რის აღიარებას სთხოვდნენ მაყურებლები ნუკი კოშკელიშვილს „აპოგეას” როლის შესრულების შემდეგ და ყოფილა თუ არა მის ცხოვრებაში მამაკაცი, რომელიც მის ყველა კაპრიზს ასრულებდა
ნუკი კოშკელიშვილი: ჩემთვის ყველა როლი რთულია, რადგან პროფესიით მსახიობი არ ვარ. თითოეულს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. ეს ის შემთხვევაა, როცა გამიმართლა და ძალიან მაგარ პროფესიონალებთან მომიწია მუშაობა. საქმე იმანაც გამიმარტივა, რომ ჩემი პერსონაჟის სცენარი ისეთია, თავად გკარნახობს, რა უნდა გააკეთო. არ ვიცი, რამდენად კარგად გამომივიდა, მაგრამ თვითონ მუშაობის პროცესში ძალიან ვიხალისე. იმედია, მაყურებელიც გაერთო. აღმოვაჩინე, რომ ეს სერიალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მგონი, „კურიერს“ არ უყურებს იმდენი ადამიანი, რამდენიც „ჩემი ცოლის დაქალებს“. სერიალში გამოჩენის შემდეგ, მთელმა სამყარომ მომწერა. ნაცნობები თუ უცნობები, რომლებიც ვერც კი წარმომედგინა, რომ ტელევიზორში საერთოდ რამეს უყურებდნენ, მეუბნებოდნენ: რა მაგარიაო. ნამდვილად აპლოდისმენტები ეკუთვნით ამ სერიალის შემქმნელებს.
– უფრო მეტად დადებითი შეფასებებია თუ უარყოფითი?
– სხვადასხვანაირი შეფასებებია. უფრო მეტად, „აპოგეას”, როგორც მე ისე აღიქვამენ. ძალიან ბევრმა მომწერა: კევს რომ აღლაჭუნებ, წამყვანი როგორ ხარო? ეტყობა, ხალხს ჰგონია, ცხოვრებაში მართლა ასეთი ვარ. ეს ძალიან კარგია, ესე იგი, პერსონაჟი ბუნებრივი იყო. ბევრმა მითხრა, რომ პირველად იცინეს გულწრფელად. ზოგი მწერდა: აღიარე, ვის როლს ასრულებდიო? ზოგს „აპოგეას” სიმღერა ძალიან მოსწონს. ბევრმა მითხრა, შენი სიმღერა ტელეფონის ზარზე დავაყენეო. ზოგმა – რა საშინლად მღერი, მაგრამ რა სასაცილო ხარო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები იყო. მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებაში ასეთი ადამიანები შემხვედრიან. სერიალის ხიბლიც ისაა, რომ პერსონაჟების უმეტესობა რეალურია.
– კონკრეტული პროტოტიპიც ხომ არ ჰყავს „აპოგეას”?
– კი, ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, იყვნენ. ცხოვრებაში „აპოგეასნაირი” საქციელის ადამიანები მინახავს. როცა „აპოგეას” როლს ვასრულებდი, ზოგ მეგობარსა და ნაცნობზე ვფიქრობდი.
– მათ რომ ნახეს ეს როლი, რა გითხრეს? საკუთარი თავი თუ ამოიცნეს?
– თქმით არაფერი უთქვამთ. საკუთარი თავი, ალბათ, ამოიცნეს, მაგრამ არ აღიარეს.
– არავინ გისაყვედურა უარყოფითი პერსონაჟის განსახიერების გამო?
– თვითონ ეს პერსონაჟი, თავისთავად, უარყოფითია და ალბათ, მაყურებელსაც ჰქონდა ეს განცდა. მეც ასე ვფიქრობ, „აპოგეა” მართლა ძალიან ცუდი გოგოა, მაგრამ არა მგონია, ბოროტი იყოს. უფრო მეტად სულელია. მე და „აპოგეას” აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო. ვერასდროს მოვიქცევი ისე, როგორც ის იქცევა. მასავით არ ვაზროვნებ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი როლი, როდესაც მე და ჩემი პერსონაჟი აბსოლუტურად განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
– შენთვის არ იყო რისკი ასეთ როლზე დათანხმება?
– როცა საქმეს აკეთებ, ამაზე არ უნდა იფიქრო. მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთ მაგარ სერიალში გთავაზობენ როლს. მე რომ მეთქვა, იცით, მე ვერ დავთანხმდები უარყოფით როლზე, რადგან ეს ჩემს იმიჯზე იმოქმედებს-მეთქი, არ იქნებოდა სწორი. არ შეიძლება, ასეთ მაგარ სერიალში ითამაშო და ამან შენს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედოს. ამ სერიალს ყოველთვის ვუყურებდი და ყველაზე მაგარი შეგრძნებაა, როცა იმ ყველაფრის ნაწილი ხდები, რაც ასე ძალიან მოგწონს.
– ამით „აპოგეას” როლი ამოიწურა თუ კიდევ გიხილავთ სერიალში?
– ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ამ ეტაპზე არ ვიცი, რა იქნება. მაგრამ, გაგრძელება რომც არ ჰქონდეს, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე.
– შენ თუ გყოლია ისეთი შეყვარებული, რომელიც ყველა შენს კაპრიზს ასრულებდა?
– არა, სამწუხაროდ, მე ასეთი ურთიერთობა არ მქონია. ეს კიდევ ერთი რადიკალური განსხვავებაა ჩემსა და „აპოგეას” შორის. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე პატიოსნების განსახიერება ვარ, არა. უბრალოდ, მართლა არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, ვინც ჩემს კაპრიზებს აასრულებდა.
– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– წლის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ პირად ცხოვრებაზე არ მესაუბრა. ახლაც ამ აზრზე ვარ. პრინციპში, არც არაფერი ხდება. რომ ხდებოდეს, ალბათ, მაინც ვიტყოდი. ისევ ვარ ძველებურად.
– ბენისა და შენ ურთიერთობაზეც ბევრს ჭორაობენ. შენც არ გითქვამს საბოლოოდ, დაშორდით თუ არა?
– არც მაგაზე ვსაუბრობ – არც კის ვამბობ და არც არას.
– დასვენების სეზონი მოდის. როგორია შენი გეგმები?
– ჯერჯერობით ისევ ქალაქში ვარ. ახლა დავიწყეთ ახალი გადაცემა „მარაოზე“, რომელსაც ჰქვია „კოქტეილი“. წამყვანები მე და ნიკა გრიგოლია ვართ. ამიტომ, ძალიან დატვირთული ვარ. ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. ძალიან ბევრ ადამიანსა და ბევრ ჭორს მივედ-მოვედეთ და ამ გადაცემაზე მუშაობისას, მეც ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. რაღაცეები, რაც ჭორი მეგონა, მართალი აღმოჩნდა, რაც მართალი მეგონა – ტყუილი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვაგრძელებთ „ქალთა სახეებს” და ამ ყველაფრის გამო, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს. შესაბამისად, დასვენებისთვის ჯერჯერობით დრო ვერ გამოვნახე. თუმცა, მოგვიანებით, აუცილებლად წავალ სადმე.
– სად და ვისთან ერთად აპირებ დასვენებას?
– ალბათ, ბათუმში წავალ მეგობრებთან ერთად. ეს ჩემი უცვლელი გეგმაა. ძალიან პატრიოტი აღმოვჩნდი. ბოლო დროს სულ ბათუმში დავდივარ. ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს და მიხარია. ბათუმში დავისვენებ, ჯაზ-ფესტივალზეც წავალ და მერე, ალბათ, შემოვრჩები იქ.
– ნამზეურზე ზრუნვა თუ დაიწყე უკვე?
– ადრე ძალიან ხშირად ვირუჯებოდი. ახლა გადავწყვიტე, რომ ავტორუჯსაც არა უშავს. სეზონის გახსნას ველოდები, რომ ზღვაზე წავიდე და იქ ბუნებრივი ნამზეური მივიღო. ცოტა ხნით სოლარიუმზე უარს ვამბობ. ავტორუჯი ცოტა მაჭრელებს, მაგრამ ხალხი ამას დიდად ვერ ამჩნევს, რაც ძალიან მიხარია (იცინის). ახლა, ტრადიციულად, საცურაო კოსტიუმების არჩევის სეზონი მოდის. გეტყვი, რომ პირველად ცხოვრებაში, არცერთნაირი არ მაქვს. ჯერ ძიების პროცესში ვარ. როგორც კი ვიპოვი, მაშინვე წავალ ზღვაზე. ჯერჯერობით კი, ვეცდები, შაბათ-კვირას მაინც მოვახერხო ბათუმში გაპარვა. იმედი მაქვს, უახლოეს დასვენების დღეებში გამომივა და ორი დღით მაინც შევძლებ დაქალებთან ერთად განტვირთვას. ძალიან მიყვარს ველოსიპედით ბულვარში გასეირნება და იმედია, ამასაც მალე შევძლებ. მანამდე კი, ყოველ პარასკევს დაქალებთან ერთად სადღაც მივდივარ. ეს ჩვენი დაურღვეველი კანონია. ძირითადად, ერთი ადგილი გვაქვს არჩეული და იქ დავდივართ.
– როგორც ვხედავ, „ჩოლკა” აღარ გაქვს. გადაწყვიტე, გაიზარდო?
– კი, ვიზრდი. იმიტომ, რომ გაშლილ თმაზე არ მიხდებოდა. სულ აწეული თმით სიარული კი მომბეზრდა და გადავწყვიტე, „ჩოლკა” გამეზარდა. ეს რთული პერიოდია და ასე ვმალავ.
– გარეგნობასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებას კიდევ ხომ არ გეგმავ?
– გარეგნობასთან დაკავშირებით უკვე ბევრი ექსპერიმენტი მაქვს გაკეთებული. ვნახოთ, ზაფხულში რა მომინდება. ვარდისფრად რომ აღარ შევიღებავ თმას, ეს ზუსტად ვიცი. იმიტომ რომ, ეგ პერიოდი რთულად გადავიტანე. საერთოდ არაფერს უხდებოდა. ახლაც, ალბათ, რაღაც ექსპერიმენტს ჩავატარებ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერ არ ვიცი.