ცრუ გამოძახებები და მოღალატე ცოლი
კომუნისტების პერიოდში ტელეფონით ხუმრობა გავრცელებული ამბავი იყო. დღე არ გავიდოდა, რომ მილიცია, სახანძრო რაზმი ან სასწრაფო არ გამოეძახათ ტყუილად. ასეთი საქმიანობით ძირითადად ბავშვები იყვნენ დაკავებულები. ჩემი სამსახური კი ასეთი ტიპის ხულიგნებს ავლენდა.
ერთი პერიოდი გახშირდა მოსკოვის ¹4 სახანძრო რაზმში ცრუ გამოძახებები და ეს ყოველივე იმდენად მოსაბეზრებელი გახდა, რომ საფუძვლიანი გამოძიება დავიწყე. შევადგინე ცრუ გამოძახებათა სია, შემდეგ სიხშირის გრაფიკი და საოცარი აღმოჩენა გავაკეთე. გამოძახებები მხოლოდ იმ დროს ხდებოდა, როდესაც მთავარი სახანძროს მორიგე მაიორი ანტონ რეფსი იყო. ის ყოველ მეორე დღეს მორიგეობდა სხვადასხვა ბრიგადებთან ერთად. ამიტომ ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ცრუ გამოძახებები მასთან იყო დაკავშირებული. იქვე მუშაობდა მისი მეუღლე, ლიდაც. ის ბუღალტერი იყო – ახალგაზრდა, ლამაზი ქალი და როგორც შევიტყვე, რეფსი ძალიან ეჭვიანობდა, ცოლს გარეთ არ უშვებდა. თუ სამსახურში იყო და მთელ დღეს ბუღალტერიაში ატარებდა, სადაც ლიდასთან ერთად, კიდევ ერთი კაცი – ბუღალტერი გონტარი მუშაობდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემს ინტუიციას ვენდე. ბოლომდე მივყევი და სიმართლე გავარკვიე. ცრუ ზარებს ბუღალტერი გონტარი უშვებდა ქუჩის ტელეფონიდან. სანამ რეფსი ცრუ გამოძახებაზე მიიჩქაროდა, გონტარი და რეფსის მეუღლე ლიდა ერთ ამბავში იყვნენ.
საყვარლები ფაქტზე დავიჭირეთ. დანაშაული დავუმტკიცეთ და დიდი ჯარიმა გადავახდევინეთ. სამსახურიდან კი ორივე დაითხოვეს. თუმცა, მათ ეს დიდად არ უდარდიათ და ყოფილი საყვარლები დაქორწინდნენ.
სამაგიეროდ, რეფსის ცხოვრება წავიდა უკუღმა. ის ნერვიულად დაავადდა. ერთ მშვენიერ დღეს კი სახანძროს შენობა გადაბუგა და თავისი ფეხით წავიდა საგიჟეთში...
გივი თეთრაძის მონათხრობის მიხედვით