანს ხოლმე, მაგალითად, ისეთი, როგორიც გამოიჩინა ტეხასის გუბერნატორმა. მან ბრძანა, რომ მის შტატში სასულიერო პირებს აქვთ უფლება, არ დააქორწინონ ჰომოსექსუალი წყვილები, თუ ეს მათ რელიგიურ რწმენას ეწინააღმდეგება და ამით დაიცვა სასულიერო პირების თავისუფლება.
– ჩვენი არასამთავრობო სექტორი უშვებს ხოლმე ერთ შეცდომას: მათ პრინციპულობა ემჩნევათ იმ თემებში, რომლებშიც ისინი გრანტებს იღებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორი არ ზრუნავს იმისთვის, იქნება თუ არა ეს თემები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ეს მათ გრანტებზე არ მოქმედებს, უფრო პირიქით. გრანტს იძლევა უცხოეთი და ამ დროს ჩვენს არასამთავრობო სექტორს მთლიანობაში, იმიტომ რომ, ძალიან ხშირად ამოვარდნილები არიან იმ განწყობიდან, რაც საზოგადოებაშია, გაცილებთი დაბალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე მე მინდა, რომ ჰქონდეთ. ასე რომ, დღეს ჩვენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საზოგადობისთვის იზრუნებენ, თითქმის არ გვყავს და თუ ასე გაგრძელდება და ბაიდენისა არ იყოს, ეს არასამთავრობოებიც იტყვიან, მე თქვენი კულტურა არ მაინტერესებსო, საზოგადოებაც ადვილად ეტყვის მათ, მე შენი პოზიცია არ მაინტერესებსო.
– არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის არასამთავრობო სექტორი.
– ამიტომ უნდა არსებობდეს ქართულ წყაროებზე დაფუძნებული არასამთავრობო სექტორი და ის არ იქნება სხვა ქვეყნების შემხედვარე, ისევე, როგორც ეს უმრავლეს განვითარებულ სახელმწიფოშია. იქ არსებობს ადგილობრივი ფონდები და იმ ფონდებიდან ფინანსდება არასამთავრობო სექტორიც.
– ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზაციის კონტექსტში საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე, მათ შორის, ისიც, რომ, თურმე, ოჯახი იმთავითვე ჩამოყალიბდა, როგორც მამაკაცის მიერ ქალის ჩაგვრის ინსტრუმენტი; ასევე, რომ ქალებმა ასი წლის წინათ მიიღეს ხმის უფლება, ეს მაშინაც შოკი იყო, მაგრამ შემდეგ კაცობრიობა ამას მიეჩვია და ამიტომ ერთსქესიან ქორწინებებსაც მიეჩვევიან 100 წლის შემდეგო. ამ ლოგიკით, რატომ არ შეიძლება, კაცობრიობა მივიდეს ოჯახის წევრებს შორის ქორწინებამდე? ან არ მესმის, რატომ არ შეიძლება, მივიდეს საყვარელ ცხოველზე ქორწინებამდე? ლოგიკურად ასე არ გამოდის?
– თქვენ თქვით, ამ მესმისო, მე მესმის, სამწუხაროდ. საქმე ის არის, რომ ერთსქესიან ქორწინებას ბევრი ლობისტი ჰყავს, სხვა გადახრებს სექსუალური სტანდარტებიდან ცოტა მომხრე ჰყავს.
– მაგრამ, თუ გამოუჩნდა, მაგალითად, და-ძმას შორის ქორწინების მომხრეებს ლობისტები, მაშინ? მე ძმა არ მყავს და ამიტომ თამამად ვამბობ ამ წინადადებას, რაც რთული მოსასმენი იქნება მათთვის, ვისაც დედმამიშვილები ჰყავს.
– შემთხვევით არ გავრცელებულა ამას წინათ ჭორი, რომ მზადდება კანონი პედოფილიის ლეგალიზაციაზე. თუ ბევრი პედოფილი დაგროვდება საზოგადოებაში, ის ხალხი ეცდება, გავიდეს მათი ეს ინიციატივა. ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ, ფაქტია, რაც მეტი მისდევს ამა თუ იმ საქმიანობას, მით უფრო მეტი იქნება იმის შანსი, რომ ეს მოხდეს. ცხოვრება არ ვითარდება ლოგიკით, ცხოვრება ვითარდება ამ ტიპის ლობისტური მექანიზმებით და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დღეს ერთსქესიანი ქორწინებებია პოპულარული, იმიტომ რომ, ყველაზე მეტად ესაა გავრცელებული ტრადიციული ფორმიდან გადახრებიდან. თუ სხვა ფორმებიც გავრცელდება, არ არის გამორიცხული, მათზეც გავრცელდეს ლეგალიზება.
– მაშინ რატომ არა მრავალცოლიანობის ან მრავალქმრიანობის ლეგალიზება? თუ იმიტომ არა, რომ დასავლელი ქალების აზრით, აღმოსავლელი ქალის უფლებები ირღვევა მრავალცოლიანობით?
– აბა, ჰკითხეთ იმ კულტურის წარმომადგენელ ქალებს, სადაც მრავალცოლიანობაა?! იქ არ არის სიტუაცია, რომ ისინი ძალიან განიცდიდნენ ამ მდგომარეობას.
– მაგრამ დასავლელი ქალები განიცდიან და მეც განვიცდი.
– ძალიან უვლის ეს მრავალცოლიანი ქმარი თავის ცოლებს ეკონომიკურად.
– თუ არ აქვს ცოლების შენახვის შნო, ვერც მოიყვანს.
– იმის თქმა მინდა, რომ იქ უკმაყოფილება არ არის ისეთი, როგორიც აქედან ჩანს. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დასაშვებია, რაც სასიამოვნოა, აი, აღმოსავლეთში არის მრავალცოლიანობის ამხელა ტრადიცია და მაშინ გავიზიაროთ. თუ სასიამოვნო დასაშვებია, ესეც შეიძლება, დასაშვები აღმოჩნდეს.
– მათ, ვინც მორალსა და ზნეობას მოიხმობს ერთსქესიანი ქორწინებების საპირისპიროდ, ლეგალიზაციის მომხრეები უპირისპირებენ ადამიანის უფლებების უწინარესობას. ხომ არსებობს რაღაც ამოსავალი პრინციპი, რასაც შემდეგ ეფუძნება, ზოგადად, ცხოვრების თუ კონკრეტული ურთიერთობის წესი. სადამდე შეიძლება, მივიდეთ ამ სქემით: გამოჩნდა მსურველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი და ლეგალიზდა ერთი რამ, შემდეგ გამოჩნდა მეორე ჯგუფი და ლეგალიზდა მეორე რამ...
– ასეთი დრამატიზაციაც არ არის, ალბათ, საჭირო.
– განზრახ ვამძიმებ.
– გვაქვს გამოცდილება, რომ რაღაც პერიოდში, როდესაც მოირღვა ყველა წესი, ძველი რომი დაეცა. არ არის გამორიცხული, აქაც მოხდეს მსგავსი რამ. იმიტომაც ვახსენე დემოგარფიული ფაქტორი. შესაძლოა, ეს კულტურაც დაიძრას კრიზისისკენ. მით უმეტეს, რომ გარდა შინაგანი რღვევისა, რომის დაცემას თან ახლდა გარედან მტრების სიჭარბეც. თუ მხოლოდ საკუთარი ინერციით მიდიხარ, შეიძლება, ვერც ვერაფერი დაგაკლოს შიდა მორღვევებმა, მაგრამ ვითარება მძიმდება, როდესაც გარედან მტერი ჩასაფრებულია და იყენებს შენს სისუსტეებს. და დღეს ასეთი ჩასაფრებული ბევრია.