როგორ აუხდა რეალობაში ფილმში ნათამაშევი როლი ბექა სიხარულიძეს და ვის სახელს დაარქმევს ის შვილს
ბექა სიხარულიძე: გასულ ზაფხულს საქართველოში გახლდით და მამაჩემის, გივი სიხარულიძის პიესების მიხედვით შექმნილი სცენარით, გადავიღე ჩემი პირველი სარეჟისორო ნამუშევარი. ფილმს „ბაბუს მევალე” ჰქვია. ამერიკაში რომ ჩამოვედი, დაახლოებით ათ კინოფესტივალზე გავაგზავნე და მინდა გითხრათ, თუ ასეთი წამატებული აღმოჩნდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. ოთხი ფესტივალი მოვიგეთ – ბოლო წარმატება გახლდათ, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე, საუკეთესო უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში გამარჯვება.
– ფილმში, ასახულია ქართული ელემენტები – რეალობა, პრობლემები. არ იყო იმის რისკი, რომ ამას ამერიკელი მაყურებელი ვერ აღიქვამდა?
– როგორ არა. ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. დამიჯერეთ, არანაირი გამარჯვების ამბიცია არ მქონია. არ მეგონა, თუ ამერიკელები გაიგებდნენ ასეთ ქართულ ჟანრს. თავიდანვე ვამბობდი, ამ ფილმს ქართველებს ვუძღვნი და ჩემი ქვეყნის ხალხისთვის ვიღებ-მეთქი. არც კი მეგონა, თუ რომელიმე უცხო ქვეყნის ფესტივალზე მოხვდებოდა. ამერიკაში რომ დავბრუნდი და „ბაბუს მევალე” ვაჩვენე რეჟისორს, რიჩარდ ფრიდმანს, მითხრა: იცოდე, ამაზე მაგრად მეც კი ვერ გადავიღებდი და ეს აუცილებლად მოგიტანს წარმატებას, გააგზავნე ფესტივალებზეო. დავუჯერე და მართალი აღმოჩნდა. ახლა, ნიუ-იორკში იმართება კიდევ ერთი ფესტივალი, სადაც „ბაბუს მევალეც” იქნება ნაჩვენები.
– ის თუ არის მართალი, რომ ფილმი უკვე შეისყიდა „ევროპულმა არხმა”, რომელიც მსოფლიოს ყველა არხზე გადის და „ბაბუს მევალე” სხვადასხვა ენაზე უნდა ითარგმნოს?
– ეს ექსკლუზიური ინფორმაციაა და ჯერ არ გახმაურებულა. დიახ, „ევროპის არხი” მთელს მსოფლიოში გადის. დამირეკეს, ფესტივალზე ვნახეთ ფილმი და გვინდა, ორწლიანი შესყიდვა გავაკეთოთ, შენ კი საქართველოს წამომადგენელი იყავი ჩვენს არხზეო. სელფიც გადამაღებინა არხის მენეჯერმა, სადაც ამ მოკლე კლიპში ჩემს ქვეყანაზე ვსაუბრობ. ეს ყველა ქვეყანაში წინ დაერთვება სხვადასხვა ენაზე თარგმნილ ფილმის ჩვენებებს. იმ სელფში ვამბობ, რომ საქართველო ყოველთვის იყო ევროპის კულტურის ნაწილი. უძველესი ქვეყანაა და ულამაზესი. ამით ჩემს ქვეყანას მსოფლიოს ყველა კუთხის ხალხს გავაცნობ და ბედნიერი ვარ, რომ ეს მისია მე დამეკისრა. ეს ჩემი ქვეყნისთვისაც კარგია და როგორც იმ არხის წარმომადგენლებმა მითხრეს, „ბაბუს მევალე” მთელ მსოფლიოში თქვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი გახდებაო. კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ და ახლა ფილმის თარგმნაზე მუშაობენ. სულ რომ არ მოეცათ ფული, მაინც დავთანხმდებოდი, რადგან ეს უკვე დიდი აღიარებაა ჩემთვის. ახლა მეორე სცენარზეც ვმუშაობ. ფილმს აუცილებლად ისევ საქართველოში გადავიღებ და თუ მანაც ასეთი წარმატება მომიტანა, მერე ამერიკაშიც გადავიღებ.
– გამოდის, რომ სარეჟისორო დებიუტმა პირველივე ცდაზე მსოფლიო პოპულარობა მოგიტანა?
– ნამდვილად ასეა და კიდევ ვამბობ, ამას არ ველოდი. ამერიკაში მიცნობენ როგორც მსახიობს, საკმაოდ ბევრ ფილმში ვარ დაკავებული. სულ ახლახან ვითამაშე ამერიკულ ტელესერიალში „სუსტი დაბოლოება”, რომელშიც ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი ჩავდე. ერთი წელია, გადაღებები მიმდინარეობს. კი მომიწია მაგარი ჩხუბები, მაგრამ კარგად გავართვი თავი რუსი მაფიოზის როლს. როგორც რეჟისორი ამბობს, საკმაოდ სახასიათო როლი გამომივიდა. კიკბოქსისტი და კარატისტი ვიყავი ადრე. სულ ვვარჯიშობდი და ეს ფიზიკური მომზადებაც დამეხმარა იმ რთული ილეთების შესრულებაში, რაც მაფიოზის როლს სჭირდებოდა. ჩხუბების ქორეოგრაფმა მითხრა, ისე ბუნებრივად ასრულებ ტრიუკებს, ჩემი სწავლა და შენიშვნა არ გჭირდებაო. რაღაც, ჩემეული ელემენტებიც შევიტანე (იცინის). ახლა უნდა გამოვიდეს ასევე ფილმი, რომელშიც მთავარ, მამის როლს ვთამაშობ და რეალურადაც ამიხდა (იცინის). გამოდის, რომ ეს წელი საკმაოდ წარმატებულია ჩემთვის, როგორც პროფესიონალურად, ასევე პირად ცხოვრებაში. ახლაც მაქვს შემოთავაზება ფილმში საინტერესო როლზე და ასევე, ერთ-ერთმა ამერიკელმა პროდიუსერმა შემომთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, მაგრამ ამაზე უარი ვთქვი.
– უარი რატომ თქვი?
– მინდა, მხატვრული ფილმი გადავიღო და ამიტომ ვუთხარი უარი. შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს გამომივა და შესაბამის მომენტს დავუცდი. ასე მირჩევნია.
– გავიგე, მამა ხდები, გილოცავ და ვის ველოდებით?
– მოლოცვისთვის მადლობა. აგვისტოში ველოდები პატარა გივი სიხარულიძეს (იცინის). ჩემი ცოლი, მაია ექოსკოპიაზე რომ მივიყვანე და გვითხრეს, ბიჭიაო, ცივმა ოფლმა დამასხა სიხარულისგან (იცინის). სულ ვამბობდი, ღმერთო, რასაც მომცემ, მადლობელი ვიქნები, მთავარია, ჯანმრთელი იყოს და არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი... მაგრამ არჩევნის წინაშე რომ დამაყენონ, ბიჭს ავირჩევ-მეთქი და ამიხდა. სხვათა შორის, ვისაც ჩემს სამსახიობო შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარებოდა, ეს იყო მამაჩემი და სარეჟისორო შესაძლებლობებში – მაია. მაიამ დიდი საჩუქარი გამიკეთა ბავშვის სახით. მეც ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე, მამაჩემის სახელი დავარქვა. მაიამ უდიდესი სტიმული მომცა, რომ ფილმის გადაღება დამეწყო. სულ ვამბობ, ამდენი წლის ლოდინი ღირდა. ჭკვიანი ქალი მართლა ბევრს ნიშნავს მამაკაცის გვერდით.
– ესე იგი, ფილმის წარმატებაში მაიასაც დიდი წვლილი მიუძღვის?
– რასაკვირველია, ის იყო ჩემი სტიმული, თილისმა და ავგაროზიც! გინდ დამიჯერეთ, გინდა არა, რაც ცოლი მოვიყვანე, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო – მაიამდე და მაიას შემდეგ. რომ ვფიქრდები, სანამ დავოჯახდებოდი, სულ ტყუილად მიცხოვროა. ჩემი ოჯახი – მამა და ძმა თბილისშია. მე ამერიკაში სულ მარტო ვიყავი და ახლა მაიამ შეავსო ის დანაკლისი, რასაც ოჯახი ჰქვია. ახლა, პატარაც შემოგვიერთდება და სამნი გავაგრძელებთ ბედნიერ ცხოვრებას. ბავშვობაში, როცა ოჯახი გვერდით მყავდა, მაშინ ვიყავი ბედნიერი და ახლა ვარ – როცა მაია ჩემს გვერდითაა. აი, მამაც და ჩემი ძმაც ჩემ გვერდით რომ იყვნენ, მაშინ სრული ბედნიერება იქნება. მამას ძალიან გაუხარდა და ესიამოვნა. რომ ვუთხარი, ბიჭია და შენს სახელს ვარქმევ-მეთქი, მიპასუხა, მთავარია, ჯანმრთელი იყოს და რას დაარქმევ, სულ არ მაინტერესებსო (იცინის).