კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი გაუგზავნა სტალინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჰარი ტრუმენს

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტების განადგურებისა და გერმანიის ოკუპაციის შემდეგ საჭირო გახდა მოკავშირეთა ჯარების მიერ ახალი შეხვედრის ორგანიზება, რომელზეც ომისშემდგომი გერმანიის ბედზე იმსჯელებდნენ.  უმაღლესი დონის კონფერენციის ჩატარებამდე საბჭოთა სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უდიდეს სამუშაოს ასრულებდა ოკუპირებულ გერმანიაში და ცდილობდა, რომ უბრალო ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინა. შიგ ბერლინში უმოკლეს ვადებში აღდგა წყლით მომარაგება და ელექტროენერგია; გადაწყდა კვების საკითხი და კინოთეატრებიც კი გახსნეს, სადაც ბერლინელებს საბჭოთა პროპაგანდისტულ და მხატვრულ კინოფირებს უჩვენებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, იყო  უდიდესი სირთულეებიც და, სწორედ ამიტომ, იქ მიავლინეს მარშალი გიორგი ჟუკოვი, რათა ყველა პრობლემა ოპერატიულად და ჩვენს სასარგებლოდ გადაჭრილიყო. ივნისის მიწურულს მოსკოვს ტრუმენის პირადი წარმომადგენელი – ჰარი ჰოპკინსი ეწვია და სტალინს შეხვდა. ჰოპკინსმა დიდ ბელადს პრეზიდენტ ტრუმენის საჩუქარი – უზარმაზარი რაინდული ხმალი გადასცა. სტუმარი მეორე დღესვე მიემგზავრებოდა და სტალინმა საპასუხო საჩუქრად სპეციალურად საქართველოდან ჩამოატანინა ძველი ქართული ხმალი, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაუგზავნა.
ჰოპკინსისა და სტალინის შეხვედრაზე დადგინდა მომავალი კონფერენციის თარიღი – 17 ივლისი, ხოლო ჩატარების ზუსტი ადგილის დადგენაზე მომავლისთვის (უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში) შეთანხმდნენ. სტალინს ბერლინი უნდოდა, მაგრამ დამარცხებული გერმანიის დედაქალაქი ისე იყო მიწასთან გასწორებული, რომ ეს შეუძლებელი გახდა. ამასთან, ბერლინში არ იყო უსაფრთხოება და ჯერ კიდევ ვერაგულად მოქმედი ფაშისტებისგან არასასიამოვნო სიურპრიზები იყო მოსალოდნელი. ვლასიკის პირადი ბრძანებით, 3 ივლისს მე და კიდევ ხუთი ჩვენი თანამშრომელი გერმანიაში მიგვავლინეს, რათა მომავალი კონფერენციის ჩასატარებელი ადგილი შეგვერჩია და განგვესაზღვრა მისი უსაფრთხოების სისტემა. მას შემდეგ, რაც ბერლინის შემოგარენი დავათვალიერეთ, მე ქალაქ პოტსდამზე შევაჩერე არჩევანი, რადგან ეს იყო შედარებით მშვიდი ადგილი და უსაფრთხოების დაცვის განხორციელება იქ უფრო ადვილი იყო. ჩვენ დაწვრილებითი ანგარიში შევადგინეთ და სტალინს წარვუდგინეთ. დიდ ბელადს მოეწონა ჩვენი არჩევანი, დაგვეთანხმა და იმავე საღამოს აცნობეს ამერიკელებსა და ინგლისელებს, რომ მომავალი სამშვიდობო კონფერენცია ბერლინის მახლობლად, ქალაქ პოტსდამში გაიხსნებოდა 17 ივლისს.
გერმანიაში სტალინის გამგზავრების რამდენიმე ვარიანტი იყო დამუშავებული, მაგრამ საბოლოოდ მატარებელზე შევჩერდით და დიდი ბელადი ჩქაროსნული მატარებლით წამოვიყვანეთ პოტსდამისკენ. გზა, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის აღადგინეს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარის ნაწილებით იყო დაცული – ამ  ოპერაციაში  სამასი ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა. პოტსდამის სადგურზე სტალინს ჟუკოვი და სხვა სამხედრო პირები დახვდნენ. ჩვენ ავტომობილებში ჩავსხედით. მე სტალინის მანქანაში მოვთავსდი, სადაც დიდმა ბელადმა მარშალი ჟუკოვი ჩაისვა და დიდი სიჩქარით გავეშურეთ ბაბელსბერგისკენ. სტალინს ტერიტორია ძალიან მოეწონა და დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში ათვალიერებდა იქაურობას. ბოლოს, როდესაც დათვალიერება დაასრულა, გვიბრძანა, მისი ოთახიდან ზედმეტი ავეჯი გაგვეტანა და მხოლოდ აუცილებელი ნივთები დაგვეტოვებინა. იმავე საღამოს პოტსდამში ჩერჩილი და ტრუმენი ჩამოვიდნენ, რომლებმაც სტალინი მოინახულეს. შეხვედრა სულ რაღაც საათი და თხუთმეტი წუთი გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც ბერიამ სტალინს მოკლე, უკვე გაშიფრული დეპეშის შინაარსი გადასცა, სადაც ლაპარაკი იყო იმავე დღეს (16 ივლისს) ამერიკელების მიერ ატომური იარაღის წარმატებული გამოცდის შესახებ. ბერიამ სტალინს ეს ინფორმაცია რომ მიაწოდა, ტრუმენი უკვე ინფორმირებული იყო ამის თაობაზე და სტალინს იმიტომ ესტუმრა, რათა ის პოტსდამის კონფერენციის გახსნის წინ (კონფერენცია მეორე დღეს, 17 ივლისს გაიხსნა) დაეშანტაჟებინა. გამომშვიდობებისას ტრუმენმა სტალინს უთხრა: „ბატონო გენერალურო მდივანო, მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ, შეერთებული შტატები უძლიერეს თერმობირთვულ იარაღს ვფლობთ, რაც იმის უფლებას გვანიჭებს, რომ მომავალი კონფერენციის განმავლობაში ანგარიშგასაწევ, უძლიერეს სახელმწიფოდ მოვიაზრებოდეთ მსოფლიოში“. ტრუმენის სიტყვებზე სტალინს გაეღიმა, ხელი ჩამოართვა შეერთებული შტატების პრეზიდენტს  და ის და ჩერჩილი კარის ზღურბლამდე მიაცილა, თავად კი უკან შემობრუნდა, ჟუკოვისა და მოლოტოვის თანდასწრებით მოსკოვში აკადემიკოს იგორ კურჩატოვს დაურეკა (კურჩავტოვი საბჭოთა ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა) და უბრძანა: „გთხოვთ, ატომურ ბომბზე მუშაობის საქმე დააჩქაროთ“. საინტერესო ფაქტია, რომ პოტსდამის კონფერენციის ერთი თვით გადავადების თხოვნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოვიდა ჯერ კიდევ ივნისის შუა რიცხვებში. მაშინ საბჭოთა მთავრობა უკვე ინფორმირებული იყო, რომ ამერიკა ბომბის გამოცდას აპირებდა და ეს გადავადებაც ამით იყო გამოწვეული. 17 ივლისს, დილის 10 საათზე, კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა და მხარეებმა   გერმანიისა და გათავისუფლებული ევროპის მომავალზე დაიწყეს მსჯელობა. სამუშაო რეჟიმი ძალიან დაძაბული იყო, მაგრამ სტალინს წუთითაც არ გაუწყვეტია კავშირი მოსკოვთან, საიდანაც ის რეგულარულ ინფორმაციას იღებდა. სტალინმა 20 ივლისს, დილით (კონფერენციაზე უქმე იყო), ბერლინის მონახულების სურვილი გამოთქვა. „ჩემი თვალით უნდა ვიხილო იმის შედეგი, რისთვისაც ათეულ მილიონობით საბჭოთა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე გაიღო, მე საკუთარი თვალით უნდა ვნახო ყველაფერი და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს“. სხვა ობიექტებთან ერთად სტალინმა რაიხსტაგის სახურავიც მოინახულა, რომელზეც ამაყად ფრიალებდა ჩვენი დროშა.
ერთ-ერთ სხდომაზე, როგორც ჩანს, ტრუმენი და ჩერჩილი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რადგან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სიტყვა მოითხოვა და ასეთი რამ თქვა: „ბატონებო, დღეს ჩვენ მოკავშირეები ვართ. რომ არა ასეთი ერთობა, ფაშისტები დღემდე იბოგინებდნენ და, ვინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ეს დაწყევლილი ომი. იაპონია დღემდე აგრესიულია და არც კი ფიქრობს პოზიციების დათმობას. როგორც ადრე შევთანხმდით, ჩვენ უახლოეს ხანში უკვე იაპონიას დავარტყამთ კოალიციურად და, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ, მარშალ სტალინს ვთხოვ, უფლება მოგვცეს, შეიარაღებული ძალების ას ორმოცდაათი ათასი მეომარი განვალაგოთ ჩვენი უახლესი შეიარაღებით (ტრუმენი ატომურ ბომბებს გულისხმობდა), რათა ეს კამპანია (იაპონიის განადგურება) სწრაფად და წარმატებულად დასრულდეს“. სტალინს ეღიმებოდა ტრუმენის სიტყვებზე და, როცა მან გამოსვლა დაამთავრა, დიდმა ბელადმა ასე უპასუხა: „ასეთ წინადადებას სუსტ, კაბალურ სახელმწიფოს სთავაზობენ, რომელსაც არ ძალუძს მტერთან გამკლავება. ნუთუ საბჭოთა კავშირი ასეთად მოიაზრება ბატონი ტრუმენისთვის? რაღაც, არ მგონია. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უახლესი იარაღით ცდილობთ თქვენი არმიის აღჭურვას (საუბარია ატომურ ბომბზე), ნაკლები ძალა არც ჩვენ გაგვაჩნია, რაც უკვე დავამტკიცეთ და რასაც კვლავ დავამტკიცებთ უახლოეს პერიოდში იაპონიის წინააღმდეგ“. ტრუმენს ხმა აღარ ამოუღია, მას მხოლოდ ნაძალადევად გაეღიმა და ეიზენჰაუერს რაღაც გადაუჩურჩულა. ამის შემდეგ, პოტსდამის კონფერენცია თავიდან ბოლომდე სტალინის ნებით მიმდინარეობდა და იქ ხელმოწერილი დოკუმენტების შედეგად, საბჭოთა კავშირმა დომინანტის როლი კიდევ უფრო განიმტკიცა ევროპაში „ვშიშობ, ამერიკელები სამაგიეროს გადახდას აზიაში შეეცდებიან იმის გამო, რომ ევროპაში არ გავალაღეთ“, – უთხრა სტალინმა მოლოტოვს ერთ-ერთი საუბრისას, რომელიც სხდომისგან თავისუფალ დროს გაიმართა. „ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიაში ატომურ იარაღს გამოიყენებს. როგორც მზვერავებმა მაცნობეს, ეს უსაშინლესი რამაა და ტრუმენი ტყუილად არ ცდილობს ჩვენს დაშინებას. აი, მეცნიერების დასკვნა, – სტალინმა მოლოტოვს ფურცელი გაუწოდა და დასძინა: – მათი განმარტებით, ერთი მცირე ბომბის აფეთქებას რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის განადგურება შეუძლია და უახლოეს პერიოდში ჩვენც უნდა შევქმნათ ასეთი იარაღი“. პოტსდამის კონფერენცია 2 აგვისტოს დასრულდა და იქიდან სტალინი ტრიუმფატორი დაბრუნდა. მისი ვარაუდი გამართლდა: სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა იაპონიაში ატომური ბომბი ჩააგდო.

მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3