სვით კიტრის წვენი და საკვებ მენიუში მარცვლოვნები ჩართეთ
კიტრი საუკეთესო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა, კერძოდ, აძლიერებს გულსა და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს კანისა და თმის ხარისხს. შეიცავს კალიუმს, ნატრიუმსა და ქლორს. კარგი შარდმდენი საშუალებაა.
კიტრისა და სტაფილოს წვენის ნარევი კარგად მოქმედებს რევმატიულ დაავადებაზე, რომელიც ვითარდება ორგანიზმში შარდის მჟავის არსებობის დროს. კიტრისა და სტაფილოს წვენს დაუმატეთ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენი და ამით გააძლიერეთ მისი ეფექტი.
კიტრი სასარგებლოა მაღალი არტერიული წნევის დროს. მიოკარდიუმის დროს კი, კიტრის წვენის სმა შეუცვლელია. ის ასევე, ამშვიდებს ნერვებს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. დალიეთ ყოველდღე 100 მილილიტრი კიტრის წვენი. შეგიძლიათ, მას თანაბარი რაოდენობით შეურიოთ ვაშლის, პომიდვრის ან მოცხარის წვენი, რომ მისი სამკურნალო თვისებები კიდევ უფრო გააძლიეროთ.
აგრეთვე, კიტრის წვენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კბილებისა და ფრჩხილების დაზიანების დროსაც. თმაზე მისი გადავლება კი თმის ცვენას აჩერებს.
რაც შეეხება მარცვლოვან კულტურებს – შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს, რაც ააქტიურებს უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.
კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღვივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ, დაფქვით და გადაწურეთ. შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით, დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.
როგორ დავიცვათ თავი საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის დროს
წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, მისი დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეს ეხება იმ საკვებ პროდუქტს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება რამდენიმე საათით. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს. სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ორგანიზმის ტემპერატურა კი, ოდნავ მომატებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
რაც შეეხება სალმონელას, ის ადამიანის ორგანიზმში საკვებით ხვდება, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში, ხდება მასობრივი ინფიცირება. სალმონელათი დაბინძურებული საკვების მიღების მერე, იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა. ასევე, აღინიშნება ფაღარათი. განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს კიდურები უცივდება, ხშირია გონების დაკარგვა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღების შემდეგ 6-დან 36 საათის განმავლობაში.
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს. კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღების შემდეგ 60-დან 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილი.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა და ამით აინაზღაუროთ სითხის დანაკლისი. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ანტიბიოტიკების მიღება. თუმცა, ეს ყოველივე ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული. აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარიული და ჰიგიენური პირობები.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ აუცილებელია, საკვებით მოწამვლის შემდეგ აღიდგინოთ ორგანიზმში კალციუმის მარაგი. თუ საკვებით მოწამვლის ან ზედმეტი კვების შემდეგ კუჭმა ძალიან შეგაწუხათ, კარგი იქნება, დაახლოებით რვა-ათი საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ჭამისგან, რადგან, ამ დროს აუცილებელია, კუჭმა დაისვენოს. სამკურნალო შიმშილის შემდეგ კი შეგიძლიათ, მიიღოთ საკვები მცირე ულუფებად, 4 საათში ერთხელ. უმჯობესია, პირველ დღეს მიირთვათ ორცხობილა, კეფირი, წყალში მოხარშული ბრინჯი, შვრიის ფაფა. მეორე დღეს კი, ქათმის ბულიონი, ბრინჯის წვნიანი, მოხარშული თევზი ან ხორცი, კარტოფილის ან სტაფილოს პიურე.
მხოლოდ შიმშილით ვერ მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას. იმისთვის, რომ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოიდევნოს, აუცილებელია, ყოველ საათში ერთხელ მიიღოთ, დაახლოებით 200-250 გრამი სითხე. დალიეთ დამტკბარი, თბილი, ღია შეფერილობის ჩაი. მაგრამ, თუ მარილიანი საკვები მოგინდათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმმა დაკარგა არა მხოლოდ სითხე, არამედ ნატრიუმიც და ქლორიც. ამ დროს გირჩევთ, გახსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და, რომ გაგრილდება, დიდი ყლუპებით დალიოთ.
სტაფილოს ან კარტოფილის ნახარში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს კალიუმის აღდგენაში: აიღეთ 3 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო, გახეხეთ, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და 10 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ, გემოვნებით მოაყარეთ მარილი და მიირთვით.
დაბინძურებულ წყალში ბანაობა შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებას იწვევს
ზაფხულში, ბევრი ადამიანი ავადდება შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებით, მაგალითად, ცისტიტით, ურეთრიტითა და პიელონეფრიტით. ამ დაავადებების სიხშირის მიზეზია ნიტრატებით მდიდარი საკვები, რადიაცია, ქიმიური ნივთიერებები. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის მდგომარეობას.
თუ თირკმელები წესრიგში არ არის, აღინიშნება ტკივილი შარდვის დროს, ხშირი შარდვა, შეუკავებლობა, წვეთებით შარდვა, შარდის ფერის შეცვლა, ამღვრევა, ცუდი სუნი. ასევე, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, წელის არეში, ტემპერატურის აწევა, შეშუპება, გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება. თირკმელების დაავადების სიმპტომები შეიძლება, იყოს სისუსტე, იოლად დაღლა, მადის დაქვეითება. თირკმელებით განპირობებულმა არტერიულმა ჰიპერტონიამ კი, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ღებინება.
სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, ჰიდრონევროზი, ხშირ შემთხვევაში მანამდე არ ავლენს თავს, სანამ სიტუაცია ისე არ დამძიმდება, რომ თირკმლის ამოკვეთის გარდა, გამოსავალი აღარ რჩება. ხანდახან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, პერიოდულად უნდა ჩაიტაროთ სისხლისა და შარდის ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
შარდსადენი გზების ინფექციის განვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს, კერძოდ: ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და მიკრობის არსებობა, რომელიც შარდსადენის ანთებით პროცესებს იწვევს. ასევე, არსებობს მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც გენეტიკური პათოლოგიებით არის განპირობებული. დაავადების რისკი რომ შეამციროთ, მოერიდეთ გაციებას, აკონტროლეთ განავლისა და შარდის გამოყოფის რეგულირება, დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენა და მოერიდეთ დაბინძურებულ წყალში ბანაობას. ამ ყოველივეს გათვალისწინება ამცირებს შარდ-სასქესო ორგანოების დაავადების რისკს.
ფიჭვის კვირტებისა და წიწვების ნახარში ბევრ დაავადებას კურნავს
სამკურნალოდ გამოიყენება ფიჭვის კვირტები, წიწვები და ფისოვანი გამონაყოფი. ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინინს, რუტინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებსა და პინიპიკრინს. წიწვები შეიცავს ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი კი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. ასევე, კარგია, როგორც ნაღველმდენი საშუალება.
ფიჭვის ნედლი წიწვებისგან სასმელი ასე უნდა მოამზადოთ:
* 50 გრამი წიწვები ჩაყარეთ 250 მილილიტრ მდუღარე წყალში, ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და დაუმატეთ ცოტა ძმარი და შაქარი. დალიეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ.
ფიჭვის კვირტებისგან დამზადებული ნახარში გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება. ნახარშის მოსამზადებლად:
* 1 სადილის კოვზი კვირტები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე ნახევარი საათით. შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიღებული ნახარში ანადუღარი წყლით შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ, როგორც ამოსახველებელი და მადეზინფიცირებელი საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ იყენებენ კვირტების ნახარშს და ნაყენს ინჰალაციის სახით. კერძოდ:
* 20 გრამ კვირტს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და მისი ორთქლი შეისუნთქეთ.
ბრონქიტის, ანგინის, რევმატიზმის, გაციებისა და იშიაზის სამკურნალოდ კი, ასეთი ნაყენი დაგეხმარებათ:
* 100 გრამ ფიჭვის კვირტებს დაასხით 3 ლიტრი წყალი. ხარშეთ, სანამ სითხე ნახევარ ლიტრამდე შემცირდება. ცხელი ნახარში გაწურეთ და დაამატეთ 250 გრამი შაქარი. რომ გაცივდება, ჩაამატეთ 250 გრამი თაფლი. დალიეთ ყავის ჭიქით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.