აგრესიის აგრესიით დამთრგუნველნი
ჩვენი სტრატეგიული და სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი პარტნიორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით (ხუთი – მომხრე, ოთხი – წინააღმდეგი) აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ერთსქესიანი ქორწინებები დაკანონდა (იხარე ჭერო, მოკვდი მტერო!!!).
უფრო მეტიც, აშშ-ის ხელმძღვანელობამ, იმას გარდა, რომ ამ ფაქტს ადამიანის უფლებების დაცვის მმიმართულებით გადადგმული უდიდესი ნაბიჯი უწოდა (თუმცა, აი, რომის კათოლიკური ეკლესიის შეფასებით, არც მეტი, არც ნაკლები, კაცობრიობის მარცხია), პირობა დადო, რომ იბრძოლებს მთელ მსოფლიოში მის დასაკანონებლად.
თუმცა ჩვენთვის აზრიც არ უკითხავთ და ჯერჯერობით არც არაფერი დაუძალებიათ, აზრიც გამოვთქვით და მზადყოფნაც (არადა, აჯობებდა, გავტრუნულიყავით და თვალებიც გან-განზე არ გვეცეცებინა). მეტიც, საქმეში პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ: ზოგმა მხარი უპირობოდ დაუჭირა ადამიანის უფლებებს და ოკეანისგაღმური სიხარული გაიზიარა; ზოგმა, პირიქით, დაგმო და, ზოგმაც – არც მწვადი დაწვა, არც შამფური (და მერე რა, რომ დუმილი ოქროა!). ბუნებრივია, მომენტი არც ამის მოსურნეებს გაუშვიათ ხელიდან, რათა, ჩვეულებისამებრ, კიდევ ერთხელ მიეტანათ იერიში საქართველოს ეკლესიაზე.
ამასობაში კი, ტეხასის შტატის „რესპუბლიკელმა“ გუბერნატორმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომელიც მისი შტატის სასულიერო პირებს შესაძლებლობას აძლევს, უარი თქვან იმ საქორწინო ცერემონიალის შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ შეხედულებებს.
ვინაიდან ამერიკელი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ რელიგიური ლიდერების დაცვა აუცილებელია და მათი რწმენა დაცული უნდა იყოს სახელმწიფო გავლენისგან (მომყავს ციტატა): „ტეხასმა გადადგა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასულიერო პირების რელიგიური თავისუფლების სამომავლო დაცვისათვის, მორწმუნე ადამიანებისადმი გაზრდილი მტრული დამოკიდებულების ფონზე“, ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა კი დასძინა: „არც ერთი პასტორი, მღვდელი, რაბინი ან სხვა რელიგიური ლიდერი არ უნდა იყოს იძულებული, შესარულოს ან ცნოს ქორწინება, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ შეხედულებებს.“
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ ჩვენებურ უფლებამცველთა აგრესიულ პათოსს მათთვის მიუღებელი მოსაზრებისადმი, განსაკუთრებით კი, საეკლესიო დოგმა-სწავლებებისადმი, რომელთა პათოსია: „ამას დახვრეტა, იმას ჩამოხრჩობა,” ტეხასის შტატის ხელმძღვანელობისთვის ხომ არ მიგვებარებინა ისინი დემოკრატიის ანისა და ჰოეს დასასწავლად?!