როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბაგრატაშვილი
ბაგრატი ქართველ მეფეთა საგვარეულო სახელია და ბევრ მეფეს ერქვა. ამ სახელს ძველ სპარსულს უკავშირებენ და „ღვთის ბოძებულს“, „ღვთის წყალობას“ ნიშნავს. არსებობს, ასევე სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვით, ბაგრატი ქართული წარმოშობის სახელია.
პაატა ბაგრატისშვილი 1734 წლის სექტემბერს მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატისშვილის სახელზე გაცემული თავნასყიდობის წიგნში.
ზურაბა ბაგრატიშვილი, აზნაური, 1721 წლის აღწერით, ყაფლანიშვილების მემამულე იყო და ყმებიც ჰყავდა ქციაში. 1701-1711 წლებში ცხოვრობდა სოფელ დრიანეთში.
აზნაური გიორგი ბაგრატიშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1823 წელს, აღწერის მასალებში.
ბაგრატაშვილები იყვნენ ყმა-გლეხები.
საქართველოში 66 ბაგრატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, თელავში – 9, თეთრი წყაროში – 7. არიან სხვაგანაც.
ნინუა
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი ნინო. ეს სახელი უძველესი დროიდან გვხვდება და ის ერქვა ქრისტიანობის გამავრცელებელს მეოთხე საუკუნეში. ამ სახელისგან ბევრი გვარია ნაწარმოები და მათ შორის ნინუა.
სამწუხაროდ, ისტორიულ საბუთებში, ამ გვარის შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 1 681 ნინუა ცხოვრობს: თბილისში – 442, სამტრედიაში – 402, სენაკში – 291. არიან სხვაგანაც.
აბულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბულა, რომელიც „საყავრეს მცხოვრებს“ ნიშნავს და მოხსენიებულია 1527-1556 წლებში.
„აბულაშვილმა ქიტუამ, აზნაურ ნასყიდა აღნიაშვილთან ერთად თავისი ბატონის, ბეროს დასტურით, ბერ ყორღანაშვილს მიჰყიდა საწისქვილე მიწა ბოსტნით, ტყით და გზით“ (მეჩვიდმეტე საუკუნე).
1721 წლის აღწერით, ქვემო ქართლში მებატონე მემამულეებად მოიხსენიებიან: აბულაშვილი ღთისია, აბულაშვილი რევაზა, აბულაშვილი გივი, აბულაშვილები ბარათა და გიორგი.
საქართველოში 1 187 აბულაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 403, თბილისში – 286, ახმეტაში – 142. ცხოვრობენ სხვა რეგიონებშიც.
ლალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლალია.
ამავე ძირისაა გვარები: ლალაშვილი, ლალებაშვილი, ლალუაშვილი, ლაიშვილი.
ივანე და სოლომონ ლალიაშვილები, 1873 წლის აღწერით, მოიხსენიებიან დიდ თონეთში.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ საბუთებში საკმაოდ მცირე ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 1 552 ლალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 625, დუშეთში – 189, გარდაბანში – 159. არიან სხვაგანაც.
გილაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი გილა. ეს სახელი ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული.
„გილაშვილი ერეთში მცხოვრები, სვიმონ მეფის ნებართვით, ნიკოლოზ კათალიკოსმა იგი, მამულითურთ უბოძა ვახტანგ ბატონიშვილს, ყურისუბნის სანაცვლოდ. ეს მოხდა 1574 წელს“.
„გილაშვილი გიორგი, ერედველი, მამულითურთ კათალიკოსმა ზებედემ უწყალობა ჯვარისმტვირთველ დავით ელიოზის ძე გედევანიშვილს“ (1610 წელი).
გილაშვილები ჩანან სოფლებში თვალი, ერედვი; იყვნენ საეკლესიო პირები და აზატი ყმები. „დავით გილაშვილი, თვალს გაღმა მცხოვრებია აზატი ყმა. არსენ ნინოწმინდელის განჩინებით, მას ევალებოდა ნინოწმინდის საყდრისთვის შეკაზმული ცხენისა და იარაღის გამოღება, თუ უმართალი კაცი გარდაიცვლებოდა“ (1688-1694 წლებში).
საქართველოში 231 გილაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 114, თბილისში – 74, გურჯაანში – 23. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით