მამა ვასილის სასწაულები
კეთილმსახურ ბერძენთ მეფეთა, ყოვლადბრძენ ლევისა და მისი ძმის, ალექსანდრეს დროს, შორს, უდაბნოში განდეგილად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ღირსი მამა ვასილი. მისი მოღვაწეობა დიდხანს არ დარჩა დაფარული. ღმერთს ენება, რომ ღირსი მამა ხალხს ეცნო: ერთხელ, მეფის ელჩები, ასირიიდან დაბრუნების დროს, უდაბნოში შეხვდნენ ამ კეთილმსახურ განდეგილს, საეჭვო კაცად მიიჩნიეს, შეიპყრეს და სატახტო ქალაქში წამოიყვანეს.
სატახტო ქალაქში ისინი სამონს წარუდგინეს. სამონმა მოისურვა, შეეტყო მისგან, ვინ იყო ან საიდან იყო იგი და რა ერქვა, მაგრამ წმიდა ვასილმა მის გამოკითხვაზე პასუხი არ გასცა. ამის გამო სამონმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ – სამოსელი გაეხადათ და ხარის ძარღვით ეცემათ, მაგრამ ამ სასჯელის მიყენებითაც ვერაფერი შეიტყო მისგან. ცემისგან სიკვდილის პირას მისული წმიდანი საპყრობილეში ჩასვეს.
მეორე დღეს სასტიკმა სამონმა უბრძანა მსახურებს, ხელმეორედ მოეყვანათ წმიდანი გამოსაკითხად. საპყრობილესთან რომ მივიდნენ, მსახურები გაოცებულნი შეიქნენ – საპყრობილე დაკეტილი იყო, წმიდანი კი, სრულიად უვნებელი, გარეთ იდგა. ვინ გაგიღო კარიო, – ჰკითხეს მათ, მაგრამ, არც მსახურებს გასცა პასუხი... წმიდანი მსახურებთან ერთად სამონთან გაემგზავრა. რამდენიმე მსახური წინ წავიდა და სამონს მოახსენა, რაც მოხდა, მაგრამ, ვერც ამ ამბავმა მოიყვანა იგი გონებაზე. სამონმა კვლავ გამოჰკითხა წმიდანს და, რადგან, პასუხი მაინც ვერ მიიღო მისგან, ბრძანა, ისევ ჯოხებითა და ხარის ძარღვებით ეცემათ. წმიდანმა ხმაამოუღებლივ გადაიტანა ეს სასჯელიც... ექვსმა დღემ განვლო ამგვარად, მაგრამ უსჯულო სამონმა მაინც ვერ მიიღო პასუხი. წმიდანის სიჩუმის მიზეზი ის იყო, რომ მას არ სურდა, მთელ მის სიცოცხლეში ნაღვაწი კეთილი საქმე სახალხოდ გამხდარიყო ცნობილი.
ერთი კვირის შემდეგ კვლავ ბრძანა სამონმა წმიდანის მოყვანა და, შეხედა თუ არა, განრისხებით შესძახა: „შენ, ხალხისგან საძაგელო, კიდევ დიდხანს გაჯიუტდები და არ მეტყვი, ვინ ან საიდან ხარ?“ გულსატკენი სიტყვების გაგონებაზე წმიდა ვასილიმ მშვიდად უპასუხა: „საძაგელი იმას უნდა ეწოდოს, რომელიც შენსავით საიდუმლოდ სოდომურ ცოდვას სჩადის“. გაცოფებულმა სამონმა ბრძანება გასცა, ერთ-ერთ სადარაჯოში თავდაღმა ჩამოეკიდათ წმიდანი.
წმიდა ვასილი სამი დღე-ღამე იყო ამ საშინელ ყოფაში. ძნელი წარმოსადგენია გაოცება სამონისა, როცა იგი სადარაჯოში შევიდა და წმიდანი იხილა სრულიად ტანმრთელი, თან, სახის ისეთი გამომეტყველებით, თითქოს არავითარი ტანჯვა არ გამოუვლიაო.
სამონმა კიდევ დაუწყო გამოკითხვა წმიდანს, მაგრამ ვერც ახლა მიიღო პასუხი, იფიქრა, ეს კაცი ერთი გრძნეულთაგანი უნდა იყოსო და, გადაწყვიტა, ლომისთვის მიეცა შესაჭმელად. ეს სასჯელი მეორე დღისთვის დანიშნა და ბრძანა, ლომისთვის საჭმელი აღარ მიეცათ, რადგან კაცით უნდა გამოეკვებათ.
მეორე დღეს დიდძალი ხალხი შეიკრიბა სეირის საყურებლად. წმიდანი შუა ადგილას დააყენეს და გამძვინვარებული მშიერი ლომი გამოუშვეს. ნეტარი ვასილი თვითონვე გაეშურა ლომისაკენ. მრისხანე ლომი უცებ დაწყნარდა და როგორც მორჩილი ცხოველი, წმიდანის ფერხთა წინ დაწვა. ამის მნახველ ხალხს თავზარი დაეცა და გაოცებული შეიქნა. მოსისხლე და მხეცზე უმძვინვარესი სამონი ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს და წმიდანის ზღვაში გადაგდება ბრძანა. მაგრამ სარწმუნოებით მცხოვრებ ადამიანთა მფარველმა ღმერთმა ხელახლა დაიცვა თავისი რჩეული... ამასთანავე ბორკილებიც თავისთავად შემოეხსნა წმიდა ვასილის და სრულიად თავისუფალი მივიდა კონსტანტინოპოლის „ოქროს კართან“ და ქალაქის შესასვლელთან დასასვენებლად ჩამოჯდა. მალე მას გვერდით ერთი უკურნებელი სენით შეპყრობილი კაცი მიუჯდა. წმიდანმა, დასდო მას ზედა ხელი, ლოცვით მიმართა უფალს და განჰკურნა იგი. განკურნებულის მადლობას საზღვარი არ ჰქონდა. ის კონსტანტინეპოლის უბრალო მოქალაქე იყო და სახელად იოანე ერქვა. ღირსი ვასილი დათანხმდა იოანეს მიწვევას და გაჰყა სახლში. იოანეს მეუღლემ, სახელად ელენემ, გულმოდგინედ მიიღო ძვირფასი სტუმარი და უსაზღვრო მადლობას სწირავდა ქმრის განკურნებისათვის. როცა იოანემ და ელენემ შეიტყვეს წმიდა ვასილისაგან, ვინ იყო იგი და უფალმა როგორ იხსნა მისი სიცოცხლე, ვედრებით დაუწყეს თხოვნა, მათ სახლში დარჩენილიყო. ნეტარი ვასილი დათანხმდა. ცოლ-ქმარმა ცალკე ოთახი მიუჩინა მას, სადაც წმიდანი ლოცვითა და მარხვით შეუდგა ცხოვრებას. წყნარი, მშვიდი, მოწყალე და კეთილი ვასილი საღმრთო ალერსითა და სიყვარულით ექცეოდა ყველას. დიდხანს აღარ დარჩენილა იგი დაფარულად. არა თუ უბრალო მოქალაქე, არამედ გამოჩენილი დიდკაცობაც მოდიოდა მასთან, იღებდნენ რჩევა-დარიგებას და თუ საჭირო იყო, სხეულის კურნებასაც.