ორმაგი შანტაჟი
კურტ პენინგტონის ცხოვრება ბოლო პერიოდში კოშმარს დაემსგავსა. ძალიან ნანობდა, რომ ორი წლის წინ ძმის გავლენის ქვეშ მოექცა, დაუჯერა მას და მამა ფსიქიკურად დაავადებულთათვის განკუთვნილ პანსიონში გამოკეტა. ეტანმა ოჯახის მმართველობა მთლიანად აიღო ხელში და უმკაცრესი წესები შემოიღო. მისი აზრით, პენინგტონების ოჯახის უმწიკვლო სახელი არაფერს არ უნდა შეებღალა, კურტს კი ხელგაშლილი ცხოვრებაც მოსწონდა და აზარტული თამაშებიც. ჩარლენ ნორელიც მისგან ნაირ-ნაირ საჩუქრებს ელოდა... ამ ლამაზ, პრეტენზიულ ქალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, კურტს კი პირველობა უყვარდა...
იმ დილით კურტს სერიოზული საუბარი ჰქონდა ძმასთან.
– ეტან, მომისმინე! კვირაში ორმოცდაათი დოლარი ჯიბის ფულად ძალიან ცოტაა, თავი მათხოვარი მგონია. გაიხსენე, როცა საბუთებს ხელს ვაწერდით, ოქროს მთებს დამპირდი, მაგრამ, როგორც კი ქონებას მოაჯექი, ყველაფერი შეიცვალა...
– კურტ, რამდენჯერ აგიხსენი, რომ ჩემთვის პენინგტონების ოჯახის ღირსება უმთავრესია, შენ კი უწესოდ ცხოვრობ. როგორც იტყვიან, თავს გვჭრი... დარწმუნებული ვარ, ისევ წააგე და ვალები გაქვს. დროა, გაიზარდო და გვერდში ამომიდგე.
– ორასი დოლარი მჭირდება; ძალიან მჭირდება, – ამოიოხრა კურტმა.
– ვალდებული არ ვარ, შენი ვალები გადავიხადო.
– მამა თვეში ათას დოლარს მაძლევდა ჯიბის ფულად. როგორი სულელი ვიყავი...
– ახლა სინანული გვიანია... – ჩაიცინა ეტანმა, – მოგცემ ორას დოლარს, მაგრამ, მხოლოდ მომდევნო კვირების ანგარიშში, ანუ, ვალად გექნება....
***
ჩარლენი თავის საყვარელ ვარდისფერ შამპანურს სვამდა. თვალებმოჭუტული წრუპავდა, თან მაცდურად იღიმოდა.
– რა ქენი, გამოგივიდა რამე ეტანთან?
– არა. საშინელი ადამიანია. თავს უკანასკნელი მათხოვარივით ვგრძნობდი. ორასი დოლარი მომცა და მითხრა, ვალად გექნებაო. ასი დოლარით ვალის მეათასედი ნაწილი გადავიხადე, ასი დოლარი კი აქ, ბარში არ მეყოფა... აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე...
ქალმა მხრები აიჩეჩა. მართლა ლამაზი იყო, ნებისმიერი მამაკაცისთვის შეეძლო ჭკუა აერია.
– ცუდია... ძვირფასო, ბავშვებმა გადავწყვიტეთ, რამდენიმე დღით მთებში გავემგზავროთ. ცოტა თოვლი კიდევ არისო... გავერთობით და თხილამურებით ვისრიალებთ...
– მიდიხარ?
– აუცილებლად, პატარავ... ასეთი გასართობები ძალიან მიყვარს. თან, ედიც მოდის.
კურტმა კბილები გააღრჭიალა – ედი მორისონი მისი კონკურენტი იყო, ფულიც ბლომად ჰქონდა და არც ძუნწ ძმაზე იყო დამოკიდებული...
– ფულს ეტანი აღარ მომცემს, გამორიცხულია... ვფიქრობ, სულ ვფიქრობ, რა მოვუხერხო ეტანს.
ჩარლენმა გაიღიმა:
– თუ გინდა, დაგეხმარები.
– რანაირად?
– ჩანთას დავტოვებ და ცოტა ხნით გავალ... აიღე ჩემი ჩეკების წიგნი და გააყალბე. მაგალითად, ბარში დაგროვილი შენი ვალები გადაიხადე. ხომ თქვი, რომ შენი ძმისთვის ოჯახის ღირსება უმთავრესია... ჰოდა, მივალ და ფულს მოვთხოვ... მაგალითად, ათი ათას დოლარს... მერე ამ ფულს შენ მოგიტან, ოღონდ ნახევარს. გესმის? უფასოდ არ გავირჯები.
– გინდა, რომ ჩემი ძმა დავაშანტაჟო? – კურტმა ამოიოხრა. ჩარლენიც უარესი აღმოჩნდა.
– თუ უკეთესი ვერსია გაქვს, რა პრობლემაა, მე შანტაჟისტად არ დავბადებულვარ...
– კარგი, კარგი... მგონი, სხვა გამოსვალი მართლა არ მაქვს.
***
ეტანი სიბრაზისგან ჭარხალივით გაწითლდა და მთელი ხმით დაიღრიალა:
– ეს როგორ გააკეთე, რეგვენო? ოჯახზე საერთოდ არ იფიქრე, პენინგტონების ღირსებაზე?! სიამოვნებით გაგიშვებდი ციხეში, ეს რომ ჩვენს ოჯახს არ ეხებოდეს. დაურეკე შენს კახპას და უთხარი, პირველ საათზე მოვიდეს.
– ეტან, გეფიცები... ჩეკის წიგნი თავად მომცა. არ ვიცი, რა დაემართა.
– ახლა ამას აზრი არა აქვს... სიამოვნებით მოგკლავდი... ფულს შენ მიუტან? – ეტანი ერთბაშად შემობრუნდა, – შანტაჟისტები ასე ადვილად არ ნებდებიან, ეგ ძუკნა ისევ მოგვთხოვს ფულს, ათი ათას დოლარზე არ გაჩერდება... დაელაპარაკე...
ნახევარი საათის შემდეგ კურტი ეტანთან მივიდა, სახეზე ფერი არ ედო:
– მართალი იყავი... ოცი ათას დოლარს ითხოვს.
ეტანმა გამეტებით დასცხო მაგიდას ხელი. მერე სეიფთან მივიდა.
– ეს ფულია, ათი ათასი... ეს კი – მამაჩვენის რევოლვერი. წაუღე ფული... ჯერ დარწმუნდი, რომ გაყალბებულ ჩეკებს გაანადგურებს, მერე კი მოკალი. ნუ გეშინია, ალიბის მე გაგიკეთებ – ვიტყვი, რომ მთელი ღამე ერთად ვმუშაობდით ჩემს კაბინეტში, ოჯახის ფინანსურ საბუთებზე...
– დღესვე გავაკეთო ეს? – მშვიდად ჰკითხა კურტმა.
– რატომღა გადავდოთ? რევოლვერის გადაგდება არ დაგავიწყდეს...
– არ შემიძლია... ადამიანი არასოდეს მომიკლავს....
– კურტ, დაიმახსოვრე: – პენინგტონების ლექსიკონში სიტყვა „არ შემიძლია“ საერთოდ არ არსებობს... – წარბი შეიკრა ეტანმა და ძმას რევოლვერი შეაჩეჩა...
***
დილთ ადრე პენინგტონების სასახლეში ადგილობრივი პოლიციის შეფი და გამომძიებელი გამოცხადდნენ. მათ ეტან პენინგტონი იკითხეს.
ეტანი ხალათით გამოვიდა სამსტუმრო ოთახში.
– მისტერ პენინგტონ, ღამით მის ჩარლენ ნორელი მოკლეს.
– სამწუხაროა. ჩვენთან რატომ მოხვედით? თუ იმიტომ, რომ მას ჩემს ძმასთან ჰქონდა კავშირი, უნდა შეგახსენოთ, რომ ჩარლენისთვის კურტი ერთადერთი მამაკაცი არ ყოფილა.
– ეგ ვიცით, მისტერ პენინგტონ... საქმე ისაა, რომ მკვლელმა რევოლვერი იქვე დატოვა და ის მამათქვენის სახელზეა რეგისტრირებული.
ეტანმა ამოიოხრა:
– მაშინ, კურტის გაღვიძება მომიწევს. წუხელ გვიანობამდე ვმუშაობდით. მოსამსახურეს ვეტყვი და კურტი ახლავე ჩამოვა. თუმცა, არა მგონია, მკვლელობასთან რაიმე კავშირი ჰქონდეს.
შეფმა რევოლვერი დაანახვა.
– ეს ხომ თქვენია?
– დიახ, მამაჩემს ეკუთვნოდა. სეიფში ვინახავდი.
– მაშინ, ჩვენ თქვენთან მოგვიწევს სერიოზული საუბარი.
– ჩემთან? – გაიოცა ეტანმა.
– დიახ, მისტერ პენინგტონ. თქვენი ძმა ზუსტად იმ დროს, როცა მის ჩარლენი მოკლეს, კაზინოში იყო, ფული წააგო, დიდი თანხა და დებოშიც კი ატეხა.
ეტანი გაფითრდა:
– ამით რისი თქმა გინდათ?
– იმის, რომ კითხვები თქვენთან გვაქვს. არსებობს ვინმე, ვინც დაადასტურებს, რომ წუხელ საღამოს, ათი საათიდან შუაღამის პირველ საათამდე სახლში იყავით? რევოლვერი... ბევრი ფული... პენინგტონების ოჯახის ღირსება... – გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა, – ის თქვენი ძმის საყვარელი იყო. იქნებ, თქვენს დაშანტაჟებას ცდილობდა?
– რაო, გგონიათ, მე მოვკალი?! – იყვირა ეტანმა.
– თქვენ დუმილის უფლება გაქვთ, მისტერ პენინგტონ. ჩვენთან ერთად განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა. ოჯახის ადვოკატს თქვენი ძმა შეატყობინებს... აი, ისიც...
კურტი შეწუხებული სახით მიუახლოვდა გაფითრებულ ეტანს და ყურში ხმადაბლა ჩაულაპარაკა:
– კაზინოში საათი არ არის. მთავარია, რომ იქ ღამით ვიყავი... ეტან, შევეცდები, დავიცვა შენი ღირსება...