მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: უფრო მეტად ცნობილია ორი სახის ჯვარი – წმინდა ნინოსი და ტრადიციული. როგორც გავიგე, არსებობს სხვა ფორმის ჯვრებიც, რომლებია ისინი?
პასუხი: მას შემდეგ, რაც უფალი ჯვარს აცვეს, ქრისტიანებმა რამდენიმე ფორმის ჯვარი შექმნეს: ზოგზე მაცხოვარია გამოსახული, ზოგზე კი არა. არსებობს ანდრია პირველწოდებულის X-ის ფორმის ჯვარი. არის, აგრეთვე, პეტრე მოციქულის გადაბრუნებული ჯვარი – როგორც ცნობილია, პეტრე მოციქულმა ღირსად არ მიიჩნია თავი, ჯვარზე ისეთივე წესით გაეკრათ, როგორც უფალი გააკრეს და ის გადაბრუნებულ ჯვარზე აწამეს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ჯვარზე ილოცებთ, მთავარია, მას მართლმადიდებლური ეკლესია კანონიკურად აღიარებდეს.
კითხვა: რას ნიშნავს დიკირ-ტრიკირი?
პასუხი: დიკირი არის ორი შეერთებული კელაპტარი და სიმბოლურად გამოხატავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას – კაცურსა და ღვთაებრივს, რადგან უფალი ღმერთკაცია.
ტრიკირი – სამ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამებას გამოხატავს.
დიკირ-ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხებელი მარჯვენის განსახიერებაა.
კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა დონორობა?
პასუხი: სხვადასხვა მიმდინარეობის სექტანტები ეწინააღმდეგებიან დონორობას. სინამდვილეში დონორობა კეთილი საქმეა, რადგან მას მოყვასის სიყვარულით ვიქმთ.
კითხვა: შეიძლება, თუ არა ტაძარში მოვიხსენიოთ ლოთობის შედეგად დასნებოვნებით გარდაცვლილი ადამიანი?
პასუხი: შეიძლება თუ ის იყო მართლმადიდებელი და გარდაიცვალა არა უშუალოდ სიმთვრალის მიზეზით.