როგორ მოუტანა სევდია უგრეხელიძეს 2013 წლის განმავლობაში დედაქალაქის საკრებულოში საქმიანობამ 96 000 ლარი
თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე 1949 წელსაა დაბადებული ქუთაისში. უმაღლესი განათლება სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიასა და ბაქრაძის სახელობის სამართლის ინსტიტუტში მიუღია და სპეციალობით არის: ხელოვნებათმცოდნე, იურისტი და ეკონომისტი (სწავლის წლები დაკონკრეტებული არ არის). მისი შრომითი ბიოგრაფია 1972 წელს იწყება, როდესაც ის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიისა და პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ხელოვნების ისტორიის ლექტორად მუშაობდა 1991 წლამდე. 1999 წელს ადვოკატი გამხდარა და 2004 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2001 წელს საპარლამენტო კომიტეტებთან არსებული ეროვნული თანხმობის კომისიაში იმუშავა მიწვეულ სპეციალისტად და, ასევე, საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის ფაკულტეტის ლექტორად, ოღონდ არ არის დაკონკრეტებული, რომელ უნივერსიტეტებში. 2002-2004 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატი იყო. 2004 წელს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საქმეთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რაკი მეორე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი გახლდათ. 2006-2008 წლებში მიწის მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსად მუშაობდა. 2008 წელს კვლავ საკრებულოში მოხვდა და ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური მმართველობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია დაიკავა. 2013 წელს თბილისის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2013-2014 წლებში თბილისის მერის მოვალეობასაც ასრულებდა, ხოლო 2014 წელს კვლავ საკრებულოს წევრი გახდა ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით.
თუმცა ქ-ნი უგრეხელიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლის თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც თბილისის მერის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1947 წელს დაბადებული მეუღლე თენგიზ ჩაჩავა და 1976 წელს დაბადებული ქალიშვილი ნინო ჩაჩავა. რაც შეეხება უძრავ ქონებას: თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე 250 კვ. მ. ფართობის საცხოვრებელი ბინის 75 პროცენტს ფლობს ნინო ჩაჩავა, 25-ს სევდია უგრეხელიძე. ამ უკანასკნელს ეკუთვნის, აგრეთვე, საცხოვრებელი ბინა ქუთაისში, 35 კვ. მ. ფართობის და 10 000 ლარზე ძვირად ღირებული როიალი. ნინო ჩაჩავას კი ჰყავს ავტომანქანა – 2002 წლის PAJERO IO. სევდია უგრეხელიძეს ბანკში ორი ანაბარი აქვს გახსნილი, რომლებზეც იმხანად 21 000 ლარი და 13 000 ევრო ერიცხებოდა. ორი ანაბარი ჰქონდა მის მეუღლესაც, რომლებზეც შედარებით მოკრძალებულ თანხას ინახავდა – 800 ლარსა და 1 500 ევროს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში სევდია უგრეხელიძემ, როგორც საკრებულოს წევრმა, 20 400 ლარი აიღო, როგორც თბილისელების ადვოკატის პროექტების კოორდინატორმა, 22 800 ლარი; მისმა შვილმა კი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, 25 525 ლარი.
2014 წელს სევდია უგრეხელიძე დეკლარაციას უკვე თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის ამპლუაში ავსებს. მისი ოჯახის წევრების რაოდენობაც უცვლელია და უძრავ-მოძრავი ქონებისაც, სამაგიეროდ, მისი შემოსავალია შთამბეჭდავი. კერძოდ: 2013 წლის განმავლობაში სევდია უგრეხელიძემ, როგორც საკრებულოს წევრმა, 2 975 ლარი აიღო, როგორც თბილისელების ადვოკატის პროექტების კოორდინატორმა, 3 325 ლარი, როგორც თბილისის ვიცე-მერმა 89 243 ლარი. ნინო ჩაჩავამ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, 24 449 ლარი. თენგიზ ჩაჩავამ, როგორც ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, 336, ხოლო, როგორც ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის პედაგოგმა, 792 ლარი.
2015 წელს სევდია უგრეხელიძემ დეკლარაცია შეავსო, როგორც საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ. მას ბანკში სამი ანაბარი აქვს, რომლებზეც 6 352 აშშ დოლარი, 10 000 ევრო და 7 000 ევრო ერიცხება. კვლავ მოკრძალებულია მისი მეუღლის ანაბრის ოდენობა – 1 500 ევრო.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ქ-ნმა უგრეხელიძემ, როგორც საკრებულოს წევრმა, 16 142 ლარი აიღო, როგორც თბილისის ვიცე-მერმა, 55 360 ლარი; ნინო ჩაჩავამ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების სამმართველოს უფროსმა, 32 300 ლარი; თენგიზ ჩაჩავამ კი, როგორც სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორმა, 818, ხოლო, როგორც მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლის პედაგოგმა, 2 600 ლარი.