ვის სთხოვა ნიკა ჭავჭავაძემ, ბავშვი არ მოეშორებინა და როდის სცადეს მისი მოკვლა
ნიკა ჭავჭავაძე: ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე გათვლილი მაქვს. გერმანელი მეგობრები მყავს, რომლებმაც მასწავლეს, რომ მთელი ცხოვრება უნდა ჩამოწერო, წარმატებას რომ მიაღწიოო. 15 წლის ვიყავი, როცა მეგობრების რჩევა გავითვალისწინე და თითოეული სამომავლოდ გადასადგემლი ნაბიჯი, წინასწარ გავთვალე. საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ, იურიდიულზე ვსწავლობ. ამ ფაკულტეტზე იმიტომ ჩავაბარე, რომ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა მომწონდა. ახლა ცოტა ვნანობ, მგონია, თითქოს დროს ვკარგავ. მაგრამ იმედია, სამომავლოდ გამომადგება. თავიდან, ნანუკასთან მინდოდა ჟურნალისტად მუშაობა და მაია სტეფნაძეს დავუკავშირდი. ეს იმ პერიოდს დაეთხვა, როდესაც მაია „ჯაჯანიძის შოუს” აკეთებდა. შემომთავაზა, მასთან მეცადა ბედი და მეც დავთანხმდი. მგონი, ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, რომელიც პირველი დღიდან ამ შოუს შემორჩა (იცინის). ამჟამად „გია ჯაჯანიძის შოუს” ერთ-ერთი პროდუსიერი გავხდი. მანამდე, „პროფაილის” ჟურნალისტი ვიყავი. დავდევდი ცნობილ ადამიანებს და ხშირად მათი მსხვერპლიც ვხდებოდი (იცინის). გვანცა ბაგრატიონს გასახდელში შევუვარდი და ქუსლიანი ფეხსაცმელი მესროლა. ია ფარულავა მოკვლით მემუქრებოდა. ხატია ბუნიათიშვილს ვკითხე, მკერდი რატომ გამოაჩინე, პიარის ამბავი იყო-მეთქი? – ეს იამ გაიგონა და გაგიჟდა, არ გრცხვენიაო. მე კი ვუთხარი: ყველა შენსავით „სიყვარული ვენახში” ვერ გაშიშვლდება ფულის გამო, მე ამით ვშოულობ ფულს-მეთქი. მაშინ დამემუქრა და მითხრა, რომ ჩემს ძვლებს დამარხავდა და შემდეგ ამოათხრევინებდა. ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს იასთან. მიხვდა, რომ ჩემი ძვლები დასამარხი არაა (იცინის).
– ირაკლი ვაჭარაძემ გეი გიწოდა და ბოდიშის მოხდას მოითხოვდი, საჩივარიც შეიტანე. ახლა რა ხდება?
– საჩივარი გამოვიტანე და ვაჭარაძემაც არ მომიხადა ბოდიში. როცა სახლი გამიტეხეს, მივხვდი, რომ ზედმეტი პრობლემები არ მჭირდებოდა. თან, არც დრო მქონდა, ვაჭარაძესა და მის მტრებს ავდევნებოდი. ირაკლისთან პირადად არც მისაუბრია ამ თემაზე. რატომ უნდა ვუმტკიცო ვინმეს, რომ გეი არ ვარ. თან, როცა ვამბობ, რომ ოთხი წლის შვილი მყავს, გეი როგორ ვიქნები? ელემენტარული განათლებაა ესეც. შეიძლებოდა ეთქვა, რომ ვარ ბისექსუალი, მაგრამ არც მათ რიცხვს მივეკუთვნები. თუ ზედმეტად ვუვლი თავს და აკეცილი შარვლით დავდივარ, ეს იმას არ ნიშნავს, განსხვავებული ორიენტაციის ვარ.
– რატომ მალავდი, შვილი რომ გყავდა?
– არ ვიცი. ეს ჩემი ყველაზე დიდი ტყუილი იყო, როგორც ოჯახის, ისე მეგობრების წინაშე. 17 წლის ვიყავი, როდესაც ლატვიელი გოგონა გავიცანი. ერთად დავდიოდით ინგლისურის შესასწავლად. სამი თვე მქონდა მასთან ურთიერითობა, ჩვეულებრივი გერლფრენდი იყო. ლიზას დიდი მადლობელი ვარ, რომ აბორტი არ გაიკეთა. როდესაც დამირეკა და მითხრა, ფეხმძიმედ ვარო, ვთხოვე, ბავშვი არ მოეშორებინა. ახლა კი 4 წლის ლუკა გვყავს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მყავს შვილი და აღარ ვაპირებ მის დამალვას.
– როგორი მამა ხარ?
– ალბათ, ცუდი მამა ვარ. ვერ ვახერხებ მასთან ხშირად ყოფნას, მაგრამ ლუკას ძალიან ვუყვავარ. ველოდები იმ ასაკს, როცა ჩემი ტოლი იქნება. მას ყველაფერში გავუგებ და ჩემგან ყველანაირად დამოუკიდებლად იცხოვრებს.
– ლისაზთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– ძალიან მეგობრული. აბსოლუტურად ყველაფერი იცის ჩემზე. ვგიჟდებით ერთმანეთზე როგორც მეგობრები. მას ჰყავს შეყვარებული.
– შენს პირად ურთიერთობაში რა ხდება?
– არ მაქვს პირადი ცხოვრება. „ჯაჯანიძის შოუ“ აკეთო და კიდევ, პირადი აიწყო, რთულია. ვარ ადამიანის გვერდით, რომელიც ჩემზე 11 წლით უფროსია, სამსახურში გავიცანი. თუმცა, ვინაობას ვერ დავასახელებ. მალე ერთად დავტოვებთ საქართველოს. არასოდეს მოვიყვან ცოლს, თუ ეს კარიერას არ დასჭირდება. მეყოლება ბევრი შვილი სხვადასხვა ქალისგან, მაგრამ ცოლი – არა. ჩემს გეგმებში პირად ცხოვრებას რომ „ვტენიდი,” ცოლმა 5 წლით უკან დახია ჩემი კარიერა. ამიტომ, არ მინდა. ოჯახზე მეტად კარიერა მნიშვნელოვანია ჩემთვის და თუ ეს პირადი ცხოვრების აწყობას მოითხოვს, ესეც მექნება.
– ვისთან ერთადაც ხარ, მან იცის შენი გეგმების შესახებ?
– რა თქმა უნდა, იცის. 11 წლით პატარა ბიჭთან რომ აქვს ურთიერთობა, რა უნდა მომთხოვოს. მას მოვწონვარ და „უსწორდება”, პატარა ბოიფრენდი რომ ჰყავს.
– მშობლები რას ფიქრობენ ამ ყოველივესთან დაკავშირებით?
– ალბათ, ძალიან ნერვიულობენ. მე ვაზროვნებ ისე, როგორც 40– 45 წლის ადამიანი და აზროვნებით მათზე უფროსი ვარ. ისინი ძალიან კარგები არიან. დრო იყო, როცა ყველაფერი მომცეს, მაგრამ შემდეგ, საპირისპიროდ განვითარდა მოვლენები. სამწუხაროდ, უჭირთ ჩემი გაგება. უკვე სამი წელია, მარტო ვცხოვრობ. ვურეკავთ ერთმანეთს, ვკითხულობთ, მაგრამ უფრო „გალაითებული” ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ისინი იმასაც ვერ გამიგებენ, რომ შვილი მყავს. ასევე, მათთვის გაუგებარია, რატომ მაინცდამაინც მე მიწოდა ვაჭარაძემ გეი. გული მწყდება და მინდა, ჩემი ესმოდეთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათ არ ვუყვარვარ. არ უნდა დავბადებულიყავი საქართველოში, არ მივეკუთვნები „ქართველი ვაჟკაცების” რიცხვს. ისინი არასოდეს მოიყვანენ 11 წლით უფროს ქალს კარიერისთვის და ასე შემდეგ.
– როცა დედა ლუკას არსებობას გაიგებს და დაგირეკავს, რას უპასუხებ?
– ალბათ, ერთი თვე ტელეფონს არ ვუპასუხებ. ვიცი, რომ აფექტში იქნება.
– ერთხელ თქვი, რომ შენი მოკვლა სცადეს. რატომ?
– ორჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში. პირველი იყო მასონების ამბავი და მეორედ, როდესაც ბინა გამიტეხეს. მასონების ამბავზე რომ ვმუშაობდი, 10 მისტიკური სახლიდან ერთ-ერთის სხვენზე ავედი, სადაც ადრე გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. სხვენზე ერთ ტიპთან ერთად ვიყავი, რომელმაც ხელი მკრა და მესამე სართულიდან გადამაგდო. სასწაულად გადავრჩი, არაფერი დამშავებია. როდესაც ამ სახლში პირველად მივედი, ეზოში ერთი ქალი შემხვდა. რომ ვუთხარი, ვინც ვიყავი, ტირილი დაიწყო. მითხრა, რომ წლების წინ, ერთი ჟურნალისტი გოგონა იყო მოსული, რომელიც იმ დღის მერე არავის უნახავს. მშობლები დღესაც უშედეგოდ ეძებენ. ეს გოგო მოკლეს, რადგან არავის აწყობს იმ ამბების გახმაურება, რაც ამ 10 მისტიკურ სახლში ხდება.