ინტიმური საუბრები
ჩემი შვილის მამას ბავშვის ნახვის უფლებას არ ვაძლევ
მყავდა საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც რამდენიმე წელი მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ერთხელაც არ გამომითქვამს ცოლობის პრეტენზია, რადგან უგონოდ მიყვარდა და ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოაწერდა ხელს ჩემთან თუ არა. მთავარი ის იყო, რომ გვერდით მყავდა და, მე სულელს, მეგონა, სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნებოდით. ჩემგან შვილებიც კი უნდოდა და სახელებიც შერჩეული ჰქონდა.
რატომღაც, ისე მოხდა, რომ სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ დავფეხმძიმდი, რასაც ის ძალიან განიცდიდა და მეუბნებოდა, ორივე წავიდეთ ექიმთანო, მაგრამ, ყოველთვის ისე გამოდიოდა, ვერ ვიცლიდით ექიმთან წასასვლელად. ერთ დღეს კი, მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი და მაშინვე აფთიაქში გავიქეცი. ტესტი ვიყიდე და, ტესტმაც რომ დამიდასტურა ორსულობა, სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავდექი. იგივე რეაქცია ჰქონდა გურამსაც – სიხარულისგან მთვარეულივით დადიოდა. თან მყვებოდა, ხელისგულზე მატარებდა და ყველა სურვილს მაშინვე მისრულებდა. თითქმის ოთხი თვის ორსული ვიყავი, ექიმთან რომ წავედით. გურამის დაჟინებული მოთხოვნით, აბსოლუტურად ყველანაირი ანალიზი და გამოკვლევა ჩამიტარეს და საშინელი პასუხით გამოგვიშვეს: დაუნის სინდრომი. გურამმა ეს რომ გაიგო, შეიძლება ითქვას, რომ მოკვდა, ისეთ დღეში ჩავარდა. რამდენიმე დღე გაუნძრევლად იწვა, არც ჭამდა, არც ხმას იღებდა, მხოლოდ ცოტა წყალს თუ მოწრუპავდა და სულ ეს იყო. მე თვითონ ვიყავი მისახედი, მაგრამ, იქით ვუთევდი ღამეებს. ასეთმა რეჟიმმა მეც ცუდად გამხადა და ჩემი ჯერარდაბადებული საცოდავი შვილიც, რამაც საშინლად გააღიზიანა გურამი. ერთ დღესაც, გამომიცხადა, ან ხვალვე წახვალ და მაგ დებილს მოიშორებ, ან საერთოდ წახვალ ჩემი ცხოვრებიდანო. თავიდან გავშეშდი, ეს რომ გავიგონე, მერე კი კატეგორიული უარი ვუთხარი – მე ჩემს შვილს არ მოვკლავ, როგორიც არ უნდა გაჩნდეს-მეთქი. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული, რომ წამოდგა, თავისი ხელით ჩაალაგან ჩანთაში ჩემი ნივთები, დედაჩემს დაურეკა და უთხრა, წაიყვანეთ თქვენი შვილი, ამის ფეხი აღარ ვნახო ჩემს სახლშიო.
დედამ კი წამიყვანა, მაგრამ, ახლა ის და მამაჩემი გადამეკიდნენ, აბორტი გაიკეთეო. გარდა იმისა, რომ ბავშვი დაუნი იყო, მამაჩემს ის „უტყდებოდა“, ხელი რომ არ მქონდა მოწერილი გურამთან და ისე ვაჩენდი ბავშვს. სულ ქუჩის ქალი და უნამუსო მეძახა და ბოლოს გამომიცხადა, ჩემი სახლიდან წაეთრიე, მთელ უბანში თავი მომჭერიო. მაშინვე ჩავალაგე ჩემი ნივთები და ბებიაჩემის დასთან გადავედი, რომელმაც გამზარდა. მანაც ძალიან განიცადა ჩემი შვილის დიაგნოზი, მაგრამ არ მოუთხოვია, მუცელი მოიშალეო. პირიქით, ძალიან მორწმუნე ქალია და, მითხრა, როგორი შვილიც მოგცა უფალმა, ისეთი უნდა გაზარდო და იმით უნდა იყო ბედნიერიო.
გურამმა ერთ თვეში შეირთო ცოლი, მაგრამ ორი წელი შვილი არ ეყოლა და გაეყარა. მერე კიდევ ორჯერ დაქორწინდა და არცერთთან არ გაუჩნდა შვილი. ბოლოს სულ მარტო დარჩა, ცხოვრობდა იმ თავის ბინაში, ერთ უზარმაზარ ნაგაზთან ერთად და დარდს არყით იქარვებდა. რამდენჯერმე მომიგზავნა ხალხი, შემირიგდიო, მაგრამ ვერაფრით ვაპატიე და არა ის, რომ სახლიდან გამაგდო: იმას ვერ ვაპატიებ ვერასდროს, თავისი სიყრმის შვილის მოკვლა რომ მომთხოვა და ბოლოს უარყო კიდეც. მაგრამ, მაღალია უფლის ნება – გურამი ჯერ იმით დასაჯა, რომ ამ ბავშვის მეტი შვილი არ აღირსა, მერე იმით მოუგო ნიშნი (თუ შეიძლება, რომ ნიშნის მოგება ეწოდოს ასეთი გამოცდის წინაშე დაყენებას), რომ ჩვენი შვილი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა, ყოველგვარი სინდრომისა და გადაცდომების გარეშე – ბრილიანტივით ლამაზი და საღი ბიჭი მეზრდება. უკვე რვა წლისაა და მთელი უბანი შემომნატრის, ისეთი გონიერია. ჯერჯერობით არაფერი მითქვამს მამამისის ნაძირლობის შესახებ. მარტო ის იცის, რომ ავსტრალიაში ცხოვრობს, ვერ გვიკავშირდება და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოახერხებს ჩამოსვლას. ამ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება, როგორ უნდა მოვიქცე, ჯერჯერობით კი კატეგორიულად ვუკრძალავ ბავშვთან შეხვედრას – დავემუქრე, თუ სიახლოვეს გაეკარები, მაშინვე ვეტყვი, მისი მოკვლა რომ გინდოდა და სამუდამოდ შეგიძულებს-მეთქი. ჯერჯერობით მემორჩილება, ეშინია, მართლა არ ვუთხრა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე, არ ვიცი.
ესმა, 36 წლის.