როგორ მზადდება ავთვისებიანი სიმსივნისგან განკურნებისთვის საჭირო წამალი და ვინ განკურნა მამა სერაფიმემ
– მამაო სერაფიმე, მართალია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო წამლის რეცეპტი იცით?
– 2003 წლის გაზაფხულზე, რუსეთის სიწმინდეების მოლოცვისას, ქალაქ კრასნოდარში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. იქ მოღვაწეობდა იმ მხარეში ცნობილი მღვდელ-მონაზონი გიორგი, რომელიც ერისკაცობაში პროფესიით ექიმი ყოფილა და მონაზვნობაში ხალხური მედიცინით დაინტერესებულა. წლების განმავლობაში მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვილ გამოცდილებას ნაყოფი გამოუღია. მამა გიორგიმ კლასიკური, ხალხური და მონასტრული მედიცინის განსაკუთრებული ერთიანობით საოცარი შედეგი მიიღო სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობაში. ამას მოწმობდა ავადმყოფების ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურთხევაზე დაგვხვდა მისული. მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო და მოგვიკითხა. როცა შეწუხებულმა მოვუყევი მეუღლის ავადმყოფობაზე, დამამშვიდა და წამლის რეცეპტი მასწავლა. ეს საოცარი ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება: 1. სალბი – 35 გრამი; 2. ჭინჭარი – 25 გრამი; 3. ასკილი – 20 გრამი; 4. ნეგო – 20 გრამი; 5. დათვის კენკრა – 20 გრამი; 6. ორკბილა – 20 გრამი; 7. აბზინდა (მწარე) – 15 გრამი; 8. ფარსმანდუკი – 10 გრამი; 9. გვირილა – 10 გრამი; 10. ოქროსცოცხა – 10 გრამი; 11. ბეგქონდარა – 10 გრამი; 12. ხეჭრელის ქერქი – 10 გრამი; 13. არყის ხის კვირტები – 10 გრამი; 14. წყლის სამყურა – 10 გრამი; 15. ბერულა –10 გრამი; 16. შავბალახა – 10 გრამი. ეს მცენარეები კარგად დავაქუცმაცოთ და ერთმანეთში ავურიოთ. ავიღოთ 6 სადილის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრამი) და ჩავყაროთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი და დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (არ უნდა ადუღდეს) ზუსტად 3 საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი, 1 სადილის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 სადილის კოვზი), დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა 10-12 დღე დასვენება და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში, სანამ არ გათავდება (მაცივარში დიდხანს ინახება). არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამდენიმე წვეთი. საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ჩვენ და ჩვენმა ბევრმა ახლობელმა თექვსმეტი ბალახის რეცეპტით დავიწყეთ მკურნალობა და ნამდვილი სასწაული მოხდა: ყველა, ვინც გულმოდგინედ ასრულებდა მკურნალობის დადგენილ კურსს და, ამავდროულად, ლოცულობდა და ეზიარებოდა, უფლის წყალობით განიკურნა. ამ წამლით ავთვისებიანი სიმსივნისგანაც განკურნებულან ადამიანები. ჩემი მეუღლის დედას სიმსივნე დაუდგინეს, მეუღლეს კი ინფექციური დაავადება ჰქონდა. მეუღლეც განიკურნა და დედამისი დღეს, ამ წამლის რამდენიმე კურსის ჩატარებიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ, კარგადაა, მისი სიმსივნე აღარ განვითარებულა. მსგავსი შემთხვევები არაერთი იყო. ვინც კი ეს წამალი რწმენით მიიღო, ყველამ დიდი შვება იგრძნო.
– მამაო, ალბათ, თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბევრ სასწაულს შესწრებიხართ...
– ჩვენს დროში, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების შესაბამისად, ადამიანები კარგავენ სასწაულების სწორად აღქმის უნარს და სენსაციებზე ორიენტირებულები ხდებიან. დღეს, სენსაციებითა და საოცრებებით გამოწვეული ემოციები და მძაფრი შეგრძნებები ნარკოტიკივით გახდა საზოგადოებისთვის. მისით გაბრუებულებს ღვთისგან მოვლენილი სასწაულის სწორი აღქმა და გაგება უჭირთ. სინამდვილეში, სასწაულმა რწმენაში უნდა გაგვაძლიეროს და მადლიერებისა და პასუხიმგებლობის გრძნობა გაგვიღვივოს. როგორც თქვენ, ყველას, მეც ბევრჯერ მქონია შეხება ასეთ მოვლენებთან, რომელთაგან რამდენიმეს გიამბობთ: წლების წინ, როცა მარტვილის ტაძარში მედავითნედ ვმსახურობდი, მოძღვარმა ერთი ამბავი გვიამბო მაცხოვრის ფრესკასთან დაკავშირებით: 90-იან წლებში, ტაძარში მსახურების ამოქმედების დროისთვის, ამ ფრესკაზე მაცხოვარს მარცხენა თვალი ამოჩიჩქნილი ჰქონია – ეტყობა ვიღაცამ გულმოდგინედ და მიზანმიმართულად „იზრუნა” მის დამახინჯებაზე. მოძღვარი კი წუხდა ამის გამო, მაგრამ ისტორიულ ფრესკაზე ხელის შევლებას მაინც ერიდებოდა. ერთხელაც, ტაძარში შემოსული მოძღვარი ჯვარცმის წინ დამხობილ და მოტირალ ქალბატონს წაწყდომია. მოძღვარი ქალს გამოლაპარაკებია და გაუგია, რომ იგი რუსეთიდან ყოფილა ჩამოსული, რათა მოენახულებინა მარტვილის მონასტერი და შეხვედროდა მის მღვდელმსახურს. ქალს ტირილით მოუყოლია თავისი გარდაცვლილი მეუღლის ამბავი: წლების წინ იგი თვალის ავადმყოფობით დაავადებულა. ყველანაირ მკურნალობას უშედეგოდ ჩაუვლია და ბოლოს იძულებულები გამხდარან, თვალი ამოეღოთ, მაგრამ ვერც ამას უშველია და კაცი გარდაცვლილა. გარდაცვალების წინ ავადმყოფს ცოლისთვის გაუმხელია, რომ ახალგაზრდობაში, თავის სამშობლოში, მარტვილის ეკლესიაში, მაცხოვრის ხატისათვის თვალი დანით ამოუჩიჩქნია და ახლა ამის გამო იტანჯებოდა. ქალბატონს შენდობა უთხოვია მეუღლის გამო და ფრესკის აღსადგენად საჭირო თანხა შემოუწირავს ტაძრისთვის.
ერთხელ, დიდი მარხვის ვნების პარასკევს, წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარში ვიყავი. საშინელი ქარბორბალა დატრიალდა, სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრისა და წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიის სახურავები ერთდროულად მოხადა და გვერდზე მოისროლა. წარმოიდგინეთ ჩემი მწუხარება, მით უმეტეს, როცა ჩემს ყურს ზოგიერთი ადამიანის ნიშნისმოგებით ნათქვამი მოსწვდა: თუ ღმერთი არსებობს, რატომ გადახადა თავის ეკლესიებს სახურავიო. ზოგმა ისიც თქვა, მამაოს წაჩხურუს ეკლესიიდან ხატი გაუტანია და ამიტომ მოხდა ეს უბედურებაო, არადა, ხატი მართლა მქონდა შესაკეთებლად ჩამოტანილი. თითქმის მთლიანად მომიცვა სასოწარკვეთილებამ, აღდგომა და წაჩხურობა კარს იყო მომდგარი, წვიმა გადაუღებლად მოდიოდა და უკვე ტაძარში აღწევდა. ერთ დღესაც, როცა სულის გამაწამებელ კითხვებს საბოლოოდ ვერაფრით ვუპასუხე, თითქოს გონება გამინათდაო, ვთქვი: მე არაფერი ვიცი, არაფერი მესმის, შენ მითხარი, შენი წმიდანის პირით-მეთქი და გადავშალე წიგნი, რომელიც ხელში მომხვდა და ვკითხულობ ბერი ზაქარიას სიტყვებს: „ყოველი განსაცდელი, რომელიც ჩვენზე მოიწევა, ღვთისაგანაა და, ნუ ფიქრობთ, რომ ის ჩვენს დასასჯელად არის მოვლენილი, კაცთმოყვარე ღმერთი მას მხოლოდ ჩვენს განსაწმედელად და გასაძლიერებლად დაუშვებს ხოლმე... მუხლს მოვიყრი თქვენ წინაშე და გთხოვთ: რაც არ უნდა მოხდეს, ნურასოდეს ნუ მიეცემით სასოწარკვეთილებას, არამედ, მუდამ გჯეროდეთ ღვთის კაცთმოყვარეობისა“... – ეს იყო სასწაული. მე თითქოს ახალ ადამიანად დავიბადე. უძლეველი რწმენით ავივსე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ასეც მოხდა: მეორე დღეს გადმომცეს უცხოეთში მცხოვრები წაჩხურუელი ადამიანის მიერ გამოგზავნილი თანხა, რომლის მეშვეობითაც ორივე ტაძარი სამ დღეში გადაიხურა.