დიდი კომბინატორი
ახლანდელზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ჩემს ბნელსა და საბჭოურ ბალღობაში სასკოლო პროგრამაში ასეთ არაკს გვასწავლიდნენ: მყიდველმა ყასაბს ხორცი ნისიად სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, მაგრამ, არ შეეპუა და მოგვიანებით მსახური მიუგზავნა, რომელმაც ყასაბს ბატონის თხოვნა გადასცა და ფულის გადახდის გარანტიად ულვაშის ღერი შესთავაზა, რაზეც ყასაბმა მიუგო: თავის წვერულვაშიანად აქ მყავდა და არ ვენდე, ახლა ამ ერთ ღერ ულვაშს ვენდობიო?!
ეს ამბავი გასულ კვირას უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ სრულშემადგენლობიანმა სტუმრობამ გამახსენა. როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, შეხვედრის მიზეზი პარტიის ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე მსჯელობა იყო (თვით დიდ კომბინატორსაც კი შეშურდებოდა ასეთი დამთხვეულობა: თან – ერთი ქვეყნის გუბერნატორი, თან – მეორის პარტიული ლიდერი!).
„ნაციონალური“ შთაბეჭდილებების შესახებ სულ პირველად და ცინცხლად სოციალური ქსელით შევიტყვეთ, სახელდობრ, ბ-ნი ბარამიძის ბაგეებმა გვამცნო შემდეგი: „ჩვენი ამოცანა არის საქართველოს გამთლიანება და ფეხზე დაყენება (უკრაინა უკვე დააყენეს და გაამთლიანეს?!), ამისთვის გვჭირდება გამარჯვება როგორც საქართველოში, ისე უკრაინის ფრონტზე (მაშ!).“
მიზნის მიღწევის დასტურად კი, დასასრულ, შეფიცულებს (განა ფიც-ვერცხლი უჭამიათ) საქართველოს სადღეგრძელოც დაულევიათ. –
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, სულ მცირე, 9 წელზე მეტი ჰქონდათ ქვეყნის გასამთლიანებლად, არადა, უფრო დააცოტავეს, იბადება რიტორიკული კითხვა: ერთ ღერ ულვაშს უფრო მეტი ძალა აქვს თუ მთელ წვერ-ულვაშს?!