ზნედაცემული ანგელოზები
დოდოშკამ თეთრი აბი ენაზე დაიდო და წყლის მოზრდილი ყლუპი მიაყოლა.
– გამისკდა თავი... რა ხდება, ვერაფერს გავიგებთ? – მიუბრუნდა ლალიკოს, რომელმაც ხელები გაშალა და მობილურზე ანიშნა – აქაოდა, რა ვქნა, ვურეკავ და არ პასუხობსო.
– თავიდანვე ცუდი იდეა იყო და ჩვენი ბრალია, ხელი რომ არ შევუშალეთ, – მოულოდნელად გაცხარდა ლალიკო.
დოდოშკამ მხრები აიჩეჩა.
– უცნაურია, რა... მაინც, როგორ უნდა შეგვეშალა ხელი. სპერმიანი პრეზერვატივი წაგვერთმია თუ რანაირად წარმოგიდგენია?
– რა ვიცი, როგორმე უნდა გადაგვეფიქრებინა?
– ლალიკო, იცი, რაშია საქმე? ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იცხოვროს. ეგღა მაკლდა, ტატასთვის რამე ამეკრძალა ან ისე მეაქტიურა, რომ ტატაშკას ნერვული შეტევა მოსვლოდა. რაც უნდოდა, ის გააკეთა და თუ რამეა, პასუხსაც თავად აგებს...
– გაგიჟდი? პასუხისმგებლობაზე რატომ ლაპარაკობ? დაიჭერენ? – ცრემლნარევი ხმით შეიცხადა ლალიკომ.
– დაიჭერენ არა... – ხელი აუქნია დოდოშკამ, – საიდან მოიგონე. შვილის გაჩენისთვის ვინ დაუჭერიათ?
– ოო, თავადაც ხვდები, რომ დარწმუნებული არ ხარ საკუთარ სიტყვებში, იმიტომაც ნერვიულობ.
– არა. მაგიტომ არ ვნერვიულობ... – გამოაჯავრა დოდოშკამ, – ჩემს შვილს შევხვდი... მამაც დამახვედრა. შოკი კინაღამ მივიღე. მინდოდა, ჩემს ყოფილთან პირისპირ შეხვედრა?!
– რაღაცას ბოლომდე არ ამბობ. აბა, მოყევი, ხომ არ ურიგდები?
დოდოშკამ თითქოს ვერ გაიგონა ლალიკოს ნათქვამი. თავი შეაბრუნა და ისევ მობილურს დაუწყო წვალება.
– არ გამოგივა, უნდა მიპასუხო, – არ მოეშვა ლალიკო, – დიდი ხანია, შენი პატარა რომეოც არ მინახავს. რა ხდება? ცხოვრების სტილი შეიცვალე?
დოდოშკამ ამოიოხრა.
– რა გინდა, ლალიკო? ჩვენ ტატაშკას პრობლემებზე ვლაპარაკობდით. დაიცადე, რა, ჯერ ეგ ერთი ამბავი მოგვარდეს.
ლალიკომ თვალები მოჭუტა.
– მდა, ძალიან აირია ყველაფერი... ჩვენი გუნდი იშლება.
– რომელი გუნდი. რა სისულელეა, – დოდოშკამ ისევ სცადა ტატაშკასთან დაკავშირება, მაგრამ ის მაინც არ პასუხობდა.
– ვერ გავიგე, როდემდე ვისხდეთ აქ, გულხელდაკრეფილები? გავაკეთოთ რამე...
– მაინც რა გავაკეთოთ? მომეშვი რა. დროა, თითოეულმა საკუთარ თავზე ვიფიქროთ და ვიდარდოთ. აი, მაგალითად, შენ ხომ გინდა, რაღაც შეცვალო?!
– ლალიკო შეცბა და დაბნეულმა შეხედა დოდოშკას, გამომცდელად რომ უღიმოდა.
– რას გულისხმობ?
– ყველაფერს... ჰო, ყველაფერს – საცხოვრებელი პირობებით დაწყებული, პირადით დამთავრებული. ზუსტად ვიცი, რომ არ მოგწონს, როგორც ცხოვრობ. ოცნებობ, გათხოვდე...
– ეგ შენი საქმე არ არის, – გამწარდა ლალიკო, – რატომ მიფათურებ სულში ხელებს? მიხედე რა, საკუთარ თავს.
– დიახ, მეც მაგას არ გეუბნებოდი?! – დროა, ყველამ საკუთარ თავს მივხედოთ-მეთქი, – ნიშნისმოგებით მიუგო დოდოშკამ, – ჩვენი პრობლემა, იცი, რა არის? – სიმართლეს ვმალავთ. არ გვინდა, რეალობას თვალებში ჩავხედოთ. რაღაცის გვეშინია, რაღაც გვაბრკოლებს. მითხარი, ხომ ძალიან გინდა, გათხოვდე და შვილები გააჩინო?
ლალიკომ დამფრთხალი კურდღელივით შეხედა და შეშინებულმა თვალები დააცეცა.
– მიპასუხე, მაინც ვიცი, რომ ასეა.
– თუ იცი, რაღას მეკითხები? – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ლალიკომ.
– შენგან მინდა, გავიგონო და იმიტომ. სხვათა შორის, გამონაკლისი არ ხარ. ყველა ბოზი ოცნებობს მაგაზე.
– გმადლობ, რომ შემახსენე, ვინ ვარ, – მწარედ ჩაეღიმა ლალიკოს, – არც შენ ხარ კეთილშობილი ასული.
– აბა, რა... გითხარი, კეთილშობილი ვარ-მეთქი?! შვილის ასაკის საყვარელი მყავდა და არ მრცხვენია ამისი. თუმცა, სამუდამოდ დავემშვიდობე.
ლალიკომ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და დოდოშკას გამომცდელად შეხედა, რომელმაც დიდხანს ვერ გაუძლო მის მზერას.
– ჰო, სამუდამოდ დავემშვიდობე. იმიტომ, რომ... იმიტომ. მოკლედ, ალბათ, ოჯახში დავბრუნდები?
– რა, ქმართან ბრუნდები? შენს დეგენერატ ყოფილ ქმართან?
– ჰო. დეგენერატია, მაგრამ ის მაინც ჩემი ცხოვრების ნაწილია, თანაც, დიდი ნაწილი. მთავარი ფაქტორი კი ჩემი შვილია და არა ის. დავიტანჯე, მეტი აღარ შემიძლია.
– ვატყობ, გადაწყვეტილი გქონია ყველაფერი...
– თითქმის. ტატაშკას ამბავი გაირკვეს და...
– და... – მოუთმენლად ჰკითხა ლალიკომ, – წახვალ?
– დავურეკავ და წავალ. ჩემს შვილს დავურეკავ. ვიფიქრე, რომ სამართლიანი იქნება, თუ ტატაშკას მანქანას შენ დაგიტოვებ.
– მე? რას ამბობ, გაგიჟდი?!
– რატომაც არა. ჩემი ქმარი ისეა შემოტრიალებული და თავმოქაჩლებული, შეიძლება, ორი მანქანა ერთად მიყიდოს, – გაეღიმა დოდოს.
– ელაპარაკე? მომიყევი, რა... – ყელი ხვეწნით გამოიწია ლალიკომ, – თან, დროც გავა და ტატაშკას ამბავსაც გავიგებთ.
– წადი, ყავა მოიტანე და მოგიყვები. საინტერესო ბევრი არაფერია, მაგრამ ვხვდები, რომ აგარაკის ინციდენტის ცნობისმოყვარეობა გკლავს.
– ჰო, აბა, რა... კაცმა ნაშები გამოიძახა, ძმაკაცებთან ერთად რომ ეგრიალა და ყოფილი ცოლი გაეჩითა...
– ეგრეა. მაგრამ, მგონი, მაგ დღის შემდეგ ტვინში რაღაც გადაუტრიალდა ვაჟბატონს, – ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა დოდოშკამ. სიგარეტს მოუკიდა და საათს ახედა, – სად დაიკარგა ეს გოგო, უკვე ვნერვიულობ.
***
ტატამ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა და კაცს მშვიდად შეხედა.
კაცმა მხრებზე მოჰკიდა ხელი და თავისკენ შეატრალა.
– ახლა რა უნდა ვქნათ, ტატაშკა, შენ გეკითხები. ასე მგონია, ზღაპარი მომიყევი და ახლა ვალდებული ვარ, დავიჯერო.
– ვალდებული არ ხარ, დაიჯერო. არც არაფრის მტკიცებას ვაპირებ. საერთოდ არ მინდოდა, რამე გცოდნოდა. როგორც შემეძლო, გერიდებოდი.
– ჰმ, მერიდებოდა... არაჩვეულებრივი სიტყვებია. ტატაშკა, სრულ ჭკუაზე ხარ? სპერმა მომპარე – ჯერ ეს არის ფანტასტიკის სფერო, – კაცმა თავზე ხელები იტაცა, – გოგო, თუ ჩემგან შვილის გაჩენა გინდოდა, პირდაპირ გეთქვა.
– ჰო?! მერე რას მეტყოდი?
კაცი შეყოყმანდა. მაშინვე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
– არ ვიცი, – აღმოხდა გულწრფელად, – მართლა არ ვიცი. მაგარ შარში გამხვიე, რა...
– ხედავ? მე კი არ მინდა, შარი ვიყო შენთვის. მით უმეტეს, არ მინდა, ჩემი მომავალი შვილი შართან იყოს გაიგივებული.
– არ მჯერა... თან მჯერა, ღმერთო, ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ. ამხელა კაცი პატარა ბავშვივით უსუსური ვარ. ტატაშკა, მე მაქვს ოჯახი – მყავს ცოლიც და შვილებიც.
– ვიცი და ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე. შენი ოჯახი შენია და იმათთან დარჩები. მე არაფერი მინდა, არც მდომებია. ძალიან მომეწონე და რაღაცნაირად გამოგარჩიე. გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავალი შვილისთვის იდეალური მამა იქნებოდი.
– იცი, რომ ასეთი ლაპარაკი ნორმალური არ არის? ასე ვთქვათ, გამომიყენე.
– ჰო, რაღაც გაგებით, შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ იმაზე, რასაც მაინც აგდებ, მგონი, პრეტენზია არ უნდა გქონდეს.
კაცს თვალები გაუფართოვდა. ერთბაშად ვერ მიხვდა, რა უთხრა ტატაშკამ.
ქალმა ამით ისარგებლა.
– მოკლედ, რა გინდა ახლა ჩემგან. გაინტერესებს, მოგთხოვ რამეს თუ არა? – შეგიძლია, მშვიდად იყო – არაფერს ვითხოვ. დავემშვიდობოთ ერთმანეთს და გპირდები, ჩვენ შესახებ ვეღარაფერს გაიგებ.
– მოიცა, მოიცა, ეგ რა თქვი. ვეღარაფერს გაიგებ, რას ნიშნავს. გაგიჟდი? ახლა, როცა ვიცი, რომ მუცლით ჩემს შვილს ატარებ, რაღა მომასვენებს. ვერც გაქრობის საშუალებას მოგცემ.
– აბა, რას აპირებ?
– რომ არ ვიცი და დავიბენი, სწორედ ესაა საქმე.
– უბრალოდ, დაივიწყე ეგ ამბავი.
– გოგო, რამდენჯერ გაგიმეორო... ჩემს შვილს ვერ დავივიწყებ...
– შვილს ვერ დაივიწყებ, თორემ ჩემი დავიწყება ადვილია, ხომ?!
კაცი გაბრაზდა. ტატაშკას მხარზე მოჰკიდა ხელი და მსუბუქად შეანჯღრია.
– ორსულად რომ არ იყო, მოგცხებდი. შენ რომ ვერ გივიწყებდი, იმიტომაც გეძებდი, გირეკავდი. შენც ხომ იცი, არც დნმ-ის ანალიზს მოგთხოვ. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ არ მატყუებ და ჩემგან ხარ ორსულად.
– ნდობისთვის გმადლობ, მაგრამ ბევრი არ დაიჯერებდა ჩემი დაორსულების ვერსიას.
– ასეთი გაუნათლებელი გგონივარ? – წყრომით შეუბღვირა კაცმა. მერე ტატაშკას ხელი მოხვია და კოცნა დაუწყო. თან, გაუჩერებლად ლაპარაკობდა, – ოჰ, ტატაშკა, ტატაშკა, რას მერჩოდი, რა გინდოდა ჩემგან. ვერ გივიწყებ, შენთან ყოფნა მინდა. შენ მინდიხარ და მენატრები, მაგრამ ცოლი მიყვარს, ოჯახი მინდა.
ტატაშკამ ორივე ხელით მოიშორა კაცი თავიდან და თვალებში ჩახედა.
– მე არ მინდა, ჩემი მიზეზით ვინმეს ოჯახი დაინგრეს. არა, გესმის?
– მაშინ რა გავაკეთო?
ტატაშკამ საყვარლის სასოწარკვეთილ სახეს შეხედა და სიცილი აუტყდა.
– რა გაცინებს?
– ძალიან უსუსური ხარ. მგონი, დონორის შერჩევაში შევცდი.
– რა, რა თქვი? მე დონორი ვარ? ტატაშკა, ახლა მართლა გავბრაზდები.
– აქამდე არ ბრაზობდი?
– გულახდილად გითხრა, იმდენად გაოგნებული ვარ ამ ამბით, რომ სხვა ემოციები დამიჩლუნგდა. სერიოზული შოკი მივიღე. არ დაგიმალავ, ადვილად ვერ გადავხარშავ ამ ყველაფერს. თუმცა, ცუდად მომექეცი. ერთის თქმა დარწმუნებით შემიძლია – შენზეც ყოველთვის ვიზრუნებ და ბავშვზეც.
– რანაირად? ცოლს მოუყვები, ვიღაც ბოზმა შვილი როგორ გაგიჩინა მოპარული, პრეზერვატივში შენახული სპერმით?
– აუ, ტატაშკა, იმდენს იზამ, თავს მართლა მაცემინებ, – გაცხარდა კაცი, – მეორედ აღარ თქვა ასეთი დიდი სისულელე. არ გაიმეორო, როგორ დაორსულდი. ეს მარტო ჩვენ ორის საქმეა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აზრი არ გიკითხავს და არ გაგითვალისწინებია.
– კარგი. მე ახლა წავალ. დავიღალე, – თქვა ტატაშკამ.
– მოიცადე, ასე ვერ გაგიშვებ. სად ხარ, სად ცხოვრობ, რას ჭამ, რას სვამ? ექიმთან მაინც დადიხარ?
– ნუ ღელავ. ჩემი თავი ძალიან მიყვარს. კარგ ექიმთანაც დავდივარ და ყველაფერს ვაკეთებ, ჯანმრთელი ბავშვი რომ გავაჩინო. სახლიც მაქვს. მანქანაში არ მძინავს.
– ტატაშკა, ისევ რომ დამეკარგო, ვერ გადამირჩები!
– სადღა უნდა დაგემალო ამხელა მუცლით? – მხრები აიჩეჩა ტატაშკამ.
– რა ვიცი, მოახერხებ, შენი ამბავი რომ ვიცი.
ტატაშკას გაეღიმა.
– რაღაც სხვანაირად ლაპარაკობ. გაითვალისწინე, ჩვენს ქვეყანაში ორცოლიანობა კანონით აკრძალულია.
– სულელი ხარ. არც ვაპირებ, ორი ცოლი მყავდეს. ერთიც სრულიად საკმარისია.
– მით უმეტეს, თუ ერთ-ერთი კანდიდატი კახპაა. თუნდაც მაღალანაზღაურებადი, მაგრამ, მაინც კახპა.
– ტატაშკა!
– გავიგე, გავიგე... აღარ ვარ კახპა, ორსულობამ შემცვალა. მიკვირს, მაგრამ ასეა. ვერ ვცნობ საკუთარ თავს. ძალიან მომემატა მგრძნობელობაც. ყველაფერზე ვტირი.
– მოკლედ, მე ვიზრუნებ ყველაფერზე. გნახავ, ბავშვი რომ დაიბადება, გვარსაც მივცემ... თუმცა, ეს ცოტა რთული იქნება. ცოლთან მომიწევს დალაპარაკება.
– იცი რა, ცოლთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებ. მე მაინც აღარ ვიქნები შენთან, – თქვა მოულოდნელად ტატაშკამ.
– რა? – ვერ მიხვდა კაცი.
– ხომ გითხარი, მგრძნობელობა მომემატა-მეთქი. თუ გინდა, შენგან დახმარება მივიღო, ოჯახთან დარჩი და ჩვენ შორის ურთიერთობის დასრულებასაც შეეგუე. ჩემი პირობა ეს არის.
– კი მაგრამ, ტატაშკა!
– უკვე გითხარი, უკან არ დავიხევ.
– მაშინ უნდა დამპირდე, რომ სხვა კაცთანაც არ იქნები! – წამოენთო კაცი.
– მაინც როგორი ეგოისტი ხარ. მე გიშვებ ცოლთან, შენც მიდიხარ, მაგრამ მეც მებღაუჭები. ასე, არ მინდა.
– რას მთავაზობ?
– არაფერს.
– არაფერს? ეგ როგორ გავიგო?
– ჯერ გაჩნდეს ბავშვი. წინასწარ რატომ ვმსჯელობთ?! გადაწყვეტილებები თავისით მოვა.
– თავისით რა მოვა, არ ვიცი. სიურპრიზებს ვერ ვიტან, მოულოდნელობები მაშინებს. არა, კი არ მაშინებს, კალაპოტიდან მაგდებს. კიდევ არის რაღაც, რაც უნდა გითხრა – ვერ დავუშვებ, ჩემი შვილის დედა ისე ცხოვრობდეს, როგორც შენ ცხოვრობდი.
– ანუ, ბოზი დედა არ გაწყობს შენი შვილისთვის. რატომ გავიწყდება, რომ თუ ეს ბავშვი გაჩნდება, მხოლოდ ჩემი დამსახურებით. მეტისმეტად ნუ გამოიდებ თავს.
– რაც უნდა იყოს, ახლა ყველაფერი იცვლება. აღარ იქნება ისე, როგორც იყო.
– ჰო და ძალიან არ მომწონს ეს ამბავი.
– მოგწონს თუ არ მოგწონს, ახალი რეალობა შენ შექმენი, – კაცმა ამოიოხრა.
– თუ იტყვი, რომ ამისთვის მზად არ იყავი, მე გავიგებ.
– ჩემი შეგნებული გოგო, – ჩაეცინა კაცს, – არ ხარ მართალი, მაგრამ ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. მინდა, კარგად იყო, ძალიან კარგად და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
ტატამ გაიღიმა.
***
დოდოშკამ ოთახში მიმოიხედა.
– მორჩა, მგონი, არაფერი მრჩება.
– თითქმის ყველაფერს ტოვებ, – ამოიოხრა ლალიკომ, – ვერ ვეგუები, რომ მიდიხარ.
– თორნიკემაც ეგ მითხრა, ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი ცხოვრებიდან მიდიხარო. ძალიან განიცდის.
ტატაშკამ ირონიულად ჩაიცინა.
– განიცდის, აბა, რა... ლეკვივით გყავდა ხელზე შეჩვეული, გამზადებულ ლუკმას უდებდი გაღებულ პირში. მარტო საყვარელი კი არა, მზრუნველი დედიკო და დამფინანსებელი დაკარგა.
– ეს გოგო გამაგიჟებს, – წყრომით შეხედა დოდოშკამ დივანზე არხეინად წამოგორებულ ტატაშკას, – ცხოვრება ისე აიწყვე, როგორც გინდოდა და მაინც იგესლები...
– სიმართლეს რომ იტყვი, ამიტომ ბოღმა ხარ?! – მხრები აიჩეჩა ტატაშკამ და აწკრიალებულ მობილურს დასწვდა.
– გისმენ, ძვირფასო, კარგად ვარ, რა თქმა უნდა. მეგობრებთან ვარ. რა უნდა მომიტანო? რად მინდა ამდენი ხილი და წვენები, ვიტამინებიც არ მჭირდება. ჰო, კარგი, კარგი... გეტყვი, მისამართს, – ტატაშკამ გაიცინა. ტელეფონი მაგიდაზე დადო და გაიზმორა, – ძალიან მზრუნველი ვინმეა, შემაწუხა უკვე თავისი ყურადღებით.
– რა იღბალი აქვს ზოგიერთს?! – დაუფარავი შურით თქვა ლალიკომ, – მე ვერასოდეს მოვახერხებ კაცის ასე გამოჭერას.
– ჰა, ჰა, ჰა... ლალიკო, დაელოდე, გამოჩნდება ვინმე, ვინც იქით გამოგიჭერს. აუცილებლად გამოჩნდება.
– კარგი რა, ასე ნუ ეხუმრები, ცოდოა. ფაქტობრივად, მარტო რჩება, – შეეცოდა დოდოშკას ლალიკო. მასთან მივიდა და მოეხვია.
– გნახავ ხოლმე, – დაჰპირდა გულწრფელად.
– ნახავ, აბა, რა... აურევს შენი კრეტინი ქმარი და გამოიქცევი უკან.
– აღარ აურევს, – შეუბღვირა დოდოშკამ ტატაშკას, – ჭკუა ისწავლა.
– ჭკუა რომ ისწავლო, ჯერ უნდა გქონდეს ეს ჭკუა, თუნდაც მინიმალური რაოდენობით. მაგრამ რაშია, იცი, საქმე? ბოზი სახლში ეყოლება უკვე და გარეთ ძებნას აღარ დაუწყებს.
დოდოშკა ჯერ ბრაზით გაწითლდა, მერე კი ისტერიკული სიცილი აუტყდა. მალე სამივე გულიანად ხარხარებდა.
დასასრული