ბაღდადის აღება და სახალიფოს განადგურება მონღოლებისა და ქართველების მიერ
როგორც კი დაალაგა სამეფო დავით მეშვიდე ულუმ, წავიდა ყაენის წინაშე დიდი საჩუქრებით. ამ დროს ირანის ტერიტორიაზე, ავღანეთისა და თურქმენეთის ნაწილში, წინა აზიის აღმოსავლეთში არსებულ მონღოლთა ულუსში გაბატონდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი ჰულაგუ (ქართული წყაროთი – ულო), რომელსაც ილხანს (ილ-ყაენს) უწოდებდნენ, რაც სახელმწიფოს ყაენს ნიშნავს. ის იყო მონღოლთა დიდი ყაენების – მანგუს (მუნკე) (დიდი ყაენი 1251–1259 წლებში) და ჰუბილაის (დიდი ყაენი 1260 წლიდან და ჩინეთის იმპერატორი 1271 წლიდან 1294 წლამდე) ძმა.
ჰულაგუს საბრძანებელს საილხანოს უწოდებდნენ. ჰულაგუსგან წარმოდგა ილხანთა მონღოლური სახელმწიფოს დინასტია ჰულაგუიდებისა, რომლის ვასალადაც ითვლებოდა საქართველო. ილხანთა ვასალები ასევე იყვნენ ტრაპიზონის იმპერია, რუმის თურქული სასულთნო და ასევე, სხვა წვრილი სამთავროები.
ჰულაგუ ყაენმა პატივით მიიღო ქართველი ხელმწიფე და თავის ნოინების, მხედართმთავრების გვერდით მიუჩინა ადგილი ყაენის კარზე საჯდომად და სათათბიროდ. მეფის კარავი დადგეს ნოინების კარვების გვერდით.
მანგუ ყაენის ბრძანებით, ჰულაგუ ყაენი დაიძრა ბაღდადისკენ, არაბული სამყაროს დასამორჩილებლად. გადმოცემით, მონღოლთა ეს არმია შედგებოდა 150 000 მეომრისგან. ყაენს თან ეახლა დავით ლაშას ძე ქართული ჯარით. გარდა ქართველებისა და მონღოლებისა, 1 000 ჩინელი ინჟინერი იყო არმიაში, რამდენიმე ათასი სპარსი, თურქი და სომეხი (სომეხთა ნაწილი ქართველ მეფეს ჰყავდა წაყვანილი, რადგან სომხეთი იმ პერიოდში საქართველოს შემადგენლობაში იყო და ჩვეულებრივად, საქართველოს სომხური პროვინციებიდანაც მიჰყავდათ ქართულ არმიაში გაწვევით ჯარისკაცები. რაღაც რაოდენობა შესაძლოა კილიკიელი სომხებიც იყვნენ). ანტიოქიელი რაინდებიც შეუერთდნენ ჰულაგუს ჯარს.
უცხოელი ავტორები ამბობდნენ, ქართველებს უნდოდათ, შური ეძიათ ფსიქოპატი ჯალალედინის მიერ ტფილისის აოხრებისა და 100 000 ტფილელის დახოცვისათვისო, რაც ოცდაათიოდე წლით ადრე მოხდა. ვინ იცის, არაბთა სარდლების, მურვან ყრუს, ბუღა თურქის, აბულ კასიმის მიერ ჩადენილი დანაშაულიც ახსოვდათ ქართველებს, მათ მიერ დაღვრილი სისხლის მდინარეები საქართველოში.
ბაღდადში ამ დროს იჯდა აბასიდების დინასტიის წარმომადგენელი ხალიფა აბუ აჰმად აბდულაჰ ალ-მუსტასიმ ბილაჰი. არაბმა ხალიფამ ჯეროვნად ვერ შეაფასა მონღოლთა და მათი მოკავშირეების ძალები და მონღოლთა შეთავაზებაზე, დამორჩილებოდა და ხარკი ეკისრა, უარითა და შეურაცხყოფებით უპასუხა.
1258 წლის თებერვლის დასაწყისში სახალიფოს ჯარმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა მონღოლებს. არაბული არმია მხედართმთავარ ფათჰ ად-დინ იბნ ქერას ხელმძღვანელობით დამარცხდა ტიგროსის ნაპირებთან. ხალიფა, ჯარი და მოქალაქეები გამაგრდნენ ბაღდადში. იმ დროს ბაღდადი უდიდესი და სახელგანთქმული ქალაქი იყო, ცნობილი თავისი ბიბლიოთეკებით, სამეცნიერო სახლით, ბრწყინვალე არქიტექტურით, სიმდიდრით...
ყაენმა სამ ნაწილად გაყო თავისი ჯარი და სამი მხრიდან დაიწყეს შეტევა ქალაქზე. ერთ-ერთი მხარე სამი ძირითადი ფრონტისა ქართველთა მეფეს ჰქონდა ჩაბარებული. მეორე ნაწილს ხელმძღვანელობდა ელგონ (ელკე) ნოინი, მესამე ნაწილს კი – თვითონ, ყაენი ჰულაგუ.
სახალიფოს ჯარი გამოსვლას აპირებდა ქალაქიდან, მაგრამ მონღოლების ჩასაფრებულმა ნაწილებმა კვლავ დიდი ზიანი მიაყენეს არაბებს.
თორმეტი დღე მიმდინარეობდა ალყა. ხალიფამ არაერთგზის სცადა მოლაპარაკება, მაგრამ ახლა მონღოლებმა უთხრეს უარი ზავზე. ალ-მუსტასიმ ბილაჰმა სცადა ნავით გაპარვა, მაგრამ ელგონ ნოინის ნაწილებმა, რომლებიც მდინარე ტიგროსის გადაღმა იდგნენ, უკან შეაბრუნეს თავის სასახლეში.
მეფე დავითმა ქალაქის ზღუდის გარღვევა ბრძანა. ამ დროს მონღოლებს თან ჰყავდათ ჩინელი მცოდნეები, რომლებმაც საალყო მანქანები გააწყვეს. როგორც ჩანს, ქართველებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი ცოდნა ზღუდეების ნგრევისა, რაც დავით აღმაშენებლის დროიდან და უფრო ადრეც, გამოიყენებოდა ჩვენი არმიის მიერ.
ქართველებმა გაარღვიეს ზღუდე და ერთ-ერთი პირველები შეიჭრნენ ქალაქში. ქართველებმა და თათრებმა გააღეს ქალაქის კარიბჭეები და ძირითადი არმიაც შეიჭრა ბაღდადში.
ქალაქშიც გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა რამდენიმე დღე...
შვიდი დღის განმავლობაში არბევდნენ და ძარცვავდნენ დამპყრობლები ბაღდადს. ქრისტიანებისა და ებრაელებისთვის ხელი არ უხლიათ, მაჰმადიანების დიდი უმრავლესობა კი გაწყვიტეს. გაიძარცვა და დაინგრა ბობლიოთეკები, სახელგანთქმული სიბრძნის სახლი (აკადემია). წიგნები მდინარეში გადაყარეს. თვითმხილველები ამბობდნენ, დიდი მდინარე ტიგროსი წიგნების შავი მელნითა და ადამიანთა წითელი სისხლით შავ-წითლად იყო შეღებილიო. ქუჩები სავსე იყო დახოცილი ბაღდადელებით. სხვადასხვა მონაცემით, იმ დღეებში მოკლეს 100 000 ან 1 000 000 ბაღდადელი.
რასაც არაბები სჩადიოდნენ სხვა ქვეყნებში, ახლა თავის თავზე იწვნიეს იგივე. ჯარმა ხელთ იგდო იგავმიუწვდომელი სიმდიდრე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა ბაღდადში, დიდი იმპერიის დედაქალაქში, ხარკის სახით თუ ვაჭრობის საშუალებით შემოდინებული. ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, აბრეშუმი გაიყვეს მეომრებმა. სპილენძისა და რკინის ნაკეთობებს არავინ ახლო ხელი, იმდენად ბევრი იყო ოქრო-ვერცხლი და თვალმარგალიტი, ჩინური, ქაშანური (ირანული) და ადგილობრივი ჭურჭელი, ძვირფასი ნაკეთობები.
მეომრებმა უნაგირები, ხურჯინები და სხვა სათავსოები, რაშიც კი შეიძლებოდა შენახვა, აავსეს თვალმარგალიტით და ოქრო-ვერცხლით. ზოგმა ხმალიც კი გადატეხა ვადაში, ქარქაშებშიც ოქრო ჩატენა და თავზე დაახურა გადატეხილი ვადა.
იყო ბარბაროსული შემთხვევებიც. ზოგმა მკვდარი ადამიანი გამოწელა, გვამის მუცელი აავსო ძვირფასეულით და თითქოს თავისი მკვდარიაო, ასე გაიტანა ქონება ბაღდადიდან.
ხალიფას სასახლე რომ აიღეს, მაჰმადიანთა სულიერი მეთაური, მისი ცოლები და შვილები ტყვედ აიყვანეს და მიჰგვარეს ჰულაგუ ყაენს.
მონღოლები აიძულებდნენ ხალიფას, დაეჩოქა და თაყვანი ეცა ყაენისათვის, მაგრამ არ დამორჩილდა უკანასკნელი აბასიანი:
– ხელმწიფე ვარ თვითმპყრობელი, არავის მონა არ ვარ. თუ გამათავისუფლებთ დაგემორჩილებით, მაგრამ მონობას არ ვიკისრებო!
გამოუშალეს ფეხები მონღოლებმა და პირქვე დაეცა ხალიფა, მაგრამ თაყვანი არ სცა ყაენს.
ხალიფას აიძულეს, ეჩვენებინა საიდუმლო სამალავები, სადაც ინახებოდა სახალიფოს ძვირფასეულობა. ეს აურაცხელი სიმდიდრე იყო, ენით აუწერელი, საუკუნეების განმავლობაში ნაგროვები.
მაინც არ ინება ხალიფამ ყაენის თაყვანისცემა. უბრძანეს ელგონ ნოინს ხალიფასა და მისი შვილების მოკვლა.
ელგონმა უთხრა ხალიფას, ყაენმა შეგიწყალაო. გაუხარდა წინასწარმეტყველი მუჰამედის მოადგილეს და უთხრა ელგონს: „გამიშვას, და დამიბრუნოს ბაღდადი“.
ნოინმა კი უპასუხა: არა, ყაენი თავისი ხელითა და თავისი ხმლით მოგკლავს, ყაენის შვილი აბაღა კი შენს შვილს მოკლავსო. გაკვირვებულ ხალიფას უთქვამს: თუ მკლავთ, რა მნიშვნელობა აქვს ძაღლი მომკლავს თუ კაციო.
1258 წლის 20 თებერვალს მოკლეს უკანასკნელი აბასიანი ხალიფა. დახოცეს მისი ოჯახის წევრები. დაეცა ბაღდადის სახალიფო.
ასე გვიამბობს უცნობი ქართველი ჟამთააღმწერელი.
არის კიდევ სხვა ორი ვერსია ხალიფას სიკვდილთან დაკავშირებით. ერთი გადმოცემით, ის გაახვიეს ხალიჩაში, რათა მიწაზე არ დასხმულიყო ხელმწიფის სისხლი და ცხენებს გადაათელინეს. ძველ დროში მეფური სისხლის დაღვრა, თუნდაც მტრის მეფისა, ცოდვად ითვლებოდა და აკრძალული იყო.
არსებობს სხვა გადმოცემაც, რომლის მიხედვით, ხალიფა ჩაკეტეს თავის საგანძურის სამალავებში და შიმშილითა და წყურვილით ამოხდა სულის.
ამის შემდეგ ცოცხლად დარჩენილი ბაღდადელები შეიწყალეს.
ასევე უცხოური გადმოცემით, ხალიფას ერთი ვაჟი არ მოუკლავთ და მანგუ ყაენს გაუგზავნესო. შემდეგ ამ აბასიანს ყარაყორუმში შეუქმნია ოჯახი.
დანგრეულ ბაღდადსა და სხვა ქალაქებში მონღოლური გარნიზონები ჩადგნენ.