კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა მოწყალების გაცემისას და რა შემთხვევაში არ აქვს მის მიერ გაკეთებულ სიკეთეს აზრი და მნიშვნელობა

– როდესაც მაცხოვარი მობრძანდება მეორედ, საშინელი სამსჯავროს დრო დადგება და იმ ხალხს, ვინც მარცხნივ აღმოჩნდება, მკაცრად მიმართავს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო სატანჯველში. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი: რატომ არ ეზიარებოდით, რატომ არ დადიოდით ეკლესიაში, რატომ არ ამბობდით აღსარებასო. მაცხოვარი მათ ეტყვის: მშიოდა და არ დამაპურეთ, მწყუროდა და არ მასვით, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, უძლურებაში ვიყავი, სნეულოებაში და არ მანუგეშეთ, საპატიმროში ვიყავი და არ მინახულეთ. უნდა იცოდეს ქრისტიანმა, რომ თუ არ იქნება ქველმოქმედი, მოწყალე, ის ვერ ცხონდება. სიკეთის კეთება ადამიანის ცხოვრებას ხშირად ბოლომდე ცვლის, სიკეთე გულს უთბობს, ცხოვრების წესს ცვლის, აღარ არის გაბოროტებული და ახალ ცხოვრებას იწყებს. ჩვენ ხშირად, როდესაც ეკლესიაში წირვაზე მივდივართ და გზად გაჭირვებული ადამიანები გვხვდებიან, ვიწყებთ მათ განკითხვას, თვალს ვარიდებთ და გვავიწყდება მღვდლისა და სამარიტელის იგავი. ეს ჩვენთვის, მღვდელმსახურებისთვის უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა მაგალითი და მერე სხვებისთვის. ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სიკეთისა და შემდეგ ამას მრევლიც დაინახავს. მაგრამ ამ ყველაფერს ფარული აღსრულება სჭირდება: მარჯვენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს მარცხენა.
– თუმცა, დღეს ამას არავინ იცავს, პირიქით სიკეთის ქმნით ყველგან იწონებენ თავს.
– საწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი სიკეთეს აკეთებს ანგარების მიზნით, რომ მერე ტელევიზიებმა გადაიღონ, პრესაში დაბეჭდონ, შეაქონ, მეცენატი უწოდონ. ეკლესია გვასწავლის: დაფარულში აღსრულდეს ყოველგვარი ქველმოქმედება, რამეთუ ნაყოფი სულისა არს სიხარული, სახიერება, მოწყალება და მარხვა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივეს სიყვარულით უნდა ვაკეთებდეთ და მივიღებთ სიხარულს. თუ მოწყალება გაეცი და თან, ეჩხუბები გაჭირვებულს, შეაგონებ: რატომ არ მუშაობ, რატომ ზიხარ აქ, ეს უკვე მოწყალება აღარ არის. შენ დაეხმარე იმ ადამიანს და ღმერთმა იცის: ის რისი ღირსია, ან არ არის. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ არ გვინდა სიკეთის კეთება და ვეჩხუბებით მათხოვარს, ლექციას ვუკითხავთ ერთი საათი და ამით საკუთარ სინდისს ვაძინებთ. ვიტყვით: მე დავეხმარებოდი, მაგრამ ის არ არის ღირსი. ძნელი გასარკვევია ვინ არის ღირსი და ვინ – არა. როცა ადამიანი ისე დაეცა, რომ მათხოვარი გახდა, ნუთუ იმაზე ფიქრია საჭირო: ის ღირსია მოწყალების მიცემის თუ არა. ის უკვე დაეცა და ამაზე მეტად როგორ უნდა დაეცეს. შენ კიდევ ლექციებს უკითხავ, ეჩხუბები.
– ხშირად ადამიანები სიკეთეს არა მხოლოდ დასანახად სჩადიან, მერე იმაზეც ჩხუბობენ: მე მას იმდენი სიკეთე გავუკეთე, მაგრამ ვერ დავანახვე, აზრი არ ჰქონდა ამ ყველაფერს, მაინც ვერ დაინახავდაო და ასე შემდეგ. რა ჰქვია ამ მდგომარეობას?
– წმიდა მამები ბრძანებენ, რომ არსებობს ადამიანის ქველმოქმედების სამი მდგომარეობა: 1. მონური, 2. მსახურებითი, დაქირავებული და 3. შვილობრივი. პირველი მდგომარება ეს არის ის, რომ ადამიანი შეშინებულია, იცის, რომ ჯოჯოხეთი არსებობს თავი რომ დააღწიოს. ის, მოვალეობის მოხდის მიზნით, შეშინებული აკეთებს სიკეთეს. მისი სიკეთე ყოველთვის შიშიდან მომდინარეობს, დამონებულია ამ გრძნობას და მერე ხშირად წუწუნებს, რომ გააკეთა მოწყალება და ვერავინ ვერ დაინახა. სიყვარულით არ აკეთებს და სიხარულსაც ვერ იღებს. ასეთი ადამიანი ბევრია და ჩვენი უმეტესობაც სწორედ ამ ტიპს მივეკუთნებით. მეორე შედარებით აღმატებული, დაქირავებითი – გინდა, რომ სამოთხე მოიპოვო. გაიგე, რომ მაცხოვარი ცხონებას ჰპირდება მათ, ვინც თავის მარჯვნივ დააყენა და ამიტომ აკეთებ სიკეთეს. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამასაც რაღაც დაქირავებული სახე აქვს: გინდა, რომ მიიღო აქ თუ არა, ზეცაში მაინც. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ცუდი, მაგრამ ყველაზე აღმატებულია მესამე – შვილური, მამაშვილური სიკეთე. არც გეშინია, არც რაღაცის მიღება გინდა, არამედ შენში არის ღვთაებრივი სული, მამის სული, შენ ძეში ხარ მამის სული და გინდა, უნგაროდ, დაფარულად, მამაშვილურად გააკეთო სიკეთე. მერე ასეთი ადამიანები არ იყვედრებიან და არ ამბობენ: ტყუილად გავაკეთე სიკეთე, ვერავის დავანახვეო. მაცხოვარმა მოგვცა ინსტრუქცია ცხოვრების: მიუტევეთ ადამიანებს, იცხეთ ზეთი და ნუ დაიუნჯებთ საუნჯეებს დედამიწაზე, არამედ ზეცაში, სადაც ვერავინ წაგართმევთ მას. ის, რასაც სიკეთით გავაკეთებთ, ქველმოქმედებით, სიყვარულით, სიხარულით აღვასრულებთ, ის ზეცაში იქნება დაუნჯებული და ვერავინ წაგვართმევს. ის ხალხი, ვინც სიკეთეს იმიტომ აკეთებს, რომ ქება-დიდება დაიმსახუროს, საბოლოოდ, ხალხისგან განკითხვას იმსახურებენ. დღეს იმასაც ამბობენ: ამდენი გაჭირვებულია, რა ვქნა, ყველას როგორ დავეხმარებიო. მეორე საუკუნეში მოღვაწეობდა სმირნის ეპისკოპოსი პოლიკარპე, იოანე ღვთისმეტყველის სულიერი შვილი. მას აქვს ძალიან საინტერესო ეპისტოლე ეფესელთა მიმართა: გაიოფლოს მოწყალება თქვენს მუჭაში, სანამ არ გაიგებთ ვის ეხმარებითო.
– ანუ, ბრმად მოწყალებაც არ არის კარგი?
– რა თქმა უნდა. კარგად უნდა დაფიქრდეთ, ვის და როგორ ეხმარებით. ფული მისცე თუ რამე ნივთი მისცე, ან სახლში წაიყვანო, სახლი დაულაგო, საკვები მიაწოდო, ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი. ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ და ამაზე ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ. წმიდა იოანე ოქროპირმა სამი სახის სიკეთე გამოყო: თუ ატყობ, რომ გაჭირვებული ცრუობს, მიეცი მას ბრინჯაო, ანუ მცირედი. თუ ატყობ, რომ არ გატყუებს, მაგრამ ბოლომდე გულწრფელი არ არის, ვერცხლი მიეცი. თუ მართლა გაჭირვებულია, მაშინ ოქრო მიეცი, მეტად დაეხმარე. ღმერთი არავის ეტყვის, რატომ დაეხმარეო. პირიქით, გეტყვის: რატომ არ დაეხმარეო. ბევრი თავს იმართლებს: იმიტომ, რომ მატყუებდაო. ის ისედაც გაჭირვებულია, უკვე ითხოვს და მას სჭირდება დახმარება. მდიდარი ყოველდღე ხედავდა მის წინ მჯდომარე ლაზარეს, მაგრამ არ ეხმარებოდა. თუმცა, როდესაც მან ჯოჯოხეთში აახილა თვალი, უკვე გვიანი იყო, აღარაფერი ეშველა. ასე რომ, უნდა მოვასწროთ სიკეთის კეთება, განსაკუთრებით კი მარხვაში. რადგან მარხვა გულისხმობს ქრისტიანულ აზროვნებასა და ქმედებას. ქმედება კი მოწყალებაა, რადგან არავინ შეგვიწყალებს ჩვენ, თუ ჩვენ არ შევიწყალებთ არავის. იგავი უგუნურ ქალიშვილებზე სწორედ ამას ნიშნავს. იქ ქალიშვილები პატიოსნები იყვნენ, მაგრამ რა დააკლდათ – ზეთი, ანუ ქველმოქმედება. ერთ-ერთმა ბერძენმა მამამ იქადაგა ამბიონიდან, რომ მრევლს სისხლი გაეღო. ყველა წავიდა, მხოლოდ მამაო დარჩა. ერთმა თქვა: ამ ქადაგებას ჯობდა, თვითონაც გაეღო სისხლიო. ანუ მხოლოდ ქადაგება, სახარების კითხვა, არ არის საკმარისი. გაჭირვებულს ვუთხრათ: ღმერთმა გიშველოს, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. მთავარია სიტყვა და მერე ამ სიტყვის აღსრულება, რადგან ჩვენ ვიქნებით მხოლოდ სიტყვის მქადაგებლები და არა აღმსრულებლები. იაკობ მოციქული კი ბრძანებს: რწმენა საქმეთა გარეშე, მკვდარია, მაგრამ საქმეებიც რწმენის გარეშე მკვდარია.

скачать dle 11.3