კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაბა გუგული მგელაძემ ეროსი მანჯგალაძე ხუთტონიან მაგნიტზე და როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩია ბროდვეის კინოთეატრის თავზე აღმართულ სარეკლამო ბანერზე

„ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრების გზაზე. იყო მზეც და ღრუბელიც, იყო დანდობაც და ღალატიც, მაღლა სვლაც და დაცემაც – ყველაფერი იყო. გიამბობთ იმას, რაც დამამახსოვრდა ზოგს ღიმილითა და ზოგს სევდით...”
მას როგორც რეჟისორს განსაკუთრებულად არ წარვადგენ – ქართული კინოს მოყვარულნი ისედაც კარგად იცნობენ, რადგან იგი რეჟისორია ფილმებისა: „ბურთი და მოედანი”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, „ცისკრის ზარები”, „გაჭედილები”, „ფესვები” და ასე შემდეგ. მე დღეს, უბრალოდ, ამ საინტერესო კაცის დღიურებს გადაგიშლით. მაშ, ასე: გუგული მგელაძე – ბროდვეიდან „გაჭედილებამდე.”        
„იპოლიტე ეკრანიდან დალხინებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იყო კი ასეთი?.. ხშირად მინახავს, გადაღებებს შორის ფიქრიანი… დამწუხრებული… ჩარლი ჩაპლინს, გენიათ გენიას, თავის კინოკართოტეკაში „ბურთი და მოედანი” ჰქონია და უყურებდა ხოლმე – გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. თქვენ კი ამბობთ – ლუი დე ფიუნესიო. 1965 წელს ამერიკიდან ნუგზარ შარია ჩამოვიდა  (ტურისტად იყო მაშინ). კინოსტუდიის ეზოში ვნახე, მანქანას რეცხავდა. კაი რაღაცა უნდა გითხრაო და მიამბო: „მოვდივარ ბროდვეიზე და კინოთეატრის თავზე ვხედავ რეკლამას და ხატია: კოვბოი ფართო შლაპით – იპოლიტეა ზედგამოჭრილი. ერთი კი გავიფიქრე, იპოლიტეს რა უნდა ბროდვეიზე-მეთქი. ვკითხულობ წარწერას: „ბურთი და მოედანი”. იპოლიტეა! უკანასკნელი გროშებით ვყიდულობ ბილეთს. შევდივარ კინოთეატრში, სეანსი უკვე დაწყებულია და, რომ გამოჩნდა იპოლიტე და ინგლისურად დაილაპარაკა, ამივარდა ხარხარი. დარბაზი იცინოდა. მე ვხარხარებდი. თქვენ კი ამბობთ – ფიუნესიო!..”
„რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ვიღებდით სცენას ფილმისათვის „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, სადაც აბჯარასხმულ ეროსის მაგნიტი აიტაცებს. ეროსი თოკით მივაბით ხუთტონიან მაგნიტზე. ზედა მხრიდან დავსვით ჩვენი ასისტენტი, რომელსაც გადაღებისას უნდა გაეჭრა თოკი; ქვევით დავაფინეთ ათამდე ლეიბი და დავიწყეთ ეგრეთ წოდებული „ობრატნაია სიომკით” გადაღება (ქვედა რაკურსით ვიღებთ ეროსის ლეიბზე ვარდნას, რაც ეკრანზე ისე ჩანს, როგორც ქვემოდან ზემოთ „ავარდნა”). დავიწყეთ გადაღება. ეროსი მიკრულია მაგნიტზე, ასისტენტი ჭრის თოკს და ეროსი ვარდება ლეიბზე ათი მეტრი სიმაღლიდან. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. „გადაღებულია!” – ვიყვირე გახარებულმა. ოპერატორმა მიჩურჩულა: „თავი   დავიზღვიოთ, ფირის წუნი არ იყოს. ერთიც!” ეროსიმ გაიგონა მისი ჩურჩული და წაიბუტბუტა: ფირისა არ ვიცი, მე კი  დაზღვეული ვარ ხუთას მანეთად. გადაიღეთო. გამეღიმა, მაგრამ, ვაი ამ გაღიმებას. გადავიღეთ ერთი დუბლიც.
– ერთიც! – თქვა ენის ბორძიკით ოპერატორმა. გვეყოფა! – ვთქვი მე. ოპერატორმა მუდარით შემომხედა და ყანყრატოში ორი თითი წაივლო: „კადრიდან გამომივარდა.”
– გადაიღეთ, სანამ არ გადავიფიქრე – ისევ წაიბუტბუტა ეროსიმ.
ისევ მიაბეს ეროსი მაგნიტზე.... ვერ მოვასწარი „მოტორის” თქმა და, მომესმა საშინელი ყვირილი: „რას სჩადიხართ, გაგიჟდით? – ეს მექანიკური ქარხნის მთავარი ინჟინრის ხმა იყო, რომელიც გადასაღებ მოედანზე შემოსულიყო, – სინათლე რომ გამოირთოს უცებ, მაგნიტი ჩამოვარდება და ჩვენს ეროსის ლავაშივით გააბტყელებს”!..
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.
– წნევამ ამიწია, ხალხო! – ყვირის ზევიდან ეროსი, – გადაიღეთ, თუ იღებთ!
– გადავიღებთ! – შევძახე ქვევიდან ეროსის, – ოღონდ, შენ მაგივრად ჩვენს ოპერატორს… – და, გავეცი ბრძანება: ჩამოხსენით ეროსი და მის მაგივრად მიაბით გივი რაჭველიშვილი!
დაძაბული პაუზა სიცილმა განმუხტა.
… გადაღებებით ისე ვიყავი მოჯადოებული, სულ სტუდიაში ვეგდე. ყველა გადაღებას ვესწრებოდი, ვიყავი საჭირო თუ არა (სკოლა ვის ახსოვდა). დღესაც ზეპირად მახსოვს ყველა ეპიზოდის თითქმის ყველა ტექსტი. ერთი სცენა კი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: პავილიონში აგებულ დეკორაციაში, რომელიც სააკაძის სადარბაზოს წარმოადგენდა, რამდენიმე რიგად გაშლილ სუფრას „თავადაზნაურობა” და „მეფის ამალის წევრები” უსხდნენ (ფილმში გუგული მგელაძე სააკაძის უფროსი შვილის როლს ასრულებს, – ავტორი) შემწვარ-მოხრაკული ფრინველი, გოჭები თუ ინდაურები უხვად ელაგა სუფრაზე; ეს იმ დროს, როცა მსახიობის თვიური ხელფასით ბაზარში ჯონჯოლს თუ იყიდდა კაცი. მიხეილ ჭიაურელმა აკაკი ხორავასთან (გიორგი სააკაძის როლის შემსრულებელთან) რეპეტიცია დაამთავრა და, ის იყო, გადაღება უნდა დაწყებულიყო… საჭმლის ნასახიც აღარ იდო მაგიდებზე. „მეფის ამალის” მშიერ წევრებსა და „თავადაზნაურობას” სუფრა მთლიანად მოესუფთავებინათ. არც ჭიაურელს და არც სურათის დირექტორს, ცირღილაძეს, ამ დიდებულ კაცს, ერთი უბრალო საყვედურიც არ დასცდენია მსახიობების მიმართ. ცირღილაძემ მარტივად გადაწყვიტა პრობლემა – გადაღება გადადო. ორი დღის შემდეგ კი, რაღაც სასწაულით, ისეთივე პურმარილი დაახვავა მაგიდებზე. გადაღების წინ ცირღილაძემ, მისი ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გადახედა სუფრასთან მსხდომ „დიდებულებს” და პავილიონიდან გავიდა. გადაღებამ შესანიშნავად ჩაიარა. არა თუ გადაღებაზე,  გადაღების შემდეგაც კი, კაციშვილი არ გაჰკარებია საჭმელს. მერე გაირკვა, რომ ზღაპრული პურმარილისთვის ნავთი გადაესხათ. ეს ამბავი, ალბათ, იმიტომ უფრო დამამახსოვრდა, რომ ჩვენი დღიური ნორმა ბარათებით მიღებული პურისა 300-400 გრამს შეადგენდა.
„ქართულ ფილმს” იმ პერიოდში ფინანსური გაჭირვება ჰქონდა, მაგრამ ფილმი წარმოებაში ჩაუშვეს. ოთარ მეღვინეთუხუცესს მივეცი სცენარი წასაკითხად და ერთი პატარა როლი შევთავაზე. ასე მითხრა, ეს ისეთი სცენარია, ნებისმიერ ეპიზოდსაც კი სიამოვნებით ვითამაშებო. მთავარ როლზე ვვარაუდობდი კომედიური ჟანრის მსახიობს, მარტივად რომ ვთქვათ, „სასაცილო სიფათს”, მაგრამ, ვერავინ ვერ მივუსადაგე… ოთარს შევეკითხე: რამე რომ იყოს, მთავარ როლს ხომ არ ითამაშებდი-მეთქი. „ურამეოდ” ვითამაშებ დიდი სიამოვნებითო! ჰოდა, ითამაშე-მეთქი. შევუდექი გადაღებას, მაგრამ, „ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია” და, დაიწყო „ეკლიანობა”: ჯერ კინოაპარატი წააგვართვეს – „პროფილაქტიკისათვის”,  მერე ვიღაცეები გვაფინანსებდნენ. ნათქვამია „გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინაო” და, მეც დავიწყე დედოფლის ძებნა. ეს „დედოფალი” კი აღმოჩნდა კუნთმაგარი პიროვნება, გივი სიხარულიძე. მაქსიმალურად გავამარტივე სცენარი, შევუცვალე სათაური („გაჭედილები” დავარქვი) და, როცა იმ დიდებული სცენარიდან აღარაფერი დარჩა, მე და გივიმ მათხოვრობა დავიწყეთ კუს ტბაზე (თან ვვარჯიშობდით): ხან ერთ ბიზნესმენს ამოვუდგებოდით გვერდით, მასთან ერთად ვარტყამდით კუს ტბაზე წრეებს და ვუყვებოდით სცენარის შინაარსს, ხან – მეორეს. თუ გაეღიმებოდა, 200 დოლარს ვთხოვდით; თუ გაეცინებოდა – 400-ს; ხარხარს თუ დაიწყებდა – 600 დოლარზეც ყაბულს ვიყავით. ღამით ეპიზოდებს ვწერდი, დღისით ვიღებდი. რადგან „პროფილაქტიკაზე” ჩაბარებული კინოაპარატი სხვა ჯგუფში იყო „გაქრთამული”, ნათხოვარი ვიდეოკამერით ვიღებდით ფილმს, ერთხელ უკვე სხვის მიერ გადაღებულ ფირზე. მასობრივ სცენებში უსასყიდლოდ მონაწილეობდნენ ლამის მთელი კუს ტბის მოვარჯიშეები. ყველაზე მასობრივი ეპიზოდის გადასაღებად კი ეშმაკობას მივმართე: გივიმ დააბეჭდვინა მოსაწვევები და კინოსახლში გავმართეთ ჩემი ძველი ლექსების ხელმეორე „პრეზენტაცია”; მოსაწვევში კი დიდი ასოებით ჩავწერეთ, რომ იქნებოდა ჯერარნახული „ალაფურშეტი”. კინოს სახლს უამრავი ხალხი მოაწყდა და, რისი პრეზენტაცია, რა პრეზენტაცია, გადავიღეთ ლამის ფილმის მეოთხედი, თუმცა, „ალაფურშეტი” მაინც შედგა... და ასე გაგრძელდა ექვსი წელი. ვისაც თმა გაუთეთრდა, ვუღებავდით; სახის ნაოჭებს გრიმით ვუფარავდით, დაბერებულებს კი ლინზიანი ობიექტივით ვიღებდით შორიდან... რაღა ბევრი გავაგრძელო, ვალიდოლებით ჯიბეში მოვედით კინოს სახლში პრემიერაზე და, რაც იმ საღამოს იქ მოხდა, ვერაფერს დაარქმევ, თუ არა სასწაულს: ფილმი რომ დამთავრდა, იყო ისეთი ტაშის გრიალი, რომელიც ჩემს არცერთ სხვა ფილმზე არ გამიგია. დღემდე არ ვიცი, ეს რას მივაწერო. ფილმი კი დაჯდა სულ რაღაც 30 ათასი დოლარი (გინდ დაიჯერეთ, გინდ არა). ტელეფონის ზარი ჩემს სახლში რამდენიმე დღე არ შეწყვეტილა… მე კი, გამოშტერებულს, ამ ფილმის ხსენება ჩემ ფილმებს შორის, ხშირად მავიწყდება რატომღაც…”

скачать dle 11.3